„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, სასამართლოებში ჟურნალისტებისთვის ნორმალური სამუშაო პირობები უზრუნველყოს.
„2025 წლის ივნისში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, მედიასაშუალებებს აეკრძალათ ფოტო, კინო და ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა არა მხოლოდ სასამართლო სხდომათა დარბაზებში, არამედ სასამართლოების შენობებსა და ეზოებშიც.
ამ დროიდან მოყოლებული, მედიის წარმომადგენლები საათობით დგანან თბილისის საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან, სადაც ჟურნალისტებს ინტერვიუს ჩასაწერად გამოჰყავთ რეპონდენტები - ადვოკატები და პროკურორები, სასამართლო პროცესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.
გაუმართლებელმა და დაუსაბუთებელმა შეზღუდვებმა უკიდურესად დაამძიმა მედიის მდგომარეობა სასამართლოებში. ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სასამართლოებიდან საზოგადოებამდე ინფორმაციის მისატანად წარმოუდგენელი ძალისხმევის გაღება უწევთ. შეუფასებელია მათი ერთგულება პროფესიის მიმართ და მათი თავდადება საზოგადოებრივი ინტერესისათვის“, - წერს ქარტია.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ელემენტარული სამუშაო პიროებების შექმნაზეც კი არ იზრუნა, „მათ ღია ცის ქვეშ უწევთ მუშაობა პაპანაქება მზეში თუ აუტანელ ყინვაში, წვიმასა და ქარში“.
ქარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტისგან მოითხოვს, გააუქმოს სასამართლოში მედიის მუშაობის შემზღუდავი ახლად მიღებული ნორმები, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კი მოუწოდებს, მედიის წარმომადგენლებისთვის სასამართლოებში ჰუმანური სამუშაო პირობები უზრუნველყოს:
„ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა უნდა შეძლონ სასამართლოსთან დაკავშირებული ამბების გაშუქება ისე, რომ ამით რისკის ქვეშ არ დააყენონ თავიანთი ჯანმრთელობა და სიცოცხლე“.
როგორია სამუშაო გარემო მედიის წარმომადგენლებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ვრცლად წაიკითხეთ „მედიაჩეკერის“ მასალაში - „ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა“ - მედიის წარმომადგენლები სასამართლოში სივრცის გამოყოფას ითხოვენ

