საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ადამიანური რესურსების
მართვის სამსახურის ადამიანური რესურსების პროექტების მენეჯერს,
ქეთევან სინიცას „დამსაქმებლის რეპუტაციაშემლახავი, არასწორი
ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელების/გავრცელების ხელშეწყობის
გამო“ თებერვლის თვის შრომის ანაზღაურებიდან ერთჯერადად 30%
დაუქვითა.
თინათინ ბერძენიშვილმა ქეთევან სინიცა
დისციპლინარული სანქციის მოქმედების პერიოდში (12 თვე) „ანალოგიური
ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში“ სამუშაოდან შესაძლო
გათავისუფლების შესახებაც გააფრთხილა.
ბერძენიშვილი თანამშრომელს განუმარტავს, რომ „იგი ვალდებულია დაიცვას საკანონმდებლო და კანონქვემდებარე, ასევე, შიდა ლოკალური აქტებითა და შრომის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები და თავი შეიკავოს ისეთი აქტივობისგან (მათ შორის ინტერნეტ პლატფორმებზე), რომელმაც შესაძლოა ზიანი (მათ შორის რეპუტაციული) მიაყენოს დამსაქმებელს, ან შექმნას ასეთი ზიანის მიყენების საფრთხე“.
„პირველი არხმა“ სინიცას დისციპლინარული სანქცია
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული თანამშრომლის, კახა
მელიქიძის ფეისბუკ პოსტის გაზიარებით, ხელშეკრულებისა და შრომის შინა
განაწესის გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის „სოციალური ქსელების
გამოყენების წესებისა“ და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მუხლების
დარღვევის გამო დაუწესა.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ტექნიკისა და ტექნოლოგიების საეთერო
ჯგუფის პულტის რეჟისორი, კახა მელიქიძე სამსახურიდან 2026 წლის 1
იანვრიდან
გაათავისუფლა.
შარშან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი; დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ისინი „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდნენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობდნენ.

