ვარლამ წიკლაურის, ახალციხის მერის, თანამდებობის პირის ქონებრივი
მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაში
„იმედში“ მუშაობა და შესაბამისად, არხიდან მიღებული შემოსავალი არ
ჩანს. დეკლარაციაში შესაბამისი გრაფა - „საქართველოში ან სხვა
ქვეყანაში, თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი
ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა“
ცარიელია.
წიკლაურმა „მედიაჩეკერს“ უთხრა, რომ „იმედიდან“ მიღებული შემოსავალი საჯაროდ დეკლარაციაში ასახული მისი გადაწყვეტილებით არ არის და ამის შესაძლებლობას მას კანონი აძლევდა. მისი განმარტებით, დეკლარაციის შევსების დრო, მას შეეძლო მოენიშნა, რომ ამის გასაჯაროებას საჭიროდ არ თვლიდა:
„ბუნებრივია, მე ყველა ველი შევსებული მაქვს, კანონის შესაბამისად. უბრალოდ ეს ჩემი ნება-სურვილი იყო, ჩემი წინა სამსახურში აღებული ხელფასი არ ყოფილიყო საჯარო და კანონი მე ამის შესაძლებლობას მაძლევს…ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ არ იყო საჭირო, ჩემი ხელფასი ყოფილიყო საჯარო, რა ხელფასი მქონდა მანამდე, ვიდრე დავიკავებდი პოლიტიკურ თანამდებობას“.
ანტიკორუფციულ ბიუროში „მედიაჩეკერს“ დაუდასტურეს, რომ ვარლამ წიკლაურს მისი და მისი ოჯახის წევრების მიერ 2024 წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი დეკლარაციაში მითითებული აქვს, თუმცა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ეს ინფორმაცია საჯარო არ არის:
„“კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, საჯაროობას არ ექვემდებარება სადეკლარაციო თანამდებობაზე დანიშვნამდე და თანამდებობის დატოვების შემდეგ, ანაზღაურებადი სამუშაოდან მიღებული შემოსავალი.
ვარლამ წიკლაური თანამდებობაზე პირველად განწესდა 2025 წლის 29 ოქტომბერს, შესაბამისად დეკლარაციაში მითითებული აქვს მისი და მისი ოჯახის წევრების მიერ 2024 წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი, თუმცა ზემოთ აღნიშნულის გამო, ეს ინფორმაცია საჯარო არ არის“.
ვარლამ წიკლაური ახალციხის მერობამდე, სამთავრობო ტელეკომპანია „იმედში“ წლების განმავლობაში მუშაობდა. ის 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე, რომელსაც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა, ახალციხის მერობის ერთადერთი კანდიდატი იყო და შესაბამისად, ხმების 100% აიღო.
დეკლარაციის მიხედვით, წიკლაური ფლობს 2022 წელს, 185
000 დოლარად შეძენილ საცხოვრებელ სახლს თბილისში. ამავე წელს კი,
მისმა მეუღლემ, ხატია კობერიძემ 165 000 ევროდ საცხოვრებელი სახლი
ბელგიაში შეიძინა.
ვარლამ წიკლაურის სახელზეა 2025 წლის თებერვალში, 23 000
დოლარად ნაყიდი მსუბუქი ავტომანქანა JETOUR DASHING და 2024 წლის
დეკემბერში, 7 000 დოლარად შეძენილი - CHERY, QQSUNDAES.
წიკლაურს აქვს 2, სამომხმარებლო და იპოთეკური
სესხიც:
წიკლაურმა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 2025
წლის 29 დეკემბერს ჩააბარა.

