შსს ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას ედავება
06.03.2026

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილს, 2025 წლის 18 დეკემბერს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას ედავება. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დავით მაკარაძემ ჟურნალისტის ე.წ. „ტროტუარის საქმეზე“ მტკიცებულებები დღეს, 6 მარტს გამოიკვლია და განაჩენის გამოცხადება გადადო.

„საბუთებიც წარვადგინეთ, რომ ჟურნალისტია, „ბეიჯებიც“, რაც ეკეთა. ქუდზეც აწერია - PRESS, დიდი ფოტოკამერა უჭირავს ხელში. ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და შსს-ს წარმოდგენილ ვიდეოშიც ჩანს, რომ ფოტოს ან ვიდეოს იღებს“, - თქვა თარხნიშვილის ადვოკატმა, გიორგი ტაბატაძემ „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.

ე.წ. „ტროტუარის საქმეები“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით განიხილება. 2026 წლის იანვრიდან მოყოლებული ამ საქმეებზე სასამართლომ მოქალაქეთა ნაწილს სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა, ნაწილი კი ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ შსს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს  „გზის გადაკეტვას“ ედავება გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტს, მარიამ კუპრავასაც. „ტაბულას“ ცნობით, 7 თებერვალს, მარიამ კუპრავა რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ის პარლამენტთან მიმდინარე აქციას, შაბათის მარშს აშუქებდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ 2025 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ კვლევაში პროტესტის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს მიმოიხილავს და წერს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით საგანგაშო ტენდენციად იქცა ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების უკანონო დაკავება, რომელთა რიცხვმაც შემაშფოთებელ ნიშნულს მიაღწია. „მხოლოდ ბოლო 1 წლის განმავლობაში, მედიის 26 წარმომადგენელი დააკავეს, მათგან ნახევარზე მეტი, ბოლო 1 თვეში ადმინისტრაციული წესით - ე.წ. გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით“.

TI-ის კვლევის მიხედვით, კიდევ ერთი მავნე ტენდენცია, რაც ერთწლიანი საპროტესტო ციკლის პერიოდში გამოვლინდა, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას, მედიის წარმომადგენლების ე.წ. გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით დაჯარიმებაა. „ბოლო 1 წლის განმავლობაში, 40-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. აშკარაა, რომ საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან ჟურნალისტური საქმიანობის, როგორც ფაქტის  უგულებელყოფა და პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის მედიის წარმომადგენლების სოლიდური თანხებით დაჯარიმება, ჟურნალისტების დაშინებისა და სულ უფრო მეტად შევიწროების მიზანს ემსახურება, რათა საბოლო ჯამში, მათთვის დამატებითი ფინანსური წნეხი პროფესიაზე უარის თქმის წინაპირობა გახდეს“.

 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ