IPI: ახალი კანონები დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის პარალიზებას გამოიწვევს
11.03.2026

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ მკაცრად გმობს საქართველოს პარლამენტის მიერ ახალი საკანონმდებლო პაკეტის მიღებას, რომელიც უცხოური დაფინანსებისა და თანამშრომლობის კრიმინალიზაციას ახდენს. IPI-ს განცხადებით, ეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი მედია სექტორის ფუნქციონირებს პარალიზებას მოახდენს. 

როგორც „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ წერს, ეს ზომები საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ ჟურნალისტიკასა და სამოქალაქო საზოგადოებას, მათ ფინანსური მხარდაჭერის სასიცოცხლო მნიშვნელობის წყაროებს უჭრის და ცენზურის ახალ ფორმებს აწესებს. IPI საქართველოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმოს ეს კანონები და შეწყვიტოს მედიის სამართლებრივი შევიწროება.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 4 მარტს მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მკვეთრად აფართოებს სახელმწიფო კონტროლს უცხოურ დაფინანსებაზე და აწესებს პოტენციურ სისხლისსამართლებრივ სანქციებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ან დონორებთან თანამშრომლობისთვის. ის ასევე, მთავრობის ლეგიტიმურობის საჯარო კრიტიკის კრიმინალიზაციას ახდენს და დამატებით ცენზურას აწესებს კრიტიკულ რეპორტაჟებზე.

„კანონი პირდაპირ გავლენას მოახდენს მედიაზე, რომელიც იღებს საერთაშორისო დაფინანსებას ჟურნალისტური პროექტებისთვის, გრანტების, ტრენინგების ან საქართველოს ფარგლებს გარეთ კონფერენციებსა თუ ღონისძიებებზე დასასწრებლად“.

IPI აღნიშნავს, რომ გარდა ამისა, კანონს შემოაქვს „ექსტრემიზმის“ დებულება, რომლითაც მთავრობის ლეგიტიმურობის „სისტემატურად“ კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ფიზიკური პირებისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ორგანიზაციებს, მათ შორის მედიასაშუალებებს კი, შესაძლოა, ასეთი ქმედებების ჩადენაში ბრალდების შემთხვევაში, დიდი ჯარიმები ან იძულებითი დახურვაც დაეკისროთ. 

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ განცხადებით, რეპრესიული და არადემოკრატიული კანონმდებლობის მიღება, ფართომასშტაბიან პოლიტიკურ დევნასთან ერთად, უპრეცედენტო მასშტაბით მიმდინარეობს საქართველოში, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ოდესღაც სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის შუქურად ითვლებოდა.

IPI წერს, რომ „ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად ეყრდნობა რუსულ ავტორიტარულ მეთოდებს კრიტიკოსების გასაჩუმებლად, ადამიანის უფლებების შელახვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დასაშლელად. საერთაშორისო ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მმართველმა პარტიამ ეს საკანონმდებლო პაკეტი იმავე დღეს მიიღო, როდესაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა IPI-ის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის, მზია ამაღლობელის ორწლიანი პატიმრობის გასაჩივრების განხილვაზე, რითაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, სრულად შეზღუდოს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სივრცე.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროკავშირსა და საერთაშორისო საზოგადოებას, მკაცრად უპასუხონ მმართველი პარტიის მიერ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ შეზღუდვებს, მათ შორის დამატებითი მიზნობრივი სანქციების დაწესებით. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ