ISFED: სანქციების შემდეგ, ორივე ტელეკომპანია ფეისბუქზე ახალი გვერდების გახსნასა და კონტენტის მათი მეშვეობით რეკლამირებას ცდილობს
11.03.2026

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს მიერ „იმედისა“ და „პოს ტვ“-ისთვის სანქციების დაწესების გამო, ამ მედია ორგანიზაციებს, სხვა პრობლემებთან ერთად, Meta-ს სოციალური ქსელების პლატფორმებზე საკუთარი კონტენტის დასპონსორების/რეკლამირების შეზღუდვაც წარმოეშვათ. ორგანიზაციის დაკვირვებით, ამ შეზღუდვებზე საპასუხოდ, ორივე ტელეკომპანია ფეისბუქზე ახალი გვერდების გახსნასა და მათი მეშვეობით კონტენტის რეკლამირებას ცდილობს.

„გაერთიანებული სამეფოს მიერ პროპაგანდისტული მედიისთვის სანქციების დაწესებამ ამ ტელეკომპანიების სოციალური ქსელების გვერდებზეც იქონია გავლენა. მაგალითად, Meta-ს პლატფორმებზე ამ მედიების კუთვნილ ძირითად ფეისბუქგვერდებზე რეკლამების განთავსება 25 თებერვალს შეწყდა. ორივე შემთხვევაში (10.03.2026-ის მონაცემებით), რეკლამების ბიბლიოთეკაში მითითებულია, რომ ორგანიზაციას რეკლამის განთავსება Meta-ს სტანდარტების დარღვევის გამო შეეზღუდა.

აღსანიშნავია, რომ პროპაგანდისტული მედია ფეისბუქზე საქართველოს მასშტაბით რეკლამების ერთ-ერთი ყველაზე დიდი განმათავსებელი იყო. ბოლო მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში, „იმედმა“ და „პოს ტვ“-მ კუთვნილ გვერდებზე არასრულ ერთ თვეში 38 ათას აშშ დოლარამდე ღირებულების ათასამდე რეკლამა გამოაქვეყნეს. Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემებით, რაც 2020 წლის აგვისტოდან 2026 წლის 25 თებერვლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ამ ორმა ტელეკომპანიამ, Meta-ს რეკლამებისთვის, სხვადასხვა გვერდის მეშვეობით, ჯამში არანაკლებ 786,305 აშშ დოლარი დახარჯა, რაც ქართული მედიასაშუალებებისთვის აბსოლუტურად რეკორდული მაჩვენებელია“. 

როგორც „სამართლიანი არჩევნები“ წერს, სანქცირებულ ქართული მედიაორგანიზაციებზე შეზღუდვების დაწესების შესახებ Meta-ს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, პლატფორმის პრაქტიკა ორგანიზაციას საფუძველს აძლევს, ივარაუდოს, რომ შეზღუდვა ტელეკომპანიების ფეისბუქგვერდებსაც შეეხო:

„ამ მიმართულებით გამოცდილება მრავალფეროვანი არ არის და, ძირითადად, რუსულ პროპაგანდისტულ მედიას ეხება. სოციალური მედიის კომპანია Meta-მ, რომელიც ფლობს პლატფორმებს Facebook, Instagram და WhatsApp, რუსული სახელმწიფო მედიის წინააღმდეგ ეტაპობრივად გაამკაცრა პოლიტიკა. 2022 წელს კომპანიამ ჯერ კიდევ გლობალურ აკრძალვამდე შეზღუდა რამდენიმე სახელმწიფო-კონტროლირებული მედიის შესაძლებლობა. საკუთარ პლატფორმებზე რეკლამის განთავსებისა და მონეტიზაციის თვალსაზრისით, ხოლო მოგვიანებით სრულად აკრძალა ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა RT და Rossiya Segodnya, მათ მიერ განხორციელებული უცხოური გავლენის ოპერაციების გამო. Meta-ს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა რუსული სამთავრობო პროპაგანდისტულ მედიაორგანიზაციებსა და მის თანამშრომლებს სანქციები დაუწესა“.

ISFED-ი აღნიშნავს, რომ ძირითად ფეისბუქგვერდებზე შეწყვეტილი რეკლამების პარალელურად, „იმედი“ და „პოსტ ტვ“ საკუთარი კონტენტის ფართო აუდიტორიისთვის მიწოდების მიზნით Meta-ს პლატფორმაზე ფასიანი გავრცელების შესაძლებლობის დაბრუნებას კვლავ ცდილობენ. ორგანიზაციამ გამოავლინა „პოს ტვ“-ის 2 ახალი გვერდი, რომლებიც სანქციების დაწესების შემდეგ, 2026 წლის მარტში, შეიქმნა და ფეისბუქზე რეკლამებს ათავსებდა. ამ გვერდებმა პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება 4 მარტს მიიღეს და ყველა რეკლამა მომდევნო 2 დღის განმავლობაში გამოაქვეყნეს. „სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, რომ ორივე გვერდს რეკლამების ბიბლიოთეკის შენიშვნაში (ე.წ. „დისქლეიმერში“) იდენტური საკონტაქტო ინფორმაცია აქვს მითითებული:

„ერთ-ერთმა გვერდმა „POSTV - ამბები“, ჯამში ფეისბუქზე 111 რეკლამა განათავსა, რომელთა საერთო ღირებულებამ 493 აშშ დოლარი შეადგინა. დარეკლამებული პოსტების შინაარსი ძირითადად ანტიდასავლურ გზავნილებს შეიცავდა. გავრცელებული ნარატივების ნაწილი დასავლეთს უკრაინისა და ირანის ტერიტორიებზე მიმდინარე კონფლიქტებში ომით დაინტერესებულ მხარედ წარმოაჩენდა. სანქცირებული მედია ასევე ავრცელებდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების პოლიტიკურ შეფასებებს, რომ დასავლეთმა უკრაინა გამოიყენა და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით შეცდომაში შეიყვანა. ფეისბუქ გვერდზე დარეკლამებული პოსტების ნაწილში ქართული მხარე ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე აპელირებდა და დასავლეთს საქართველოში ომით დაინტერესებულ ძალად წარმოაჩენდა.

დასპონსორებული პოსტების მეშვეობით „პოს ტვ“ კვლავ განაგრძობდა უკრაინის ხელისუფლების დისკრედიტაციას. აქტიურად ვრცელდებოდა სლოვაკეთისა და უნგრეთის პოლიტიკური ლიდერების კრიტიკული შეფასებები უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გადაცემასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, „პოს ტვ“-მ ვოლოდიმირ ზელენსკის წინაააღმდეგ სიუჟეტიც მოამზადა, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტს უნგრეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის უხეშ ხელყოფაში და დემოკრატიულ არჩევნებზე ზეგავლენაში ადანაშაულებდა.

ამასთანავე, დასანქცირებულმა მედიამ მოამზადა სიუჟეტი საქართველოში არსებული დამოუკიდებელი ონლაინ მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ. „პოს ტვ“ მათ გარე ძალების დავალებების შემსრულებლებად წარმოაჩენდა.

მეორე გვერდზე, „POSTV – Insight", 23 რეკლამა განთავსდა, ჯამური ღირებულებით, 227 აშშ დოლარი. ანტიდასავლურ გზავნილებთან ერთად აღნიშნული გვერდი საქართველოს ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას ეწეოდა. „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჯგუფები რადიკალურ ძალებად და უცხო ქვეყნის „აგენტურად“ იყვნენ წარმოჩენილი. პერსონიფიცირებული მადისკრედიტირებელი კამპანიის სამიზნე გახდნენ ნინო ლომჯარია და თინათინ ხიდაშელი. მათ შორის, ყოფილ სახალხო დამცველს პროპაგანდა გერმანიის ელჩთან ვიზიტის გამო სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობაში ადანაშაულებდა, ხოლო თინა ხიდაშელის წინააღმდეგ კამპანია მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პოლიტიკოსმა „ქართული ოცნების“ ირანთან მჭიდრო დიპლომატიური კავშირები საჯაროდ გააკრიტიკა.

„პოს ტვ“ ორივე გვერდზე აქტიურად ავრცელებდა გზავნილს, რომ „ქართული ოცნება“ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლებას ცდილობს, მაგრამ პარალელურად არეკლამებდა პოსტებს, რომელშიც პარტიის ლიდერები საქართველოში უცხოური გავლენის აღკვეთის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. ვაშინგტონში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის კადრებთან ერთად ვრცელდებოდა „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკოლოზ სამხარაძის, გამოსვლა „სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე“, რომელშიც იგი საქართველოში ამერიკული და ევროპული გავლენით წახალისებულ არეულობაზე საუბრობდა“.

როგორც ISFED-ი წერს, ამ დროისთვის „პოს ტვ“-ის არცერთი ახალი გვერდი აღარ იძებნება, ისინი აქტიური მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში იყვნენ და გვერდების წაშლის მიზეზი უცნობია.

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, „პოს ტვ“-ის მსგავსად, აუდიტორიის მოზიდვისთვის ფეისბუქზე რეკლამების გამოყენების სხვადასხვა შესაძლებლობებს ეძებს „იმედიც“. 

„მის მთავარ გვერდებზე რეკლამების შეწყვეტის შემდეგ, 3 მარტს, შეიქმნა ფეისბუქგვერდი „იმედის მხარდამჭერები.“ გვერდმა Meta-ზე რეკლამების განთავსების შესაძლებლობა 5 მარტს მიიღო და იმ დღესვე დაასპონსორა ვიდეო: „სანდრო გამსახურდიას „ციტატა" - აგენტი თინა ხიდაშელი“.  გვერდზე ჯერ-ჯერობით მხოლოდ 2 პოსტია გამოქვეყნებული, ტელეკომპანია „იმედის“ განცხადება სანქციებთან დაკავშირებით და ზემოთ აღნიშნული ვიდეო“.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ იდენტური სახელწოდებით - „იმედის მხარდამჭერები” 25 თებერვალს, საჯარო რეესტრში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დარეგისტრიდა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ნიკა კლდიაშვილია. ის არხის სოციალური მედიის მიმართულებას ხელმძღვანელობს.

დიდმა ბრიტანეთმა ქართულ სამთავრობო არხებს, „იმედსა“ და „პოს ტვ“-ის სანქციები 24 თებერვალს დაუწესა. 

„გაერთიანებული სამეფოს ოფიციალური განცხადებაში  ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოს ტვ“„რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებად“ იყვნენ მოხსენიებული და მათი დასანქცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზეზად ტელევიზიების მიერ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ „განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის“ გავრცელება დასახელდა. დაწესებული სანქციები მოიცავს ამ ორგანიზაციების აქტივების გაყინვას, ტრასტის მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის უფლებამოსილების ჩამორთმევის შესაძლებლობას. სანქციების დოკუმენტში ორივე ტელევიზიის შემთხვევაში იდენტურ მიზეზებზეა საუბარი.

სანქცირებულ ტელევიზიებს მხარდაჭერა გამოუცხადეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა. მათ შორის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „არცერთ ჟურნალისტს არცერთ ტელეკომპანიაში არ გაუუარესდება მდგომარეობა“. თუმცა, მიუხედავად ამისა, ტელევიზიებს სანქციების გამო რიგი პრობლემები უკვე შეექმნათ. დასანქცირების მომდევნო დღეს „იმედის“ ვებგვერდები imedi.ge და imedinews.ge გაითიშა. 26 თებერვალს „იმედის“ მიერ გავრცელებულ პოსტში დადასტურებული იყო ფაქტი, რომ გათიშვის მიზეზი სანქციები გახდა. „რადიო თავისუფლებამ“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ „ბრიტანული სანქციების დაწესების შემდეგ პროსახელისუფლებო „იმედში“ ხელფასები ნაღდი ფულის სახით გასცეს.“ მსგავსი გადაწყვეტილების მიზეზად გამოცემას ბანკების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებისგან თავის შეკავება დაუსახელეს. აღსანიშნავია, რომ საბანკო მომსახურებაზე პრობლემების შექმნის შემდეგ „იმედმა“ საკუთარი ბანკის შექმნაც დააანონსა,  სახელწოდებით „იმედის ბანკი““, - ვკითხულობთ „სამართლიანი არჩევნების“ პუბლიკაციაში - „ახალი გვერდები სანქციების შემდეგ: როგორ ცდილობს პროპაგანდისტული მედია ფეისბუქზე რეკლამების დაბრუნებას“.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ