ხვალ მოსამართლე გოგუაძე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების საკითხს განიხილავს
10.05.2026



ხვალ, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების საკითხს განიხილავს.

მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველის, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის, ნინო ხუციშვილის განმარტებით, იმ მოტივით, რომ ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად იყო ცნობილი, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაკავების კანონიერებაზე მსჯელობას სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა და აღნიშნული საჩივარი თავდაპირველად წარმოებაში არ მიიღო, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საჩივარი ისევ პირველ ინსტანციას დაუბრუნდა.



2025 წლის 11-12 იანვარს, მზია ამაღლობელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ორჯერ დააკავეს. პირველად ის შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის - წარწერით „იფიცება საქართველო“ გაკვრის გამო დააკავეს. სწორედ აღნიშნული დაკავების კანონიერებას შეისწავლის 11 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლო. 

მეორედ ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით, ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. 2025 წლის 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ