საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის 3 კანდიდატის შესარჩევ 9-კაციან საპარლამენტო საკონკურსო კომისიაში 3 „იმედის“ თანამშრომელია.
კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ დადგენილება პარლამენტმა 10 ივნისს მიიღო. შალვა პაპუაშვილის თქმით, მისი წევრები შესაბამის სუბიექტებთან კონსულტაციის გზით შეირჩა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატების შესარჩევ საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან:
- გივი აბესაძე - ფოლკლორული ანსამბლის „დიდგორის“ სოლისტი
- მარიამ გვიდიანი - „ქალების ხმა – დემოკრატია და უსაფრთხოება“ აღმასრულებელი დირექტორი
- როზეტა გუჯეჯიანი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
- თამარ კეკენაძე - საქართველოში ბრიტანული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი პოლიტიკის მეცნიერებებში, პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი
- დავით მაღლაფერიძე - რადიო „იმედის“ პროგრამების დირექტორი
- ერმილე მესხია - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი
- ნინო მეუნარგია - რადიო „იმედის“ წამყვანი
- სოფიო ნიკოლაიშვილი - „იმედის“ გადაცემების: „იმედის დილა“ და „იმედის დღე“ მთავარი პროდიუსერი, კომუნიკაციების კომისიის „მედია აკადემიის“ მენტორი
- შორენა შავერდაშვილი - გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგის“ დირექტორი, კომუნიკაციების კომისიის „მედია აკადემიის“ ყოფილი დირექტორი
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის 3 კანდიდატის
შესარჩევად გამოცხადებულ ღია კონკურსში 10 მსურველი
მონაწილეობს.
მეურვეობის
კანდიდატები არიან: დავით ახვლედიანი, ელისო გაბადაძე,
თეა გეგენავა, ვიქტორ გოგაშვილი, თეიმურაზ კეკელიძე, ბეგლარ ლოგუა,
გრიგოლ მურღულია - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი/
თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ტატიშვილი - „აჭარის ტელევიზიისა და
რადიოს“ ყოფილი დირექტორი, დავით ქართველიშვილი - ანალიტიკოსი,
„ხალხის ძალა“, დონარა შონავა - 1977-2018 წლებში საზოგადოებრივი
მაუწყებლის თანამშრომელი სხვადასხვა პოზიციაზე, როგორც ტელევიზიის
პირველ და მეორე არხებზე, აგრეთვე რადიოში. [*შენიშვნა: რედაქცია
სხვა კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებას აგრძელებს.
პარლამენტის გვერდზე კანდიდატების მხოლოდ სახელი და გვარები
გამოქვეყნდა].
მეურვეობის კანდიდატებზე განაცხადები პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 8 ივნისის ჩათვლით უნდა წარედგინათ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელი სამეურვეო საბჭოდან უფლებამოსილების ვადა სამს: ზაზა აბაშიძეს, ბონდო მძინარაშვილსა და გია მურღულიას ეწურება. აბაშიძე და მძინარაშვილი საბჭოში საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით მოხვდნენ, მურღულია კი - უმრავლესობის.
მათ გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეები არიან: გია იაკობაშვილი, იზაბელა ოსიპოვა, სოსო სტურუა, გია კოხრეიძე, თამილა დოლიძე, ლაშა ტუღუში, ლიკა ბასილაია-შავგულიძე და ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც საბჭოს თავმჯდომარედ მეორე ვადით არის არჩეული.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან შედგება, პარლამენტი ორ მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით ირჩევს, სამს – საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის/ფრაქციების, სამს – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი იმ ფრაქციების წარდგინებით, რომლებშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული, სამს კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.
სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით იცვლება. საბჭოს თითოეულ წევრს 6 წლის ვადით ირჩევენ.
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი 8 817 ლარია (დარიცხული), მისი მოადგილის - 6 798 ლარი (დარიცხული), საბჭოს სხვა წევრების კი - 6 085 ლარი (დარიცხული).
მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, საკონკურსი კომისია მეურვეობის კანდიდატებს ორ ეტაპად შეარჩევს, შემდეგ კი ფრაქციებს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ კანდიდატურას წარუდგენს. კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატებს კი ისინი ასარჩევად პარლამენტს წარუდგენენ.
„მედიაჩეკერს“ პარლამენტის პრესსამსახურში უთხრეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მომავალ სამი წევრს პარლამენტი „ქართული ოცნების“, „საქართველოსთვის“ და „ხალხის ძალის“ წარდგინებით აირჩევს. „ხალხის ძალას“ პარლამენტში ფრაქცია არ აქვს, თუმცა რედაქციას არგუმენტად „პარლამენტის რეგლამენტის“ ის მუხლი დაუსახელეს, სადაც ვკითხულობთ, რომ „პოლიტიკური ჯგუფი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს ფრაქციას, გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციისთვის განსაზღვრული უფლებებისა“.
1 ივლისიდან „პარლამენტის რეგლამენტის“ განახლებული რედაქცია ამოქმედდება. რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, რომელიც პარლამენტმა სამივე მოსმენით უკვე მიიღო, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის წესი იცვლება. მეურვის კანდიდატურა ღია კონკურსით აღარ შეირჩევა, უქმდება წევრობის კანდიდატების შემრჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის პროცედურაც. პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატს შესაბამისი კვოტის მქონე სუბიექტი წარუდგენს. მეურვის 1 თანამდებობაზე პირის ასარჩევად პარლამენტს მეურვეობის მხოლოდ 1 კანდიდატი წარედგინება. კანდიდატურის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს კი პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი შეისწავლის.

