საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურა ღია კონკურსით აღარ შეირჩევა
09.06.2026

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის წესი იცვლება. მეურვის კანდიდატურა ღია კონკურსით აღარ შეირჩევა, უქმდება წევრობის კანდიდატების შემრჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის პროცედურაც.

„ეს იყო პროცედურა, რომელიც ზღუდავს მათ შორის საპარლამენტო სუვერენიტეტს, პარლამენტი ირჩევს და ამ დროს ენიშნება ცალკე ჯგუფი და ამ კომისიაში, რა თქმა უნდა, იგულისხმებოდა, უნდა ყოფილიყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც თვალი და ყური უნდა ყოფილიყვნენ ყველასი და ყველაფრისა საპარლამენტო ცხოვრებაში“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა დღეს პლენარულ სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენით წარდგენის დროს მოქმედ წესზე საუბრისას. 

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებისმიხედვით, პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატს შესაბამისი კვოტის მქონე სუბიექტი წარუდგენს. მეურვის 1 თანამდებობაზე პირის ასარჩევად პარლამენტს მეურვეობის მხოლოდ 1 კანდიდატი წარედგინება. კანდიდატურის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს კი პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი შეისწავლის. 

„პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი დაჩქარებული წესით განიხილა და მისი მიღება ამ კვირაშივეა დაგეგმილი. ახალი რეგლამენტი 1 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაპროექტის კოორდინატორის, ნატალია ვახტანგაშვილის თქმით, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მას უკვე ფასადურობის შენარჩუნებაც აღარ სჭირდება. 

„ერთი შეხედვით ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, სადაც ხელისუფლების ყველა ორგანო და შტო მიტაცებულია, ამგვარი კომისიებისა და კონკურსების მიმართ საზოგადოებაში არსებობს უნდობლობის განცდა და უამრავი კითხვის ნიშანი მათი ობიექტურობის თვალსაზრისით. თუმცა, მთლიანობაში, ამგვარი კომისიების არსებობა, კონკურსების გამოცხადება მაინც ქმნის განცდას იმისას, რომ ხელისუფალი ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას გრძნობს საზოგადოების წინაშე და ის ამა თუ იმ თანამდებობის დასაკავებლად თუნდაც ფორმალურად, აცხადებს კონკურსს, ირჩევს კომისიას, რაღაც ფორმალურ პროცედურებს აწესებს იმისათვის, რომ საზოგადოებაში სამართლიანი მიდგომის განცდა მაინც გააჩინოს. თუმცა, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მას უკვე ამგვარი ფასადურობის შენარჩუნებაც აღარ სჭირდება. 

ახლა მათ გადაწყვიტეს, რომ ეს რაღაც ფორმალური ბარიერებიც მოხსნან და ბორდში ძალიან მარტივად დანიშნონ ის ადამიანები, რომლებსაც გადაწყვეტენ. უკვე ნათლად ჩანს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო იქნება პარტიული ინტერესების გამტარებელი, სადაც ადამიანები დაინიშნებიან არა კონკურსის, არამედ ვიღაცის პირადი სიმპატიებისა და პარტიული ლოიალობის გათვალისწინებით“.

„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის შეფასებით, ჩამოყალიბებული სისტემისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში რამდენიმე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანიც კი, ალბათ, ძალიან პრობლემურია, რადგან „ასეთი მონდომებით ცვლიან წესებს“.  

„ესაა მცდელობა, შეცალონ წესები იმგვარად, რომ უფრო მეტად პარტიულ გადაწყვეტილებებს დაუქვემდებარონ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევა, თუმცა ესეც თავიდან ბოლომდე არჩეულ კვოტებს უკავშირდება. 

მე, სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე კონკურსს დიდწილად ჩაშლიან, რომ ახალი წესით მოხდეს არჩევა. შეიძლება ვინმე აირჩიონ კიდეც საკუთარი კვოტით. რაც შეეხება ოპოზიციურ კვოტას, მიუხედავად იმ ცალსახა ჩანაწერისა, რომ კანდიდატის წარდგენა ფრაქციას შეუძლია და ოპოზიციური ფრაქცია პარლამენტში ამ წუთას მხოლოდ „საქართველოსთვის“ არის, როგორც ჩანს, ისინი ცდილობენ, თქვენი სტატიის მიხედვით, ამბობენ, რომ „ხალხის ძალას“ ეკუთვნის ერთი ადგილი, კანონის ისე ინტერპრეტირებას, რომ ოპოზიციური კვოტა გამოიყენონ საკუთარი კანდიდატების გასაყვანად. იცით, რომ „ხალხის ძალა“ პარლამენტში „ქართული ოცნების“ კვოტითაა შესული, ის თავისთავად არის სატელიტი ამ პოლიტიკური ძალის, ამაში ეჭვი საზოგადოებას არ ეპარება და ახლა აპირებენ კანონის ისე ინტერპრეტირებას, რომ პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ წაართვან მეორე კვოტა, რომელზეც ამ წუთას მათ შეუძლიათ, რომ კანდიდატი წარადგინონ. 

დიდი ალბათობით, იმ ერთ ადგილსაც ჩაუგდებენ. მე ახლა ვფიქრობ, როგორ მოიქცეოდა „ქართული ოცნება“ და მგონია, რომ ასე მოიქცევა. წარმოუდგენელია, რომ იქამდე მივიდა ეს პოლიტიკური ძალა და ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, რომ განსხვავებული ხმების მოსმენაც კი აღარ უნდათ. ეს ხმები დიდად ვერაფერს ცვლის სამეურვეო საბჭოში, მათ არცერთ საკითხს არ უკმაყოფილებენ, არ აწვდიან დოკუმენტაციას, მაგრამ ახლა ამ დისკომფორტის მოხსნაც უნდათ“. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან შედგება, პარლამენტი ორ მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით ირჩევს, სამს – საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის/ფრაქციების, სამს – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი იმ ფრაქციების წარდგინებით, რომლებშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული, სამს კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.  

სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით იცვლება. საბჭოს თითოეულ წევრს 6 წლის ვადით ირჩევენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელი მეურვეებიდან უფლებამოსილების ვადა სამს: ზაზა აბაშიძეს, ბონდო მძინარაშვილსა და გია მურღულიას ეწურება. აბაშიძე და მძინარაშვილი საბჭოში საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით მოხვდნენ, მურღულია კი - უმრავლესობის.  

შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის 3 კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი 2 ივნისს გამოცხადდა. 

მისი თქმით, მიმდინარე კონკურსის ჩატარება მოქმედი რეგლამენტის მიხედვით გაგრძელდება. ანუ პარლამენტის დადგენილებით 9 წევრისგან შემდგარი საკონკურსო კომისია შეიქმნება, რომლის შემადგენლობაშიც უნდა შედიოდნენ „სამოქალაქო საზოგადოების (აკადემიური წრეების) წარმომადგენლები“. კომისია მეურვეობის კანდიდატებს ორ ეტაპად შეარჩევს, შემდეგ კი ფრაქციებს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ კანდიდატურას წარუდგენს. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატებს კი ისინი ასარჩევად პარლამენტს წარუდგენენ.

„მედიაჩეკერს“ პარლამენტის პრესსამსახურში უთხრეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მომავალი სამი წევრიდან პარლამენტი ერთს,  „ქართული ოცნებისა“ და „საქართველოსთვის“ გარდა, „ხალხის ძალის“ წარდგინებით აირჩევს. „ხალხის ძალას“ პარლამენტში ფრაქცია არ აქვს, თუმცა მათ რედაქციას არგუმენტად „პარლამენტის რეგლამენტის“ ის მუხლი დაუსახელეს, სადაც ვკითხულობთ, რომ „პოლიტიკური ჯგუფი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს ფრაქციას, გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციისთვის განსაზღვრული უფლებებისა“. „ხალხის ძალის“ პრესსამსახურში კი გვითხრეს: „პოლიტიკური ჯგუფი ვართ ჩვენ, რომელიც ფრაქციის უფლებამოსილებით სარგებლობს…ველოდებით, გადაწყვეტილება არ მიგვიღია, არ გვისაუბრია ამაზე, ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს“. 


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ