„კრიტიკული მედიის მიმართ რეპრესიული მიდგომები საქართველოში მუდმივად ახალ სახეს იძენს და სულ უფრო ღრმავდება“, - ქარტია
18.06.2026


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გადაწყვეტილებას საგანგაშოდ მიიჩნევს და მედიის დაშინების მცდელობად აფასებს. 

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში „ფორმულას“ მიერ გოგა ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით ცრუ დასმენის მუხლით გამოძიება დაიწყეს. საქართველოს პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება, ის მოწმის სახითაც გამოიკითხა.

„გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა ცრუ დასმენას „ფორმულას“ წყაროს ედავება. სავარაუდოდ, საქმე ეხება „შაბათის ფორმულას“ ეთერში 2025 წლის 20 დეკემბერსა და 2026 წლის 17 იანვარს გასულ სიუჟეტებს, რომელთა გამოც „ფორმულას“ გოგა ხაინდრავა სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივის.

ქარტია პროკურატურის ამ ქმედებას განიხილავს, როგორც ინსტრუმენტს მედიის დასაშინებლად და გამომძიებელი ჟურნალისტების დასასჯელად. წყაროს კონფიდენციალობა ჟურნალისტის დაცული უფლება და ფუნდამენტური პროფესიული სტანდარტია. დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, წყარო გაამჟღავნოს.

კრიტიკული მედიის მიმართ რეპრესიული მიდგომები საქართველოში მუდმივად ახალ სახეს იძენს და სულ უფრო ღრმავდება. უკიდურესად მტრული და ხელშემშლელი გარემო არის ის  ყოველდღიურობა, რა პირობებშიც დამოუკიდებელ მედიას უწევს მუშაობა“, - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.  

კინორეჟისორმა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა, გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიმდინარე წლის მარტში სასამართლოში უჩივლა და „შაბათის ფორმულას“ ეთერით „არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების“ ამავე გადაცემით უარყოფასთან ერთად, მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 000 ლარს ითხოვს. ამ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 16 ივნისს გაიმართა. 

გოგა ხაინდრავა გადაცემა „შაბათის ფორმულას“ ეთერში 2025 წლის 20 დეკემბერსა და 2026 წლის 17 იანვარს გასულ სიუჟეტებზე დავობს. სარჩელში ვკითხულობთ, რომ 20 დეკემბრის სადავო სიუჟეტში - „ბოდიშიდან შენდობამდე - რაში უხდიან ოლიგარქის საყვარელ რეჟისორს, გოგა ხაინდრავას მილიონს“ არაერთი მცდარი ინფორმაცია გაჟღერდა, რის მაგალითადაც მოყვანილია ფრაზები: 

1) „ბოლო წლების საქმიანობა პირდაპირ დაკავშირებულია მმართველ ძალასთან. მას სხვადასხვა ეთერებში ხშირად ვნახულობთ, პროპაგანდისტული განცხადებებით, მათ შორის ბილწსიტყვაობითაც გამოირჩევა“;

2) „დედოფლისწყაროში გოგა ხაინდრავა მთელს სოფელს ფლობს“.

ხაინდრავა მიიჩნევს, რომ „არაერთი არსებითად მცდარი და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციები“ გავრცელდა 17 იანვრის სადავო სიუჟეტითაც - „ოცნების პროპაგანდისტად ქცეული რეჟისორი - შემოჰყავდა თუ არა ფულის სანაცვლოდ გოგა ხაინდრავას უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში“. ამის მაგალითად მოყვანილია შემდეგი ფრაზები: 

1) „ინდოელები და პაკისტანელები რაც შემოდიოდნენ ხაინდრავას შემოყვანილია, 2000 აშშ დოლარს იხდიდნენ საქართველოში რომ შემოსულიყვნენ“; (წყაროს მიერ ნათქვამი)

2) „“შაბათის ფორმულა“-ს წყარო უყვება, რომ 2016-2017 წლებში სუსთან დალაგებული ჰქონდა ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეების გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოყვანა“;

3) „წყარო ამბობს, რომ სუსს გოგა ხაინდრავა კონკრეტულ სიებს აძლევდა და მათგან ითხოვდა, საზღვარზე პრობლემები არ შექმნოდა და ქვეყანაში ისინი მარტივად უწდა შემოეშვათ“;

4) „სქემის მიხედვით, რომელზეც წყარო გველაპარაკება, თუ გადავითვლით გამოდის, რომ 2016-2017 წლებში ინდოეთისა და პაკისტანის 2000-მდე მოქალაქე შემოვიდა ქვეყანაში. თუ კინორეჟისორი თითო მოქლაქის შემოყვანაში 2000 აშშ დოლარს იღებდა, მაშინ მან სავარაუდოდ ამ სქემით 4 მლნ. დოლარი იშოვა“;

5) „როგორც ვიცით, ბატონ გოგას 2016-2017 წლებში შემოყავდა საქართველოში ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები“.

გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ საჩივრის შეტანასთან ერთად, 2025 წლის დეკემბრის ბოლოს, დააანონსა, რომ დააფუძნებს ფონდსაც, რომელიც ხელს შეუწყობს „მედიატერორისა და მედიაფაშიზმის მიერ დაზარალებული მოქალაქეების იურიდიული უფლებების აღდგენას“. 



კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ