„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ტელეკომპანია „ფორმულას“
ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძესთვის საპარლამენტო აკრედიტაციის 6 თვით
შეჩერებას
ეხმაურება და სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს, ვინც
დაუმსახურებლად გახდა „ქართული ოცნების“ პარლამენტის მხრიდან
თავდასხმისა და დევნის ობიექტი „აკრედიტაციის უსამართლო და ლოგიკას
მოკლებული წესის გამოყენებით“.
ქარტიის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 2023 წლის 6 თებერვალს გამოცემულმა ბრძანებამ ჟურნალისტთა აკრედიტაციის იმგვარი მექანიზმი შექმნა, რომელიც მმართველ გუნდს საშუალებას აძლევს, იზოლირდეს მათგან, ვინც კრიტიკულ შეკითხვებს სვამს და „პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან მუშაობას მიჩვეულებს დისკომფორტს უქმნის“.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმ პირობებში, როცა დამოუკიდებელი მედიასაშუალებები „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონების შედეგად უკიდურესად შეზღუდული რესურსით მუშაობენ, საპარლამენტო კორესპონდენტისთვის აკრედიტაციის დაუსაბუთებლად შეჩერება ამ მედიასაშუალებების აუდიტორიას და, შესაბამისად, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, საპარლამენტო პროცესების შესახებ ინფორმაციაზე წვდომას უკარგავს.
„ეს კი იმის პარალელურად, რომ დამოუკიდებელი
მედიასაშუალებების სხვა ჟურნალისტები პარლამენტში შესასვლელად
ერთჯერად აკრედიტაციას ძნელად ან საერთოდ ვერ იღებენ.
აკრედიტაციის 2023 წელს შეცვლილი წესი პარლამენტში უკვე
არაერთხელ გამოიყენეს ჟურნალისტების შესაზღუდად. მაისის ბოლოს
აკრედიტაცია ვადაზე ადრე გაუუქმეს დამოუკიდებელ ონლაინ
მედიასაშუალებებს, მათ შორის
ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ და „სტუდია
მონიტორს“.
24 ივნისს „ქართულმა ოცნებამ“ ნინი ბალანჩივაძეს,
„ფორმულას“ საპარლამენტო კორესპონდენტს, უკვე მეორედ დააკისრა სანქცია
და პარლამენტის კარი 6 თვით ჩაუკეტა. ნინი ბალანჩივაძეს, იმ დროს
„მთავარი არხის“ თანამშრომელს, პარლამენტმა აკრედიტაცია პირველად 2024
წლის 23 ივნისს, ერთი თვით შეუჩერა, ნინო წილოსანის მოთხოვნის
საფუძველზე, რომელიც ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა.
ამჯერად პარლამენტი ნინი ბალანჩივაძეს 2026 წლის 23 ივნისს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, გადაცემა „ახალ ფორმულაში“ გასულ სიუჟეტს ედავება. წერილში, რომელიც ჟურნალისტმა პარლამენტიდან მიიღო, ნათქვამია, რომ მან არ დაიცვა აკრედიტაციის წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში ასახული მოთხოვნა, რომლის თანახმადაც აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია: „საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ“.
სიუჟეტიდან ჩანს, რომ არცერთ იმ პირს, ვისგანაც ნინი ბალანჩივაძე კომენტარის ჩაწერას ცდილობდა, მისთვის ინტერვიუს შეწყვეტა არ უთხოვია. ჟურნალისტი მათ კითხვებს უსვამდა რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი დაწყვეტილებაზე აგვისტოს ომის დროს საქართველოს თავდაცვის ძალების სამი სამხედრო მოსამსახურის წამებისა და მოკვლის და ტყვეობაში ხუთი ქართველი ჯარისკაცის წამებისა და დამცირების გამო“, - წერია ქარტიის განცხადებაში.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ შესაშურ
თანმიმდევრულობას იჩენს ქვეყანაში მედიისათვის ხელშემშლელი გარემოს
მშენებლობისას: „სამწუხაროდ, საერთო სურათის ნაწილია გაუმჭვირვალე
პარლამენტი, რომელიც არ გრძნობს თავს საზოგადოების მიმართ
ანგარიშვალდებულად და დამოუკიდებელი მედიის კრიტიკულ თვალს
ემალება“.
ქარტიის განცხადება ვრცლად იხილეთ აქ.

