კობა ფარტენაძის მიმართ ბათუმში მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე შსს-მ 2 პირი დააკავა
11.08.2026

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „აჭარის ტელევიზიის“ თანამშრომლის, კობა ფარტენაძის მიმართ ბათუმში მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს: 

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში ერთ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მომხდარიდან  მალევე, მას ბრალდებულის სახით დაკავებული კიდევ ერთი პირი დანის გამოყენებით დაჭრით დაემუქრა. 

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს“.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) და 151-ე (მუქარა) მუხლებით მიმდინარეობს.


„აჭარის ტელევიზიის“ მეტეოროლოგმა, ჟურნალისტმა კობა ფარტენაძემ  10 აგვისტოს საკუთარ Facebook გვერდზე განათავსა ვიდეო, რომლის მიხედვითაც მას კაცი დაჭრით ემუქრება.

„ყოველ საღამოს მხვდებიან ადამიანები, რომლებიც შეურაცხყოფას მაყენებენ, მემუქრებიან და ფიზიკურად მეხებიან. ბოლო დღეებში ჩემზე თავდასხმის არაერთი ფაქტი მოხდა…რამდენჯერ უნდა დამესხან თავს, რომ ეს უბრალოდ „ინციდენტი“ აღარ იყოს? რამდენჯერ უნდა მივიდე პოლიციაში, რომ ვინმემ იფიქროს, რომ ეს უკვე სისტემური პრობლემაა?

მე არ ვითხოვ განსაკუთრებულ მოპყრობას. არ ვითხოვ კანონის მიღმა დგომას. ვითხოვ მხოლოდ იმას, რასაც ნებისმიერი მოქალაქე იმსახურებს უსაფრთხოებას, კანონის დაცვას და სამართლიანობას“, - დაწერა ფარტენაძემ და სამართალდამდცავ ორგანოებს მიმართა. 

გუშინ, 10 აგვისტოს, შსს-ს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც“:

ქვეყანაში გამეფებული დაუსჯელობის ატმოსფერო, სამართალდამცავი სტრუქტურების გულგრილობა და არაპროფესიონალიზმი ქმნის ისეთ გარემოს, სადაც მოქალაქეები, მათ შორის ჟურნალისტები, თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ. ადამიანებს აღარ აქვთ იმედი, რომ კანონი მათ დაიცავს.

ქარტია შსს-ს მოუწოდებს, გაიაზროს მდგომარეობის სიმძიმე და საქმის სერიოზულობა, სათანადო ყურადღება გამოიჩინოს დაზარალებული ჟურნალისტის მიმართ, გამოავლინოს და დასაჯოს მოძალადეები მანამ, სანამ კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდება“, - აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ