„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან
სადიგოვის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ
ერთი საჩივარი
წარადგინა. ის 2026 წლის 5 აპრილს ფეისბუქის პოსტის გამო
სადიგოვის სამართალდამრღვევად ცნობასა და საქართველოდან აზერბაიჯანში
მის გაძევებას ეხება და ევროპული კონვენციის მე-6, მე-10 და მე-18
მუხლების დარღვევაზე მიუთითებს. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ეს
საჩივარი დამოუკიდებელია იმ საქმისგან, რომელიც ევროპულ სასამართლოში
ამჟამად განიხილება და რომელიც საექსტრადიციო პროცედურებს,
ჟურნალისტის პატიმრობასა და კონვენციის 34-ე მუხლის შესაძლო დარღვევას
შეეხება.
„ფეისბუქ-პოსტის გამო, რომელიც ჩვენი მოსაზრებით, გამოხატვის თავისფულების ფარგლებში ექცეოდა, მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ყველა სანქცია ერთდროულად — 2 000 ლარის ჯარიმა, ქვეყნიდან გაძევება და შემოსვლის აკრძალვა კანონით დადგენილი მაქსიმალური, სამწლიანი ვადით შეეფარდა. პოსტი ეხებოდა პოლიციის ქმედებებს მშვიდობიან აქციებზე, ანუ საჯარო ინტერესის საკითხს, და წარმოადგენდა შეფასებით მსჯელობას, რომელსაც თან ერთვოდა ავტორის მიერვე გადაღებული ვიდეომასალა. ამ არგუმენტებზე დაყრდნობით, საჩივარში მივუთითეთ, რომ აღნიშნული ფეისბუქ-პოსტის გამო სადიგოვისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგების დაკისრებითა და ქვეყნიდან გაძევებით, დაირღვა მისი კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლების უფლება.
საჩივარში ასევე მივუთითეთ, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის მიერ წარმართული თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის სხდომაზე სადიგოვის სამართლიანი სასამართლოს უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი) დაირღვა. ადვოკატს პროცესის შესახებ შუაღამისას აცნობეს, საქმის მასალების გასაცნობად მხოლოდ ოცდაათი წუთი მიეცა, სხდომის გადადების შუამდგომლობა კი დაუსაბუთებლად არ დაკმაყოფილდა. ასევე, სასამართლომ არ დაამკაყოფილა ჩვენი შუამდგომლობები, საქმეს მტკიცებულებად დართვოდა სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გადაწყვეტილებები მისი აზერბაიჯანისთვის გადაცემის აკრძალვასთან დაკავშირებით.
მესამე, ჩვენ მივუთითეთ, რომ სადიგოვის გაძევებით დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი მე-6 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში. მოვლენათა თანმიმდევრობა ქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე არ იყო რეალური რეაგირება ფეისბუქ-პოსტზე, არამედ გამოყენებულ იქნა როგორც სამართლებრივი ინსტრუმენტი ევროპული სასამართლოს დროებითი ღონისძიების გვერდის ავლისა და ჟურნალისტის აზერბაიჯანისთვის გადაცემის მიზნით.
საქმის შემდგომმა განვითარებამ ეს ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა. აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტი არაერთხელ დააკავეს, 26 მაისს მას ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს, ხოლო 8 ივნისს ბაქოს ბინაგადის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა 1 აპრილს მიღებული დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილება და იმავე დღეს ჟურნალისტს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა — ზუსტად იმ ბრალდებებზე, რომლებზეც ადრე ექსტრადიცია მოითხოვებოდა. მისი პატიმრობა 2026 წლის 30 ოქტომბრამდე გაგრძელდა“, - ვკითხულობთ SJC-ის განცხადებაში.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აფგან სადიგოვი და უზრუნველყოს მისი დაცვა წამებისა და არასათანადო მოპყრობისგან.
„აფგან სადიგოვის იმავე საქმეზე დაპატიმრება ცხადია, რომ
ქმნის გონივრულ ეჭვს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს
შორის ტრანსნაციონალური რეპრესიის მიზნით მაღალი დონის კოორდინაციისა
და სამართლებრივი პროცედურების ბოროტად გამოყენების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ტრანსნაციონალური რეპრესია თანამედროვე
ავტორიტარული რეჟიმების ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო პრაქტიკად მიიჩნევა
და მოიცავს შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფოები საკუთარი საზღვრების
მიღმაც ცდილობენ კრიტიკული ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და
პოლიტიკური ოპონენტების გადაადგილების, საქმიანობისა და უსაფრთხოების
კონტროლს. აფგან სადიგოვის საქმე სწორედ ასეთი პრაქტიკის მკაფიო
მაგალითს წარმოადგენს, რადგან მისი დევნა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ
ერთი სახელმწიფოს იურისდიქციით და მოიცავს სხვადასხვა სახელმწიფო
ინსტიტუტის თანმიმდევრულ მოქმედებებს, რომელთა საბოლოო შედეგი
ჟურნალისტის თავისუფლების აღკვეთა გახდა.
განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ საქმე ეხება იმავე სისხლის სამართლის ბრალდებებს, რომელთა საფუძველზეც წარსულში მისი ექსტრადიცია მოითხოვებოდა, მოგვიანებით კი თავად აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამ პირობებში სისხლის სამართლის საქმის ხელახალი გააქტიურება და ჟურნალისტის დაპატიმრება აჩენს სერიოზულ კითხვებს სისხლის სამართლის მექანიზმების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების და კონვენციური ვალდებულებების უხეში და მიზანმიმართული დარღვევის შესახებ.
ამ ეჭვებს ჯერ კიდევ აპრილის თვეში ამძაფრებდა ის გარემოება, რომ აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევება დაემთხვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტს და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას. ამასთან, მიმდინარე წლის მაისში, ასევე ცნობილი გახდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლის შესახებ, რომლის თანახმადაც სრულ ექსპლუატაციაში შევიდა ბაქო–თბილისი–ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი. ამასთან, გაფორმდა 20-წლიანი მთავრობათაშორისი შეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითადი პირობების შესახებ“.
როგორც SJC-ი წერს, მოვლენათა ქრონოლოგია ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სისხლის სამართლის პროცედურები წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკური შედეგის მისაღწევად იქნა გამოყენებული:
„თავდაპირველად სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამ შესაძლებელი გახადა საქართველოდან აფგან სადიგოვის მიმართ მოქმედი სამართლებრივი შეზღუდვების მოხსნა და მისი ქვეყნიდან გაძევება, ხოლო შემდგომ იმავე საქმის ხელახალმა გააქტიურებამ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივი დაკავების შესაძლებლობა მისცა. ასეთი თანმიმდევრობა კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს, რომ სამართლებრივი მექანიზმები გამოყენებული იყო არა მართლმსაჯულების ინტერესებისთვის, არამედ კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
სამწუხაროდ, საქართველო უკვე მრავალი წელია აზერბაიჯანის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას ავლენს და, მათ შორის, არ ერიდება ადამიანის უფლებათა დაცვის აბსოლუტური პრინციპების უგულებელყოფას. აფგან სადიგოვის საქმეში კი საქართველომ პირველად უახლოეს ისტორიაში ღიად და დემონსტრაციულად დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სავალდებულო გადაწყვეტილების მიუხედავად, დევნილი ჟურნალისტი აზერბაიჯანს გადასცა“.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ 23 სექტემბრის განცხადებაში აღწერილია განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია და საერთაშორისო რეაქციებიც. ვრცლად განცხადება იხილეთ აქ.

