„მედია ადვოკატირების კოალიცია“ გაზეთ „ასავალ-დასავალის“
ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის დაკავებას ეხმაურება
და აცხადებს, რომ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლით ჟურნალისტის
სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა მტკიცებულებების
განსაკუთრებით მაღალ სტანდარტს მოითხოვს:
„საზოგადოება არ არის ინფორმირებული თუ რამდენად გააჩნია პროკურატურას უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს პირდაპირ განზრახვასა და რეალურ ზიანს. ამგვარი ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ დევნა ხორციელდება მხოლოდ ჟურნალისტური მასალებისა და გამოთქმული მოსაზრებების გამო. მიუხედავად იმისა, თუ როგორ ფასდება კონკრეტული მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკა ან გავრცელებული ცნობების სიზუსტე, დეზინფორმაციასთან თუ პროფესიულ ცდომილებებთან ბრძოლისთვის არსებობს სხვა დემოკრატიული მექანიზმები.
პროკურატურის პრაქტიკა ქმნის საშიშ პრეცედენტს, როდესაც მომავალში ნებისმიერი ჟურნალისტური საქმიანობა, სტატია თუ კრიტიკული პოზიცია, შესაძლოა, შეფასდეს სახელმწიფო უწყების ფუნქციონირებაში ხელის შეშლად და გახდეს სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი. აღნიშნული ტენდენცია ემსახურება ქვეყანაში თავისუფალი სივრცის საბოლოოდ შეზღუდვას“.
პროკურატურას საქმეში არსებული მტკიცებულებების გასაჯაროვებისკენ მოუწოდა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“.
„ქარტია ელის პასუხს, აქვს თუ არა პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ გამოკვეთოს განზრახვა და დაასაბუთოს რეალური ზიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვა, რომ დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ საქმეში მხოლოდ ჟურნალისტური ნამუშევრები, სხვადასხვა მედიისთვის მიცემული ინტერვიუები და სოციალურ ქსელში გავრცელებული მოსაზრებებია. მხოლოდ ამის საფუძველზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ჟურნალისტის მიცემა კი საშიშ პრეცედენტს ქმნის.
პროკურატურის დღევანდელ განცხადებაში ამ შეკითხვებზე პასუხი არ ჩანს - სწორედ ამის გამო, ქარტია ყურადღებით მიადევნებს თვალს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და იმ სტანდარტების შესრულებას, რასაც ბრალად წარდგენილი მუხლი უნდა აკმაყოფილებდეს.
ქარტია მოუწოდებს პროკურატურას, საზოგადოების მიმართ მეტი ანგარიშვალდებულება გამოიჩინოს, ვინაიდან საქმე ჟურნალისტურ საქმიანობას ეხება, და საქმეში არსებული მტკიცებულებები გაასაჯაროვოს“, - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით 22 ოქტომბერს დააკავა.
პროკურატურის განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი“.
უწყების მტკიცებით, ამ ქმედებით ჩუბინიძემ „განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას“.
დიტო ჩუბინიძისთვის წარდგენილი ბრალდება 4 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა მის მიმართ
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნას
აპირებს.

