ქარტია პროკურატურას დიტო ჩუბინიძის საქმეში არსებული მტკიცებულებების გასაჯაროვებისკენ მოუწოდებს
22.10.2026


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დაკავებას ეხმაურება და პროკურატურას საქმეში არსებული მტკიცებულებების გასაჯაროვებისკენ მოუწოდებს.

„ჟურნალისტის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა სამშობლოს ღალატის უმძიმესი მუხლით, მტკიცებულებების თვალსაზრისით განსაკუთრებით მაღალ სტანდარტს საჭიროებს.

ქარტია ელის პასუხს, აქვს თუ არა პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ გამოკვეთოს განზრახვა და დაასაბუთოს რეალური ზიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვა, რომ დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ საქმეში მხოლოდ ჟურნალისტური ნამუშევრები, სხვადასხვა მედიისთვის მიცემული ინტერვიუები და სოციალურ ქსელში გავრცელებული მოსაზრებებია. მხოლოდ ამის საფუძველზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ჟურნალისტის მიცემა კი საშიშ პრეცედენტს ქმნის.

პროკურატურის დღევანდელ განცხადებაში ამ შეკითხვებზე პასუხი არ ჩანს - სწორედ ამის გამო, ქარტია ყურადღებით მიადევნებს თვალს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და იმ სტანდარტების შესრულებას, რასაც ბრალად წარდგენილი მუხლი უნდა აკმაყოფილებდეს.

ქარტია მოუწოდებს პროკურატურას, საზოგადოების მიმართ მეტი ანგარიშვალდებულება გამოიჩინოს, ვინაიდან საქმე ჟურნალისტურ საქმიანობას ეხება, და საქმეში არსებული მტკიცებულებები გაასაჯაროვოს“, - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დღეს, 22 ოქტომბერს, დააკავა.  

პროკურატურის განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი“. 

უწყების მტკიცებით, ამ ქმედებით ჩუბინიძემ „განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას“.  

დიტო ჩუბინიძისთვის წარდგენილი ბრალდება 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნას აპირებს. 


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ