200 წელი პირველი ქართული გაზეთის გამოცემიდან
21.03.2019
ზუსტად 200 წლის წინ, 1819 წლის 21 მარტს (ძველი სტილით 8 მარტს), პირველი ქართული გაზეთი გამოვიდა. „საქართველოს გაზეთი“ - ასე ერქვა თაბახის ფურცლის ზომის,  4 გვერდიან გაზეთს, რომელშიც ძირითადად აქვეყნებდნენ ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის ბრძანებებსა და განკარგულებებს, რუსეთისა და საქართველოს ამბებს, მოთხრობებს, ანეკდოტებს, განცხადებებს, მათ შორის ყმების გაყიდვის შესახებ და ასევე, ამბებს უცხოეთიდან.
 
„ახალწლის დღეს საზამთროსა სასახლის ეკლესიაში საღმრთოს ჟამის წირვის შემდგომად სადაცა სხვათა შორის დაესწრნენ უცხო ქვეყნის მინისტრნიცა, მათ დიდებულებათ ხელმწიფე იმპერატორმა და იმპერატრიცამ მარიამ თეოდორეს ასულმა და მათ იმპერატორებით სიმაღლეთ დიდმა მთავარმა ნკოლაოზ პავლეს ძემ და დიდმა მთავრინამ ალექსანდრა თეოდორეს ასულმა ინებეს მილოცვის მიღება ყოველთა სასახლეში მისრულთა ორისავე სქესის გვამთაგან, მწუხრად სრულიადი ქალაქი განათლებულ იყო ჩირაღოვანითა“, - ვკითხულობთ გაზეთის პირველი ნომრის პირველ ტექსტში.


altსაგამომცემლო საქმიანობის დაწყება საქართველოში მე-19 საუკუნის მეორე ათწლეულს უკავშირდება. კონკრეტული პიროვნებებისა და საგამომცემლო საქმიანობის დეტალებზე დოკუმენტები შემორჩენილი არ არის, თუმცა, ისტორიული წყაროების მიხედვით, გაზეთის დაარსების იდეა თბილისში 1818 წელს გასჩენიათ.

ინიციატორებს კავკასიის მთავარმმართებელი, გენერალი ერმალოვი დაურწმუნებიათ, რომ ადგილობრივი გაზეთი მთავრობის ღონისძიებების შესრულებას გააადვილებდა, რადგან რუსული ენა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის გაუგებარი იყო. ერმალოვს კი რუსეთის იმპერატორისთვის უთხოვია ნებართვა. საბოლოოდ, ნებართვა გაიცა და საგამომცემლო საქმიანობის ხელმძღვანელობა თბილისის გუბერნატორს, ხოვენს დაევალა.

ფინანსურად მთავრობა ამ საქმიანობაში ჩართული არ ყოფილა. გაზეთი იმედს ხელისმომწერებზე ამყარებდა. პირველი ნომერი, ავტორების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 1819 წლის 1 მარტს უნდა გამოსულიყო, თუმცა, ვერ შეუკრებიათ ხელისმომწერთა საკმარისი რაოდენობა, 500 ადამიანი. მომდევნო დღეებში ხელისმომწერთა შეგროვებაში გამომცემლებს სომხეთის გრიგორიანული ეკლესიის საქართველოს ეპარქიის არქიეპისკოპოსი, ნერსე დახმარებიათ.

საბოლოოდ, 8 მარტს (ძველი სტილით) თბილისში პირველი ქართული გაზეთი, „საქართველოს გაზეთი“ გამოვიდა. 

ნიდერლანდისა

„გარლემს კგ ( 23) დეკემბერს გუშინ მწუხრზედ იდგა იქ ორს საათამდის ასეთი ზრქელი ნისლი, რომე იმის გამო იძულებულმა ადგილობითმა მთავრობამ უბრძანა აქაურთ მცხოვრებთ თავიანთ სახლების ყოველ ფანჯარებში სანთლების ანთება მოსალოდებელის უბედურების გასაფრთხილებელად, მაინც კიდევ ამ გაფრთხილებას თანაც რამთენიმე კაცი ჩავარდა წყალში მაგრამ ყოველნივე ბედნიერად იყვნენ გამოყვანილნი“, - ვკითხულობთ პირველი ნომრის უცხოეთის ამბების განყოფილებაში.

გაზეთის ტირაჟი დაახლოებით 150-200 ეგზემპლარი იყო. თავდაპირველად იგი 2 მანეთი ღირდა, მოგვიანებით კი 3 მანეთი და 20 კაპიკი გახდა. იმ დროისთვის თბილისში მხოლოდ ერთი სტამბა არსებობდა, რომელიც სამხედრო კორპუსის შტაბში იყო მოწყობილი. „საქართველოს გაზეთი“ ამ სტამბაში იბეჭედებოდა. იმავე შენობაში მოეწყო რედაქციაც.

გაზეთი კვირაში ერთხელ, პარასკევობით გამოდიოდა. მას რუსულ ენაზე აწყობდნენ, რადგან ცენზურა უნდა გაევლო, შემდეგ კი მასალები ქართულად ითარგმნებოდა და დასაბეჭდად უშვებდნენ. გამოცემაში აქვეყნებდნენ ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის ბრძანებებსა და განკარგულებებს, რუსეთისა და საქართველოს ამბებს, უცხოეთის ამბებს, მოთხრობებს, ანეკდოტებს და სხვადასხვა სახის განცხადებებს, მათ შორის განცხადებებს ყმების გაყიდვის შესახებ.

შერეული ამბავი

„ანანურის მაზრის სოფელს ჟინვანს მცხოვრებს სახელმწიფოს ყმას ქარველს თამაზა სასია შვილს, როგორც გვარწმუნებენ მოხუცებულნი მეზობელნი და მისი მოძღვარი ანანურის დეკანოზი ბეჟანოვი, უცოცხლია ასცამეტი წელიწადი თავის სიცოცხლეში სრულიად უსნეულოდ და ფებერლის იბ. მომკვდარა ჩვეულებითი სიკვდილით“, - ასეთი განცხადებით მთავრდება გაზეთის პირველი ნომერი.

 

1820 წლის 30 ივლისის ნომერში ვკითხულობთ: 

"საჯაროდ იქნება გაყიდული გლეხი გოგი ელბაქიძე თავის ცოლით, შვილით და სამი სული რქოსან საქონელით".

1820 წელს გაზეთს სახელი შეეცვალა და"ქართული გაზეთის" სახელით გამოდიდა. სახელწოდებასთან ერთად პირველ გვერდზე წმინდა გიორგის გერბიც გამოჩნდა. 1921 წლის ბოლოს გამომცემლებს გაზეთის დახურვა მოუხდათ, რადგან ხელისმომწერების საკმარისი რაოდენობა ვეღარ შეგროვდა. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ ჰქონდა იმის ფული, რომ ყოველკვირეულად 3 მანეთი და 20 კაპიკი გადაეხადა გაზეთში. გამოცემის ერთ-ერთი პირობა კი, მინიმუმ 500 ხელისმომწერის არსებობა იყო.

alt


რა მნიშვნელობა ჰქონდა პირველ ქართულ გაზეთს


ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ამ გაზეთის გამოცემა მაინც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან ამ ფაქტმა დაუდო სათავე ქართულ ჟურნალისტიკას: "გაზეთი პირველ რიგში იმპერიის იდეებს ემსახურებოდა და ოფიციალურ ინფორმაციას აწვდიდა ქართულ საზოგადოებას. თუმცა, მისი გამოცემა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ჟურნალისტიკისთვის, რადგან ეს პირველი ქართულენოვანი გაზეთი იყო. მასში უცხოეთის ამბებიც იბეჭდებოდა, მაგალითად რა ხდებოდა „ ანგლიაში“ ან „ფრანციაში“.


„და მაინც, კარგი იყო, თუ ცუდი პირველი ქართული გაზეთის დაარსება? ჩვენი აზრით, ეს იყო ცუდ გარემოებებში განხორციელებული კარგი საქმე. ცუდი იყო ის, რომ გაზეთი არ იყო ადგილობრივთა ეროვნული ინიციატივა, ცუდი იყო ის, რომ გაზეთი რუსეთის იმპერიამ საკუთარი პრაგმატული მიზნებისათივს, ანუ ყოფილ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახელობის ერთიან რუსულ სივრცეში ინტეგრაციისა და ასიმილაციისთვის დაგეგმა, ცუდი იყო ის, რომ ამ გაზეთის მესვეურს, ანუ რუსეთის მმართველობას სინამდვილეში სძულდა ქართული ენა და მაშინ, როდესაც ერთი ხელით გაზეთს აარსებდა, მეორე ხელით ქართულ წერა-კითხვას, საქმის წარმოებასა და ქართულ ენაზე წირვა-ლოცვას კრძალავდა.

თუმცა, კარგიც იყო. კარგი იყო ის, რომ საქართველოს მოსახლეობამ ბოლოსდაბოლოს მშობლიურ ენაზე იხილა ცივილიზაციის ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, რასაც გაზეთი ჰქვია“, - წერს ჟურნალისტი მაგდა მემანიშვილი 2016 წელს „მედიაჩეკერისთვის“ დაწერილ ბლოგში “საქართველოს გაზეთის” სიტკბო და სიმწარე“.

ამავე ბლოგის მიხედვით, ევროპაში პირველი გაზეთი ჯერ კიდევ 1605 წელს სტრასბურგში გამოვიდა. რუსეთში გაზეთი პირველად 1702 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი - 1704 წელს იხილეს. იმპერიებსა და დასავლური ცივილიზაციის ლიდერ ქვეყნებს რომ თავი გავანებოთ, აფრიკასა (1773) და ინდოეთშიც (1780) კი, პირველი გაზეთი უფრო ადრე გამოვიდა, ვიდრე საქართველოში. თუმცა, იქაც ეს ცივილიზაციის ძალისმიერი მეთოდით შეტანის შედეგი იყო, ოღონდ იქ დამპყრობლები ევროპის ქვეყნები - საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი - იყვნენ.


ავტორი : ნინო ჩიმაკაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ