ვინ არის „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორობის 2 კანდიდატი?
13.09.2025


17 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორობის მსურველებს გაესაუბრება და მათ კანდიდატურებს კენჭს უყრის. 

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე განაცხადები ნიკოლოზ მეგრელიშვილმა და აკაკი ბერიძემ წარადგინეს. სამეურვეო საბჭომ კი 12 სექტემბერს ორივე მათგანი მეორე ტურში გადაიყვანა და მათთან გასაუბრება ჩანიშნა. 

კონსტიტუციონალისტმა ნიკოლოზ მეგრელიშვილმა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას თქვა, რომ ეს კონკურსი მისთვის „ტელევიზიაში მოხვედრის“ მესამე მცდელობაა.  2012 წელს მას საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობა სურდა, 2019 წელს კი - „აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს წევრობა.

მეგრელიშვილი „სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარეა. ცესკოს მონაცემებით, ეს ორგანიზაცია ერთ-ერთია, რომელიც 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადგილობრივ დამკვირვებლად დარეგისტრირდა. 



მან „მედიაჩეკერთან“ საუბრისას დააზუსტა, რომ „ეს არის სამეცნიერო დაკვირვების სახე…მეცნიერული კვლევა-ანალიზი არის არჩევნების…მხოლოდ სტატისტიკა და არანაირი სხვა პოლიტიკური კონტექსტი, ასე ვთქვათ…უბრალოდ ჩემი ერთ-ერთი მეცნიერული ინტერესის სფერო გახლავთ საარჩევნო სამართალი და აი, ეს რომ დავიკმაყოფილოთ, ეგ მიმართულებაა მხოლოდ“.

ნიკოლოზ მეგრელიშვილი პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას ეწევა, არის აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის იურისტიც. მისი მეუღლე ნათია ლომაძე კი „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტია.

„როგორც იცით, დირექტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკაში ვერ ერევა, მაგრამ თუ რაიმე ტიპის ჩემი ზემოქმედება საჭირო იქნება ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით ან ვთქვათ, ჩემი მეუღლის გადაცდომის თვალსაზრისით ჩართულობას მოითხოვს, თუ რაიმე იქნება ესეთი. თუ გაიკითხავთ, ძალიან პროფესიონალი და კარგი ჟურნალისტია, უცხოური განათლებით და სტაჟირებით და ა.შ. მათ შორის, ამერიკულ მაუწყებლებში, მაგრამ თუ რაიმე ტიპის გადაცდომა იქნება, თუ ჩემს პიროვნებასაც გაიკითხავათ, დარწმუნდებით, რომ მე ამ გადაცდომას არავის არ ვაპატიებ, არც საკუთარ ოჯახის წევრს“, - თქვა მან. 

მეგრელიშვილმა სამომავლო გეგმებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა:

„მე როცა მივდივარ რაიმე ტიპის უწყებაში, მე, პირველ რიგში, ვატარებ კვლევას, საკუთარ დაკვირვებას, იმიტომ რომ მედია სამართალი, როგორც გითხარით, ჩემი კიდევ ერთ-ერთი სფეროა დაკვირვების და სამეცნიერო ინტერესის. ამიტომ მე, როგორც უფლებების სპეციალისტი, აი, ამ მხრივ, მინდა, რომ შევისწავლო იქ არსებული მდგომარეობა, ოღონდ შიგნით არსებული მდგომარეობა.

ამიტომ აი, ამ მდგომარეობას დავაკვირდები, შიგნით რა მდგომარეობაცაა, თუმცა მე ზოგადი სტატისტიკა მაქვს, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში, მე რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომიც მაქვს, მათ შორის რომელიც ეძღვნება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ტელევიზიის. სხვათა შორის, აი, ბოლოს ახლა სამეცნიერო კონფერენციაზე მქონდა უცხოეთში ეს ნაშრომი წარდგენილი და ეხებოდა მაუწყებელს რეგიონალურს.

აი, ამის ყველაფრის ანალიზი მომცემს მე საშუალებას, რომ…შემდგომი ნაბიჯები გადავდგა საზოგადოებრივ მაუწყებელში ჩემი მოსვლის შემთხვევაში“.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორობის მეორე კანდიდატი იურისტი აკაკი ბერიძეა. მას ამ თანამდებობის დაკავება 2022 წელსაც სურდა. 

ბერიძემ „მედიაჩეკერთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მას აქვს კონკრეტული პროგრამა, რომლითაც „აჭარის ტელევიზია“ უფრო მეტად ბრენდული, უფრო მეტად ხარისხიანი და რეგიონულ ტელევიზიებს შორის ლიდერი გახდება. გარდა ამისა, „მინდა, რომ „აჭარის ტელევიზიის“ ბაზარზე გაკეთდეს შავი ზღვის მედია აკადემია, რომელიც იქნება ჟურნალისტების უწყვეტი დახელოვნების ცენტრი“.

აკაკი ბერიძის აზრით, მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს სარედაქციო დამოუკიდებლობაც:

„სარედაქციო მიმართულებას, როგორც იცით, ერთი დირექტორი ვერ შეცვლის და ვერც დაადგენს. სარედაქციო მიმართულებები უნდა დაადგინოს ჯერ ქვეყანაში არსებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა სიტუაციამ და პოლიტიკურმა სიტუაციამ. ანუ რა მდგომარეობაც არის ქვეყანაში ეს სარედაქციო კუთხით, ეს სარედაქციო დამოუკიდებლობა კიდე უნდა გაძლიერდეს და კიდე უფრო უნდა შენარჩუნდეს სარედაქციო დამოუკიდებლობა…

ტელევიზია მაქსიმალურად უნდა ემსახურებოდეს ხალხს. მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო ბიუჯეტის საფუძველზე არის, მაქსიმალურად უნდა ემსახურებოდეს ხალხს და მაქსიმალურად უნდა იყოს ე.წ. სარედაქციო დამოუკიდებლობა გაზრდილი, გაუმჯობესებული და ამას უნდა ემსახურებოდეს თითოეული ჟურნალისტი“.

ბერიძე კითხულობს ლექციებს, არის „კვლევების ხელშეწყობის ცენტრის“ ხელმძღვანელი „საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში“. 2014-2021 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი. 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორს თანამდებობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 3 წლის ვადით ნიშნავს.

ტელევიზიის ბოლო დირექტორი ვლადიმერ ტატიშვილია, რომელმაც თანამდებობა 1 სექტემბერს, მის ადგილზე კონკურსის გამოცხადების შემდეგ, დატოვა. ტატიშვილს დირექტორობის ვადა მიმდინარე წლის ნოემბერში ეწურებოდა.



კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ