მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის პრემიის ფინალისტთა მოკლე სიაშია
26.08.2025


„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემიის 2025 წლის ფინალისტთა სიაშია.

„მზია ამაღლობელი 2000 წლიდან პიონერი ქართველი ჟურნალისტი და დამოუკიდებელი მედია საშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელია. მიუხედავად პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობისა და სასტიკი მოპყრობისა, რაც საპროტესტო აქციების დროს ძალადობის გამოაშკარავებას მოჰყვა, მისმა გაბედულმა ქმედებებმა ხელი შეუწყო მედიის მიმართ რეპრესიებსა და პოლიტიკურ ძალადობაზე ყურადღების მიპყრობას, რაც საქართველოს დემოკრატიული მომავლის უზრუნველყოფას  ისახავდა მიზნად. მისმა დაპატიმრებამ და შემდგომმა განაჩენმა 2025 წელს იგი პრესის თავისუფლებისა და სახელმწიფო რეპრესიების წინაშე მდგრადობის სიმბოლოდ აქცია, რაც ხაზს უსვამს ჟურნალისტების სასიცოცხლო როლს ადამიანის უფლებების დაცვაში“, - ვკითხულობთ მზია ამაღლობელზე ფინალისტთა შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამაღლობელთან ერთად ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემიის მოკლე სიაში არიან უკრაინელი ჟურნალისტი მაქსიმ ბუტკევიჩი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ულვი ჰასანლი.

მაქსიმ ბუტკევიჩი ადამიანის უფლებათა დამცველი და ადამიანის უფლებათა ცენტრის Zmina და Hromadske Radio-ს თანადამფუძნებელია. როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ ბუტკევიჩი მთელი მისი ცხოვრების მანძილზე პაციფიზმის მომხრე იყო, 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისას, ის უკრაინის შეარაღებულ ძალებში გაწევრიანდა და ოცეულის მეთაური გახდა:

„რუსეთის ძალებმა ტყვედ აიყვანეს და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მან ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მკაცრ პატიმრობას გაუძლო, სანამ 2024 წლის ოქტომბერში ტყვეთა გაცვლის დროს გაათავისუფლებდნენ. ის კვლავ სამართლიანობისა და თავისუფლების დაცვისთვის გამბედაობისა და გამძლეობის ძლიერ სიმბოლოდ რჩება“.

რაც შეეხება აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, ულვი ჰასანლი 2016 წლიდან დამოუკიდებელი მედიასაშუალების - „აბზას მედიის“ დირექტორია. 

„2011 წლიდან იგი მთავრობის მხრიდან დაუნდობელ დევნას განიცდის, მათ შორის თვითნებურ დაკავებას, წამებას და პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებს. 2025 წლის ივნისში ჰასანლის ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ამჟამად მძიმე პირობებში იმყოფება შორეულ ციხეში, სადაც ის შიმშილობდა და სამარტოო საკანში იყო. ამავდროულად კი პრესის თავისუფლებისადმი მდგრადობასა და ერთგულებას ინარჩუნებს“, - ვკითხულობთ მის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ვაცლავ ჰაველის ჯილდო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ადამიანის უფლებების დასაცავად გადადგმული გამორჩეული ნაბიჯებისთვის გადაეცემათ.

დაარსების დღიდან პრემია გადაეცათ: მარია კორინა მაჩადოს, ოსმან კავალას, ვლადიმერ კარა-მურზას, მარია კალესნიკოვას, ლუჯაინ ალჰათლოულს, ერთობლივად ილჰამ ტოჰტის და ადამიანის უფლებების ახალგაზრდულ ინიციატივას, ოიუბ ტიტიევს, მურატ არსლანს, ნადია მურადს, ლუდმილა ალექსეევას, ანარ მამადლისა და ალეს ბიალიაცკის.

2025 წლის გამარჯვებული გამოცხადდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საშემოდგომო პლენარული სესიის გახსნაზე, რომელიც სტრასბურგში 29 სექტემბერს გაიმართება.


------------------------------------

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 (1) მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. მოსამართლემ კი ის დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო. 

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. პატიმრობაში მას მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.

 

 

 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ