რატომ დაედო ტელევიზიებს ინკასო - ფინანსთა მინისტრის განმარტება
20.03.2020
20 მარტს ტელეკომპანიების “მთავარი არხისა” და “TV პირველის” ანგარიშებს ინკასო დაედო. მომდევნო დღეებში ინკასოს ელის ორი რეგიონული ტელეარხიც. ასეთ დროს ტელევიზიებისთვის ინკასოს დადებაში ტელეკომპანიების მფლობელები პოლიტიკურ მოტივს ხედავენ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ პროცესი ავტომატური იყო და კონკრეტულად ტელევიზიებთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება არ მიუღიათ. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში კი მიაჩნიათ, რომ  მაუწყებლების მიმართ შერჩევითი საგადასახადო პოლიტიკის წარმოება იყო და რჩება საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების იარაღად მედიაზე ზეწოლისათვის.

ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ თანხა გადასახდელი აქვთ, ასეთ ვითარებაში ინკასოს დადება მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. მისი ვარაუდით, ხელისუფლების მიზანია, რომ კრიტიკული მედიები, TV პირველი და მთავარი არხი გამოირთოს და ამას ემსახურება ინკასოს დადება.

“ამ ვითარებაში ასეთი დამოკიდებულება, არ ვამბობ, რომ არალეგიტიმურია და ფორმალურად არასწორად მოიქცა მთავრობა, თუმცა დისკრეცია აქვთ მათ ინკასო გამოიყენონ თუ არა, ამ ვითარებაში ეს ნამდვილად სიურპრიზია, შეზღუდვა იმის, რაც ყველაზე მეტად გეხმარება დაძლიო ასეთი მძიმე სიტუაცია”, - განაცხადა მან “მთავარ არხთან” საუბარში.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ ახლა ტელევიზიის შემოსავლებმა იკლო, ვინაიდან ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა და იანვრის თვის საშემოსავლო გადასახადი მათ ამიტომ ვერ გადაიხადეს.



ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე ტელევიზიის ანგარიშისთვის ინკასოს დადება აღმოჩნდა მოულოდნელი “Tv პირველის” მფლობელის, ვატო წერეთლისთვისაც.

“ინფორმაცია, რომელიც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წამალი ! მაშინ, როცა ერთიანობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ! ტელეკომპანია ,,პირველს" ისევ ინკასო დაადეს ! გაოგნებული ვარ და სიტყვები არ მყოფნის ! ბატონებო, ჩვენი და თქვენი მტერი კორონაა და არა თავისუფალი მედია !”, - დაწერა TV პირველის მფლობელმა ვატო წერეთელმა.

დღეის მდგომარეობით ინკასო არ ადევს სხვა ტელევიზიების ანგარიშებს. ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ ამჯერად მათ დავალიანება გადახდილი ჰქონდათ და “ხელისუფლებას არ ჰქონდა ბედნიერება მათი ანგარიშისთვისაც დაედო ინკასო”.

როგორც “მედიაჩეკერს” რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ხელმძღვანელმა ნათია კუპრაშვილმა უთხრა, მომდევნო დღეებში ინკასოს ელის ორი რეგიონული ტელეარხიც.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განმარტებით, მათ რამდენიმე კვირის წინ წარადგინეს შეღავათების პაკეტი გადასახადების გადავადებისთვის, რომელიც ეხებოდა იმ სექტორს, რომელიც ყველაზე უფრო დაზარალდა: “შეგახსენებთ, ეს იყო ქონების და საშემოსავლოს გადასახადების გადავადება მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე. ამისთვის უნდა მიემართათ ელექტრონულად შემოსავლების სამსახურისთვის, შეევსოთ ფორმა და, შესაბამისად, მათ ინკასო აღარ დაედებოდათ. სხვა ყველა სფერო ჩვეულებრივად ფუნქციონირებს და ინკასოს დადება ავტომატურად ხდება. ტელევიზია ან რამე სხვა ნებისმიერი კომპანია არანაირად გამონაკლისს არ წარმოადგენს”.

მისივე თქმით, იმ ტელევიზიებთან, რომლებსაც მილიონობით ლარის დავალიანება ჰქონდათ, გაფორმდა შეთანხმება და მათ დავალიანება 5 წელზე გადაუნაწილათ:

“ტელევიზიებთან თქვენ გახსოვთ ჩვენი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა, რომ პირველ ოქტომბრამდე არსებული დავალიანებისთვის ჩვენ მზად ვიყავით, რომ მაქსიმალურად შეღავათიანი პეიოდი მიგვეცა და იცით, რომ რამდენიმე ტელეკომპანიამ, მსხვილმა მათ შორის, ისარგებლა. 5 წლიანი საგადასახადო შეთანხმება უკვე გავაფორმეთ, მიმდინარეს ჩვეულებრივად იხდიდნენ,” - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

"დღეს ტელეკომპანიებისთვის ინკასოს დადება დაუშვებელია" - ასე გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მომხდარს. განცხადებაში, რომელიც ქარტიის საბჭომ გაავრცელა, ნათქვამია, რომ დღეს, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეების ინფორმირებულობა, ხოლო ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ამაღლებაში მნიშვნელოვან როლს სწორედ კრიტიკული მედია ასრულებს, შემოსავლების სამსახურის ქმედება სრულიად გაუგებარია.

ქარტია განცხადებაში ხაზს უსვამს წლების განმავლობაში დაგროვილ პრაქტიკას სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანების გამო სანქციის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ მაუწყებლების მიმართ შერჩევითი საგადასახადო პოლიტიკის წარმოება იყო და რჩება საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების იარაღად მედიაზე ზეწოლისათვის.

ქარტია მოუწოდებს შემოსავლების სამსახურს გააზრებული იქნას ის კრიტიკული ვითარება, რომელშიც დღეს ვიმყოფებით და დროულად მოეხსნას ინკასო ტელეკომპანიებს, რომ ყველა მედიასაშუალებას მიეცეს შესაძლებლობა გააგრძელოს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება", - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი; მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ