რა გეგმებით მოვიდა ვასილ მაღლაფერიძე და რა ეტაპზეა მაუწყებელი 3 წლის შემდეგ - IDFI-ს კვლევა
09.09.2020
15-ის ნაცვლად, 5%-მდე გაზრდილი რეიტინგი, ისიც მეგაშოუების ხარჯზე, ძველი შენობის გაყიდვის სამი უშედეგო მცდელობა, მაუწყებლის და ახალი შენობა, რომლის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ჯერ ტენდერი ახლა გამოცხადდა - რა გეგმებით მოვიდა ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის დირექტორად და რა ეტაპზეა მაუწყებელი რეფორმის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შეისწავლა.

ორგანიზაციამ რეფორმის მიმდინარეობა და რეფორმის შედეგებთან მიმართებაში გაწეული ხარჯები შეაფასა. ანალიზში ნათქვამია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მაუწყებლის ფინანსური რესურსები გაორმაგდა. რეიტინგი კი უმნიშვნელოდ გაიზარდა, ისიც, მეგაშოუების ხარჯზე.

ვასილ მაღლაფერიძემ მაუწყებლის დირექტორად დანიშვნიდან მალევე, 2017 წელს მასშტაბური რეფორმები დააანონსა და არხის რეორგანიზაციის შესაძლო მოდელი წარადგინა. რეფორმის ძირითადი ამოცანა მაუწყებლის ტექნიკური განახლება და ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენება, საბოლოო მიზანი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგის გაზრდა იყო.

2017 წლის დასაწყისში ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი 15%-ზე მეტი არ იქნებოდა 2019 წლისთვის, ის გადადგებოდა დაკავებული თანამდებობიდან. ვასილ მაღლაფერიძე 2020 წლის 18 აგვისტოს გადადგა, თუმცა თანამდებობის დატოვების მიზეზად რეიტინგის პრობლემა არ დაუსახელებია. მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ გადადგომის გადაწყვეტილების იმიტომ მიიღო, რომ არჩევნების გაშუქების პროცესში პირველი არხის მიუკერძოებლობის საკითხზე კითხვები არ გაჩენილიყო.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი TVMR-ის მონაცემებს ეყრდნობა და ამბობს, რომ თავად საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ასაჯაროებს როგორც არხის წლიურ, ასევე ცალკეულ გადაცემათა რეიტინგებს. TVMR-ის მონაცემებზე დაყრდნობით კი წერს, რომ მაუწყებლის რეიტინგმა 2019 წლისთვის ვერ მიაღწია სასურველ ნიშნულს.

IDFI-ის მონაცემებით, 2018-2019 წლებში მაუწყებლის რეიტინგს უმნიშვნელო ზრდა ჰქონდა, რაც, მეტწილად, არხზე დაწყებულმა ახალმა პროექტებმა და მეგაშოუებმა გამოიწვია. 2019 წლის ყველაზე მაღალ ხარჯიანი გადაცემები „მასტერშეფი” და „საქართველოს ვარსკვლავი” იყო. ამავე გადაცემებზე დაფიქსირდა ყველაზე მაღალი რეიტინგი, შესაბამისად - 8.91% და 8.60%. ორგანიზაცია აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონით განსაზღვრული როლიდან გამომდინარე, კითხვები ჩნდება, რამდენად ემსახურება აღნიშნული გადაცემები საზოგადოებრივ სიკეთეს.

გარდა რეიტინგებისა, კვლევაში საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საბიუჯეტო დაფინანსების ყოველწლიურ ზრდაზე და ამასთანავე, მაუწყებლის მიერ აღებულ სესხზე. IDFI წერს, რომ აღნიშნული სესხის მიზნობრიობა ტექნიკური გადაიარაღება იყო, თუმცა სასესხო თანხის ათვისება 2019 წელს ვერ მოხერხდა და 2020 წლის ბიუჯეტში 7 მილიონი ლარი სწორედ ამ გაუხარჯავი სესხის მომსახურებას უკავია.

მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებელმა რეფორმის გასაგრძელებლად 45 მლნ ლარის სესხი აიღო. თუმცა, IDFI ამბობს, რომ გაურკვეველია მიაღწევს თუ არა სასურველ შედეგს მაუწყებელი ამ თანხის გამოყენებით.

IDFI ამგარიშში პირველი არხის საშტატო განრიგის საკითხსაც ეხება და წერს, რომ მაუწყებელში კვლავაც არ არის დამტკიცებული საშტატო განრიგი, რაც დასაქმებულთათვის არასტაბილურ გარემოს ქმნის.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ