ხათუნა ლაგაზიძის აზრით, საზმაუს სჭირდება სწორი საინფორმაციო თავდაცვითი პოლიტიკა
24.09.2020

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ დღეს მაუწყებელს სჭირდება ადამიანი, რომელსაც აქვს ხედვა, თუ როგორ შეიმუშავოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის მეშვეობით, სწორი საინფორმაციო თავდაცვითი პოლიტიკა:

“დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს სჭირდება არა მხოლოდ ადამიანი, რომელმაც კარგად იცის ნიუსი, ან კარგად იცის ამ ტელევიზიის დერეფნები, არამედ ადამიანი, რომელსაც აქვს ხედვა, დღეს გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოსთვის როგორ შეიმუშავოს სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლობის მეშვეობით, სწორი საინფორმაციო პოლიტიკა, საინფორმაციო თავდაცვითი პოლიტიკა, თუ გნებავთ. რომელმაც იცის თანამედროვე განათლების სისტემის გამოწვევები, თანამედროვე ეკონომიკის გამოწვევები, თანამედროვე შრომის ბაზრის გამოწვევები”, - ამის შესახებ მან სამეურვეო საბჭოს წევრებთან გასაუბრებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბორდმა მაუწყებლის დირექტორად იმიტომ უნდა აირჩიოს, რომ მას აქვს მმართველობითი და სხვადასხვა სფეროში მუშაობის წლების გამოცდილება:

“მაქვს მმართველობითი გამოცდილება. აღარაფერს ვსაუბრობ იმაზე, რომ თითქმის 20 წელი გავატარე მედიაში ხან ჟურნალისტის, ხან ანალიტიკოსის, ხან რესპონდენტის რანგში, როგორც გაზეთებში, ისე რადიოში და იმედი მაქვს მომეცემა შესაძლებლობა ტელევიზიაში. ამავდროულად მაქვს გამოცდილება სამეცნიერო, სასწავლო საქმიანობაში. მაქვს გამოცდილება არასამთავრობო სექტორში საქმიანობის და რაც მთავარია, სწორედ ამ კრიზისების პერიოდში, ჩემი კომპანიები იყვნენ იმ გამონაკლისთა შორის, რომლებმაც შეინარჩუნეს თანამშრომლები და ჩემს თანამშრომლებს არ დასჭირვებიათ სახელმწიფოსგან სოციალური დახმარებები. ასე რომ, კრიზის მენეჯერიც არის თქვენ წინაშე".

კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატის, ირმა სოხაძის მსგავსად, მან ასევე ისაუბრა მაუწყებელში არსებულ ე.წ. “შავ სიაზე” და თქვა, რომ ტელევიზია მისით არ ინტერესდება: “ის, რომ დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ არის სიტყვის სრული თავისუფლება, აგერ გიზივართ ცოცხალი მაგალითი”.

ლაგაზიძე შეეხო მაუწყებლის დირექტორის 4 ათასიდან 10 ათას ლარამდე გაზრდილ ანაზღაურებასაც. მისი თქმით, დირექტორად არჩევის შემთხვევაში, იგი გაზრდილი ხელფასის ნაწილზე უარს იტყვის და მისი ხელფასიდან 5 000 ლარი ყოველთვიურად გადაირიცხება ჟურნალისტურ ფონდში, რომლის განკარგვის საშუალებაც ექნებათ ჟურნალისტებს - “ეს წავა პრემიების სახით, სოციალური დახმარებების სახით”.

შეგახსენებთ, დღეს, 24 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის მსურველებთან გასაუბრება მიმდინარეობდა. კონკურსის ამ ეტაპზე 4 კანდიდატი გადავიდა, თუმცა, მათგან ერთმა, ალექსანდრე ვახტანგოვმა გასაუბრების შემდეგ კანდიდატურა მოხსნა. 

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ირინა ფუტკარაძის თქმით, მაუწყებლის დირექტორს  ხვალ 25 სექტემბერს აირჩევენ. ბორდმა დირექტორი სამი კანდიდატიდან უნდა შეარჩიოს. ესენი არიან: თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე და ხათუნა ლაგაზიძე.

ამავე თემაზე:


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ