პანდემია, ჯანდაცვის კრიზისი და ონლაინ მედია მხოლოდ ბრიფინგების იმედად
05.11.2020
უპასუხო ზარები და შეტყობინებები, პასუხგაუცემელი კითხვები, რესპონდენტებთან გაძნელებული წვდომა და შერჩევითი მიდგომა მედიებისადმი - მედიასაშუალებების უმეტესობა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიღების პრობლემებზე საუბრობს.

მაშინ, როდესაც თითქმის 9 თვეა ქვეყანა კორონავირუსის პანდემიას ებრძვის და ეს თემა წამყვანია მედიაში, მედიასაშუალებების უმეტესობას მოსახლეობისთვის საჭირო კითხვებზე პასუხების მიღება უჭირს. ძირითადი წყარო, საიდანაც ჟურნალისტები ვირუსისა და მისი მართვის შესახებ იღებენ ინფორმაციას, სამთავრობო ბრიფინგებია. ამ ბრიფინგებზე მიღებული ინფორმაცია კი, უმეტესად ზედაპირულია და სტატისტიკური მონაცემებით შემოიფარგლება.

“ფაქტობრივად, ჩვენ კითხვებს ვერ ვსვამთ”, - გვეუბნება ონლაინგამოცემა “პუბლიკას” მთავარი რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრისთვის მედიასთან ურთიერთობა პრიორიტეტული არ არის.

ლიკა ზაკაშვილი ერთ-ერთ ბოლო შემთხვევას იხსენებს, როდესაც რამდენიმე კვირის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა ინტერვიუ შეეთანხმებინა ეპიდემიოლოგიური სამსახურის წარმომადგენელთან:

“შესაძლებლობა არ გვიჩნდება, რომ ადამიანებს (იგულისხმება პანდემიის მართვაზე პასუხისმგებელი პირები) დაველაპარაკოთ. ეპიდემიოლოგიური სამსახურის წარმომადგენელთან - ანა კასრაძესთან ვითხოვდით ინტერვიუს. ნინო მამუკაშვილთან(NCDC-ის პრესსამსახური) ყველანაირი ოპტიმალური ვადა გავიდა. გვესმის, რომ შეიძლება ორ-სამ დღეში ვერ მოიცალოს და ვერ დაგეგმოს ჟურნალისტთან სატელეფონო ინტერვიუ, მაგრამ გავიდა ორი-სამი კვირა. არც გვპასუხობდნენ და ვერ გავიგეთ რატომ ვიღებდით უარს. შეუძლებელია, რომ სამ კვირაში 15-20 წუთი ვერ გამონახოს რესპონდენტმა სასაუბროდ. ჩვენ რომ ონლაინ ვმუშაობთ და ონლაინ გვჭირდება რესპონდენტებთან კომუნიკაცია, ამ გასაჭირს საერთოდ გულგრილად ეკიდებიან და ფაქტია, რომ არ ითვალისწინებენ. ვფიქრობ, არ არის სამართლიანი მიდგომა და ჩემთვის ეს ნიშნავს იმას, რომ უწყებისთვის მედიასთან ურთიერთობა არ არის პრიორიტეტული. საზოგადოებასთან ურთიერთობად მიაჩნიათ მარტო ის, რასაც ბრიფინგებზე ამბობენ. ფიქრობენ, რომ ეს საკმარისია”.

ონლაინგამოცემა On.ge-ს რედაქტორი ხატია ღოღობერიძე ამბობს, რომ ასეთი მიდგომით მედია მკითხველის სათანადო ინფორმირებას ვერ ახერხებს:

“ვცდილობთ მასალები ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გამოქვეყნების შემდეგ, ამ დოკუმენტის მიხედვით მოვამზადოთ. არ გვეძლევა საშუალება, რომ დავსვათ კითხვები, რაც პროტოკოლში არ წერია, ან დავაზუსტოთ ესა თუ ის საკითხი. რეალური, ცოცხალი ინტერაქცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და მხოლოდ დოკუმენტებიდან ამოკითხული ინფორმაციის მიწოდება, მგონია, რომ მკითხველისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი”.

ხატია ღოღობერიძე მედიების მიმართ შერჩევით მიდგომაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან კომუნიკაციაზე მხოლოდ ე.წ. “ფავორიტ” მედიებს მიუწვდებათ ხელი:

“მეორე საკითხი, რაც ასევე პრობლემურია, არის ის, რომ ჰყავთ “ფავორიტი” მედიები და ხელმძღვანელი პირები, ვგულისხმობ ამირან გამყრელიძეს, მხოლოდ ერთი-ორ მედიასთან კონტაქტობენ”.

პრესსამსახურთან გართულებულ კომუნიკაციასა და შერჩევით მიდგომაზე საუბრობს “აიპრესის” ჟურნალისტი ირმა მესხიაც:

“კომუნიკაცია გართულდა. ჩვენი რესურსებით ვცდილობთ ინფორმაციის მოძიებას, პრესსამსახურის მეშვეობით შეუძლებელია - პასუხებს და საერთოდ ვერანაირ დახმარებას ვერ ვიღებთ მისგან. არჩევენ კონკრეტულ მედიებს და მხოლოდ მათ ესაუბრებიან, რამდენიმე მედიასაშუალებაა მისთვის მისაღები მხოლოდ”.

“ნეტგაზეთის” რედაქტორი თაზო კუპრეიშვილი ამბობს, რომ ინფორმაციის მიღბასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, პრობლემაა სიღმისეული მასალების მომზადება:

“პრობლემა იყო და არის კომუნიკაციაში, მე უფრო ხარვეზებს დავარქმევდი. ხანდახან ინფორმაციას ვერ ვიღებთ იმ ფორმითა და იმ დოზით, რაც ჩვენ გვინდა. ვერ ვიტყვი რომ ჩაკეტილები არიან, ეს შეგრძნება არ მაქვს, თუმცა, ვიღაცების მიმართ უფრო გახსნილები არიან. მაგალითად, სიამოვნებით ჩავწერდით ვრცელ ინტერვიუს ამირან გამყრელიძესთან, პაატა იმნაძესთან ან, ვთქვათ, ჯანდაცვის მინისტრთან, მაგრამ, პრაქტიკულად, მიუწვდომელია ჩვენთვის ეს ამბავი ამ ბოლო თვეებში. თუმცა, ასეთ ინტერვიუებს ვხედავთ ჩვენ სხვა მედიებში. ზოგად ინფორმაციას ავრცელებენ, მაგრამ უფრო სიღრმისეულად რომ გვინდა მოვამზადოთ მასალა, ეს პრობლემაა.”

ონლაინგამოცემების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაგებით ეკიდებიან არსებულ რთულ სიტუაციას, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა უწყებებმაც გაითვალისწინონ, რომ მედიას, რომლის მოვალეობაც საზოგადოების ინფორმირებაა, საქმეში ხელი არ უნდა ეშლებოდეს:

“მინდა ხაზგასმით ვთქვა, გვესმის ნამდვილად და ვითვალისწინებთ, რომ, მაგალითად, ამირან გამყრელიძის და პაატა იმნაძის საქმე არის სხვა და ამას ემატება მედიასთან ურთიერთობა, რაც ასევე მათი ვალდებულებაა. ამას ვითვალისწინებთ და ნამდვილად არ მივეკუთვნებით მათ რიცხვს, ვინც ხუთჯერ ნათქვამს მეექვსედ ამეორებინებს პირდაპირი ეთერის გამო. მაქსიმალურად ვცდილობთ არ შევაწუხოთ, მოვაგვაროთ პრესსამსახურის საშუალებით და მათი რესურსიც დავზოგოთ. თუმცა, ამის პარალელურად, ვდგებით იმ ფაქტის წინაშე, რომ ელემენტარულ კითხვებზე ვერ ვიღებთ პასუხს და შესაბამისად, ვერ ვახდენთ მკითხველის ინფორმირებას, რაც ძალიან პრობლემურია”, - ამბობს ხატია ღოღობერიძე.

რატომ აირჩია დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მედიასთან ურთიერთობის ამგვარი ფორმა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში დღითიდღე მძიმდება, რატომ უგულებელყოფენ მედიის როლს კრიზისის მართვაში, მაშინ, როდესაც სრულიად სხვას ამბობს საერთაშორისო გამოცდილება, აქვს თუ არა უწყებას შერჩევითი მიდგომა მედიებისადმი, ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მიღებას დაავადებათა კონტროლის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან ცდილობდა “მედიაჩეკერიც”. თუმცა, ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს. ნინო მამუკაშვილმა საკმაოდ მკაცრი ტონით მიგვითითა, რომ ამ საკითხზე “პასუხი უკვე გაცემულია” და კომენტარს არ გააკეთებს:

“პრობლემა არავის აქვს და თუ ვინემს აქვს, რეკავს. არ მაინტერესებს. არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. პაატა იმნაძეს და ამირან გამყრელიძეს პასუხი უკვე გაცემული აქვს და მე კომენტარს არ ვიძლევი”, - გვითხრა ნინო მამუკაშვილმა და არაერთხელ გაგვიმეორა, რომ ეს პრეტენზიები “არ აინტერესებს” .

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ