შემცირებული სარეკლამო ბაზარი და ახალი მაუწყებლები მაღალშემოსავლიანი ტელევიზიების ათეულში
03.12.2020
საქართველოში სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი ყოველწლიურად მცირდება. ამის მიუხედავად, ბოლო წლებში არაერთი ახალი მაუწყებელი გამოჩნდა ბაზარზე. შეამცირა თუ არა პანდემიამ ტელე-მედიაორგანიზაციების შემოსავლები? - ამის გასარკვევად "მედიაჩეკერმა" კომუნიკაციების კომისიაში  თავად მაუწყებლების მიერ გაგზავნილი მონაცემები შეისწავლა, რომელიც 2020 წლის პირველი 9 თვის პერიოდს მოიცავს.

სატელევიზიო რეკლამის ბაზარი ისევ შემცირდა

2020 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ტელევიზიებმა ჯამში 42,204,809 ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს, რაც 3,272,873 ლარით, ანუ 7%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (45,477,682 ლარი) შედარებით. თავის მხრივ, გასულ წელს, როდესაც პანდემია არ არსებობდა და არც მისგან გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური ეფექტი, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების მოცულობა ქვეყანაში 10%-ით შემცირდა 2018 წელთან შედარებით.

სატელევიზიო რეკლამის ეგიდით კომუნიკაციების კომისია ითვლის ტელევიზიებში უშუალოდ რეკლამით, სპონსორობით, პროდუქტის განთავსებით, განცხადებებითა და ტელეშოპინგით მიღებულ შემოსავლებს.

ახალი მაუწყებლები მაღალი სარეკლამო შემოსავლების მქონე მაუწყებლების ათეულში

ყველაზე მაღალი სარეკლამო შემოსავლების მქონე მაუწყებლების ათეულში სამი ტელევიზია ბოლო ერთ წელში შეიქმნა: "მთავარმა არხმა" მაუწყებლობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო, “ფორმულამ” - გასული წლის ოქტომბერში, ხოლო "პოსტვ-მ" - ასევე გასული წლის ნოემბერში. ამის მიუხედავად, სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, მაუწყებლების ტოპ ათეულში "მთავარი" მესამე პოზიციაზეა (4,727,804 ლარი), "ფორმულა" (1,245,520 ლარი) და "პოსტვ" (923,928.49 ლარი) კი მე-6 და მე-7 პოზიციებს ინაწილებენ.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად, 784 ათასი ლარით გაიზარდა ტვ პირველის სარეკლამო შემოსავალი, რამაც 2020 წლის 9 თვეში 3,163,680 ლარი შეადგინა; 336 ათასი ლარით გაიზარდა GDS-ის სარეკლამო შემოსავალი და 1,575,037 ლარი შეადგინა; 155 ათასი ლარით არის გაზრდილი “იმედის” სარეკლამო შემოსავლები, რამაც 2020 წლის 9 თვეში 16,970,834 ლარი შეადგინა; თითქმის 52 ათასი ლარით გაიზარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალი და 816,089 ლარი შეადგინა.

ყველაზე მეტად, 9.4 მილიონი ლარით შემცირდა “რუსთავი 2”-ის სარეკლამო შემოსავალი და 7,689,254 ლარი შეადგინა; 1 მლნ 300 ათასი ლარით შემცირდა “სილქნეტის” სარეკლამო შემოსავალი და 671,687 ლარი შეადგინა; “სეტანტამ” კი 2020 წლის 9 თვეში 502,213 ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 300 ათასი ლარით ნაკლებია.

გასული წლის მონაცემებით, მაღალი სარეკლამო შემოსავლების მქონე ტელევიზიების ათეულში იყო, "პირველი გასართობი" არხი და პალიტრა ტვ, რომლებიც 2020 წლის რეიტინგში "ფორმულამ" და "პოსტვ-მ" ჩაანაცვლა.

აღსანიშნავია, რომ მთლიანი სარეკლამო შემოსავლების 91% სწორედ პირველ ათეულზე ნაწილდება.

ეროვნულ მაუწყებლებს შორის კვლავაც მწირი სარეკლამო შემოსავლები აქვს ტელეკომპანია "კავკასიასა" (178,443 ლარი) და “ობიექტივს” (48,890 ლარი). ამასთან, “კავკასიის” სარეკლამო შემოსავლები მიმდინარე წლის 9 თვეში 79,563 ლარით შემცირდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო “ობიექტივის” - 87,228 ლარით.

მაღალი სარეკლამო შემოსავლების მქონე რეგიონული მაუწყებლების ხუთეული


წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავლების მქონე რეგიონული მაუწყებლების ხუთეულმა ცვლილება განიცადა. ხუთეულს გამოეთიშა ტელეკომპანია “რიონი”, რომლის სარეკლამო შემოსავლები 2020 წლის 9 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 88,780 ლარით შემცირდა.

ხუთეულში “რიონი” ტელეკომპანია “გურჯაანმა” ჩაანაცვლა, რომლის სარეკლამო შემოსავლები 26 ათასი ლარით გაიზარდა და ჯამში, 118,188 ლარი შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60 ათასი ლარით ნაკლები მიიღო, წელსაც ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს სარეკლამო შემოსავლების კუთხით “ტვ25”. მიმდინარე წლის 9 თვეში მან 335,128 ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო.

ხუთეულში მეორე ადგილზეა ტელეკომპანია “თრიალეთი” - 165,457 ლარის სარეკლამო შემოსავლით, რაც წინა წელთან შედარებით 96 ათასი ლარითაა შემცირებული.

მესამე პოზიციაზეა “ტვ4” - 164,393 ლარი სარეკლამო შემოსავლით. ამასთან, ტვ4-ის შემოსავლები მიმდინარე წლის 9 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6 ათასი ლარითაა გაზრდილი.

ხუთეულში მეოთხე პოზიცია უჭირავს ტელეკომპანია ოდიშს, რომლის სარეკლამო შემოსავლები წინა წელთან შედარებით 46 ათასი ლარით შემცირდა და მიმდინარე წლის 9 თვეში 134,778 ლარი შეადგინა.


alt


ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტელევიზიები

საქართველოში სარეკლამო შემოსავლები ხშირად არ არის მაუწყებლების მთლიანი შემოსავლების მთავარი განმსაზღვრელი.

მაგალითად, თუკი სარეკლამო შემოსავლევის მიხედვით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მე-8 ადგილზეა, მთლიანი შემოსავლებით იგი ყველაზე მაღალშემოსავლიანი მაუწყებელია ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, მიმდინარე წლის 9 თვეში მისი ჯამური შემოსავალი 8.5 მილიონით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 53,486,057 ლარი შეადგინა. მათ შორის, სარეკლამო შემოსავალი მხოლოდ 816,089 ლარია.


alt

ჯამური შემოსავლების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, მეორე ადგილზეა ტელეკომპანია “ფორმულა”. “ფორმულამ” მიმდინარე წლის 9 თვეში 24,996,074 ლარის შემოსავალი მიიღო, აქედან სარეკლამო შემოსავლის წილი მხოლოდ 1,245,520 ლარია.

შემოსავლევის მიხედვით, მეორედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა ტელეკომპანია “იმედმა”. მაუწყებლის ჯამურმა შემოსავალმა 17,074,347 ლარი შეადგინა, ანუ დაახლოებით 200 ათასით მეტი წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით. “იმედის” ჯამური შემოსავლის ძირითადი ნაწილი - 16,970,834 ლარი სარეკლამო შემოსავალია.

“მთავარმა არხმა” 15,188,895.65 ლარის შემოსავალი მიიღო მიმდინარე წლის 9 თვეში და შესაბამისად, ათეულში მან მერვედან მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა. “მთავარი არხის” ჯამურ შემოსავალში რეკლამის წილი 4,727,804 ლარია.

თითქმის განახევრებულია “რუსთავი 2”-ის შემოსავალი და რეიტინგში მან მესამედან მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. 2020 წლის 9 თვეში “რუსთავი 2”-მა 8,616,389 ლარის შემოსავალი მიიღო და ძირითადი ნაწილი - 7,689,254 ლარი სწორედ სარეკლამო შემოსავლებია.

მაღალშემოსავლიანი ტელევიზიების ათეულში მეექვსე პოზიცია უკავია “ევრონიუს ჯორჯიას”, რომელიც მიმდინარე წლის მარტიდან ამოქმედდა. “ევრონიუს ჯორჯიამ” 7,839,465 ლარის შემოსავალი მიიღო მიმდინარე წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით.

ათეულში შემდეგ ადგილებს ინაწილებენ - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი (7,022,727 ლარი), ტვ პირველი (3,422,746 ლარი), აჭარასპორტ ტვ (2,084,443 ლარი) და ობიექტივი (1,698,731 ლარი).

გასული წლის ათეულში მყოფი ტელეკომპანიები “ჯიდიესი” და “სილქნეტი”, წელს “ევრონიუსმა” და “აჭარასპორტ ტვ”-მ ჩაანაცვლეს.

შესწორება: მასალაში შესწორდა 2 მონაცემი. თავდაპირველ ვერსიაში მითითებული იყო, რომ ტელეკომპანია “კავკასიაში” სარეკლამო შემოსავალი შემცირდა 144 ათასი ლარით და რეალურად შემცირების მაჩვენებელმა შეადგინა 79,563 ლარი. ანალოგიურად, ტელეკომპანია “რიონის” შემთხვევაშიც, შეცდომით იყო მითითებული, რომ სარეკლამო შემოსავალი შემცირდა 146 ათასი ლარით, რეალურად კი 88,780 ლარით შემცირდა.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ