რატომ არის საშიში კომუნიკაციების კომისიის მსჯელობა ‘მთავარი არხის’ სიუჟეტში უხამსობის ნაწილზე
21.01.2021
კომუნიკაციების კომისია მსჯელობს შეიცავდა თუ არა უხამსობას ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთ-ერთი სიუჟეტი. კომისიას საკითხზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა, თავად პროცესი მედიის წარმომადგენლებს უკვე საშიშ პრეცენდენტად მიაჩნიათ, ვინაიდან მასში მედიის შინაარსში ჩარევის ნიშნებს ხედავენ.

საკითხზე შეიცავდა თუ არა უხამსობის ნიშნებს ტელეკომპანია “მთავარ არხზე” გასული სიუჟეტი, კომუნიკაციების კომისიამ დღეს, 21 იანვარს იმსჯელა. საქმე ეხება “მთავარი არხის” ეთერში 12 დეკემბერს გასულ სიუჟეტს - “სასახლის კარის მსახურები”, რომელშიც ავტორი სარკაზმით უყვება მაყურებელს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის შესახებ. კომისიაში მიიჩნევენ, რომ “სიუჟეტი შეიცავდა არაეთიკური კონოტაციით წარმოჩენილ გრაფიკულ გამოსახულებასა და უხამს გამონათქვამებს”.

უფრო კონკრეტულად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილმა წარმომადგენლმა სიუჟეტში უხამსობის შემცველად სიუჟეტის დასკვნითი ნაწილი მიიჩნია, სადაც ნაჩვენებია პარლამენტის დარბაზში მყოფი საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი: “კადრი გადატანილია ახლო ხედით მინისტრის შარვალთან, შარვლის გარედან გენიტალიებზე ფოკუსით და მკაფიოდ ჩანს როგორ იკიდებს ხელს შარვალზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. კადრს გასდევს ჟურნალისტის სიტყვები: „აგერ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მართალია სხეულის ენით, მაგრამ ძალიან გარკვევით და გასაგებად გვაჩვენა რის გაკეთებას აპირებს მეათე მოწვევის პარლამენტი“.

და ასევე, სიუჟეტის ბოლოს ავტორის მიერ მოყვანილი ციტატა ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბიდან” - „ჩვენი პარლამენტი და პრეზერვატივი მხოლოდ იმით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რომ პრეზერვატივში მხოლოდ ერთი {ისმის ჩახველება} ეტევა და პარლამენტში კიდე ბევრიო.“

კომუნიკაციების კომისია “მთავარი არხის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის თითქმის ორი საათის განმავლობაში განიხილავდა. “მედიასთან ომს აუცილებლად წაგებთ, რადგან არავის მოუგია”, - ამ სიტყვებით სხდომაზე მთავარი არხის იურისტმა თამთა მურადაშვილმა კომისიის თავმჯდომარეს მიმართა. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ თუ საჭირო გახდა, მარეგულირებლის გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოშიც გაასაჩივრებენ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი მსჯელობით კომუნიკაციების კომისია გასცდა მისი უფლებამოსილების ფარგლებს: “ის არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად და კანონში მითითებული უფლებამოსილებების ფარგლებში. კანონში პირდაპირ წერია, რომ უხამსობასთან დაკავშირებული საკითხი შეიძლება განიხილოს მხოლოდ თვითრეგულირების ორგანომ ან სასამართლომ”.

თამთა მურადაშვილი ფიქრობს, რომ ეს საშიში პრეცენდენტია და კომისიას ახალი ბერკეტების აღება უნდა ხელში, რათა მაუწყებლები დაასანქციროს და საბოლოოდ ცენზურა დააკანონოს:

“ეს არის პირველი პრეცენდენტი და ძალიან საშიში პრეცენდენტი აბსოლუტურად ყველა მაუწყებლისთვის და არა მარტო მაუწყებლისთვის, ვინაიდან ეს არის ცენზურის დაკანონება. ეს ნიშნავს, რომ მარეგულირებელი კომისიას უნდა, რომ აიღოს ახალი ბერკეტი საკუთარ ხელში, იმისათვის, რომ მუდმივი ტერორის ქვეშ ამყოფოს მედია, ასანქციროს, ფინანსური ჯარიმები დააკისროს მაუწყებლებს, რათა შემდეგ ე.წ. მსუსხავი ეფექტი გამოუმუშავდეთ ჟურნალისტებს და შიშით შემდგომ თავისუფლად ვერ გააკეთონ რეპორტაჟები. შედეგად, შეიძლება, ყოველ დღე დაგვამონიტორინგონ, ყოველ დღე დაგვიდგინონ დარღვევები და შედეგად, საბოლოოდ, მაუწყებლობის უფლებაც ჩამოგვართვან, - განაცხადა თამთა მურადაშვილმა “მთავარ არხთან”.

მარიამ გოგოსაშვილი მარეგულირებლის ქმედებებში თვითცენზურის საფრთხესაც ხედავს და ამბობს, რომ “შინაარსზე მსჯელობა საფრთხის შემცველია არამხოლოდ ცენზურის, არამედ თვითცენზურის მხრივაც, რადგან მაუწყებლები იმის შიშით, რომ შეიძლება მათ მაუწყებლობის უფლება ჩამოერთვათ, გაკონტროლებენ შინაარსს და თავს შეიკავებენ გარკვეული მასალების გავრცელებისგან.”

თავის მხრივ, საქმის განხილვისას კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა თქვა, რომ უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს და იქვე აღნიშნა - “ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მონიტორინგს უხამსობის ნაწილზე, სანამ არ მივაღწევთ მედიაში იმას, რომ ეთიკის სტანდარტები იყოს დაცული”.

“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების” და “მაუწყებლობის შესახებ” კანონებში უხამსობა შემდეგნაირადაა განმარტებული - “განცხადება ან ქმედება, რომელსაც არ აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება და ლახავს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს”.

“ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მედიაპროდუქტი უნდა იყოს ეთიკური. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ ვინ უნდა იმსჯელოს ამ გადაცდომაზე - ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომელსაც შეუძლია მაუწყებლობის უფლება ჩამოართვას მაუწყებელს, თუ თვითრეგულირების ორგანომ. რა თქმა უნდა, ცენზურა და თვითცენზურა რომ ავიცილოთ თავიდან, ასეთი საკითხები უნდა დარჩეს თვითრეგულირების ფარგლებში და არ უნდა მიეცეს ადმინისტრაციულ ორგანოს მედიის შინაარსში შესვლის უფლება”, - ამბობს მარიამ გოგოსაშვილი.

„მთავარი არხის“ ეთერში სავარაუდო უხამსობის შემცველი სიუჟეტის განხილვა დღეს დასრულდა, თუმცა, კომისიას გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია. კომუნიკაციების კომისიის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება შემდეგი სხდომის შემდეგ, 28 იანვარს გამოქვეყნდება.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ