"ტელევიზიების მიმართ ჰქონდათ აგრესია" - ვახო სანაიას თავს დაესხნენ
25.02.2021
დღეს, 25 თებერვალს, ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. ჟურნალისტი მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ თავდამსხმელებს აგრესია მის, როგორც მედიის წარმომადგენლის მიმართ ჰქონდათ. 

"პირდაპირ აგრესია ჰქონდათ ჩემ მიმართ, როგორც მედიის წარმომადგნელის მიმართ, ტელევიზიების მიმართ გინება, ჩვენ მიმართ. მათ მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს პროვოცირება. დაიწყეს გინება ჩვენ მიმართ, “ტვ პირველის” მიმართ, საერთოდ ტელევიზიების მიმართ ჰქონდათ აგრესია. ვფიქრობ, რომ ეს არის ასახვა იმის, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული არხების მიმართ, ერთი-ერთში, ოღონდ უკვე ფიზიკური სახით გადმოვიდა ჩვენზე, ჩვენს ოჯახზე", - ამბობს ვახო სანაია ტელეკომპანია “ფორმულასთან”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სამმა პირმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკურად იძალადა ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტსა და მის ნათესავზე. დაზარალებულები ექსპერტიზაზე იმყოფებოდნენ. ვახო სანაია ამბობს, რომ დაზიანებები თავისა და სხეულის არეში აქვს.

ფაქტზე სამი ბრალდებულია დაკავებული. შსს-ს განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ