“პირველმა არხმა” უკანონოდ გათავისუფლებული ორი თანამშრომელი სამსახურში აღადგინა
17.05.2021
საზოგადოებრივი მაუწყებელის “პირველმა არხმა” უკანონოდ გათავისუფლებული ორი ოპერატორი - დავით სიმონიშვილი და ალექსანდრე მეტრეველი სამსახურში აღადგინა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაუწყებელს თანამშრომელბის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება თებერვალში დაევალა. თუმცა, მაუწყებელის მენეჯმენტმა თანამშრომლების აღდგენის გადაწყვეტილება 14 მაისს, მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც ოპერატორების იურისტმა გიორგი იასაშვილმა აღსრულების ბიუროს მიმართა.

რა მოხდა?

დავით სიმონიშვილი და ალექსანდრე მეტრეველი 2018 წლის 18 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის მაშინდელი დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდნენ სამსახურიდან.

მეტრეველმა და სიმონიშვილმა სამსახურიდან გათავისუფლება სასამართლოში გაასაჩივრეს, დავა სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რაც საბოლოოდ 2021 წლის 5 თებერვალს დასრულდა, როდესაც უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საზოგადოებრივი მაუწყებლის საჩივარი და ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის გადაწყვეტილება: დავით სიმონიშვილისა და ალექსანდრე მეტრეველის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.

ვრცლად იხილეთ: დეტალებში: "პირველმა არხმა" წააგო დავა უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებთან.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული, სანამ აღსრულების ბიურომ მაუწყებელს არ მიმართა, “პირველი არხის” მენეჯმენტი გადაწყვეტილების შესრულებაზე უარს ამბობდა.

ოფიციალურ წერილში, რომელიც მაუწყებლის დირექტორმა ოპერატორების ადვოკატ, გიორგი იასაშვილს მიწერა, ნათქვამი იყო, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება შეუძლებელია, ვინაიდან, “ორგანიზაციას არ აქვს საშტატო განრიგი და შესაბამისად - ვაკანტური პოზიციები, რაც თავისთავად გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას”.

გარდა ამისა, მაუწყებელი მიიჩნევდა, რომ სასამართლო არ არის თანმიმდევრული და ერთი და იმავე საქმეებზე სხვადასხვა ინსტანციაში გამოაქვს რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილებები, ასევე, “როგორც სასამართლომ დაადგინა, საზოგადოებრივი მაუწყებლის იძულება დაასაქმოს მოსარჩელეები, წარმოადგენს პირდაპირ და უხეშ ჩარევას მის სარედაქციო, მმართველობით და ფინანსურ დამოუკიდებლობაში”.

რა შეიცვალა?

საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტი, დიმიტრი ბერძენიშვილი ამბობს, რომ თავისუფალი პოზიციები მაუწყებელში ახლაც არ არის, თუმცა, გამონახეს რესურსი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულონ:

“იგივე პოზიცია მაქვს, როგორც იურისტს. ეს გადაწყვეტილება არ არის კანონიერი, მაგრამ, ვინაიდან უნდა აღსრულდეს, უბრალოდ, გამოინახა რაღაც რესურსი, რომ მათი დასაქმება გახდეს შესაძლებელი.”

დიმიტრი ბერძენიშვილი ამბობს, რომ სიმონიშვილისა და მეტრეველისთვის კომპენსაციის გადახდის შესახებ აღსრულების ბიუროდან მიმართვა ჯერ არ მიუღიათ: “ველოდებით, ვინაიდან, განაცდურის თანხა პირდაპირ დაკავშირებულია თანამშრომლების აღდგენასთან” - ამბობს იურისტი.

დავით სიმონიშვილისა და ალექსანდრე მეტრეველის ადვოკატი, გიორგი იასაშვილი მიიჩნევს, რომ ოპერატორების სამსახურში დაბრუნება პრეცენდენტული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რათა მაუწყებელში კანონიერი, სამართლიანი სიტუაცია აღდგეს.

2017 წლიდან, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, დამსაქმებლის ინიციატივით, სამსახურიდან სულ 102 თანამშრომელი გაათავისუფლა. მათგან 25-მა “პირველი არხის” გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და დავების უმეტესობა ამდღემდე არ დასრულებულა.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ