4 ტელევიზია პროტესტის ნიშნად ერთი დღით მაუწყებლობას წყვეტს
13.07.2021
ოთხი ცენტრალური ტელევიზია - "ტვ პირველი" , "მთავარი არხი", "ფორმულა" და "კავკასია" , პროტესტის ნიშნად, 24 საათით მაუწყებლობას წყვეტს. ამ ფორმით გამოხატავენ ტელევიზიები პროტესტს "ტვ პირველის" ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო.

13 ივლისს 15:00 საათზე ეთერი გათიშეს რეგიონულმა ტელევიზიებმაც. 10 წუთის განმავლობაში ათზე მეტი რეგიონული მაუწყებლის ეკრანებზე ჩანდა წარწერა “ლექSOSთვის”. ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი შემდეგმა მაუწყებლებმა: “გურია”, “მეცხრე ტალღა”, “ოდიში”, TOK TV , “აგროგარემო”, TV/25, “მეცხრე არხი”, “თანამგზავრი”, TV 4, “რიონი”, “ბორჯომი tv”

ლოზუნგით, "გადადგეს მკვლელი მთავრობა“ - ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო, 11-12 ივლისს თბილისში, პარლამენტის წინ აქციები გაიმართა. არასამთავრობო სექტორი, მედიაორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იგი ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ