რის საფუძველზე შეიძლება გამოძიების დაწყება “ალტ-ინფოს” წინააღმდეგ?
16.07.2021
პოლიციამ გაჩხრიკა 5 ივლისის ძალადობრივი აქციის რამდენიმე ორგანიზატორის საცხოვრებელი სახლი. "ალტ-ინფო" ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათი ყველა წევრის სახლი გაჩხრიკეს და თითოეული მათგანი განყოფილებაში გადაიყვანეს. შსს არ საუბრობს "ალტ-ინფოს" წინააღმდეგ რამე სახის სამართლებრივი ქმედების დაწყებაზე, თუმცა იურისტები გამოძიების დაწყების საფუძვლებს ხედავენ.

5 ივლისიდან დღემდე

“ჩვენ ვნახეთ, რომ საფრთხე რეალური გახდა და ძალადობა მოხდა. მოვისმინეთ ამ ძალადობის გამამართლებელი განცხადებებიც, რაც ასევე ერთგვარი მოწოდებაა. ასეთ შემთხვევაში, პირდაპირი და უშუალო საფრთხის რეალიზების რისკია და ეს შეიძლება გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი”, - ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

5 ივლისს, თითქმის 12 საათის განმავლობაში, “ალტ-ინფო” საგანგებოდ, უწყვეტად, პირდაპირ ეთერში აშუქებდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებდა. მათი ერთ ერთი ლიდერი, ზურა მახარაძე კი პარლამენტის წინ აქციაზე მდგომ ხალხს მიმართავდა: “მე თუ მომიწევს ძალადობა, აი, აქ ვამბობ, თქვენ წინაშე, მე წავალ და ძალით ვიბრძოლებ. გამომყვებით?” რაზეც ისმოდა შეძახილები - “კი”.

ძალადობრივი ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში 53 ჟურნალისტს დაესხნენ თავს და რამდენიმეს მძიმე დაზიანებები მიაყენეს.

“ალტ-ინფოს” წამყვანები - შოთა მარტინენკო, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მარტინენკო და გიორგი ქარდავა ჰომოფობიური, ქსენოფობიური, დისკრიმინაციულ განცხადებებს თავიანთი ტელევიზიის ეთერით და იუთუბ არხით 5 ივლისის შემდეგაც ავრცელებდნენ.

ძალადობისკენ მოწოდება მედიიდან

ამ დროისთვის, “ალტ-ინფოს” არხის ყურება ტელევიზიაში “მაგთიკომის” და “ახალი ქსელების” მომხმარებლებს შეუძლიათ. “სილქნეტი” კი, “ალტ-ინფოს” არაერთი მიმართვის მიუხედავად, არხს თავის ქსელში არ რთავს. ამასთან დაკავშირებით, 15 ივლისს კომუნიკაციების კომისიას სხდომაზე “ალტ-ინფოს” საჩივარი უნდა განეხილა, თუმცა, დამატებითი დოკუმენტების საჭიროების გამო, განხილვა ორი კვირით გადაიდო.

„ალტ-ინფო“ საჯარო რეესტრში 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა. კომპანიის 50-50%-იან წილებს შოთა მარტინენკო და ციალა მორგოშია ფლობენ, დირექტორი კი - შოთა მარტინენკოა. დაფუძნებიდან ერთი წლის განმავლობაში “ალტ-ინფო” მხოლოდ ინტერნეტში მუშაობდა. ტელემაუწყებლობის უფლება კი კომუნიკაციების კომისიისგან 2020 წლის 26 ნოემბერს მიიღო.

ტელევიზიის გარდა, "ალტ-ინფო" ინფორმაციის გასავრცელებლად სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმასაც იყენებს.

რა შეუძლია სახელმწიფოს ძალადობრივი მოწოდებების აღსაკვეთად?

11 ივლისს ალტ-ინფოს ვებგვერდი გაითიშა. ამ დღეს ფეისბუკის მომხმარებელმა როი შენგელიამ დაწერა, რომ ჰოსტინგ კომპანია iPAge.com-მა ვებგვერდი მისი ოფიციალური მიმართვის საფუძველზე დაბლოკა.

არაერთხელ დაიბლოკა მათი ფეისბუკ გვერდიც, თუმცა მალევე სხვა სახელით აღადგინეს.

“მაგთიკომის” IP ტელევიზიის მომსახურების პაკეტში “ალტ-ინფო” 2021 წლის იანვარიდან არის ჩართული. “მაგთის” პიარ მენეჯერი ქეთევან ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მათ არხის განთავსებას კანონი ავალდებულებს და “მაგთიკომს” არ აქვს უფლება სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეზღუდოს არხის მაუწყებლობა.

“მაგთიკომისთვის” მიუღებელია როგორც სიძულვილის ენა, ასევე ნებისმიერი სახის ძალადობრივი მოწოდებები, რომელიც არღვევს გამოხატვის თავისუფლების დადგენილ სტანდარტებს” - დასძენს ქეთევან ნაცვლიშვილი.

“პრაქტიკაში უკვე ვნახეთ, რომ ამგვარმა მოწოდებებმა გამოიწვია 5 ივლისი. ეს მოწოდებები კვლავ გრძელდება და დღეს რას გამოიწვევს, არავინ იცის” - ამბობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი. მისი შეფასებით, რეალური საფრთხე არსებობს და აუცილებელია, რომ ამით საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა დუმს. ოთხი დღის განმავლობაში, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მივიღეთ პასუხი, რომელიმე საგამოძიებო უწყებას დაწყებული აქვს თუ არა გამოძიება “ალტ-ინფოს” წამყვანებთან დაკავშირებით.

16 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ “ტარდება საგამოძიებო მოქმედებები”. “დამატებითი კითხვებზე კი პასუხი ჯერ არ გვაქვს და როგორც კი გვექნება, გაგაგებინებთ” - გვეუბნება შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი, ნინო ცხადაძე.

სისხლის სამართლის კოდექსის 239(1) მუხლი ითვალისწინებს სასჯელს, წერილობით ან ზეპირად საჯაროდ ძალადობრივ მოწოდებასთან დაკავშირებით, რომელსაც პირდაპირი და მყისიერი საფრთხე ახლავს თან. იურისტები გამოძიების დაწყების საფუძველს სწორედ ამ მუხლით ხედავენ.

“თუ შესაბამისი სამართლებრივი უწყებები ამას სწრაფად არ აღკვეთენ, ეს კიდევ ერთი დადასტურება იქნება იმისა, რომ ხელისუფლება ახალისებს ძალადობას და მათ მსგავსი ძალადობრივი ჯგუფების დაუსჯელობის პოლიტიკა” - ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი.

კონტექსტი

გასულ წელს, “სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) ფეისბუკში “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებული 34 გვერდი გამოააშკარავა, რომლებიც კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას ავლენდნენ. ანგარიშში წერია, რომ “ალტ-ინფო“ ქართულ საზოგადოებაში აქტიურად და ორგანიზებულად ებრძვის ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებს; მათი გუნდის მოწოდებები გამოირჩევა განსხვავებულობის, სიახლისადმი შიშის და მიუღებლობის დანერგვით. ISFED-ის შეფასებით, „ალტ-ინფოს“ პროპაგანდა უმეტეს შემთხვევაში სიცრუეზე და ინფორმაციის მანიპულირებაზეა დაფუძნებული.

„ალტ-ინფო“ თავს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს უწოდებს, რეალურად კი - ის ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა” - წერს ISFED თავის ანგარიშში.

DFRLab-ის შეფასებით, კი „ალტ-ინფო“ ცდილობს, თავი სანდო წყაროდ წარმოაჩინოს, თუმცა, რეალურად ანტიდასავლური და ჰომოფობიური განწყობების გაღვივებაზე მუშაობს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ