“დირექტორის წასვლამ კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაგვიჩინა - “მაესტროს” ჟურნალისტები ავალიანის წასვლასა და გაჩეჩილაძის დაბრუნებაზე
16.07.2021
ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტები მაუწყებელში გია გაჩეჩილაძის დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ კითხვები აქვთ. პასუხებს კი არხის მფლობელებისგან და დამფუძნებლებისგან ამ დრომდე ელოდებიან.

15 ივლისს ვაკო ავალიანმა, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებდა, ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ მაუწყებლიდან მიდის. მისივე თქმით, არხზე გია გაჩეჩილაძე [უცნობი] რამდენიმე პროექტით ბრუნდება, ტელევიზიის ახალი პრიორიტეტები კი მისთვის მიუღებელია.

“მაესტროს” ჟურნალისტები ამბობენ, რომ გაჩეჩილაძის დაბრუნების გამო კითხვები ისედაც ჰქონდათ, თუმცა მას შემდეგ, არხი ვაკო ავალიანმა დატოვა, მათ კიდევ უფრო მეტი კითხვა გაუჩნდათ:

“თუნდაც, რა იგულისხმება პრიორიტეტების ცვლილებაში. ჩვენ, “მაესტროს” გუნდს, ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერ არ გვაქვს. გვითხრეს მხოლოდ ის, რომ გია გაჩეჩილაძეს არხზე მოაქვს საკუთარი პროექტები ე.წ. აუთსორსით და მას ახალი ამბების რედაქციასთან და მის პოლიტიკასთან შეხება არ ექნება. ჟურნალისტები ველოდებით პასუხს კითხვებზე არხის მფლობელებისგან და დამფუძნებლებისგან. იქამდე კი ვაგრძელებთ მუშაობას და გიყვებით ამბებს ისე, როგორც აქამდე გიყვებოდით”, – აცხადებენ “მაესტროს” ჟურნალისტები.

2016 წლიდან “მაესტრო” და “იმედი” ერთ ჰოლდინგში არიან გაერთიანებულები. გია გაჩეჩილაძე შპს “სტუდია მაესტროს” ერთ-ერთი მფლობელია, ყველაზე მეტ წილს - 55% პროცენტს სწორედ ის ფლობეს. კომპანიის დანარჩენი წილები კი შემდეგნაირადაა გადანაწილებული: 5% - ეკატერინე აკობია, 15% - მამუკა ღლონტი, 25% - ნიდერლანდებში რეგისტრირებული შპს მედია ფინანს გრუპ ბი.ვი, რომლის მესაკუთრე მაკა ასათიანია.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ