როგორ აჩვენა ეგზიტპოლებმა პოლარიზაცია მედიაში
07.10.2021
2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, სამმა ტელევიზიამ მაყურებელს სამი განსხვავებული ეგზიტპოლის შედეგები შესთავაზა. ეს განსხვავება ყველაზე მეტად თბილისის მერის არჩევნების შემთხვევაში ჩანდა და კიდევ ერთხელ გამოკვეთა პოლარიზაცია ქართულ მედიაში.

რა აჩვენა ეგზიტპოლებმა?

"იმედის" დაკვეთით კვლევითი ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლი 18:00 საათის მონაცემებით, თბილისში პირველივე ტურში 51.3%-ით მმართველი პარტიის კანდიდატმა კახა კალაძემ გაიმარჯვა. 

„მთავარი არხის“ დაკვეთით კომპანია „იპსოსის“ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით 17:00 საათის მონაცემებით, ყველაზე მეტი ხმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნიკა მელიამ მიიღო, თუმცა აჩვენა, რომ მეორე ტურის ჩატარება გარდაუვალი იქნებოდა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაკვეთილი, „ედისონ რისერჩის“ კვლევით კი 18:00 საათისთვის გამოქვეყნებლი რიცხვები ყველაზე მეტად ემთხვეოდა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების წინასწარ შედეგებს.

alt

კვლევის მეთოდოლოგია

სამივე ეგზიტპოლის შემთხვევაში ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3% უნდა ყოფილიყო.

• „იპსოსმა“ თბილისის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა არჩევნებში მონაწილე 2500 მოქალაქე.

• „ედისონ რისერჩმა“ თბილისში 95%-იანი სანდოობისთვის 6 783 ინტერვიუ ჩაატარა.

• „გორბიმ“ კი მთელ საქართველოში შერჩეულ 120 საარჩევნო უბანზე (აქედან 48 უბანი დედაქალაქში მდებარეობდა) 11 ათასი ამომრჩეველი გამოკითხა.

მედიის პოლარიზაცია წინასაარჩევნოდ

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, „იმედის“ მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების მიხედვით, „ქართული ოცნება“ კახა კალაძის გამარჯვებას ზეიმობდა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ოფისში „მთავარი არხის“ ეგზიტპოლს ადევნებდა თვალს და ნიკა მელიას უპირატესობას აღნიშნავდა.

ეს კარგად აჩვენებს მედიის და პოლიტიკის პოლარიზებასო, ამბობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი.

მაუწყებელთა პოლარიზაცია შარშანდელთან შედარებით კიდევ უფრო რომ გაიზარდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშებიც ამბობს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგის წინასწარ ანგარიშში წერია, რომ ტელესივრცე ორ ბანაკად გაიყო: ტელეარხების ნაწილი მიკერძოებულია ხელისუფლებისადმი, მეორე ნაწილს კი ოპოზიციის მიმართ აქვს მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა.

„იმედი“ ხშირად ზუსტად იმეორებს და პირდაპირ მიჰყვება მმართველი გუნდის მესიჯბოქსს. „მთავარი არხი“ კი წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას არ აშუქებდა.“ - ვკითხულობთ ანგარიშში.

როგორ შეიძლება ეგზიტპოლებმა ამომრჩეველზე იმოქმედოს

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეგზიტპოლის შედეგებს ბევრი ადამიანი ელოდება და შესაძლებელია შექმნას წინასწარი განწყობები და მოლოდინები ცესკოს საბოლოო შედეგების მიმართ.

„[ეგზიტპოლის შედეგებს] ყოველთვის მოჰყვება, როგორც დადებითი ისე უარყოფი რეაქცია. მაგალითად, იმას კი არ ვუყურებთ არის თუ არა ეგზიტპოლი ახლოს ცესკოს შედეგებთან, არამედ პირიქით, იწყება საუბარი იმაზე, არის თუ არა ცესკოს შედეგები ახლოს ეგზიტპოლთან“,- ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი.

2 ოქტომბერს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც მმართველმა პარტიამ ერთ ეგზიტპოლზე დაყრდნობით იზეიმა გამარჯვება, მაშინ, როცა სხვა ეგზიტპოლები განსხვავებულ შედეგს აჩვენებდა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, „ქართულმა ოცნებამ“ თავისივე ეგზიტპოლის შედეგებზე დაყრდნობით იზეიმა სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება იმის მიუხედავად, რომ პირველ ტურში ჩატარებული სხვა ორი ეგზიტპოლი ("რუსთავის 2-ის" და „ევროპული საქართველოს“) მეორე ტურის დანიშვნაზე მიუთითებდა.

მაშინ მმართველი პარტიის ეგზიტპოლით, 52.3 %-ით სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებდა, მაგრამ ცეკსოს პირველი ტურის შედეგებმა აჩვენა, რომ ზურაბიშვილს ხმების 38.64% ჰქონდა მიღებული.

აშშ-ის მედიის გამოცდილება

საქართველოსგან განსხვავებით შტატებში ეგზიტპოლების შედეგები და მედიის პარტიული მიკუთვნებულობა ერთმანეთზე გავლენას ნაკლებად ახდენსო, ამბობს სოციოლოგი დავით სიჭინავა. ამის მაგალითად ის აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს იხსენებს:

აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ტელეკომპანია „ფოქსი“ ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რამდენიმე ე.წ მერყევ შტატში ჯო ბაიდენის გამარჯვება იწინასწარმეტყველა. მაშინ, როდესაც „ფოქსზე“ ხშირად იკვეთებოდა მხარდაჭერა რესპუბლიკური პარტიისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ.

„მკვლევრები ჩვენთან მეტ-ნაკლებად ნორმალურად მუშაობენ, მაგრამ შემდეგ [ეგზიტპოლის შედეგებს] მედია იარაღად აქცევს ხოლმე და რადგან ჩვენი მედია ძირითადად სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან ასოცირდება, ამ შედეგებს უკვე პოლიტიკური პარტიები იყენებენ აქტიურად. უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუ პოლიტიკური პარტია და მედია ერთმანეთთან არის შეზრდილი“, - ამბობს დავით სიჭინავა.

ეგზიტპოლების მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია

ის, რომ შესაძლოა ამა თუ იმ მედიამ ან პოლიტიკურმა პარტიამ ეგზიტპოლის შედეგები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, არ ნიშნავს, რომ განსხვავებული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული საარჩევნო გამოკითხვა ცუდია, ან ვინმეს მისი ჩატარების უფლება არ უნდა ჰქონდეს.

„თუ ეგზიტპოლს მხოლოდ ერთი მხარე აკეთებს, საზოგადოებრივი აზრი და განწყობა უკვე მომზადებულია და შესაძლებელია, რომ ოფიციალურ შედეგებზეც იმოქმედოს თუ, ვთქვათ, თავისუფალი და მიუკერძოებელი ცესკო არ გყავს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რამდენიმე ეგზიტპოლის ჩატარება“, - ამბობს ნინო დოლიძე.

ჩატარებული ეგზიტპოლების განსხვავებულ მონაცემებსა და დაშვებულზე მაღალი ცდომილების მიღებას რესპონდენტები სხვადასხვა სავარაუდო ფაქტორით ხსნიან. მათ შორის ორგანიზაციების განსხავებული მეთოდოლოგიური მიდგომებით, სტატისტიკურ მოდელებს შორის სხვაობით ან თუნდაც ქართული კონტექსტის გათვალისწინებით, რომ უბნიდან გამოსულმა ამომრჩეველმა შესაძლოა, ქვეყანაში ხმის მიცემის ფარულობის პრობლემის გამო, გულწრფელად არ თქვას, ვის მისცა ხმა.

ეგზიტპოლებმა ყველაზე უკეთ პოლარიზაცია აჩვენა

„2 ოქტომბრის არჩევნებმა კარგად გვაჩვენა პოლარიზაცია მედიასა და პოლიტიკაში. როდესაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა საინტერესოდ იყო ნაჩვენები თითოეული პარტიის ოფისი. მაგალითად, „იმედი“ აჩვენებდა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, „მთავარი არხი“ მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“. იმ კადრებმა დაგვანახა, რომ მედიაც და პოლიტიკური პარტიებიც პოლიტიკურად პოლარიზებულ სიტუაციას ქმნიან. პოლარიზაციას უფრო პოლიტიკოსები აღრმავებენ, მაგრამ მედიაც ხელს უწყობს ამას“, - ამბობს მარიამ გოგოსაშვილი.

alt

ქარტიის დირექტორი განმარტავს, რომ მართალია მედიასაშუალებას შეიძლება ერჩივნოს ის პოლიტიკური პარტია აჩვენოს ეგზიტპოლების გამოცხადებისას, რომელიც მათ კვლევას ენდობა და მისი შედეგის მიხდევით ზეიმობს, მაგრამ ეს არ ამართლებს მედისაშუალების საქციელს, რომ იმ მომენტში ყველა პარტია ერთად თუ არა, ერთმანეთის მიყოლებით მაინც აჩვენოს.

მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ მკვეთრად პოლარიზებული მედიაგარემო პირველ რიგში აუდიტორიას აზარალებს. პოლარიზაციის დროს ჩნდება მედიის ბალანსის, მიუკერძოებლობის, სიზუსტისა და სხვა პრობლემები, რაც ხელს უშლის ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ