საზმაუს კვლევით, ყველაზე მეტი ადამიანი “იმედს” და “პირველ არხს” ენდობა
18.01.2022
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით, დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი ტელემაყურებელი “იმედს” და “პირველ არხს” ენდობა, ყველაზე ნაკლები კი ტელეკომპანია “ფორმულას”.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი ადამიანი არ ენდობა “მთავარ არხს”(30%) და “ტვ პირველს” (27%). უნდობლობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი “პირველ არხს” აქვს.

alt


ინტერვიუერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ სრულწლოვან მოსახლეობას უსვამდნენ კითხვას თუ „რომელი ქართული ტელევიზიის ახალ ამბებს და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობიან ყველაზე მეტად?” რესპონდენტები კი ჩამოთვლილ ტელევიზიებს 5-ბალიანი შკალით აფასებდნენ.

18-დან 24 დეკემბრის ჩათვლით, მკვლევარებმა ტელეფონით გამოჰკითხეს 1 501 რესპონდენტი.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, შესადარებლად შერჩეული იყო კიდევ ხუთი ტელევიზია: “იმედი”, “რუსთავი 2”, “ფორმულა”, “მთავარი არხი” და “ტვ პირველი”.

კვლევამ აჩვენა ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების, სიახლეების შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყარო ტელევიზია და სოციალური მედიაა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით, კვლევა შპს SONAR-მა ჩაატარა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კომპანიასთან ერთ წლიანი ხელშეკრულება 2020 წლის 7 აგვისტოს გააფორმა და SONAR-ს სოციალური და მარკეტინგული კვლევების მომსახურებაში 80 000 ლარი გადაუხადა.

აქედან 32 400 ლარი ტელეაუდიტორიის კვლევისთვის იყო გამოყოფილი. რაც ითვალისწინებდა, რომ კვლევით ორგანიზაციას 1500 სატელეფონო ინტერვიუ 9 ეტაპად (ჯამში 13 500 ინტერვიუ) უნდა ჩაეტარებინა. თუმცა, როგორც კომპანიის დირექტორმა ნინელი იშხნელმა განგვიმარტა, პანდემიის გამო, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტების გათვალისწინებით, ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა. მათ შორის, ცვლილება შეეხო ტელეაუდიტორიის რაოდენობრივ კვლევასაც და მხოლოდ 3 ეტაპად ჩატარდა.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ