საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარე ვერ აირჩიეს
01.04.2022
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე საბჭოს ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩიეს.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციაა, მოიწვიოს საბჭო, წარმართოს სხდომები, ხელი მოაწეროს საბჭოს გადაწყვეტილებებს.

რა მოხდა?

საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობა წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

1 აპრილს გამართულ სხდომაზე 9-წევრიანი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის 2 კანდიდატურა იყო წარდგენილი:
  1. ბონდო მძინარაშვილი - რომელმაც თავისი კანდიდატურა მოხსნა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
  • “გულახდილად ვიტყვი მქონდა სურვილი, რომ ჩემს კოლეგებს ჩემი კანდიდატურისთვის დაეჭირათ მხარი, მაგრამ მე ვიცი უკვე დამოკიდებულება ჩემი კოლეგების. ჩვენ ბუნებრივია გვქონდა საუბარი, არაფერი დასამალი და საიდუმლო არ არის ამაში, ერთმანეთის დამოკიდებულებები და განწყობები ვიცით. ამიტომ, მე ჩემს კანდიდატურას მივცემ თვითაცილებას და არ მივიღებ მონაწილეობას კენჭისყრაში”
  • "სასურველი იყო ჩემთვის მხარი დაგეჭირათ, ნუ ასე არ გამოდის და რაკი მხარს არ მიჭერთ, მაშინ მე არც არავის დავუჭერ მხარს, როგორც ერთ-ერთი კანდიდატი. “- მიმართა კოლეგებს მძინარაშვილმა.
     2. ბესიკ ლილუაშვილი - რომელმაც მხოლოდ 4 ხმა მიიღო.
  • “დარწმუნებული ვარ, რომ აქაც საჭირო რაოდენობის ხმებს ვერ მივიღებ, მაგრამ ლუსტრაციისთვის ეს აუცილებელი მგონია.”, - თქვა კეჭისყრამდე თავისი კანიდატურის დასახელებისას ლილუაშვილმა.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭიროა მინიმუმ 5 ხმა.

კენჭისყრის შედეგები:

ბესიკ ლილუაშვილის 4 ხმიდან:
  • ერთი თავისივე ხმა იყო.
  • ასევე ხმები მიიღო: ზაზა აბაშიძის, ირინა ფუტკარაძისა, გიორგი ნიჟარაძისგან.

ვინ დაესწრო სხდომას?

სხდომას 9-დან 2 მეურვე არ დაესწრო:

სხდომას ესწრებოდნენ: ირინა ფუტკარაძე, მიხეილ ჩიკვილაძე, ზაზა აბაშიძე, ბონდო მძინარაშვილი, იზაბელა ოსიპოვა, ბესიკ ლილუაშვილი, გიორგი ნიჟარაძე.

არ ესწრებოდა: ირაკლი პაპავა - სამეურვეო საბჭოს ახლანდელი თავმჯდომარის ირინა ფუტკარაძის განმარტებით, მას ვერ დაუკავშირდნენ.

სხდომა დაწყებისას პროტესტის ნიშნად დატოვა: გია მურღულიამ.
  • “დღეს ჩვენ ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას და თან იმ შემადგენლობით, რომლიდანაც სამი ადამიანი უახლოეს დღეებში გადის ამ სამეურვეო საბჭოდან. შეიძლება აღმოჩნდეს, ძალიან დიდი ალბათობით, რომ ახალი თავმჯდომარე აირჩიოს ძალიან ცოტა ადამიანმა სამეურვეო საბჭოს სრული შემადგენლობიდან. ვფიქრობ, ძალიან იკითხება არა საზოგადო ინტერესები, არამედ რაღაც სხვა ინტერესები. მივიჩნევ, რომ ეს სხდომა არ გამოხატავს ჩვენი ტელევიზიის ინტერესებს”,- განმარტა მურღულიამ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოქმედ თავმჯდომარეს ირინა ფუტკარაძეს უფლებამოსილების ვადა 17 აპრილს ეწურება.

  • კანონმდებლობის მიხედვით, სამეურვეო საბჭო თავმჯდომარეს 3 წლის ვადით ირჩევს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 და არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა.
  • შესაბამისად, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევის ბოლო სამუშაო დღე სწორედ 1 აპრილს იყო.

საბჭოს თავმჯდომარეს მეურვეები, სავარაუდოდ, ახალი წევრების შესვლის შემდეგ აირჩევენ.

სამეურვეო საბჭოში ვადა სამ წევრს - ირინა ფუტკარაძეს, გიორგი ნიჟარაძეს და ირაკლი პაპავას ეწურება.
 
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს/ბორდს პარლამენტის საკონკურსო კომისია დააკომპლექტებს -პარლამენტმა საკონკურსო კომიასია უკვე დაამტკიცა

სამეურვეო საბჭოს ფუნქციებში მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრა, დებულების მიღებას, ბიუჯეტის მიღებას და სხვა ფუნქციებს მოიცავს.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ