ბორდის შესარჩევი კომისიის ზოგი წევრის ორმაგი სტანდარტი არხის ყოფილ დირექტორებთან
08.04.2022
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წევრების შესარჩევად საკონკურსო კომისია თერთმეტ კანდიდატს შორის არხის ორ ყოფილ დირექტორს გაესაუბრა.


მიუხედავად იმისა, რომ ორივე ყოფილი დირექტორის მიმართ მწვავე კითხვები წლებია არსებობს, ბორდის წევრების ნაწილი მხოლოდ გია ჭანტურიას აკრიტიკებდა.

მოკლედ, ამ ორი კანდიდატის შესახებ

ვასილ მაღლაფერიძე:

ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივ მაუწყებელს "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს ხელმძღვანელობდა 2017-2020 წლებში.
  • მისი მმართველობისას მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები მაუწყებლის მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.
  • სხვადასხვა ორგანიზაცია საუბრობდა მაღლაფერიძეს ნეპოტისტური საკადრო გადაწყვეტილებების გამო აკრიტიკებდნენ. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის შვილის ტელევიზიის თანამშრომლების საზოგადოებრივ მაუწყებელში კონკურსის გარეშე დასაქმების გამო.
  • ტელევიზიის მოქმედი თანამშრომლები ღიად საუბრობენ ვასილ მაღლაფერიძის დირექტორობისას ხელმძღვანელობის მხრიდან ცენზურის მცდელობებზე, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული თემების დაბლოკვასა და რესპოდენტების „შავი სიების“ არსებობის შესახებ.

გია ჭანტურია:

გია ჭანტურია საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში, 2009-2011 წლებში იყო.
  • ის მაშინდელი ხელისუფლების სასურველ კანდიდატად ითვლებოდა.
  • 2012 წლის სექტემბერში ტელევიზიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ამსახველი მასალები დაგვიანებით გააშუქა;
  • იმავე წლის მარტში სამმა ნაციონალურმა ტელევიზიამ, „რუსთავი 2-მა“, „იმედმა“ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, პოლიციის განყოფილებაში მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი სრულიად იდენტურად გააშუქა. ეს მიანიშნებდა, რომ ინფორმაციას საინფორმაციო სამსახურები, სავარაუდოდ, შეთანხმებულად ავრცელებდნენ.

კომისიის კითხვები ორ ყოფილ დირექტორს

ბორდის წევრობის კანდიდარების შესარჩევი კომისია ორივე კანდიდატს გაესაუბრა, მაგრამ აშკარა იყო ერთი და იმავე ადამიანების განსხვავებული დამოკიდებულება ამ ორი კანდიდატის მიმართ, განსაკუთრებით კომისიის სამი წევრის, ნინო მეუნარგიას, ეკა მელქაძისა და ბაკურ ბაკურაძის მხრიდან.

სამივე მათგანი „იმედის“ ჰოლდინგშია დასაქმებული.

ვრცლად: საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი ახალი წევრის შესარჩევად საქართველოს პარლამენტმა საკონკურსო კომისია დაამტკიცა. კომისიის 9 წევრიდან 3 – „იმედის“ ჰოლდინგშია დასაქმებული.

კომისიის ეს წევრები სხვა კანდიდატებთან კრიტიკული კითხვების დასმით და აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ. სამაგიეროდ, ღიად გამოხატავდნენ უარყოფით განწყობებს გია ჭანტურიას მისამართით.

  • ისინი გია ჭანტურიასგან შინაარსობრივი საკითხებით არ დაინტერესებულან.
  • არ უკითხავთ მისი, როგორც მეურვის კანდიდატის ხედვების და არც მაუწყებლის განვითარების კონცეფციის შესახებ.

კითხვები გია ჭანტურიას:

  • ნინო მეუნარგია - მახსოვს თქვენი დირექტორობის ბოლო წელი, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდა დავალიანება. მახსოვს ჩემს ყოფილ თანამშრომლებს, კოლეგებს თქვენ განუცხადეთ, რომ მათ ხელფასიდან მოეჭრებოდათ ეს თანხა. მაინტერესებს, ზოგადად, როდესაც, დაუშვათ, დავალიანებაზეა საუბარი, პასუხისმგებელია მენეჯერი, თუ თანამშრომლები არიან? და ზოგადად, რაც შეეხება ამ გამოცდილებას, აპირებთ თუ არა ამ გამოცდილებით მუშაობას?
  • ეკა მელქაძე - მე კითხვა არ მაქვს. უბრალოდ, ხელფასებთან დაკავშირებით, მაშინ ერთად ვმუშაობდით და ძალიან გაიზარდა ხელფასიო. კი, ძალიან გაიზარდა, 457 ლარი მქონდა ხელფასი და გამიხდა 460.
  • ბაკურ ბაკურაძე - მე ვფიქრობ, რომ რაც ეთერში გადის, ის უნდა იყოს სიმართლე და, თქვენი ხელმძღვანელობის დროს, სიმართლე არ გადიოდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. მე ვიდექი 2011 წელს გარეთ და არ მაშუქებით. ჩემს თავზე გადავიტანე ტყუილები, რაც გადიოდა „მოამბეში“.

ბორდის წევრობის შემთხვევაში მისი გეგმების შესახებ ჭანტურიას ორი კითხვა დაუსვეს IDFI-ის მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი დავითურმა და საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა გიორგი იმედაშვილმა.

კითხვები ვასილ მაღლაფერიძეს


საკონკურსო კომისიის წევრებს, რომლებიც ჭანტურიას მიმართ უარყოფით განწყობებს არ მალავდნენ, ვასილ მაღლაფერიძისთვის არც ერთი კრიტიკული კითხვა არ დაუსვამთ.

მაგალითად, ნინო მეუნარგია მაღლაფერიძისგან მხოლოდ იმით დაინტერესდა, თუ როგორ ხედავდა იგი საკუთარ თავს არხის მეურვის ამპლუაში.

  • ნინო მეუნარგია: თქვენ წლების განმავლობაში ბრძანდებოდით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი. მენეჯმენტში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ. მაინტერესებს პირუკუ - როგორ ხედავთ თქვენ თავს მაკონტროლებლის როლში?

აღმოჩნდა, რომ მან ეს კითხვა კომისიის რამდენიმე წევრის ნაცვლადაც დასვა, რადგან მას ბაკურ ბაკურაძე, მაკო ჯაოშვილი და ერმილე მესხიაც შეუერთდნენ. ბაკურაძემ განმარტა, რომ მათაც ზუსტად იმავეს კითხვა უნდოდათ.

ვასილ მაღლაფერიძის კონკრეტული ხედვებზე ბორდის წევრის ამპლუაში, მის დირექტორობის პერიოდზე, შეუსრულებელ დაპირებებზე და „ქართულ ოცნებასთან“ კავშირზე კითხვებით მხოლოდ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი, IDFI-ის მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დავითური და საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი გიორგი იმედაშვილი დაინტერესდნენ.

ვრცლად: ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ საზმაუში ე.წ. შავი სიების არსებობაზე გამოთქმული ბრალდებები აბსურდია

კონტექსტი


ბორდის სამ წევრს - ირინა ფუტკარაძეს, გიორგი ნიჟარაძეს და ირაკლი პაპავას, რომლებიც 2016 წლიდან არიან სამეურვეო საბჭოში, ვადა 18 აპრილიდან ეწურებათ. ბორდის წევრობის ვაკანტურ 3 ადგილზე კონკურსი მარტში გამოცხადდა.

თავდაპირველად ბორდის წევრობა 12 ადამიანს სურდა, თუმცა, მოგვიანებით ერთმა მათგანმა - ყოფილმა დეპუტატმა გუგული მაღრაძემ თავისი კანდიდატურა მოხსნა.

7 აპრილს, საკონკურსო კომისიამ შეარჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის 10 კანდიდატი. მათგან 3 ბორდის წევრი პარლამენტმა უნდა აირჩიოს.

ამ თემაზე: შერჩეულია საზმაუს ბორდის წევრობის 10 კანდიდატი

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ