სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი: გავასაჯაროვებ მედიის სიას, რომლებსაც სუსი აკონტროლებს
02.09.2022
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ დაასახელებს იმ მედიასაშუალებებს, რომლებსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებს.

რა ხდება?

სოსო გოგაშვილმა ციხიდან 2022 წის 2 სექტემბერს მორიგი წერილი გაავრცელა.
  • “საზოგადოებას მედიის საშუალებით მივაწვდი იმ ენჯეოების, მედიის, ექსპერტ-მპოსტავების და სხვათა სიებს, რომლებიც კონტროლდებიან და იმართებიან სუსის მიერ და ფინანსდებიან ქოცპარტიის შავი სალაროდან. ქვეყანა უნდა იცნობდეს "ГРУსული ოცნების სალოსებს" - წერს გოგაშვილი.

რას ამბობს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი მედიაზე?

სოსო გოგაშვილმა ბოლო კვირების განმავლობაში მმართველი პარტიის მიმართ სხვა ბრალდებებთან ერთად ინფორმაცია მედიის შესახებაც გაავრცელა.

გოგაშვილმა 2022 წლის ივლისში თქვა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დავალებით “სუსის ზონდერებმა” გაიტაცეს, ჩანაწერები კი წაშალეს.

ამ თემაზე: სუს-ის მაღალჩინოსანი: მომთხოვეს მეთქვა, რომ აფგან მუხთარლიზე აღელვებულმა დავწერე
  • სოსო გოგაშვილმა 19 აგვისტოს დაწერა, რომ ტელეკომპანია “პოსტვ” სუს-ის სპეციალური დანაყოფია და მის შექმნაში თავადაც მონაწილეობდა.
ამ თემაზე: სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი: POSTV სუს-ის სპეციალური დანაყოფია

ვინ არის სოსო გოგაშვილი?

სოსო გოგაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილეა. ის 15 ივლისს დააკავეს და ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს:
  • სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
  • პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
  • სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
  • გოგაშვილს 18 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სოსო გოგაშვილის დაკავებამდე 2 დღით ადრე, 2022 წლის 13 ივლისს ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში მომღერალმა და ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ (“უცნობმა”) “მთავარი არხის” ჟურნალისტების საუბრის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. მასში ჟურნალისტები წყაროსგან, სოსო გოგაშვილისგან მიწოდებულ მასალაზე საუბრობდნენ.

ამ თემაზე: “უცნობის” გავრცელებული ჩანაწერები - რა ირკვევა?

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ