ომბუდსმენი ხელისუფლებას მოუწოდებს, ჟურნალისტებს მისცენ მთავრობის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა
28.09.2022
საქართველოს სახალხო დამცველი მოწოდებს ხელისუფლებას ჟურნალისტებს მთავრობის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა მისცეს.

ომბუდსმენი Bm.ge-ის მთავარი რედაქტორის, თელარა გელანტიას მთავრობის სხდომაზე არ შეშვების ფაქტებს გამოეხმაურა.

კონტექსტი

  • თელარა გელანტია 12 სექტემბერს მთავრობის სხდომის შემდგომ პრესკონფერენციაზე არ შეუშვეს. ჟურნალისტს ამის მიზეზად “ბევრი შეკითხვის დასმა” და “კოლეგების შეწუხება” დაუსახელეს.
  • თელარა გელანტიას მთავრობის სხდომაზე არც 26 სექტემბერს არ დაუშვეს.

რას ამბობს ომბუდსმენი?

სახალხო დამცველის შეფასებით, ბოლო პერიოდში ცალკეული სახელმწიფო უწყებების მიერ ორგანიზებულ ბრიფინგებსა თუ მუნიციპალურ ღონისძიებებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლების არდაშვების ან/და არმიწვევის ტენდენცია, თანასწორობის პრინციპს ეწინააღმდეგება.

ომბუდსმენი ხაზს უსვამს მედიის განსაკუთრებულ ფუნქციას გაავრცელოს საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი ინფორმაცია და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ საჯარო დებატებს.

  • “კრიტიკული მედიის არსებობა აუცილებელი პირობაა საზოგადოების თვითგამორკვევისა და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში.”
  • სახალხო დამცველი საგანგაშო ტენდენციად მიიჩნევს ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებს და მიაჩნია, რომ ეს საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედია პლურალიზმსა და უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებზე.

ომბუდსმენი ხელისუფლებას მოუწოდებს:

  • უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების დაუბრკოლებელი წვდომა ინფორმაციაზე.
  • თანასწორობის პრინციპის დაცვით, ჟურნალისტებს მთავრობის სხდომებზე დასწრებისა და მათთვის სასურველი კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცეთ.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ თვალყურს ადევნებს მედიის წარმომადგენელთა პროფესიული საქმიანობის კუთხით არსებულ მდგომარეობას.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ