პარლამენტის თავმჯდომარე მედიას დონორებთან უჩივის
13.09.2023
მოკლედ: მას შემდეგ, რაც ინგლისურენოვანმა გამოცემა OC Media-მ შალვა პაპუაშვილს ოპედის გამოქვეყნებაზე უარი უთხრა, პარლამენტის თავმჯდომარემ დონორებს მისწერა და როგორც მედიაში ამბობენ, მათზე “ზეწოლა სცადა”.

რა მოხდა?

  • როგორც გამოცემა წერს, პარლამენტის თავმჯდომარის ოფისის წარმომადგენელმა, თიკო მგელაძემ OC Media-ს პირველად ივნისის ბოლოს დაუკავშირდა პაპუაშვილის მოსაზრების (ოპედის) გამოქვეყნების თხოვნით.
  • თავმჯდომარის ოფისმა უარი თქვა ტექსტის გაგზავნაზე, სანამ OC Media არ დაადასტურებდა, რომ მას გამოაქვეყნებდნენ. ამ შემთხვევაში, გამოცემამ მოითხოვა სათაურისა და ლიდის ჩვენება.
  • მოსაზრების სათაური ასეთი იყო: “საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლების ქართველი ხალხისგან ფაქტობრივად გამოყოფის ტაქტიკა შეესაბამება რუსულ ჰიბრიდულ სახელმძღვანელოს”.
  • სარედაქციო გუნდმა უარი თქვა ოპედის გამოქვეყნებაზე, თავმჯდომარის ოფისს კი გაუგზავნეს კრიტერიუმები, რის მიხედვით აქვეყნებენ, ან არ აქვეყნებენ მოსაზრებას.
  • მოგვიანებით პაპუაშვილმა ტექსტი X-ის (ყოფილი Twitter) პირად გვერდზე გამოაქვეყნა, ხოლო OC-Media-ს დონორებს მისწერა კრიტიკული წერილები მედიასაშუალების შესახებ.


რატომ არის ეს პრობლემა?

  • დონორებთან მიწერა, აღიქმება, როგორც ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე.
  • არის საშიში პრეცედენტი და აჩენს რისკს, რომ მომავალში ხელისუფლების მხრიდან, შესაძლებელია, სხვადასხვა დონორს დაუკავშირდნენ და ესაუბრონ - მათთან გააკრიტიკონ მედია, რომელიც კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ.
  • თავად OC Media-ს რედაქტორიც, რობინ ფაბროც განმარტავს, რომ “მოსაზრება, ინტერვიუსგან განსხვავებით, რომელიც უფრო დიდი ისტორიის ნაწილია, ავტორს საშუალებას აძლევს, კრიტიკისა და საწინააღმდეგო აზრის გარეშე გაავრცელოს თავისი სათქმელი. ამგვარი პლატფორმის ქონა პრივილეგიაა და არა უფლება”.


რედაქციის გადაწყვეტილება

OC Media-ს დამფუძნებელი და თანადირექტორი მარიამ ნიკურაძე ამბობს:

  • “როდესაც ჩვენ ვაქვეყნებთ სტატიას, თუ ოპედია უნდა იყოს გულწრფელი და მოსაზრებას გამოხატავდეს. არ უნდა იყოს პროპაგანდა, არ უნდა იყოს ტყუილი, არასწორი ინფორმაციის შემცველი”;
  • “სანამ გავიგებდით, რომ დონორებს მისწერდა და ზეწოლა იყო, არ გვინდოდა, ვყოფილიყავით ხელსაწყო მთავრობის ხელში, თავიანთი პროპაგანდის და მესიჯების გასავრცელებლად” - განმარტავს ნიკურაძე.


რატომ მისწერა პარლამენტის თავმჯდომარემ დონორებს?

ამაზე პასუხის მისაღებად შალვა პაპუაშვილის ოფისს დავუკავშირდით - მათ ჩვენ ზარებს და შეტყობინებებს არ უპასუხეს. თუმცა თავმჯდომარის ოფისმა უპასუხა OC Media-ს.

  • როგორც გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში ვკითხულობთ, ოფისმა OC Media-ს განუცხადა, რომ მოსაზრების გამოქვეყნებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება “სიტყვის თავისუფლებას და OC Media-ს მიერ გაცხადებული პლურალიზმის პრინციპებს”.
  • "რადგან გამოხატვის თავისუფლებისა და პლურალიზმის იდეები საქართველოს მთავრობასა და დონორ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს, პარლამენტის თავმჯდომარემ საჭიროდ ჩათვალა დონორი ორგანიზაციების ინფორმირება ამ ღირებულებების საწინააღმდეგო ქმედებების შესახებ”.
  • "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ექსკლუზიურად შესთავაზა თქვენს მედიაპლატფორმას, გამოექვეყნებინა სტატია, რომელიც ასახავდა მის აზრს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე".


ზეწოლა მედიაზე

მარიამ ნიკურაძის თქმით, ეს არის ზეწოლის ახალი ფორმა, მცდელობა, რომ დაფინანსება დააკარგვინონ. OC Media-ს თანადამფუძნებელი განმარტავს, რომ აქამდე პირდაპირი ზეწოლა არ უგრძნიათ - “ეს არის პირველი შემთხვევა როცა OC Media აღმოჩნდა მთავრობის ზეწოლის თარგეთი [პირდაპირი სამიზნე]”. მისთვის ეს არის სიგნალი, რომ შესაძლებელია, მომავალში გამოცემაზე და ჟურნალისტებზე განხორციელდეს პირდაპირი ზეწოლა და თავდასხმები.

“ჩანს, რომ ეს დასაწყისია უბრალოდ, იქნება [დონორებთან] მიმოწერები, შეხვედრები, საუბარი და კრიტიკა ჩვენი თუ სხვა მედიების. საბედნიეროდ, დონორებმა იციან რა სიტუაციაა ქვეყანაში და იმედია ეს არ იმოქმედებს. მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ” - აღნიშნავს ნიკურაძე.

OC Media-მ შალვა პაპუაშვილს ინტერვიუ შესთავაზა, თუმცა, როგორც ნიკურაძემ გვითხრა, ამ შეთავაზებაზე ჯერ უარი მიიღეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავისუფალი და მიუკერძოებელი მედიის დევნა. ქარტია მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება პრობლემა შეუქმნას თავისუფალ მედიას.

  • “მედიას სრული უფლება აქვს უარი თქვას კონკრეტული მასალის გამოქვეყნებაზე, თუ ის წინააღმდეგობაში მოდის მის სტანდარტებთან და სარედაქციო პოლიტიკასთან და მით უმეტეს არ არის ვალდებული მასალის წინასწარ გაცნობის გარეშე გასცეს თანხმობა მის გამოქვეყნებაზე”.

ნახეთ სხვა თემები:


ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ