პაპუაშვილი ონლაინ მედიაზე: „არ უნდა ისარგებლო ბოროტად ჟურნალისტური აკრედიტაციით“
16.04.2024
 
ონლაინ მედიის ჟურნალისტებს მეორე დღეა პარლამენტში მუშაობა ეზღუდებათ. საკანონმდებლო ორგანოში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, რაც ვიზიტორების შეზღუდვას გულისხმობს. 

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მისი ბრძანების ამოქმედების საფუძველი ონლაინ მედიის მიზანია, გააპროტესტოს რუსული კანონი. 

შალვა პაპუაშვილის თქმით, ონლაინ მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლა არა ჟურნალისტური საქმიანობისთვის, არამედ პროტესტის დასაფიქსირებლად სურთ, რაც ჟურნალისტური საქმიანობა არ არის, ამიტომ მედიამ ჟურნალისტური აკრედიტაციით ბოროტად არ უნდა ისარგებლოს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო არ არის სივრცე აქციების ჩასატარებლად და მისი მათ შორის პასუხისმგებლობაა კონსტიტუციითაც, რომ სამუშაო გარემო უზრუნველყოს. 

„ყველა ამ ჟურნალისტმა გუშინ შემდეგ წრეები ურტყა პარლამენტს სხვადასხვა პლაკატებით, შეძახილებით და ხმოვანი ინსტრუმენტებით, რითაც დაადასტურეს, დაადასტურეს მერამდენეჯერ უკვე, რომ მართალი, სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტო რო მათ არა აქვთ ჟურნალისტური ინტერესი აქ საქმიანობის, მათ აქვთ ინტერესი ჩაშლის“.

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, პარლამენტის შიგნით პროტესტის გამოხატვა ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაა და აკრედიტაცია ამისთვის არ არის: 
„აკრედიტაცია გაქვთ თქვენც და ყველას იმისთვის, რომ განახორციელოთ ჟურნალისტური საქმიანობა და ამისი ბოროტად სარგებლობაა და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაა, როდესაც აკრედიტაციით სარგებლობ...“

ონალაინ მედიის ჟურნალისტები რუსული კანონის საკომიტეტზო მოსმენაზე გუშინაც არ დაუშვეს.  
 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები