ნათია კაპანაძემ იმპიჩმენტიდან 5 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა
22.04.2024

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს ყოფილმა დირექტორმა, ნათია კაპანაძემ მისი იმპიჩმენტიდან 5 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. კაპანაძე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, გამოხატვის თავისუფლებისა  და დისკრიმინაციის აკრძალვის უფლებების დარღვევის დადგენას ითხოვს: 

 

 „მე ვითხოვ ჩემი აუნაზღაურებელი ზიანის სიმბოლურ ფასად ანაზღაურებას  - დღეს ეს  საფასურია 41 ევრო!"

 

 აჭარის ტელევიზიის და რადიოს ყოფილი დირექტორის თქმით, ის აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მედიის ხელშეუხებლობისთვის.

 

 „ხუთი წლის შემდეგ მე, საქართველოს ერთი მოქალაქე უამრავი დამცირების, დევნის, დისკრიმინაციის, შეურაცხყოფის, დაშინების და დანაკარგის მიუხედავად, ასე ვაგრძელებ ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის. ბრძოლას ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის და მედიის ხელშეუხებლობისთვის. ზუსტად ხუთი წლის წინ, მმართველი პარტიის დაკვეთით, როგორც სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორი ბიძინა ივანიშვილის გუნდის სამიზნე აღმოვჩნდი. გუნდის, რომელსაც ასე სძულს სიტყვის თავისუფლება და რუსული მეთოდებით დაგეგმეს იმპიჩმენტი. დრომ  და განვითარებულმა პროცესებმა კიდევ უფრო ცხადად აჩვენა დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მიმართ გაცხადებული პოლიტიკური ინტერესები და დევნის ქრონოლოგია, თუმცა ამბავი დოკუმენტებში უკეთესადაა ასახული", - წერს ნათია კაპანაძე

 

 ნათია კაპანაძის განცხადებით, მან ამ ფორმით მიუკერძოებელ მედიაში მომუშავე ყველა ადამიანს სოლიდარობა გამოუცხადა.

 

 კაპანაძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭომ 2019 წლის 19 აპრილს იმპიჩმენტი გამოუცხადა. მან საბჭოს გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. კაპანაძემ მიმართა ქუთაისის სააპელაციო და საქართველოს უზენაეს სასამართლოებსაც. უზენაესმა სასამართლომ მისი სარჩელი არ განიხილა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

 

კაპანაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მისთვის უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებით განაცდურის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შეჩერებას ითხოვდა.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები