საქართველო
კატეგორია - საქართველო
სამ მაისს, მედიის ადვოკატირების კოალიციის ინიციატივით, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მედიის წარმომადგენელთა აქცია გაიმართა.

რა ხდება?

  • პრესის თავისუფლების დღეს, დემონსტრანტებმა სალომე ზურაბიშვილს "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდეს.

დღესვე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს:

  • "მოვუწოდებთ პრეზიდენტს, ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, და საქმეზე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის შეფასებების შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე", — წერია განცხადებაში, რომელსაც 42 ორგანიზაცია აწერს ხელს.

პრესის თავისუფლების დღის კონტექსტში, ნიკა გვარამიას პატიმრობის საკითხი ერთ-ერთ პრიორიტეტულ თემად დაასახელა ჰელსინკის კომისიამ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციაა.

  • კომისიამ, 28 აპრილს გამოქვეყნებულ ტვიტში, გვარამია მოიხსენია უსამართლოდ დაპატიმრებულ ქართველ ოპოზიციონერ ჟურნალისტად.
  • 24 აპრილს, ჰელსინკის კომისიამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, "როგორც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიის დაცვის ხმამაღალ მხარდამჭერს", ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა.

დეტალები გვარამიას საქმეზე

  • ნიკა გვარამია, 2022 წლის მაისში, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გაფლანგვის ბრალდებით დააპატიმრეს
  • თუმცა, გავლენიანი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუციები, მის პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
  • მედიის უფლებების დამცველი სხვადასხვა ორგანიზაციის შეფასებით, ჟურნალისტების მიმართ ბოლო წლებში გახშირებულ თავდასხმებთან, მედიაგარემოს დაზიანებისკენ მიმართულ საკანონმდებლო ინიციატივებთან თუ ჟურნალისტებზე უკანონო თვალთვალთან ერთად, გვარამიას, როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების დამფუძნებლისა და დირექტორის პატიმრობა "ნათლად ასახავს "ქართული ოცნების" ხელისუფლების განწყობას მათგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ."

ასევე, წაიკითხეთ:


  • ნიკა გვარამიას შეწყალების მოწოდებით, პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის აქამდეც არაერთხელ მიუმართავთ, რასაც ის მისთვის კანონით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებაზე "გაუთავებელ ზეწოლად" აფასებს.

2023 წლის მარტში, ზურაბიშვილმა "ტვ პირველთან ინტერვიუში" შეკითხვას გვარამიას შეწყალებაზე, ასე უპასუხა:

  • "ერთადერთი შემაფერხებელი არის ის გაუთავებელი რეკომენდაციები, თუ ზეწოლები, თუნდაც, ევროპარლამენტარების რეზოლუციები. [...] ამის უფლება არავის აქვს არცერთი ქვეყნის მიმართ. ჩვენ ვართ არანაკლებ თანასწორი ქვეყანა, როგორც სხვები. პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება“.

პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასა და პატიმრობაზე წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაშიც:

"შეერთებული შტატების საელჩო პატივს სცემს საქართველოში პრესის წევრებს, რომლებიც მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისა და ინსტიტუციების ანგარიშვალდებულებისთვის, მიუხედავად მათზე ძალადობის, ძალადობის მუქარის, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, პატიმრობისა თუ სხვა ზეწოლისა. მედიისთვის ზიანის მიყენების ან გაჩუმების ნებისმიერი მცდელობა არის თავდასხმა თავად დემოკრატიაზე."

მედიის თავისუფლების ხარისხის გაუარესებას, როგორც ფაქტს, არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლება.

3 მაისს, ირაკლი ღარიბაშვილის სახელით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიასივრცე გვაქვს".

იმავე პათოსით იყო დაწერილი 21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მისალოცი ტექსტიც.
კატეგორია - საქართველო
28 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა, ე.წ. "ფოტოგრაფების საქმეზე" დაკავებული ოთხი ფოტოჟურნალისტისთვის.

რა ხდება?

2011 წელს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ოთხი ფოტოგრაფი, რომლებიც 26 მაისის აქციის დარბევას აშუქებდა:

  • ევროპის პრესის ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე,
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე,
  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე
  • რედაქცია პრაიმ ტაიმის ფოტორედაქტორი ნათელა გედენიძე.

“Ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოში სამართალწარმოების ისტორიაში. აქამდემსაგსი შემთხვევა, მორალური ზიანი არ ანაზღაურებულა, მით უმეტეს ასეთი მუხლით, რომელიც ჩვენს მიმართ იყო წარდგენილი”, - ამბობს ფოტოგრაფი ნათელა გედენიძე, რომელიც 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

როგორ მიმდინარეობდა ფოტოგრაფების საქმე

  • ფოტოგრაფები 2011 წელს, 26 მაისის აქციის დარბევას აშუქებდნენ.
  • ისინი 2011 წლის 7 ივლისს დაკავეს, 22 ივლისს კი სააპელაციო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.
  • ხელისუფლება შეცვლის შემდეგ, პროკურატურამ ამ საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყო.
  • 2017 წლის 20 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ფოტოგრაფების საქმეზე ორ ყოფილ მაღალჩინოსანს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და პატიმრობა შეუფარდა
  • 2018 წლის 22 ნოემბერს კი სასამართლომ ფოტოგრაფები სრულად გაამართლა.
კატეგორია - საქართველო
რა ხდება?
2023 წლის 7-9 მარტის აქციების დაშლის საქმეზე, რა დროსაც ჟურნალისტები და ოპერატორები დაზარალდნენ, "მედიაომბუდსმენის" მოთხოვნის საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ კვალიფიკაცია დააზუსტა.

ეს რას ნიშნავს?
  • ამ დრომდე, შსს-ს თანამშრომლების მიმართ, გამოძიება მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით მიმდინარეობდა.
  • დღეიდან ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლითაც გაგრძელდება.
დეტალები:
  • 2023 წლის 2, 7,8 და 9 მარტის აქციებისას, რუსთაველის გამზირზე დაზარალებული ჟურნალისტების და ოპერატორების უფლებებს "მედიაომბუდსმენი" იცავს.
  • 2023 წლის 7 აპრილს, ორგანიზაციამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართა და საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლა მოითხოვა.
  • ამას წინ უძღოდა მედიის 21 წარმომადგენლის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვა, რის შემდეგაც რვა მათგანს სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი მიენიჭა.
გუშინ, 2023 წლის 27 აპრილს "მედიაომბუდსმენმა" გენერალური პროკურატურისგან მიიღო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ადვოკატის, ნათია კაპანაძის განცხადების საფუძველზე, საქმეზე კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიება გრძელდება შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, შესაბამისი მუხლებით.

  • "მედიაომბუდსმენის" ხელმძღვანელმა, ნათია კაპანაძემ, გვითხრა, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ხელახლა მიმართა მისი დაცვის ქვეშ მყოფი კიდევ სამი ჟურნალისტის, თამარ გეგიძის (On.ge), ვახო ქარელი (ფორმულა) და მიხეილ გვაძაბიასთვის (ნეტგაზეთი) ხელის შეშლის ფაქტზე, როდესაც ისინი 2023 წლის 2 მარტს ძალის გამოყენებით გააძევეს პარლამენტის შენობიდან და საქმეზე, მათ მიმართაც ითხოვს კვალიფიკაციის დაზუსტებას. დეტალები: პარლამენტიდან ჟურნალისტები ძალის გამოყენებით გააძევეს [02.03.2023]

რა უნდა გვახსოვდეს?
  • 2023 წლის 2 მარტს, "ოცნების" მხარდაჭერილი რუსული შინაარსის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის ნაწილის პროტესტი მოჰყვა, პარლამენტის შენობასთან. პროტესტმა, 7-9 მარტს მასშტაბური სახე მიიღო, რომელიც ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა.
პრობლემაა, რომ:
მედიის წარმომადგენლებს, პროფესიული მოვალეობის შესრულებასა და კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის პროცესში, მიზანმიმართულად ეშლებოდათ ხელი.

შედეგად, დაფიქსირდა:
  • ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის 15 შემთხვევა;
  • დაირღვა მედიის 21 წარმომადგენლის უფლება;
  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი მიენიჭა 8 მათგანს: ალექსანდრე ქეშელაშვილს, მამუკა მგალობლიშვილს, რატი მუჯირს, გურამ მაისურაძეს, მაია თეთრაშვილს, ნიკოლოზ კოკაიას, გიორგი კვიჟინაძეს, ნიკა საჯაიას.

მთლიანობაში, 2023 წლის 2-9 მარტის აქციებისას, რუსთაველის გამზირზე დაზარალებული მედიის 21 წარმომადგენელია:
  1. თამარ გეგიძე - On.ge, რედაქტორი
  2. ვახტანგ ქარელი - "ფორმულა", ფოტორეპორტიორი
  3. მიხეილ გვაძაბია - "ნეტგაზეთი", ჟურნალისტი
  4. ალექსანდრე ქეშელაშვილი - "პუბლიკა', ჟურნალისტი
  5. მამუკა მგალობლიშვილი - "პუბლიკა", ჟურნალისტი
  6. რატი მუჯირი - “ფორმულა”, ჟურნალისტი
  7. გურამ მაისურაძე - "მთავარი არხი", ჟურნალისტი
  8. მაია თეთრაშვილი - "ფორმულა", ჟურნალისტი
  9. ნიკოლოზ კოკაია - "ფორმულა", ოპერატორი
  10. გიორგი კვიჟინაძე - "ფორმულა", ჟურნალისტი
  11. ნიკა საჯაია - "ფორმულა", ჟურნალისტი
  12. ნიკოლოზ კოკაია - "ტელეკომპანია პირველი", ოპერატორი
  13. მარი წაქაძე - "ფორმულა", ჟურნალისტი
  14. ირაკლი ბახტაძე - "მთავარი არხი", ჟურნალისტი
  15. დავით მანია - "ფორმულა", ოპერატორი
  16. სალომე ჩადუნელი - "ფორმულა", ჟურნალისტი
  17. ჯამლეთ ბაკურიძე - "ფორმულა", ოპერატორი
  18. ლუკა ლავრელაშვილი - "მთავარი არხი", ოპერატორი
  19. დეა მამისეიშვილი - "მთავარი არხი", ჟურნალისტი
  20. ზურაბ ჩხვირკია - "მთავარი არხი", ოპერატორი
  21. გიორგი ჯაფარიძე - "ფორმულა", ოპერატორი
კატეგორია - საქართველო
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, მედიაგარემო მეტწილად, არ არის თავისუფალი. პოპულარულია კრემლისტური მედია, ქართულენოვანი პრესა არ ვრცელდება, ქართული ტელევიზიების ნახვა კი, მხოლოდ სატელიტით არის შესაძლებელი.

პრობლემაა, რომ:

აფხაზეთი, ინფორმაციული თვალსაზრისითაც, რუსული საინფორმაციო სივრცის ნაწილად იქცა: ახალი ამბების ძირითადი წყაროა რუსული არხები და აფხაზეთის არაღიარებული მთავრობის მიერ კონტროლირებადი აფხაზურ და რუსულენოვანი მედია.
  • ოკუპირებულ რეგიონში, ქართულ ტელევიზიაზე წვდომა მიზერულია. ხელმისაწვდომია მხოლოდ სატელიტური ანტენის საშუალებით.
  • პრესა ვრცელდება აფხაზურ და რუსულ ენებზე, და უმეტესად, დაცლილია კრიტიკისაგან;
  • რადიომსმენელს არჩევანის გაკეთება შეუძლია აფხაზურენოვან, რუსულენოვან და თურქულენოვან რადიოსადგურებს შორის.
  • ინტერნეტზე წვდომა, ზოგადად, მზარდია, თუმცა, გასულ წელთან შედარებით, იკლო: 2023 წლის იანვრის მონაცემებით, ინტერნეტის გავრცელების მაჩვენებელი მთლიანი მოსახლეობის 50,4 %-ს მოიცავს. ეს მონაცემი უფრო მაღალი იყო 2022 წლისთვის და მოსახლეობის 52%-ს ფარავდა.
სტრიქონებს შორის:
ძირითადი ქართულენოვანი სატელევიზიო საინფორმაციო სივრცე, მეტწილად, დაცლილია აფხაზური სიახლეებისგან — ტელემედია, ახალ ამბებსა და ანალიტიკურ პროგრამებში აუდიტორიას თითქმის არ სთავაზობს ინფორმაციას აფხაზების ინტერესებზე, საჭიროებებსა და მიზნებზე.
  • გამონაკლისია რამდენიმე ქართული ინტერნეტგამოცემა.
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი, აფხაზურ ენაზე ავრცელებს სიახლეებს ქართული და მსოფლიო პოლიტიკის შესახებ, თუმცა, სხვა მაუწყებლების მსგავსად, აუდიტორიას ნაკლებად ესაუბრება ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებთა ყოფით გამოწვევებსა და საჭიროებებზე, და როგორც მედიატორი, ნაკლებადაა ორიენტირებული ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში მშვიდობის დამყარების მიზნებზე.

მედია დამოუკიდებელია?
მეტწილად, არა.

მედიაზე არაღიარებულ მთავრობას დიდი გავლენა აქვს — "სახელმწიფო მედია" მოიცავს პრესას, ტელევიზიას, რადიოს, ინტერნეტრესურსებს, სადაც ე.წ. პრეზიდენტისა და მმართველი პოლიტიკური ელიტის საქმიანობის პოზიტიური გაშუქება დომინირებს. მიიჩნევა, რომ ჟურნალისტები თვითცენზურას ექვემდებარებიან.
  • "ფრიდომ ჰაუსის" მიხედვით, აფხაზეთის მედია ლანდშაფტზე, თავისუფლებასა და პლურალიზმზე, გავლენას ახდენს როგორც ე.წ. ხელისუფლების გავლენა, ასევე, რუსული მედიის გაზრდილი როლი.
თუმცა, არსებობს, "ოპოზიციური მედია", რომელიც არაღიარებულ მთავრობას აკრიტიკებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად, სოხუმის ურთიერთობები მოსკოვთან და შიდა პოლიტიკური საკითხები.
  • ზოგჯერ, "ოპოზიციური მედია" გავლენას ახდენდა პოლიტიკურ პროცესზე, მათ შორის, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისას 2009-ში. აქ, მეტწილად, პრო-ოპოზიციური როლი ჰქონდა გაზეთებს: Novy Den-სა და Chegemskaya Pravda-ს.
ასევე, ტელეკომპანიას "აბაზა ტვ" — ერთადერთ კერძო ტელესადგურს, რომელიც ვრცელდება სოხუმსა და მის შემოგარენში. არხს ფლობს ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ბესლან ბურთბა. ის, როგორც კანდიდატი გამარჯვებისთვის იბრძოდა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, 2009 წელს. 2014-ში ე.წ. პრემიერ-მინისტრი გახდა, მაგრამ ერთ წელიწადში გადადგა.

დაფუძნებისას, 2007-ში, "აბაზა ტვ" დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შესახებ აცხადებდა, რომ არ იქნებოდა არც ე.წ. ხელისუფლების და არც, ე.წ. ოპოზიციის მხარდამჭერი. მაუწყებლობს დღეში ორჯერ, რუსულ ენაზე.

ცენზურა

2022 წლის ნოემბერში, "აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირმა" განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოხატა ე.წ. ხელისუფლების ჩარევის გახშირებულ ფაქტებზე მედიის საქმიანობაში, რაც, მათი შეფასებით, "მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა."
რა თქვეს?
  • "სიტყვის თავისუფლება ეროვნული საგანძურია და გამყარებულია კონსტიტუციით. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოქალაქეების, ჟურნალისტების, რედაქციების უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვა."
ამასთან,
ადგილობრივი ჟურნალისტები აკრიტიკებენ "აფხაზეთის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიას”, გაზეთსა და საინფორმაციო სააგენტოს იმის გამო, რომ თავს არიდებენ გაავრცელონ ისეთი ამბები, რომელიც "ხელისუფლებისთვის არასახარბიელოა."

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში სამართლებრივი შეზღუდვა ვრცელდება როგორც ტრადიციულ, ისე ონლაინ მედიაზე, მათ შორის, სისხლის სამართლის ცილისწამების წესდებაზე.

სოციალური მედია

რუსეთის მსგავსად, პოპულარული სოციალური ქსელები აფხაზეთშიც დაბლოკილია?
  • არა.
მართალია, ოკუპირებულ აფხაზეთზე რუსეთი დიდ გავლენას ფლობს, მაგრამ სოხუმში ამბობენ, რომ არ არიან რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებლის — "როსკომნადზორის" იურისდიქციის ქვეშ.
შესაბამისად,
არ გავრცელებულა "როსკომნადზორის" გადაწყვეტილება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაბლოკილიყო ისეთი პოპულარული სოციალური ქსელები, როგორიცაა: ტვიტერი, ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტიკტოკი.

დეტალები:
ახალი მედია — ინტერნეტგამოცემები და სოციალური ქსელები სულ უფრო პოპულარული ხდება, როგორც სიახლეების გავრცელების, აგრეთვე, დისკუსიებისთვის.
  • Datareporta-ს კვლევის თანახმად, აფხაზეთში, სოციალურ მედიას 123.5 ათასი მომხმარებელი ჰყავს.
  • Facebook: 2023 წლის იანვრისთვის ამ სოციალურ ქსელს ოკუპირებულ რეგიონში 60.7 ათასი მომხმარებელი იყენებს. Meta-ს მიხედვით, აქედან 58.9% ქალი, 41.1% კაცია;
  • Facebook Messenger: 31,7 ათასი მომხმარებელი ჰყავს.
  • Instagram: იგივე მონაცემებით, ინსტაგრამი უფრო პოპულარულია, ვიდრე — ფეისბუქი: 90.5 ათასი მომხმარებელი 2023 წლის იანვრისთვის, და აქედან 64.7% პროცენტი ქალი, 35.3% კაცია.
ანტიქართული განწყობების ორგანიზებული კამპანია სოციალურ ქსელებში:
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, ფეისბუქზე, ინსტაგრამსა და ტიკტოკზე, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებული ორგანიზებული კამპანია დაიწყო. ამ პროცესს რონდელის ფონდის მკვლევარი, ბადრი ბელქანია აკვირდებოდა და კვლევაში დაწერა, რომ:
  • 2022 წლის მარტში, ზემოთ ჩამოთვლილ პლატფორმებზე, აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები, ანტიქართული განწყობებით აქვეყნებდნენ 1993 წლის ომთან დაკავშირებულ ისტორიებს ჰეშთეგებით: #abkhaziaisnotgeorgia, #abkhaziaisabkhazia, #weareabkhazia
  • ისტორიები იწყებოდა საერთო შაბლონით: "ჩემი სახელია [...], დავიბადე აფხაზეთში".
  • თხრობა, გრძელდებოდა შინაარსით — "დამოუკიდებელი აფხაზეთისა და ქართველების მხრიდან აფხაზების მიმართ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების" შესახებ.
"აფხაზების ონლაინკამპანიის პარალელურად, გააქტიურდნენ სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლებიც, რომლებიც აფხაზების მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპირწონედ, აფხაზეთში „ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე“, „რუსეთის მიერ აფხაზეთის ომში ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაზე“, „ქართველების აფხაზეთიდან ეთნოწმენდაზე“ და სხვა მოვლენებზე ლაპარაკობენ", — წერს კვლევის ავტორი.

სამშვიდობო გზავნილებს ეხება სოციალურ მედიაში, აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ვიდეოსერიები: "მიამბე აფხაზეთზე" და "საერთო ისტორია", სადაც, ქართულ და აფხაზურენოვანი აუდიტორიისთვის საუბრობენ იმაზე, რაც ამ კულტურებსა და ხალხებს აერთიანებს.

მედიის როლი სამშვიდობო პოლიტიკაში
მედიასაშუალებებს, საკუთარი გავლენით შეუძლიათ დაამძიმონ, ან პირიქით — აწარმოონ სამშვიდობო პოლიტიკა.

მნიშვნელოვანია:
  • მედიამ ხელი არ შეუწყოს სტერეოტიპების გამყარებას;
  • არ გამოიყენოს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ტერმინები, რამაც შესაძლოა, გააქროს სამშვიდობო განწყობები;
  • იფიქრონ კონფლიქტისა და პოსტკონფლიქტური ისტორიების მგრძნობელობაზე; კონტექსტის მნიშვნელობაზე;
ამ დროისათვის არ არსებობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მედია გაშუქების გაიდლაინი, თუმცა,
ზოგადი სტანდარტით, მედიის სამშვიდობო მიზნებისთვის, რეკომენდაციებია:
  • არ იყოს მომართული რომელიმე მხარის "გამარჯვებაზე";
  • მხარეების დაყოფაზე — "ჩვენ და ისინი."
  • სამშვიდობო ჟურნალისტიკა აქცენტს აკეთებდეს ხალხზე, ვინც სამშვიდობო პროცესებშია ჩართული.
  • კონფლიქტის გაშუქებისას, მხარეებს ჰუმანურად წარმოაჩენდეს.
კატეგორია - საქართველო
რა ხდება?
19 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა ინტერნეტ-გამოცემა "ტაბულას" ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი.
  • ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა მიიღო, რომელმაც გუშინ, 18 აპრილს, ანალოგიურ საქმეზე ასევე 2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა გამოცემა "პუბლიკას" დირექტორს, ზურა ვარდიაშვილს.

რატომ არის მნიშვნელოვანი?
მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ აქციებზე ჟურნალისტების დაკავება და სასამართლოს მიერ მათთვის ჯარიმის დაკისრება ქმნის სახიფათო პრეცედენტს ჟურნალისტური საქმიანობისთვის, და ზოგადად, მედიაგარემოსთვის საქართველოში.
  • რომ, შესაძლოა, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებებმა, სამომავლოდაც გამოიწვიოს ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და შეზღუდვა.

პრობლემაა, რომ:
  • შსს-მ, 2 მარტის ღამეს, ორივე მათგანის დაკავების მიზეზად ოქმში დაწერა, რომ "იყენებდნენ უწმაწურ სიტყვებს და იგინებოდნენ უმისამართოდ" და "არ ემორჩილებოდნენ პოლიციას",
  • მაგრამ უწყებამ, სასამართლოში ვერ წარადგინა პოლიციელის სამხრე კამერით გადაღებული შესაბამისი ვიდეომტკიცებულება.
  • "სამხრე კამერა დამივარდა, ძლივს ვიპოვე და ჩავიდე ჯიბეში — უთხრა პოლიციელმა მოსამართლეს — აღარ მიფიქრია გადაღებაზე, რადგან ვფიქრობდი, კამერა გადარჩენილიყო".
  • შსს-მ, მათი დაკავებისას, ოქმში არ მიუთითა, რომ დაკავებულები ჟურნალისტები იყვნენ. სასამართლოში საქმის განხილვისას კი, პოლიციელმა მოსამართლეს უთხრა, რომ დაკავებულთა პროფესიის დადგენა შეუძლებელი იყო, რადგან "მათ მიკროფონი და კამერა არ ეჭირათ".
ამის საპირისპიროზე მოწმობს ვარდიაშვილის დაკავების მომენტში, გამოცემა "ბათუმელების" მიერ გადაღებული ვიდეომასალა, რომელშიც ისმის თბილისის საპატრულო დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის მითითება: "რა ჟურნალისტია… დავაი, წაათრიეთ აქედან". ამ ვიდეომტკიცებულების მიუხედავად, მოსამართლე შჩერბაკოვმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, სასამართლოს, მოწმის სახით დაეკითა ვაჟა სირაძე.

სტრიქონებს შორის:
  • თავდაპირველად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ჟურნალისტის საქმის განხილვა 2023 წლის 31 მარტის დღის 12 საათისთვის ჩანიშნა, მაგრამ საქმე არ განიხილა და ჟურნალისტებსა და მათ ადვოკატებს დილის 5 საათამდე მოუხდათ სასამართლოში ყოფნა.
  • შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მოსამართლემ საქმის განხილვა 3 კვირით გადადო.

რას აპირებენ ჟურნალისტები?
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
  • "მაგრამ, პოლიტიზებული სასამართლოსგან გვაქვს მოლოდინი, რომ სააპელაციო ძალაში დატოვებს საქალაქოს გადაწყვეტილებას", — თქვა ვარდიაშვილის ადვოკატმა, ილონა დიასამიძემ, გუშინ, 18 აპრილს, რომდესაც მოსამართლე შჩერბაკოვმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჟურნალისტის მიმართაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო.
ბექა ჯიქურაშვილს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იცავს;
ზურა ვარდიაშვილს — "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია."

რა ხდებოდა 2023 წლის 2 მარტს?
  • "ოცნების" მხარდაჭერილი რუსული შინაარსის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის ნაწილის პროტესტი მოჰყვა, პარლამენტის შენობასთან.
  • დღის ბოლოს, პარლამენტის შიდა ტერიტორიიდან, ძალის გამოყენებით გააძევეს ტელეკომპანია "ფორმულას" ფოტორეპორტიორი და ინტერნეტგამოცემების — "ნეტგაზეთისა" და On.ge-ს ჟურნალისტები.
  • ღამით კი, სამართალდამცავებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს ვარდიაშვილი და ჯიქურაშვილი. ისინი გაათავისუფლეს შუა ღამეს, ხელმოწერის საფუძველზე.
კატეგორია - საქართველო
რა ხდება?
"პუბლიკას" დირექტორს, ჟურნალისტ ზურა ვარდიაშვილს, სასამართლომ 2200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
გადაწყვეტილება დღეს, 2023 წლის 18 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო შჩერბაკოვმა გამოაცხადა.

ვარდიაშვილი ამბობს, რომ:
  • მოსამართლის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.
  • "ველოდი ყველაფერს, ჯარიმასაც, პატიმრობის შეფარდებასაც. ფაქტია, 2 მარტს დამაკავეს სრულიად უმიზეზოდ, უბრალოდ, აქციაზე დგომისთვის და ამას ახლა ჩემი დაჯარიმება მოჰყვა. ამით, ალბათ, უნდათ, სხვებსაც აგრძნობინონ, თუ გამოხვალთ [აქციებზე], თქვენც დაგაჯარიმებთო. ვნახოთ, რას მოუტანთ ეს პოლიტიკა."
რას აპირებს ჟურნალისტი?
ზურა ვარდიაშვილის ინტერესებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) იცავს.
სხდომის შემდეგ, საია-ს ადვოკატმა ილონა დიასამიძემ გვითხრა, რომ ჯარიმის შეფარდებასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, მაგრამ:
  • "გვაქვს მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც ასეთი საქმეებისას ხდება-ხოლმე."
რა ვიცით ამ საქმეზე:
  • საქმე ეხება 2023 წლის 2 მარტს, ჟურნალისტის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავების ფაქტს, როდესაც მედია და სამოქალაქო სექტორი აპროტესტებდა პარლამენტში რუსული შინაარსის კანონპროექტის საპროცედურო განხილვებს. პოლიციის ვერსიით, ვარდიაშვილი დააკავეს "წვრილმანი ხულიგნობისა" და "პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის".
  • ვარდიაშვილთან ერთად, პოლიციამ 2 მარტს დააკავა ინტერნეტ-გამოცემა "ტაბულას" ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი.
  • დაკავების შემდეგ, ორივე ჟურნალისტი შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიყვანეს, რამდენიმე საათის შემდეგ კი, ხელმოწერის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ბექა ჯიქურაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სასამართლო გამოაცხადებს ხვალ, 19 მარტს.
კატეგორია - საქართველო
რა ხდება?
  • დავით კეზერაშვილი ამბობს, რომ "ფორმულას" საკონტროლო პაკეტს დათმობს. თავისი 51%-იანი წილის ნახევარს "ახლავე გადასცემს ტელეკომპანიის კოლექტივს."
კონტექსტი
  • ტელეკომპანია BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება მიუთითებს ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელის კავშირებზე, გლობალურ თაღლითურ სქემაში ჩართულ Milton group-ის კომპანიებთან.
  • კეზერაშვილი ამ კავშირებს უარჰყოფს, თუმცა კომპანიის საკონტროლო პაკეტის დათმობის შესახებ ამ გამოძიების გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში გამოაცხადა.
რა თქვა კეზერაშვილმა?
  • "მას შემდეგ კი, რაც დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, "ფორმულას" კოლექტივსვე სრულად გადავცემ ჩემს დარჩენილი წილსაც."
  • "ვწუხვარ, რომ თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ასეთ უსამართლო ბრძოლაში მოგიწიათ ყოფნა."
ვისზე გადანაწილდება არხის საკონტროლო პაკეტი?

არხის გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა, მათ შორის იქნებიან არხის ძირითადი სახეები და "ფორმულას" სხვა თანამშრომლები.
  • "ეს არის ბერკეტი, რომ დასრულდეს სპეკულაციები, თითქოს, კეზერაშვილი რაიმე გავლენას ახდენს არხის საინფორმაციო პოლიტიკაზე".

კერაშვილის განცხადების მიხედვით, არც აქამდე ახდენდა გავლენას საინფორმაციო პოლიკაზე, თუმცა, ამ გადაწყვეტილებით არხს მისცემს "სრულიად ახალ და გამოცდილებით უნიკალური მედია-მოდელის" შექმნის შესაძლებლობას, რაც, კიდევ უფრო მაღლა აწევს სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასას".

ისევ დააფინანსებს კეზერაშვილი ფორმულას?

კეზერაშვილი გააგრძელებს არხის დაფინანსებას, — ამბობს ზუკა გუმრაძე - გავრცელებულ განცხადებაში იმავეზე მიანიშნებს კეზერაშვილიც.
კატეგორია - საქართველო
რა ხდება?
  • ტელეკომპანია "ფორმულამ", ფეისბუქ-გვერდიდან წაშალა ამბავი BBC Eye-ის საგამოძიებო მასალის შესახებ, რომელიც არხის დამფუძნებელსა და 51%-იანი წილით, საკონტროლო პაკეტის მფლობელს — დავით კეზერაშვილს შეეხება.
  • მანამდე ციფრულმა პლატფორმამ გამოაქვეყნა შესაბამისი სიახლე არხის 12-საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან.
  • საქმე ეხება BBC-ის გამოძიებას, სახელწოდებით, "ნადირობა ბიზნესმენებზე, რომლებიც მრავალმილიარდიანი თაღლითური სქემის უკან დგანან", და მასში, გამომძიებელი ჟურნალისტები მიუთითებენ კეზერაშვილის კავშირებზე გლობალურ თაღლითურ სქემაში ჩართულ Milton group-ის კომპანიებთან.
საგულისხმოა, რომ
  • არხის საინფორმაციო სამსახურმა, 12-საათიან გამოშვებაში BBC Eye-ის გამოძიება გააშუქა აქცენტით, "ბრიტანულმა გამოცემამ ვერ აღმოაჩინა ე.წ. ქოლცენტრების საქმეში დავით კეზერაშვილის მონაწილეობის პირდაპირი მტკიცებულებები",
თუმცა,
  • ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო მასალაში, ჟურნალისტები წერენ კეზერაშვილის სოციალურ კავშირებზეც გლობალურ თაღლითობასთან დაკავშირებულ Milton group-ის ათობით თანამშრომელთან.
"საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიახლე ციფრული პლატფორმიდან წაიშალა, რადგან მივიჩნიეთ, რომ არასრულად ასახავდა BBC-ის საგამოძიებო სტატიის აქცენტებსა და სულისკვეთებას, ასევე, არ სთავაზობდა აუდიტორიას არხის დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის კომენტარს", — გვითხრა მარიამ ბაჯელიძემ, "ფორმულას" ციფრული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ციფრული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თქვა, რომ არასრული სიუჟეტის გავრცელებას ამჯობინეს, მოამზადონ მასალა ყველა დეტალით, მათ შორის, დავით კეზერაშვილის კომენტარითა და ინფორმაციით იმ ჟურნალისტების შესახებაც, ვინც BBC Eye-ის ამ საგამოძიებო სიუჟეტისთვის იმუშავა.

ბაჯელიძე ამბობს, რომ:
  • ტელევიზიისა და ციფრული პლატფორმისთვის ორი განსხვავებული ჯგუფი მუშაობს.
  • ზოგადი სტანდარტით, სოციალური მედიის არხებზე აქვეყნებენ ახალ ამბებში გასული სიახლეებს, მაგრამ არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ციფრული ახალი ამბების სარედაქციო ჯგუფი ამბის განსხვავებულად გაშუქების გადაწყვეტილებას იღებს.
"მიზანშეწონილად არ მივიჩნიეთ, ციფრულ პლატფორმაზე გაგვევრცელებინა 12-საათიანი გამოშვებაში გასული სიახლე, რომელიც სიჩქარის გამო, ამბავს არასრულად ჰყვებოდა და თითქოს, კონტექსტისგან იყო დაცლილი" — ამბობს მარიამ ბაჯელიძე — "ციფრული და სატელევიზიო პლატფორმებისთვის მზადდება სრულყოფილი ამბავი ამ ჟურნალისტური გამოძიების შესახებ."



დავით კეზერაშვილის პოზიცია:

ბიზნესმენმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, BBC-ის გამოძიების საპასუხოდ განცხადება ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
  • ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ მასალას მოხსენიებს, როგორც ინტერპრეტირებულს, მცდარს.
  • აპირებს, გამოიყენოს სამართლებრივი ბერკეტები, რომლითაც "BBC-ის პლატფორმაზე გასულ მასალაში მასთან დაკავშირებულ უზუსტობას" დაამტკიცებს.
"ეს მასალა მაყენებს ზიანს, მითუმეტეს, როდესაც ჩემ წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება პოლიტიზებული მართლმსაჯულება. ჩემი მონაწილეობით შექმნილ ტელეკომპანია "ფორმულას" წინააღმდეგ კი, მმართველი პარტიის მხრიდან კამპანიური ხასიათის შეტევაა", — წერს კეზერაშვილი.
კატეგორია - საქართველო
განახლება [12:00] - 6 თებერვალს, დაახლოებით საღამოს 9 საათისთვის იმავე მიზეზით აკრედიტაციის შეჩერების თაობაზე შეტყობინება მიიღეს "ტვ პირველის" ჟურნალისტმა რუსუდან დუმბაძემ და "მთავარი არხის" ჟურნალისტმა თათია წოწონავამ.

საქართველოს პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა "ფორმულას" ჟურნალისტ სოფიო გოზალიშვილს.

რა ხდება?

სადავო მასალა, "შაბათის ფორმულას" ეთერში 1 აპრილს გავიდა, ჟურნალისტი დეპუტატებს ეკითებოდა ეუხერხულებოდათ თუ არა სექსუალურ შევიწროებაში მხილებული შალვა რამიშვილის დაცვა და ექნებოდათ თუ არა იმავე დამოკიდებულება, რამიშვილი კრიტიკული მედიის მედიამენეჯერი რომ ყოფილიყო.

6 თებერვალს გამოქვეყნებული პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების მიხედვით შეიცვალა მედიისთვის აკრედიტაციის მიღების წესები და პარლამენტში ქცევის წესები.

რა არის პრობლემა?

ბრძანების მიხედვით, ჟურნალისტი ვალდებულია:
  • შეწყვიტოს ინტერვიუ პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.
სწორედ ამ პუნქტის "შეუსრულებლობა" გახდა, "ფორმულას" ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის 1 თვით შეჩერების საფუძველი. რეგლამენტის მიხედვით, განმეორების შემთხვევაში, ჟურნალისტს აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეწინააღმდეგებოდა აკრედიტაციის ახალ წესს, 7 თებერვალს გაავრცელეს განცხადება, რომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინებით, ცვლილებები ჟურნალისტებისთვის შეუძლებელს გახდიდა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და მოუწოდეს, პარლამენტის თავმჯდომარეს გაეუქმებინა მიღებული ბრძანება, თუმცა უშედეგოდ.

როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, ხატია ღოღობერიძე ამბობს, დღევანდელი გადაწყვეტილება აჩენს ეჭვს, რომ ეს დაკავშირებულია მათთვის არასასურველ, კონკრეტულ ჟურნალისტურ პროდუქტთან, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა ახსოვდეთ მათი ანგარიშვალდებულება, რომ უპასუხონ ჟურნალისტებს შეკითხვაზე და დამატებითი კითხვის დასმა არ არის დანაშაული.

"ამ ბრძანების ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის მედიის გაჩუმება, რათა კომფორტულად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა და არ უპასუხონ იმ კითხვებს, რომელიც დაგროვდა მოსახლეობაში".

წაიკითხეთ ვრცლად: რატომ არის პრობლემური პარლამენტში მედიის აკრედიტაციის ახალი წესები?
კატეგორია - საქართველო
რა ხდება?
გიორგი თარგამაძემ, "დროების" წამყვანმა და "ფორმულას" გენერალური დირექტორის მოადგილემ, ინტერვიუ ჩაწერა ამავე ტელეარხის დამფუძნებელთან და 51%-იანი წილით, საკონტროლო პაკეტის მფლობელთან, დავით კეზერაშვილთან.
  • ინტერვიუში, კეზერაშვილი საუბრობს, რა გავლენას ახდენს მისი ფაქტორი პოლიტიკასა და მედიაზე.

რატომ არის ეს თემა საინტერესო?
  • კეზერაშვილს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების თავდაცვის ყოფილ მინისტრს, იშვიათად უსაუბრია მედიასთან. არადა, მის მიმართ წლების მანძილზე არსებობს კითხვები, მათ შორის, როგორ შეძლო თავდაცვის მინისტრობის შემდეგ, მნიშვნელოვანი ფინანსური კაპიტალის დაგროვება.
  • ხელისუფლებას მასთან პოლიტიკური და სამართლებრივი ბრალდებები აქვს, ამაზე კი, კეზერაშვილის პირდაპირი პასუხები ამ დრომდე უცნობი იყო.
  • მთავრობას აქვს სასამართლო დავა მის წინააღმდეგ, ეს კი, მისი თქმით, მიზნად ისახავს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიის "წაღებას", თუმცა, ამ ინტერვიუში ამბობს, რომ ასეც რომ მოხდეს, "ფორმულას" საქმიანობა მაინც გაგრძელდება.

მოკლედ, რა თქვა კეზერაშვილმა?

პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, ისაუბრა "ფორმულასთან" დაკავშირებულ გამოწვევებზე და არხის მომავალზე.
რომ:
  • დაფუძნებისას, არხის მნიშვნელობა განისაზღვრა, არ ყოფილიყო რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ექსკლუზიური ტელევიზია.
"როდესაც ხელისუფლებამ წაიღო "რუსთავი 2", მეგობრებთან ერთად ვიფიქრე და ვთქვით, ახლაა სწორი დრო, გავაკეთოთ ტელევიზია, რომელიც იქნება ყველას პლატფორმა — არ ექნება პარტიული კუთვნილება და დაარღვევს ექსკლუზიურობის შეგრძნებას პოლიტიკურ სპექტრში, რათა კარი გაუხსნას ახალგაზრდებსა და საინტერესო ადამიანებს პოლიტიკაში."
  • ხელისუფლება, დაფუძნებიდან უქმნის პრობლემას "ფორმულას" ფუნქციონირებას.
"[...] ასეა ახლაც, თავდაცვის სამინისტრო, ზიანის ანაზღაურებას მედავება. მე სხვა არაფერი მაქვს საქართველოში, მხოლოდ წილი ["ფორმულაში"] და ბინა, და წავლენ გზით, რომ დააყადაღონ ჩემი წილი და სცადონ, ასე დახურონ "ფორმულა", — ამბობს კეზერაშვილი.

თავდაცვის სამინისტროსა და კეზერაშვილის დავასთან დაკავშირებით, ანალოგიურია არხის ოფიციალური პოზიციაც, რომ "წვრთნების საქმეზე", ზიანის ასანაზღაურებლად კეზერაშვილისთვის ხუთი მილიონი ევროს დაკისრება, რეალურად, "ფორმულას" ფინანსურად დაზიანებას ისახავს მიზნად.

ამ ბრალდებაზე, 2021 წელს, თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ არც კი უშვებენ ალბათობას, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ტელევიზიის წილის დაყადაღება მოითხოვონ.
  • აქვს მოლოდინი, რომ დავას, უზენაეს სასამართლოშიც წააგებს.
"გაკვირვებული დავრჩები, თუ რატომღაც, მოვიგებთ პროცესს უზენაესში. დარჩება აღსრულება, როგორც ბერკეტი ხელისუფლების ხელში. როდის და როგორ აამოქმედებს მას "ფორმულას" წინააღმდეგ, ამისთვის, ალბათ, დაელოდებიან პოლიტიკურ ამინდს და იმ მომენტში იზამენ, როცა მიიჩნევენ, რომ სწორია."

  • "ფორმულა" გაგრძელდება"
"ასე მარტივადაც არ არის საქმე, გეგმები არსებობს: შეიძლება, წაიღონ ჩემი წილი შპს "ფორმულადან", დახურონ იმ ფორმით, როგორც არის, მაგრამ ვერაფერს უზამენ გუნდს, რომელიც არის არხზე და ვერაფერს უზამენ სურვილს, არსებობდეს "ფორმულა".

მე მაქვს ეს სურვილი და გადაწყვეტილება და შესაბამისად, "ფორმულა" გაგრძელდება — შეიძლება, სხვა ფორმით, სხვა ადგილიდან, ან სხვა ვითარებაში, მაგრამ გაგრძელდება", — უთხრა კეზერაშვილმა ინტერვიუს წამყვანს.

კონტექსტი:

  • თავდაცვის სამინისტრო კეზერაშვილს ადანაშაულებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში თავდაცვის მინისტრობის დროს.
  • საუბარია ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის სასარგებლოდ დიდი თანხის გადარიცხვაზე ისე, რომ სამინისტროს ამ თანხის შესაბამისი მომსახურება — წვრთნები, არ მიუღია.
  • კეზერაშვილის ადვოკატები ბრალდებას "შეთითხნილს" უწოდებენ. კეზერაშვილის წინააღმდეგ, თავდაცვის სამინისტროს მიერ, 2021 წელს დაწყებულ სასამართლო დავას წინ უძღოდა პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება საქართველოს პარლამენტში, რომ "კეზერაშვილს მიხედავენ". კეზერაშვილის მიმართ სასამართლო დავა ანალოგიურ, ე.წ. "წვრთნების საქმეზე" 2017 წელს, სააპელაციო სასამართლოში მისი გამარჯვებით დასრულდა.
  • ოფშორულ ზონებში კეზერაშვილის კუთვნილი კომპანიების შესახებ 2016 წელს , საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაიწერა "პანამის ფურცლებზე", ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილის შესახებ. ეს დოკუმენტები მსოფლიო მასშტაბით, გავლენიანი ადამიანების გადამალული თანხების შესახებ მიუთითებდა.
კატეგორია - საქართველო
განახლება: [4/22/2023 - 12:22] სტატია ჩასწორებულია. TRI Media-ს მიხედვით, მარტში პოსტივის რეიტინგი 6.3 %-ია და არა — 5.3%


რატომ არის მნიშვნელოვანი ეს თემა?

  • 2023 წლის 20 მარტიდან, ანტიდასავლური "ხალხის ძალისა" და ასევე, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ტელევიზიის — "პოსტივის" დამფუძნებელი და მეწილე, შალვა რამიშვილი, რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში.
არხი ამბობს, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია მათი რეიტინგების ზრდის საპასუხოდ, და იმავეს იმეორებენ "ოცნების" ოფიციალური პირები.

მოკლედ, ამ სტატიის ძირითადი საკითხები:
  • რეიტინგი განსხვავებულია ორი სხვადასხვა მთვლელი კომპანიის მონაცემებში.
  • პოსტივის ძირითადი აუდიტორიაა მამაკაცები 63 წელს ზემოთ და პოპულარულია რუსული სერიალები.
  • ამ ტენდენციით, პოსტივის აუდიტორია რუსული პროპაგანდისტული "პერვი კანალის" მიერ, საქართველოში ფინანსურად მხარდაჭერილი "პირველი გასართობის" აუდიტორიის მსგავსია.

მანამდე მოკლედ, სექსუალური შევიწროების ბრალდებებსა და დამტკიცებულ შემთხვევაზე, შალვა რამიშვილის მიმართ:
  • 2018 წელს, სექსუალურ შევიწროვებაზე სასამართლო დავა მოუგო თათია სამხარაძემ, როგორც საქალაქო, ასევე, სააპელაციო სასამართლოში. მეტი
  • 2023 წლის ახალ ბრალდებებში, ქალები მიუთითებენ, რომ გასაუბრებისას რამიშვილი მათ კარიერული წინსვლის სანაცვლოდ, სექსუალურ ურთიერთობაზე მიანიშნებდა.
  • ამის დამადასტურებლად, რამიშვილთან მიმოწერის ასლსა და აუდიოჩანაწერსაც აქვეყნებენ.

რას ნიშნავს სექსუალური შევიწროება?
კანონით, განიმარტება, როგორც:
  • პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და უქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ან შეურაცხმყოფელ გარემოს.
რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების ახალ შემთხვევებს მოჰყვა თათია სამხარაძისკენ მიმართული დისკრედიტების კამპანია სახელისუფლებო პროპაგანდისგან. ეს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე დაგმო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს დახმარებით თავად თათია სამხარაძემ მიმართა.

რაც შეეხება "პოსტივის" რეიტინგს:

29 მარტს, ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, მედიის კითხვას, გმობს თუ არა სექსუალურ შევიწროებას, ასე უპასუხა:
  • "პოსტივი გადავიდა მესამე ადგილზე, გაასწრო მთავარ არხსა და ყველა ოპოზიციურ არხს, და რა თქმა უნდა, ეს არ მოსწონს ოპოზიციას. აქედან გამომდინარე, დაიგეგმა კამპანია შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, რომელიც არის პოსტივის ერთ-ერთი სახე. ეს არის პოლიტიკური მოტივი".
ეს განცხადება აბსოლუტურ თანხვედრაშია პოსტივის ოფიციალურ პოზიციასთან.

საქართველოში, სატელევიზიო აუდიტორიას ორი სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლობა ზომავს, თუმცა, მათი მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა-ხოლმე და, ტელევიზიებიდანაც ნდობას ზოგი ერთს უცხადებს, ზოგი — მეორეს.
  • Nielsen — ამერიკული კომპანიაა, რომლის ლიცენზირებული პარტნიორიც საქართველოში კომპანია "TV MR საქართველოა".
  • Kantar Media კი, ბრიტანული კომპანიაა. საქართველოში მისი ექსკლუზიური ლიცენზია "Tri Media Intelligence"-ს ეკუთვნის.

ორივე კომპანიის მიმართ არსებობს მოსაზრებები შესაძლო კავშირების შესახებ პოლიტიკურ ჯგუფებთან, ან ამ ორგანიზაციების მფლობელთა პოლიტიკური განწყობების მიმართ.
  • "TV MR საქართველო" გოჩა ცქიტიშვილმა დააარსა და ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს, როგორც აუდიტორიის მთვლელი კომპანია.
  • "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში მათ მთავრობის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებდნენ, ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ კი კომპანიას პრობლემები შეექმნა — 2014 წელს შემოსავლების სამსახურის აუდიტის სამსახურმა მათი შემოწმება დაიწყო და სატელევიზიო კვლევაში მონაწილე ოჯახების მისამართების გამჟღავნება მოსთხოვა.
  • 2014 წელს, არასამთავრო ორგანიზაციები ამბობდნენ, რომ ხელისუფლებას ეს კვლევაში მონაწილე ოჯახებზე ზეწოლის საშუალებას მისცემდა, რაც შესაძლოა, ოჯახების თვითცენზურაზეც ასახულიყო — თავი შეეკავებინათ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი არხების ყურებისაგან.
კომპანიის დამფუძნებელი გოჩა ცქიტიშვილი 2011 წლიდან ფლობს საზოგადოებრივი კვლევით ცენტრს "IPM", რომელიც ასევე, 2014 წელს ბიძინა ივანიშვილმა გააკრიტიკა, ცქიტიშვილს კი "პრაქტიკულად, ნაციონალური მოძრაობის წევრი" უწოდა.

2 წლის შემდეგ, 2016 წელს საქართველოში მეორე მთვლელი კომპანია "Tri Media Intelligence" შემოვიდა.

  • Tri Media Intelligence-ს ორი დამფუძნებელი ჰყავს — გიორგი თევდორაშვილი და მერაბ ფაჩულია.
  • Tri Media Inteligence-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ფლობს კომპანია "გორბის", რომელსაც მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილი "იმედი" უკვეთს ეგზიტპოლებსა და კვლევებს. სწორედ Tri Media Intelligence-ის მონაცემები ასახავს ანტიდასავლური "ხალხის ძალის" მედიაპლატფორმის, "პოსტივის" რეიტინგების ზრდას.
  • მათი კვლევით, 2023 წლის მარტში, "პოსტივის" შედეგია ტელეყურების საერთო მაჩვენებლის 6.3 %, და ამ მონაცემით იკავებს მესამე ადგილს საქართველოში ათ ყველაზე პოპულარულ ტელევიზიას შორის.
  • ამავე კვლევით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში "პოსტივის" რეიტინგი 2.1 % იყო და ათ პოპულარულ არხს შორის მეექვსე პოზიციას იკავებდა.

ამისგან განსხვავებულია "TV MR"-ის კვლევის შედეგები, რომელიც ქართული არხების აუდიტორიის წილის შესახებ მონაცემებს ყოველკვირეულად აქვეყნებს. 2023 წლის თებერვალში ასეთი იყო:
  • 6-12 თებერვალი: 2.30%;
  • 13-19 თებერვალი: 1.85%;
  • 20-26 თებერვალი: 2.18%;
  • 27 თებერვალი - 5 აპრილი: 2.16%.
ინფორმაცია ტელეაუდიტორიის მდგენელი ორგანიზაციების მეთოდოლოგიის შესახებ, ნახეთ აქ

ვინ უყურებს "პოსტივის"?

Tri Media-ს მიერ პოსტივის შესახებ მომზადებული პროფილური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 31 ივლისის ჩათვლით:
  • არხზე ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს ახალ ამბებს (0.73%);
  • ყველაზე მაღალი ყურება არხის ძირითად, 19-საათიან ახალი ამბების გამოშვებაზე მოდის;
  • გადაცემებიდან კი, ყველაზე რეიტინგულია "სამნი და Co", წუთში საშუალოდ, 1.55%-ით.

"სამუშაო დღეებთან შედარებით, ოდნავ მეტია შაბათ-კვირის მაჩვენებლები, რაც შესაძლოა, განპირობებული იყოს შაბათ-კვირას გასული სერიალებით", — ვკითხულობთ არხის შესახებ მომზადებულ საჯარო პროფილურ ანგარიშში. "პოსტივი" აუდიტორიას რუსულ სერიალებს სთავაზობს.

Tri Media-ს კვლევით, არხს, ყველაზე მეტად უყურებენ მამაკაცები 63 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში. 1%-მდე მაყურებელი ჰყავს 45-62 წლის ასაკის ქალების კატეგორიაში და რეგიონში მაყურებლების რაოდენობა მცირედ აღემატება თბილისისას.

ჩვენ ვნახეთ მათ მიერ გამოქვეყნებული, სხვა არხების შესახებ მომზადებული პროფილური ანგარიშებიც, რომლის მიხედვით, "პოსტივისთან" მიახლოებული აუდიტორია ჰყავდა "პირველ გასართობს", რომელიც ქართულ ენაზე გადასცემდა საერთაშორისოდ სანქცირებული რუსული პროპაგანდისტული "პერვი კანალის" გასართობ პროგრამებსა და რუსულ სერიალებს, და მათივე ფინანსური მხარდაჭერით მაუწყებლობდა. მეტი

ზოგადად, როგორია ქართველი მაყურებლის პორტრეტი — ვინ და რას უყურებს ტელევიზორში, გაეცანით აქ.
კატეგორია - საქართველო
30 მარტს "The Wall Steet Journalist"-ის მოსკოვის ბიუროს ჟურნალისტი, ევან გერშკოვიცი "ჯაშუშობის" ბრალდებით ეკატერინბურგში დააკავეს.

როგორც რუსული მედიიდან ირკვევა, ამერიკელი კორესპონდენტი რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და "ვაგნერის" (რუსული სამხედრო დაჯგუფება) თემებზე ამზადებდა მასალას.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ეფ-ეს-ბეს) მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, "ჟურნალისტს ბრალი ედება ჯაშუშობასა და ამერიკის სახელმწიფოს ინტერესებით მოქმედებაში, რუსულ სამხედრო საწარმოზე კონფიდენციალური ინფორმაციის მოგროვებაში."

გამოძიება, რუსეთის სიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კონტექსტი
  • "ცივი ომის" შემდეგ, ევან გერშკოვიცი არის პირველი ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
  • "The Wall Street Journal"-მა გაავრცელა განცხადება, ისინი უარყოფენ "ეფ-ეს-ბეს" ბრალდებებს და მათი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ რუსულ საგამოძიებო უწყებებს.
  • ჟურნალისტის ერთ-ერთი ბოლო სტატია შეეხებოდა რუსულ ეკონომიკურ კრიზისს დასავლეთის სანქციების ფონზე.
  • გამომძიებელი ჟურნალისტი, ანდრეი სოლდატოვი "ტვიტერზე" წერს, რომ "ეს პირდაპირი თავდასხმაა ყველა უცხოელ კორესპონდენტზე, რომელიც რუსეთში მუშაობს და ეს ნიშნავს, რომ "ეფ-ეს-ბე" უკონტროლოა".