საქართველო
კატეგორია - საქართველო
მას შემდეგ, რაც 2022 წლის პირველ მარტს, კანონით აზარტული თამაშების რეკლამები აიკრძალა, ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები შემცირდა.

რამდენს ხარჯავდა აზარტული თამაშების ინდუსტრია ტელერეკლამაში?
  • კანონის ამოქმედებამდე, გასულ 2021 წელს, 6-მა ონლაინ-კაზინომ სატელევიზიო რეკლამაში ჯამურად, 40 მლნ ლარი დახარჯა ["ევროპაბეთის" მონაცემები].
  • ეს თანხა სხვადასხვა არხის შემოსავლებზე გადანაწილდა.
  • სარეკლამო სააგენტო "Betterfly Media"-ს მონაცემებით, 2021 წელს ტელევიზიებში რეკლამის განმთავსებელი 20 ძირითადი კომპანიიდან, სამი - ონლაინ-კაზინო იყო.

ტელევიზიების შემოსავლები — უახლესი მონაცემები:

კანონით, მაუწყებლები ვალდებულები არიან, კომერციული სარეკლამო შემოსავლების შესახებ მონაცემები კვარტალში ერთხელ, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიაწოდონ.
კომერციული სარეკლამო შემოსავალი მოიცავს: კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგს, განცხადებებს.

მაუწყებლების მიერ, 2022 წლის მესამე კვარტალში წარგენილი მონაცემებით, ტელევიზიების საერთო სარეკლამო შემოსავალი 15 მილიონი ლარი იყო.

აქედან:
  • 69.3% — პირდაპირი რეკლამა
  • 17.3% — სპონსორობის წილი. ეს მონაცემი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.8%-ით მეტია.
უფრო დეტალურად:

  • ტელეიმედი — 4.9 მლნ ლარი
0.4 მლნ ლარით ნაკლები, გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით.
  • მთავარი არხი — 2.1 მლნ ლარი
0.2 მლნ ლარით ნაკლები, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
  • "მედია ჰოლდინგი" (ყოფილი "რუსთავი 2") — 1.5 მლნ ლარი
0.2 მლნ ლარით ნაკლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
  • პოსტვ — 1.4 მლნ ლარი
ამდენივე იყო ამ არხის შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდშიც.
  • ტვ პირველი — 1.1 მლნ ლარი
0.2 მილიონი ლარით ნაკლები, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
  • ფორმულა — 0.9 მლნ ლარი
ამდენივე იყო ამ არხის შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდშიც.
  • GDS TV — 0.8 მლნ ლარი
ამდენივე შემოსავალი ჰქონდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდშიც.
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი — 0.4 მლნ ლარი
0.2 მილიონი ლარით ნაკლები კომერციული სარეკლამო შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.


საგულისხმოა, რომ 2021-2022 წლის ანალოგიურ პერიოდში, ტელემაუწყებლები არამხოლოდ სარეკლამო შემოსავლებს, რეიტინგებსაც კარგავენ. რატომ? — ამ სტატიაში ნახავთ.
კატეგორია - საქართველო

რუსეთ-საქართველოს ომიდან 2 თვის შემდეგ, 2008 წლის 3 ოქტომბერს, ბიოლის ფონდის ოფისში იმსჯელეს საკითხზე — "მედია და ომი". შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, რადგან მაშინ პირველად გააანალიზეს მედიის შეცდომები ომში.

აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტის სიცოცხლე არ იყო დაზღვეული, არ ჰქონიათ ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არავის ჰქონდა გავლილი ტრენინგი, როგორ უნდა ემუშავათ მსგავს სიტუაციაში.

"რამაც დაატყო კიდეც კვალი მოვლენების გაშუქებას. ჩავებით პროპაგანდისტულ ომში და რუსულ პროპაგანდას კონტრპროპაგანდით ვპასუხობდით", — თქვა შეხვედრაზე დავით კიკალიშვილმა, რომელიც "კურიერი P.S."-ის წამყვანი იყო "რუსთავი 2"-ზე, იმ დროისათვის ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო არხზე, რომლის სარედაქციო პოლიტიკას ხელისუფლება აკონტროლებდა.

გარდა ამისა, შეხვედრისას ითქვა, რომ:
  • მოუმზადებელი იყვნენ კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით;
  • არ იცოდნენ, როგორ გაეწიათ პირველადი გადაუდებელი დახმარება ველზე; როგორ ემოქმედათ მტრულად განწყობილ სამხედროებთან;
  • უმეტესწილად, სატელევიზიო მედიის ცნობები სახელისუფლებო პროპაგანდას ემსახურებოდა და არა — აუდიტორიის სწორ ინფორმირებას.
IREX SAFE Initiative-ის რისკების მართვისა და ფიზიკური უსაფრთხოების სპეციალისტი, გიორგი კუპატაძე ამბობს, რომ 2008 წლის ომის გაშუქებისას, ქართული მედიის მოქმედება იყო დაუფიქრებელი და გაუაზრებელი. ეს ნათლად აისახა ინფორმაციის ხარისხზეც, თუმცა, უპირველესად, ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, რადგან ომს რეპორტიორების სიცოცხლე შეეწირა.

ეს და სხვა გამოწვევები, მედიის უდიდეს ნაწილს, ომიდან 14 წლის შემდეგაც გადასაჭრელი აქვს.

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი დღეს ?

  • ჟურნალისტის უსაფრთხოება და სიცოცხლე, ნებისმიერ ინფორმაციაზე პრიორიტეტულია და მედიასაშუალებებს მართებთ, ამზადებდნენ მათ შესაბამისი ცოდნით;
  • საჭიროა, მედიამ შეიმშავოს სარედაქციო პროტოკოლი — როგორ იმოქმედებენ ამგვარი ვითარებისას;
  • კონფლიქტების და ომის არაკვალიფიციური გაშუქებით, მედიამ შეიძლება ავნოს ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
"ზოგადად, ჯობია, ნებისმიერი ამბისთვის მოემზადო, მით უფრო, კონფლიქტების გასაშუქებლად, ოკუპაციის ფაქტორისა და აქამდე არსებული გამოცდილების გათვალისწინებით. მოლოდინი, რომ კვლავ შეიძლება მოგვიწიოს ამ ყველაფრის გავლა, ლეგიტიმურია, მით უფრო, თუ გადავხედავთ, ვინ არის ჩვენი მეზობელი და როგორია რეგიონული კონტექსტი", — ამბობს მაკა ანთიძე, რომელიც Reuters-ის კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელობდა და 2008 წლის ომსაც ამ საერთაშორისო სააგენტოსთვის აშუქებდა.

"როცა გაქვს კონკრეტული მოცემულობა, მაგალითად, დგახარ და მოედინება მეწყერი, ხომ არ დაიწყებ იმაზე ფიქრს, ჟურნალისტი ვარ და არ დამაზიანებსო?! ასეთივე "მეწყერია" საომარი სიტუაცია, ან თუნდაც, ძალადობრივი საპროტესტო აქცია, სადაც შეშინებული ხალხის მასა გარბის. თუ პროაქტიულად არ მოემზადები ვითარებისთვის, "მეწყერი" აუცილებლად გადაგივლის", — ამბობს გიორგი კუპატაძე.

ვინ შეიძლება აშუქებდეს ომს და ვინ — არა?

"Reuters-ი არასდროს გაუშვებს საომარი ვითარების გასაშუქებლად ჟურნალისტს, ვინც არ იცის, რა სიტუაციაში როგორ მოიქცეს. მაგალითად, დაბომბვისას — გაიქცე, დაწვე, დაიმალო, თუ შეეფარო შენობას. სამწუხაროა, რომ საქართველოში ასეთი სტანდარტი არ არსებობს, შესაბამისად, ყველაფერი ხდება სპონტანურად, წინასწარი მომზადების გარეშე", — ამბობს მაკა ანთიძე და გვიზიარებს საერთაშორისო მედიაის პრაქტიკას, როგორ გეგმავენ კონფლიქტის გაშუქების პროცესს:
  • ყველა ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს გარკვეული ცოდნა და მზადყოფნა, როგორ იქცეოდეს შესაბამის სიტუაციებში;
  • ვინ გააშუქებს ველიდან და ვინ - ნიუსრუმიდან, ამის განსასაზღვრად რედაქტორები გუნდში გამოკითხვას უნდა ატარებდნენ;
  • მენეჯერები უნდა უხსნიდნენ თანამშრომლებს, რომ ველზე გასვლაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია საომარი მდგომარეობის შესახებ სიახლეების ნიუსრუმიდან, ან არასაბრძოლო ვითარებიდან გაშუქება.
  • არც ჟურნალისტს უნდა მოერიდოს იმის თქმა, რომ ოფისიდან მეტად პროდუქტიული იქნება, ვიდრე - ველზე, რადგან შეიძლება, ეშინოდეს, რაც სრულიად ბუნებრივი და ნორმალურია.
"კარგი ჟურნალისტობაა, როდესაც იაზრებ, რომ თუ შესაბამისი ცოდნა არ გაქვს, არ ხარ მზად ფიზიკურად, ან ფსიქოლოგიურად, ველზე არწასვლა არ "ტეხავს". ისიც უნდა გვახსოვდეს, კურსები ძალიან განსხვავებულია რეალური ვითარებისგან" - ამბობს მაკა ანთიძე - "რომ რთულია საომარ მდგომარეობაში მუშაობა, მით უფრო, საკუთარ ქვეყანაში, რადგან ამ შემთხვევაში ერთვება ემოციებიც, თუმცა "უნდა მივუდგეთ საქმეს პროფესიულად და არა - ემოციურად. შენ იქ იმისთვის ხარ, ხალხს მოუყვე რა ხდება."

მედიას არ აქვს რესურსი

ჟურნალისტების გადამზადება ძვირია და საქართველოში მედიას, განსაკუთრებით, მცირე ნიუსრუმებს, შესაძლოა, შესაბამისი სახსრების მოძიება უჭირდეთ, თუმცა, გიორგი კუპატაძე ამბობს, რომ ფინანსების მოსაძიებლად მრავალი გზა არსებობს.

მთავარია:
  1. მზაობა — გააზრებული გადაწყვეტილება, რომ უსაფრთოება ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან "მოკლული, დაჭრილი, დაშავებული, დაპატიმრებული ჟურნალისტი, რომელსაც კამერა წაართვეს, მასალებს ვერ გამოიტანს."
  2. შესაძლებლობების მოძიება — საერთაშორისო, თუ ადგილობრივი ორგანიზაციების, და მათ შორის, IREX-ისა და "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" პერიოდული უფასო ტრენინგები უსაფრთხოების შესახებ.
  3. საერთაშორისო დონორები, რომლებმაც შესაძლოა, დააფინანსონ სწავლება და დაეხმარონ ნიუსრუმებს უსაფრთხოების პროტოკოლის შემუშავებაშიც.
  4. პირველადი სამედიცინო დახმარების სწავლება, რომელიც საქართველოში მაღალი დონით ტარდება და თანაც, უფასოა.

ურთიერთობა მტრულად განწყობილ სამხედროებთან

  • 2008 წელს, რუსეთის აგრესიის შედეგად დაიჭრა 11 და დაიღუპა 4 ჟურნალისტი.
  • მოკლულთაგან ორი, მტრულად განწყობილმა სამხედროებმა მოკლეს.
"[...]ცხინვალში როცა მივაღწიეთ, სამხედროები დავინახეთ. შეიარაღების მიხედვით, ერთ ჩვენგანს ქართველები ეგონა და ქართულად მიესალმა, რასაც რუსულად გინება და სროლა მოჰყვა. მანქანისკენ გავიქეცით, რაც უმძიმესი შეცდომა იყო, რადგან ტყვიამფრქვევის ჯერი წამოვიდა ჩვენსკენ. გიგა ჩიხლაძე და საშა კლიმჩუკი ადგილზევე მოკლეს, ორნი კი დავიჭერით. თუ ისვრიან, თუნდაც ჰაერში, უნდა დაწვე მიწაზე და ხელები აწიო, იმიტომ რომ შენ არ ხარ სამხედრო, ხარ ჟურნალისტი, არ გაქვს იარაღი და ვერც ტყვიაზე სწრაფად გარბიხარ", — თქვა ჟურნალისტმა თემო კიღურაძემ აგვისტოს ომის გაშუქებაზე საუბრისას პოდკასტში, "პირველი ნაბიჯები".

 

ოკუპანტების კონტროლირებად გამშვებ პუნქტებზე არაერთხელ მოუხდა რუს სამხედროებთან ურთიერთობა მაკა ანთიძესაც, როდესაც ომს "როიტერისთვის" აშუქებდა.

"იმ მომენტში უნდა დაივიწყო, რომ ის ადამინი გძულს, ოკუპანტია, გიკლავს მოქალაქეებს და შესაძლოა, ხვალ შვილიც მოგიკლას. ეს რთულია, თუმცა ამის გამოსამუშავებლად არსებობს სპეციალური ტრენინგები, როგორ უნდა მოიქცე გამტარ პუნქტებთან. ძალიან ფრთხილი უნდა იყო: არ გააღიზიანო, არ გაუჩინო ეჭვი, რომ რაიმე საფრთხეს შეუქმნი და ასე შემდეგ".

ომი, ინფორმაცია და პროპაგანდა

"რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ქართული მედია ცხინვალში, ქართული ჯარის წარმატების შესახებ იუწყებოდა. იქაურები უყურებდნენ ტელევიზორს და ეჭვიც არ ჰქონიათ საფრთხის მოახლოებაზე, მხოლოდ მეზობლებისაგან გაიგეს, რომ სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინათ სახლები. მათ სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეექმნა. მხოლოდ პროპაგანდისტული ინფორმაცია რომ არ მოესმინათ და სიმართლე სცოდნოდათ, სხვა გადაწყვეტილების მიღების საშუალება ექნებოდათ", — ამბობდა ჟურნალისტი ნინო დანელია, ომიდან 2 თვის შემდეგ, ბიოლის ფონდში გამართულ შეხვედრაზე.

ეს მაგალითიც კარგად აჩვენებს, რა ხელშესახები ზიანი შეიძლება მოუტანოს მედიამ ადამიანებს, პროპაგანდის გავრცელებით.

"ომის გაშუქება არ ნიშნავს, დაივიწყო ჟურნალისტის მთავარი ფუნქცია - დასვა კითხვები და აუდიტორიას გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდო - ომის დროს ეს შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლის ფასად დაჯდეს, მით უმეტეს, თუ ინფორმაციის მთავარი წყარო ხარ.

პროპაგანდაში გადაზრდილი პატრიოტიზმი არ არის ქართველი ჟურნალისტების "ექსკლუზივი" და ეს რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის გაშუქებასაც ეტყობა, ამ ქვეყნების მედიის ინფორმაციის მიხედვით, რთულია გააარკვიო, რა არის მართალი და რა — არა",- ამბობს მაკა ანთიძე.

რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტორი

რისკების მართვის სპეციალისტს გიორგი კუპატაძეს, სხვა ქვეყნების მედიათან სამუშაო ურთიერთობის გამოცდილებაც აქვს და ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ბევრად სერიოზულად ეკიდებიან უსაფრთხოების საკითხებს, ვიდრე აქამდე. მათ ფონზე კი, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მდგომარეობა ქართულ მედიას აქვს, რადგან უსაფრთხოების საკითხს "ცოტა ინფანტილურად უყურებენ."

კუპატაძის თქმით, საქართველოს მსგავი პრობლემა ჰქონდა უკრაინულ მედიასაც, სადაც 2014 წლის ყირიმის მოვლენების გამოცდილების მიუხედავად, ბევრმა მაინც არ დანერგა სისტემური მიდგომა უსაფრთხოების თვალსაზისით, რამაც 2022 წლის მოვლენებისას იჩინა თავი, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების კუთხით.

"ომის პირველ თვეებში უკრაინულ მედიაზე უამრავი კიბერშეტევა მოხდა, ისინი კი, ვისაც არ ჰქონდათ სარეზერვო საიტები, დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩდნენ".

კიბერთავდასხმები საომარი მდგომარეობისას გარდაუვალია და 2008 წელს ამის გამოვლა ქართულ მედიასაც მოუხდა, რისთვისაც არ იყვნენ მზად. მაგალითად, რუსთავი 2-ზე განხორცილებული კიბერთავდასხმის შემდეგ, ტელევიზიას არ ჰყავდა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ვიდეომასალას ალტერნატიული წყაროებით გაავრცელებდნენ.

2008 წელს, ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე, დავით კიკალიშვილი ამბობდა, რომ ამან გარკვეულწილად, ნეგატიური გავლენა იქონია ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებაზე. იგივე პრობლემა ჰქონდათ საინფორმაციო სააგენტოებსაც, რომელთა ნაწილმა, ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება მხოლოდ 10 აგვისტოსთვის აღადგინა.

კიბერუსაფრთხოებაზე ზრუნვა, კონფლიქტების გაშუქებისათვის, მედიის მომზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

მედიისთვის ხელმისაწვდომია უსაფრთხოების ტრენინგების უფასო ონლაინ-ვერსიებიც, მათ შორის არის IREX-ის მიერ შედგენილი დოკუმენტიც, თუმცა, გიორგი კუპატაძე მიიჩნევს, რომ სასურველია, უსაფრთხოების გეგმა ყველა მედიამ სპეციალისტებთან ერთად, ინდივიდუალურად შეადგინოს - კონკრეტული ქვეყნისა და კონკრეტული მედიასაშუალებისთვის შესაბამისი ფაქტორების გათვალისწინებით.

ჟურნალისტებს კი, ვინც შესაძლოა, ამ სტატიის შემდეგ დაინტერესდეს საბრძოლო ვითარებაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მთავარი წესებით, Youtube-ის ამ არხზე, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის მიერ მომზადებული ვიდეოების სერია შეუძლია იხილოს.
კატეგორია - საქართველო

რა ხდება?

  • "მთავარი არხის" პატიმრობაში მყოფი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხადაჭერის თხოვნით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, საქართველოდან 60 ორგანიზაცია წერილით მიმართავს.
  • ინიციატივის ავტორია მედიის ადვოკატირების კოალიცია.
  • ორგანიზაციები გვარამიას პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებენ და ევროპის საბჭოს პრეზიდენტს სთხოვენ, საქართველოს პრეზიდენტს, კრიტიკული არხის დამფუძნებელის შეწყალების თხოვნით მიმართოს.
"ვფიქრობთ, თქვენმა, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების ერთგული მხარდამჭერის მიმართვამ შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს გადაადგმევინოს ჰუმანური და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, შეიწყალოს კრიტიკული მედიის დირექტორი და პატიმრობიდან გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმარი", — წერია განცხადებაში.

წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ:

  • ნიკა გვარამიას პატიმრობის მიზეზი ის არის, რომ ხმამაღლა აკრიტიკებს ხელისუფლებას;
  • გვარამიას აქვს დიდი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე; გვარამიას პოლიტიკური მოტივით დაპატიმრება უდიდესი დაბრკოლებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
  • საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციაც ცალსახად გმობს გვარამიას დაპატიმრების ფაქტს და საქართველოს ხელისუფლებას რეალური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს.
  • მიმართვაში აღნიშნულია ისიც, რომ როგორც "მთავარ არხზე", ასევე, სხვა ტელეკომპანიებზე, ხელისუფლების მხრიდან მუდმივად ხდება თავდასხმა და შევიწროება.
"კრიტიკული მედიის მიმართ „ქართული ოცნების“ აგრესიული პოლიტიკის გათვალისწინებით, არ ველით, რომ ნიკა გვარამიას უფლებები დაცული იქნება უზენაეს სასამართლოში. ერთადერთ გზად მისი უსამართლო პატიმრობის აღსაკვეთად პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება გვესახება".

კონტექსტი:

  • ვიდრე მედიის კოალიცია, 60 ორგანიზაციასთან ერთად, შარლ მიშელს გაუგზავნიდა წერილს, ამავე მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს 2022 წლის 2 ნოემბერს მას შემდეგ მიმართა, რაც სააპელაციო სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი პატიმრობაში 3 წლითა და 6 თვით დატოვა.
  • 2022 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე დამნაშავედ ცნო სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
  • საქალაქო სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო „რუსთავი 2-სთვის“ 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზეც და ამ ნაწილში სასჯელის ზომად 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
  • 2022 წლის ივნისში ევროპარლამენტმა ქართული მედიის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ნიკა გვარამიას შესახებ წერია, რომ "გადაიხედოს ქვეყნის მთავარი ოპოზიციური მაუწყებლის მთავარი რედაქტორის ნიკა გვარამიას სასჯელი."
კატეგორია - საქართველო

რა ხდება?

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" (Ipn.ge) საქართველოში მცხოვრები ამერიკელი წყვილის - რაიან და ლორა სმიტებისა და მათი 4 წლის ვაჟის, ქელები სმიტის მკვლელობისათვის მსჯავრდებულის, მალხაზ კობაურის წერილი გაავრცელა.

  • სააგენტო წერს, რომ წერილი მსჯავრდებულმა საპატიმროდან გაუგზავნა.
  • საქმე ეხება სმიტების ოჯახის მკვლელობას. საქართველოს პროკურატურის ვერსიით, ოჯახის 3 წევრი — რაიან, ლორა და ქელები სმიტი 2018 წლის 4 ივლისს, ხადის ხეობაში მოკლეს.

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?

  • მედია, ვალდებულია, მიაწოდოს მკითხველს/ტელემაყურებელს ერთი ამბის შესახებ, სხვადასხვა პოზიცია.
  • მით უფრო, როდესაც საქმე წლების წინ ჩადენილ დანაშაულს შეეხება, რომლის დეტალები, აუდიტორიის დიდ ნაწილს შესაძლოა, აღარ ახსოვდეს.
  • მნიშვნელოვანია, მედიამ გაითავისოს პასუხისმგებლობა და რისკები, რაც შესაძლოა, კრიმინალური ამბების არასწორ გაშუქებას მოჰყვეს.

რა არის პრობლემა?

"ინტერპრესნიუსმა" წერილი ისე გაავრცელა, რომ მკითხველს, 2018 წელს მომხდარი მკვლელობის შესახებ, მხოლოდ მკვლელობისათვის მსჯავრდებულის ვერსია შესთავაზა, რომელშიც მალხაზ კობაური ამბობს, რომ უდანაშაულოა.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრულდება ცნობით: სად, როდის მოხდა დაშაული და ვინ დააკავეს მკვლელობისათვის, თუმცა, არ წერია — რა გახდა სასამართლო გადაწყეტილების საფუძველი.
  • მსჯავრდებულის ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ, საქმეში არაერთი მტკიცებულებაა.
  • საინფორმაციო სააგენტომ, წერილის ამ ფორმით გავრცელებისას, მკითხველის არ მიაწოდა ინფორმაცია პროკურატურის მტკიცებულებების შესახებ, რომელთა საფუძველზე სასამართლომ და ნაფიცმა მსაჯულებმა კობაურისთვის გამამტყუვნებელი გადაწყვეტილება გამოიტანეს.
შესაბამისად, ამ ამბის ცალმრივად გაშუქების შემდეგ, აუდიტორიას, რომელსაც შესაძლოა, აღარ ახსოვდეს 2018 წელს ჩადენილი დანაშაულის დეტალები, შესაძლოა, გაუჩნდეს განცდა მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ, რადგან მედიამ არ უზრუნველყო აუდიტორიის ინფორმირება საქმეში მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების შესახებ.
  • Ipn.ge-ზე გამოქვეყნებული წერილი, ამავე შინაარსით გაავრცელა ტელეკომპანია "პალიტრანიუსმა" 12:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში ისე, რომ არც ტელემაყურებელს აცნო მტკიცებულებების შესახებ, რომელიც გამოძიებამ, კობაურის წინააღმდეგ, სასამართლოში წარადგინა.
  • მსგავსი შინაარსით, წერილი გაავრცელა "პალიტრანიუსის" ვებგვერდმაც და საინფორმაციო ვიდეოპორტალმა Palitravideo.ge.

კონტექსტი

  • 2019 წლის 27 მარტს, გორის რაიონულმა სასამართლომ მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა შეუფარდა.
  • ამას წინ უძღოდა 2019 წლის 25 მარტს, ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა კობაური ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
  • გამოძიების ვერსიით, საქმეში არსებობს გამომძიებლის მიერ, ფარულად ჩაწერილი აღიარებითი ჩვენება, რომელშიც კობაური ყვება, რომ რაიან სმიტთან შელაპარაკების შემდეგ მას ესროლა, შემდეგ ესროლა მტირალ ბავშვსაც, თუმცა, სასამართლო პროცესზე მკვლელობაში მონაწილეობა უარყო და თქვა, რომ სმიტების ოჯახის წევრები სხვა ორმა მამაკაცმა მოკლა, შემდეგ კი ოჯახის წევრების მოკლვის მუქარით აიძულეს, დანაშაული საკუთარ თავზე აეღო.
  • პროკურატურამ, კობაურის წინააღმდეგ მთავარ ნივთმტკიცებად წარადგინა სმიტების ოჯახის კუთვნილი ფოტოაპარატი, რომელიც მოკლული 4 წლის ქელებ სმიტის გვამთან ერთად, ზვავის ნარჩენის ქვეშ იპოვეს.
  • ბრალდების მხარის მტკიცებით, ფოტოაპარატში მალხაზ კობაურის ფოტოები ნახეს, მათ შორის, იმ თოფით, რომლითაც მკვლელობა მოხდა.
  • ერთ ფოტოში ჩანს კობაურის სამოსი და მაჯის საათი, რომელიც მოკლული ლორა სმითის მკვლელობის ადგილას, ჩანჩქერში აღმოჩნდა.
  • გამოძიების ვერსიით, მკვლელობის ჩადენის შემდეგ, მალხაზ კობაურმა, მწყემსების საცხოვრებლის სიახლოვეს დამალა.
  • საქმეში არსებობს გამომძიებლის მიერ, ფარულად ჩაწერილი აღიარებითი ჩვენება, რომელშიც კობაური ყვება, რომ რაიან სმიტთან შელაპარაკების შემდეგ მას ესროლა, შემდეგ ესროლა მტირალ ბავშვსაც.
*სტატიის ფოტოზე გამოყენებულია ასლი "ინტერპრესნიუსის" მიერ გამოქვეყნებული მასალიდან
კატეგორია - საქართველო

რა ხდება?

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), 2021 წლის 5 ივლისს დაზარალებული მედიის 16 წარმომადგენელის სახელით, ევროპულ სასამართლოს მიმართავს.
საია ოთხ მუხლზე დავობს და მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების მიმართ დაირღვა:
  • ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა),
  • მე-10 (გამოხატვის თავისუფლება),
  • მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება)
  • მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლები.

რომელი ჟურნალისტების სახელით მიმართავს საია ევროპულ სასამართლოს?
  • მირანდა ბაღათურია,
  • თამთა კახაბერიძე,
  • რატი წვერავა,
  • ნინო ვარძელაშვილი,
  • დეა მამისეიშვილი,
  • ქეთევან ციცქიშვილი,
  • ლევან ბრეგვაძე,
  • გურამ მაისურაძე,
  • ლუკა პერტაია,
  • ლუკა ხაჩიძე,
  • ირაკლი ბახტაძე,
  • ვახტანგ ქარელი,
  • ლევან კალანდია,
  • გუგა დვალიშვილი

მოსარჩელეთა შორისაა ლექსო ლაშქარავას დედაც, რომელიც სარჩელს შვილის სახელით წარადგენს.

"ძალადობის არც ერთი ორგანიზატორი არ არის დაკავებული. აღსანიშნავია, რომ 5-6 ივლისის მოვლენების ეფექტიანი გამოძიებისკენ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ისე, ევროპარლამენტმაც", — წერია საია-ს განცხადებაში.


ასევე წაიკითხეთ: რა წერია 5 ივლისის შესახებ, ევროკავშირის განცხადებაში?

კონტექსტი

  • 2021 წლის 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
  • დაშავებულებს შორის იყო ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.
  • ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების დასჯას უშედეგოდ ითხოვს მედია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება. თუმცა, ამ დრომდე არც ერთი ორგანიზატორი პასუხისგებაში მიცემული არ არის.
კატეგორია - საქართველო

რა ხდება?

  • მედიის ადვოკატირების კოალიცია, რომელიც 16 ორგანიზაციას აერთიანებს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს.
  • კოალიცია აღნიშნავს, რომ გვარამიას შეწყალება, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში დადებით როლს შეასრულებს.
  • გვარამია, სააპელაციო სასამართლომ, დღეს, 2022 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით, პატიმრობაში 3 წლითა და 6 თვის ვადით დატოვა.

"საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღდეგება ევროკომისიის მიერ, საქართველოსთვის სტატუსის მისაღებად დაწესებულ მოთხოვნებს, პლულარისტული მედიაგარემოსა და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შესახებ. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ საქართველო კიდევ უფრო დააშორა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ბუნდოვანი გადახადა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი." — წერია განცხადებაში.

ევროპარლამენტმა ქართული მედიის შესახებ რეზოლუცია 2022 წლის ივნისში მიიღო, რომელშიც ნიკა გვარამიას შესახებ წერია, რომ "გადაიხედოს ქვეყნის მთავარი ოპოზიციური მაუწყებლის მთავარი რედაქტორის ნიკა გვარამიას სასჯელი."

აშშ-ის საელჩოს გამოხმურება სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე:
  • მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა.
  • არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა თავიდანვე წამოჭრა სერიოზული კითხვები ამ საქმის შესახებ, მათ შორის დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, აგრეთვე, მსჯავრდებისა და სასჯელის შესახებ.
  • შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების აღქმაც კი ასუსტებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცავების, პროკურატურის, სასამართლოებისა და თავად ხელისუფლების მიმართ.
საელჩოს განცხადებაში წერია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას.

კონტექსტი

  • 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
  • სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
  • საქალაქო სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო „რუსთავი 2-სთვის“ 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზეც და ამ ნაწილში სასჯელის ზომად 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
  • მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ.
კატეგორია - საქართველო

რა ხდება?

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის საჩივარი ტელეკომპანიის წინააღმდეგ.
კაპანაძე ამბობს, რომ სარჩელით მიმართავს უზენაესს სასამართლოსაც, როგორც ქართული მართლმსაჯულების ფარგლებში დარჩენილ რესურსს, და სამართლებრივ ბრძოლას საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებითაც აპირებს.

ნათია კაპანაძე ითხოვდა:
  • მაუწყებლის ბორდის მხრიდან მის მიმართ გამოცხადებული უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
  • თანამდებობაზე აღდგენას.
  • იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებას.
  • დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას.

"სასამართლომ, დღევანდელი გადაწყვეტილებითაც დაადასტურა, რომ მედიის დამოუკიდებლობა არ არის პრიორიტეტი. აბსოლუტურად პოლიტიკური კონტექსტით განიხილა საქმე და შესაბამისი გადაწყვეტილებაც პოლიტიკური მოტივაციით მიიღო." - ამბობს კაპანაძე - "ეს გადაწყვეტილება ისევე შორს არის შინაარსობრივი განხილვისგან, როგორც ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება."

კონტექსტი:

  • 2022 წლის 6 მაისს, ნათია კაპანაძის იდენტური საჩივარი არც ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.
  • ნათია კაპანაძე, აჭარის ტელევიზიისა დირექტორობიდან მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან 2019 წლის 19 აპრილს გადააყენა.
  • იმპიჩმენტის ინიციატორები გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე იყვნენ.
სხვადასხვა საკითხთან ერთად, ნათია კაპანაძეს ედავებოდნენ:
  • „მისი დირექტორობის დროს მაუწყებლის რეიტინგის შემცირებას.“
  • „რომ ის არ თანამშრომლობდა მრჩეველთა საბჭოს წევრებთან და მათთან ურთიერთობას ტელევიზიის თანამშრომლებსაც უკრძალავდა.“
  • „რომ ტელევიზიაში არ სრულდებოდა პრიორიტეტები და გარკვეული საკითხები კანონის გვერდის ავლით წყდებოდა.“

კაპანაძის იმპიჩმენტის საქმე საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშში:

  • აშშ-ს სახ.დეპის 2020 წლის ანგარიშში ნახსენებია, რომ სამოქალაქო ჯგუფების განცხადებით, აჭარის ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის გათავისუფლების შემდეგ, მმართველი პარტია “აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე” გადაჭარბებული გავლენის მოპოვების მცდელობას აგრძელებდა.
  • ორგანიზაციის "რეპორტიორების საზღვრებს გარეშე" (RSF) 2021 წლის ანგარიშში წერია, რომ "აჭარის ტელევიზია მმართველი პარტიის მხარდაჭერას შეუდგა მას შემდეგ, რაც ტელევიზიაში ახალი ხელმძღვანელები დაინიშნენ და ჟურნალისტები გაათავისუფლეს."
კატეგორია - საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სააპელაციო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების შესახებ.

საელჩოს გზავნილები:

  • მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა.
  • არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა თავიდანვე წამოჭრა სერიოზული კითხვები ამ საქმის შესახებ, მათ შორის დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, აგრეთვე, მსჯავრდებისა და სასჯელის შესახებ.
  • შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების აღქმაც კი ასუსტებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცავების, პროკურატურის, სასამართლოებისა და თავად ხელისუფლების მიმართ.
საელჩოს განცხადებაში წერია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას.

კონტექსტი:

სააპელაციო სასამართლომ 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით, “მთავარი არხის” დამფუძნებელი და დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

თანაბარი სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას საბოლოო სასჯელად თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით დარჩა.
კატეგორია - საქართველო
სააპელაციო სასამართლომ “მთავარი არხის” დამფუძნებელი და დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით გადაწყვეტილება 2 ნოემბერს გამოაცხადა.

  • მოსამართლეებმა ძალაში დატოვეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ ავტომობილის ეპიზოდზე და ნიკა გვარამია პატიმრობაში 3 წლითა და 6 თვის ვადით დატოვეს.
  • გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ შეცვალა გადაწყვეტილება კომპანიისთვის ზიანის მიყენების ეპიზოდზე, რაზეც გვარამიას საქალაქო სასამართლოსგან ჯარიმა ჰქონდა დაკისრებული და ამ ეპიზოდზეც მეორე ინსტანციამ პატიმრობა მიუსაჯა 3 წლითა და 6 თვის ვადით.
  • თანაბარი სასჯელის შთანთქმის პრინციპით კი “მთავარი არხის” დირექტორს საბოლოო სასჯელად თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით დარჩა.

რატომ არის თემა მნიშვნელოვანი?

ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებლისა და დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ზოგ შემთხვევაში ეს მედიაზე ზეწოლადაც შეფასდა.

კონტექსტი

  • 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
  • სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
  • საქალაქო სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო „რუსთავი 2-სთვის“ 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზეც და ამ ნაწილში სასჯელის ზომად 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
  • მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ.
კატეგორია - საქართველო
რა ხდება?
სახალხო დამცველმა საზოგადოებრივ მაუწყებელს "ახალი კვირის" გათავისუფლებული ჟურნალისტების სამსახურში აღდგენის მოთხოვნით მიმართა.
  • იმედა დარსალია, სოფიო ზედელაშვილი და თამთა ჯანაძე სამსახურიდან 2022 წლის 29 ოქტომბერს დაითხოვეს.
  • 22 ოქტომბერს, ომბუდსმენმა სამი ჟურნალისტის საქმეზე არსებითი დარღვევა დაადგინა.
დეტალურად:

დასკვნაში წერია, რომ "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" მაუწყებლის შინაგანაწესის პროცედურული ნორმები დაარღვია, როდესაც ჟურნალისტების გათავისუფლებისას, შრომის კოდექსის 4-ე მუხლის პირველი "ზ" ქვეპუნქტით (შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა) იხელმძღვანელა.

"დისციპლინური სანქცია დასაქმებულს უნდა შეეფარდოს არა უგვიანეს 1 თვისა, მის მიერ შრომის დისციპლინის დარღვევის გამოვლენის დღიდან. ამდენად, მათთვის სანქციის შეფარდება გახორციელდა სადავო ქმედების ჩადენიდან 1 თვეზე მეტი პერიოდის გასვლის შემდეგ", - წერია დოკუმენტში.

კონტექსტი
  •  
  • “ახალი კვირის” ბოლო გადაცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, 2021 წლის 26 დეკემბერს გავიდა.
  • "ახალი კვირის" წამყვანი და კორესპონდენტები პირველი არხიდან 2022 წლის 29 აპრილს გაათავისუფლეს.
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის ამ გადაწყვეტილებამდე, ჟურნალისტებმა, არხზე არსებული "შავი სიებისა" და ცენზურის შესახებ მედიასთან ისაუბრეს.
  • "პირველმა არხმა" მაუწყებელში ცენზურასა და “შავის სიების” არსებობაზე ბრალდებები უარყო და მის წინააღმდეგ მიმდინარე მიზანმიმართული კამპანია უწოდა.
  • არხიდან გათავისუფლებული სამივე ჟურნალისტის უფლებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო" იცავს.
კატეგორია - საქართველო
რა ხდება?
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსის (AIPCE) წევრობა შეიჩერა.
  • ალიანსი დატოვა უკრაინამაც.
  • გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ალიანსმა არ დაუჭირა მხარი უკრაინის პრესის საბჭოს მოთხოვნას, გაერიცხათ ალიანსიდან რუსეთის პრესის საბჭო.

ალიანსი კიდევ 8 ქვეყნის ეთიკის საბჭომ დატოვა:
სომხეთმა, მოლდოვამ, ფინეთმა, ნორვეგიამ, შვედეთმა, ესტონეთმა, დანიამ, ირლანდიამ.

რას ითხოვდა უკრაინა?

  • 2022 წლის აპრილში, უკრაინის პრესის საბჭომ ალიანსის წინაშე დააყენა საკითხი, გაერთიანება დაეტოვებინა რუსეთის პრესის საბჭოს.
  • ამ საკითხის განხილვა, ალიანსის 2022 წლის შეხვედრის ძირითადი თემა იყო.

უკრაინის მოთხოვნას მხარს უჭერდა ალიანსის რამდენიმე წევრი, მათ შორის, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც, რომელიც მიიჩნევდა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის, მედიის თავისუფლების უკიდურესი შეზღუდვის და ფართომასშტაბიანი პროპაგანდის ფონზე რუსეთის პრესის საბჭო ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და, შესაბამისად, ვერ იქნებოდა დამოუკიდებელ პრესის საბჭოთა ალიანსის წევრი.

რას ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია?
"ის ფაქტი, რომ ალიანსის წევრი აღარ არის უკრაინა და არის რუსეთი, შეუძლებელს ხდის ჩვენს დარჩენას AIPCE-ში. დღეს რუსეთში პრესის თავისუფლება პრაქტიკულად არ არსებობს, მთელი მედია სექტორი კი პუტინის საშინელ პროპაგანდისტული მანქანის ნაწილია.

ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ AIPCE-ს მიზნებს და დამოუკიდებელი პრესისა და პრესის საბჭოების განვითარებას ევროპაში. ჩვენ გავაგრძელებთ ნებისმიერი ინიციატივის მხარდაჭერას მდგრადი თვითრეგულირების ორგანოების შექმნის მიმართულებით და განვიხილავთ დაბრუნებას ისეთ ალიანსში, სადაც იქნება უკრაინა და შესაძლებლობა გვექნება გავიზიაროთ საუკეთესო პრაქტიკა, იდეები და ღირებულებები."

საკითხზე შეხვედრა კვიპროსში, 20-21 ოქტომბერს გაიმართა. ხმის მიცემა ანონიმური იყო და კენჭიყრაში 25 ქვეყნის წარმომადგენელმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა.
კატეგორია - საქართველო

რა ხდება?
რუსული პროპაგანდისტული შინაარსის ტელეკომპანია "პირველი გასართობი" საქართველოში უკვე ერთი კვირაა, აღარ მოაუწყებლობს. გათიშულია ტელევიზიის ოფიციალური ვებგვერდიც.

მულტიპლექს ოპერატორის, "სტერეო პლუსის" აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ხითარიშვილი ამბობს, რომ არხს დავალიანება ჰქონდა და მისი ინფორმაციით, ოფისიც დახურულია.

"პირველი გასართობის" დირექტორი, ანა მანჯგალაძე გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე კომენტარას არ აკეთებს, ამბობს რომ "ოფისი გადასულია" და არ გვიდასტურებს, არხმა მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა თუ სრულად.

რა უნდა ვიცოდეთ?
საქართველოს კანონით "მაუწყებლობის შესახებ", ტელეკომპანიას უფლება აქვს, მაუწყებლობა 12 თვით შეაჩეროს.

12 თვის შემდეგ, ავტორიზაციის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს კომუნიკაციების კომისიისთვის კომპანიის პირადი მიმარათვა, ან ისეთი გარემოება, როცა ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად არღვევს ქვემოთ მოყვანილ შემდეგ პუნქტებს:
  • არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;
  • არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს, ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;
  • არ იხდის რეგულირების საფასურს;

რა ვიცით "პირველი გასართობის" შესახებ?

  • საქართველოში, რუსული პროპაგანდისტული იდეების გამტარებელი ტელეკომპანია "პირველი გასართობი" 2015 წლიდან მაუწყებლობდა.
  • ის ქართულად თარგმნიდა და ავრცელებდა რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანიის — "პერვი კანალის" (OPT) პროპაგანდისტულ გადაცემებს, სერიალებსა და მხატვრულ ფილმებს.
  • 2022 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით, "პირველი გასართობის" ერთადერთი დაფინანსების წყარო რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული ტელევიზია "პერვი კანალი" (OPT) იყო.
  • იანვარში "პირველ გასართობს" "ოერტესგან" 61 358 ლარი ჩაერიცხა, თებერვალში - 57 895. ამის შემდეგ კი რუსეთის პირველი არხისგან დაფინანსება შეწყდა.

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
რუსული "პერვი კანალი" სანქცირებულია 2022 წლის 3 ივნისიდან, ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის ამოქმედების შემდეგ, რაც ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული ტელევიზიების მაუწყებლობის შეჩერებას და SWIFT-დან (მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციის საზოგადოება) გათიშვასაც გულისხმობს.

რადგან საქართველოს საბანკო სისტემა SWIFT-ის ნაწილია, რუსეთის საქნცირების ამ ნაწილს ავტომატურად იზიარებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის 16 ივნისს გაკეთებული განცხადების თანახმად, "ქვეყნის ცენტრალური ბანკი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს. ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს." სავარაუდოდ, ამ შეზღუდვებმა განაპირობა არხის ძირითადი დაფინანსების წყაროს შეზღუდვა.


მეტი დეტალი "პირველი გასართობის" შესახებ.
  • 2015 წლიდან "პირველი გასართობი" შეუზღუდავად ვრცელდებოდა მთელ საქართველოში, როგორც საკაბელო ტელევიზიებით, ასევე, ე.წ. სეტ ტოპ ბოქსებითაც, ანუ მისი ყურება ნებისმიერი ანტენით არის შესაძლებელი.
  • არხმა "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი, ეთერში გასვლისთანავე, არაერთგზის დაარღვია.
  • მაუწყებლობდა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ლოგოთი და წარწერით: "Грузия".
  • ეთერში ათავსებდა პროპაგანდისტული OPT-ს საინფორმაციო-პოლიტიკურ პროგრამებსაც.
  • 2015 წელს კომპლექსური დარღვევების გამო, კომუნიკაციების არეგულირებელმა კომისიამ მას შემდეგ დააკისრა სანქციები, რაც შესაბამისი მოთხოვნით, "ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტმა (IDFI) მიმართა.
  • შედეგად, არხი იძულებული გახდა, 2015 წლის 18 აგვისტოდან მაუწყებლობის შინაარსი შეეცვალა და "პირველი გასართობის" სახელით დღემდე მაუწყებლობს.
  • რუსული სახელმწიფო საინფორმაციო პროპაგანდა კი, "კულტურული პროპაგანდით" ჩაანაცვლა.


რას ნიშნავს კულტურული პროპაგანდა?

ეს პროპაგანდის ერთ-ერთი ფორმაა. ემსახურება გრძელვადიან მიზნებზე გათვლილ საგარეო-პოლიტიკურ ამოცანებს, რაც სხვა ქვეყანაში იმ ქვეყნის იდეების გავრცელებას გულისხმობს, რომელ ქვეყანაც ამაში ფულს ხარჯავს.

კულტურულ პროპაგანდას ავრცელებენ:
  • ფილმებით,
  • სერიალებით,
  • ჟურნალებით,
  • რადიო და სატელევიზიო გადაცემებით.

ეს აქტივობები გამიზნულია ერის იმიჯის გასაძლიერებლად და კეთილგანწყობის შესაქმნელად სხვა ქვეყნების მოსახლეობაში, რათა მოახდინონ გავლენა მათი ქვეყნის მთავრობებსა და პოლიტიკაზე, საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის გზით.

საგულისხმოა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, საქართველომ არ გაიზიარა სხვა დასავლური ქვეყნების გადაწყვეტილება, აეკრძალა რუსული პროპაგანდა, შესაბამისად, უპრობლემოდ ვრცელდებოდა "პირველი გასართობიც", რომელსაც რუსული პროპაგანდისტული OPT წლებია, აფინანსებს.

არხის ფინანსური შემოსავლები 2016-2022 წლამდე, ასეთია:

alt