TI: „ძალადობრივი სისტემა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ“
03.05.2025


„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ქართული მედია ისეთი გამოწვევებით ხვდება, როგორებიცაა: არსებობის ეგზისტენციალური საფრთხე და გადარჩენისთვის ბრძოლა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კვლავაც გრძელდება 2024 წლის საგანგაშო ტენდენცია, რა დროსაც, მედიის წარმომადგენლების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. მხოლოდ 2025 წლის პირველ 4 თვეში კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 85-ზე მეტი საჯაროდ დაფიქსირებული ასეთი შემთხვევა აღრიცხა. 

TI-ის განცხადებით, ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის გახშირებული შემთხვევების პარალელურად, განსაკუთრებით სახიფათო ტენდენციად ყალიბდება „ქართული ოცნების“ მხრიდან სამართალდამცველი და სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზება და მათი ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენება, რაც ძირითადად მათ უკანონო დაკავებებსა და დაჯარიმებაში ვლინდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მედიის წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემის „მანკიერი გამოყენების პრაქტიკა“ 3 ძირითად მიმართულებად დააჯგუფა: ჟურნალისტების უკანონო დაკავება; ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება ან/და სამართალდამრღვევად ცნობა; ჯარიმები „გზის გადაკეტვისთვის“. 

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ „ეს ტენდენცია მსგავსია სხვა ავტორიტარული რეჟიმების მიერ მიღებული ზომებისა, როდესაც თავისუფალი მედიის წარმომადგენლები რეპრესიების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენენ. მათ შორის, აქტიურად გამოიყენება ქვეყანაში არსებულ საშუალო შემოსავლის დონესთან არაადექვატურად მაღალი ჯარიმები, რაც, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბელარუსი და რუსეთი ეფექტიან ინსტრუმენტებად იქნა გამოყენებული ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვისა და, ზოგადად, საპროტესტო ტალღის ჩასახშობად“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, დამოუკიდებელი მედიის მიმართ გახშირებული ძალადობის შემთხვევებისა და გაძლიერებული ღია რეპრესიების ფონზე, კიდევ უფრო მკაფიოა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობა და დამნაშავეთა დაუსჯელობა, რაც ამგვარ შემთხვევებს კიდევ უფრო ახალისებს:

„მთლიანობაში, ჟურნალისტების დევნის პრაქტიკა „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომლის მიზანიც ქვეყანაში თავისუფალი ველის სრულად მოსუფთავება და გაქრობაა. მიუხედავად ამისა, ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ მომენტში, ქართული დამოუკიდებელი მედია აქტიურად იბრძვის ძალადობრივი სისტემის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ და მწირი რესურსებით ოპერირობის პირობებშიც კი ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას და სამთავრობო პროპაგანდის საპირწონე, ალტერნატიული საინფორმაციო ველის შექმნას. რის ხელშეშლასაც „ქართული ოცნება“ სხვადასხვა რეპრესიული კანონებით ცდილობს“. 

3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც“. 

ქარტია წერს, რომ „დაუსჯელობა, თვითნებობა, აგრესია, კონსტიტუციისა და კანონების სრული უპატივცემულობა ყველა დონეზე - აი, ეს არის ის, რასთან გამკლავებაც უწევთ ყოველდღიურად ჟურნალისტებს საქართველოში საზოგადოებამდე სიმართლის მისატანად“.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ