პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის -
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) 2025 წლის
ანგარიშით,
საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი 50.53 ქულითაა შეფასებული
და 180 ქვეყნიდან 114-ე ადგილს იკავებს. ამ რეიტინგში საქართველო,
გასულ წელთან შედარებით, 11 ადგილით ჩამოქვეითდა. 2024 წელს ქვეყანა
103-ე ადგილს იკავებდა, მედიის თავისუფლების ხარისხი კი 53.05 ქულით
იყო შეფასებული.
RSF-ის ანგარიშის მიხედვით, ოფიციალური პირების ჩარევა საქართველოში მედიის თავისუფლების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას ძირს უთხრის.
„ჟურნალისტების წინააღმდეგ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო კვლავ არახელსაყრელი რჩება. „უცხოური გავლენისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების მიღება ჟურნალისტების მარგინალიზებას ახდენს, ცენზურის ქვეშ აქცევს მათ და ამცირებს სივრცეს სიტყვის თავისუფლებისთვის“.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ უთითებს, რომ მედია სივრცე მრავალფეროვანი და ამავდროულად, პოლიტიკურად ძლიერ პოლარიზებულია. მანიპულირება, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული მედიაში, განსაკუთრებით ტელევიზიაში, რომელიც ინფორმაციის მთავარი წყაროა.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს მედიასაშუალებების ფლობას უკრძალავს, დიდი ქსელები, როგორც წესი, იცავენ თავიანთი მფლობელების ინტერესებს, რომლებსაც ხშირად პოლიტიკურ ლიდერებთან მჭიდრო კავშირები აქვთ. იგივე ეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მედიას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ძლიერი ჩარევის ობიექტია. ამავდროულად, ხელისუფლება ხშირად უარს ამბობს უპასუხოს მედიას, რომელიც მათ აკრიტიკებს და ზოგჯერ მიმართავს ცენზურას, რეიდებს, ცილისწამების კამპანიებსა და დაშინებას“.
RSF-ი აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჯერაც არ შეასრულა ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლების შესახებ, რაც ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე აუცილებელი ნაბიჯია.
„მედიაში პლურალიზმისა და გამჭვირვალობის გამყარების წინარე რეფორმების საწინააღმდეგოდ, მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონი, რომელიც რუსეთის „უცხოელი აგენტების“ კანონმდებლობის ასლია, რაც ძირს უთხრის მედიის თავისუფლებას. სასამართლოები ზოგჯერ ცდილობენ წყაროების კონფიდენციალურობის დარღვევას, მიუხედავად იმისა, რომ ეს გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით“.
საერთაშორისო ორგანიზაცია აფასებს ეკონომიკურ კონტექსტსაც და აღნიშნავს, რომ კერძო მედიასაშუალებების ისედაც რთული ეკონომიკური მდგომარეობა „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონით კიდევ უფრო დამძიმდა. დოკუმენტში ხაზგასმულია ისიც, რომ ხშირია ჟურნალისტების წინააღმდეგ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის, მთავრობის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიების დროს.
რაც შეეხა რეგიონს, პრესის თავისუფლების ხარისხი სომხეთში წინა წელთან შედარებით 7 პოზიციით გაუმჯობესდა და ის 180 ქვეყნიდან 34-ე ადგილს იკავებს. მედიის თავისუფლების მდგომარეობა 9 პოზიციით - რუსეთში, ხოლო აზერბაიჯანში 3 პოზიციით გაუარესდა და რეიტინგში ეს ქვეყნები 171-ე და 167-ე ადგილებს იკავებენ. რაც შეეხება თურქეთს, ის რეიტინგში 1 პოზიციით დაქვეითდა და 159-ე ადგილზეა.
RSF-ი პრესის თავისუფლების ინდექსს 5 ინდიკატორის მიხედვით [პოლიტიკური კონტექსტი, სამართლებრივი ჩარჩო, ეკონომიკური და სოციალური კონტექსტი და უსაფრთხოება] აფასებს.