საქართველო
კატეგორია - საქართველო

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ბევრი ფიქრისა და ინვესტორებთან კონსულტაციების შემდეგ, რამდენიმე პარტნიორთან ერთად ახალი ტელევიზიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. განცხადებაში, რომელიც ნიკა გვარამიამ ფეისბუკით გაავრცელა, იგი წერს, რომ ეს იქნება "ქვეყნის მთავარი და საუკეთესო ტელევიზია", იმაზე უკეთესი, ვიდრე რუსთავი 2.

"გადავწყვიტე რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია, მთავარი და საუკეთესო. უკეთესი, ვიდრე ნებისმიერი სხვა. უკეთესი, ვიდრე ის, რომელიც აქამდე ყველაზე საუკეთესო მგონია. ჩემთვის ეს, ალბათ, ცხოვრების მთავარი გამოწვევაა - მე კრიზის-მენეჯერი ვარ, არ მიყვარს რუტინა და არასდროს მიშენებია ნულიდან. მე შემიძლია გავაცოცხლო მკვდარი კომპანია, მაგრამ არასდროს მიმიცია დასაბამი ახალი კომპანიის სიცოცხლისთვის. ამ გამოწვევაში ზუსტად ვიცი, ვისი დახმარება მჭირდება, ვინ იქნება ჩემი მთავარი დასაყრდენი - ჩემი გუნდი. ჩემი ამბიცია მხოლოდ საუკეთესოს გაკეთებაა, და საუკეთესოს, ცხადია, მხოლოდ საუკეთესოები გააკეთებენ", - წერს გვარამია.



როგორც მისი საჯარო წერილიდან ირკვევა, ახალი ტელევიზიის შესაქმნელად ინვესტორები არიან, თუმცა, "ხარჯი უფრო მეტია, როგორც ყოველთვის" და ამიტომ, ტელევიზიის დასახმარებლად მალე ფინანასების მოგროვების საჯარო კამპანია დაიწყება.

"თავს უფლებას მივცემ და ჩემს თხოვნასაც გავაჟღერებ: სრულიად არ მეპარება ეჭვი, რომ ძალიან მალე ახალი ტელევიზია ქვეყნის მთავარი არხი გახდება და მის შემოსავლებს უკიდურესად ოპტიმისტურად ვუყურებ. თუმცა, თავიდან, მნიშვნელოვანი ინვესტიციებია საჭირო. ინვესტორები არიან, მაგრამ ხარჯი უფრო მეტია, როგორც ყოველთვის :) ძალიან მალე დავიწყებთ საჯარო კამპანიას ახალი ტელევიზიის დასახმარებლად. დიდი იმედი მაქვს თქვენი", - ვკითხულობთ წერილში.

ნიკა გვარამიას ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე "მედიაჩეკერმა" "რუსთავი 2-ის" გუნდის გეგმების შესახებ გამოაქვეყნა მასალა. ამ სტატიაში საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ამბობდა, რომ ახლა გუნდს ერთადერთი ამოცანა აქვს, შეინარჩუნოს რუსთავი 2-ზე სარედაქციო დამოუკიდებლობა და შეინარჩუნოს "რუსთავი 2" როგორც კრიტკული პლატფორმა. მელაძე ახალი პლატფორმის შექმნას გამორიცხავდა და ამბობდა, რომ ჯერ ამაზე გუნდს მუშაობა არ ჰქონდა დაწყებული.

 

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, „რუსთავი 2-ის" საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ეს გადაწყვეტილება 18 ივლისს გამოქვეყნდა. იმავე დღეს, არხი ქიბარ ხალვაშმა გადაიფორმა, გაათავისუფლა გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მის ადგილას თავისი ნდობით აღჭურვილი პირი პაატა სალია დანიშნა.

კატეგორია - საქართველო
ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვების მთავარ რედაქტორად, ამავე არხის საავტორო გადაცემების, “იმედის კვირისა” და “პირისპირის” წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე დაინიშნა. ამ პოზიციაზე ირაკლი ჩიხლაძემ ნანა ლეჟავა შეცვალა.

ლეჟავას აღარც საინფორმაციო გამოშვება მიჰყავს. მის ნაცვლად “იმედის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ხატია ქვათაძე უძღვება.

„ქრონიკის“ დატოვების შესახებ ნანა ლეჟავამ 24 ივლისს ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა: „უკვე ორი კვირაა არც ფორმალურად ვარ "ქრონიკაში" და არც არაფორმალურად. თუმცა, ვრჩები "იმედში“.



ამ საკადრო ცვლილებას, “იმედზე” კიდევ ერთი ცვლილება უსწრებდა წინ. ერთი კვირით ადრე, “იმედის” აღმასრულებელ დირექტორად საინფორმაციო მიმართულებით, გიორგი ცხვიტავა დაინიშნა,  გენერალური დირექტორის პოზიციაზე კი გიორგი ბახტაძე ელდარ მდინარაძემ შეცვალა.

გიორგი ცხვიტავა ჟურნალისტი და სამხედრო მიმომხილველია, რომელიც მანამდე საზოგადოებრივ მაუწყებელსა და მეცხრე არხზე მუშაობდა.ელდარ მდინარაძე კი წარსულში ტელეკომპანია მზის დირექტორი იყო. ასევე მუშაობდა ტელეკომპანია მეცხრე არხზეც, რომელიც 2003 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიხურა.
კატეგორია - საქართველო
ევრონიუსი საქართველოში შემოსვლას გეგმავს და ქართულენოვანი ადგილობრივი გადაცემების წარმოებასაც აპირებს. ამის შესახებ 27 ივლისს გახდა ცნობილი, როდესაც სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილმა და ევრონიუსის აღმასრულებელი დირექტორმა მიშელ პეტერსმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მათ “ევრონიუს საქართველოს” შექმნა დაანონსეს და თქვეს, რომ არხი არ იქნება მხოლოდ ევრონიუსის მიერ წარმოებული საერთაშორისო ამბების ქართულენოვანი ტრანსლირება.

როგორც მიშელ პეტერსმა თქვა, გადაცემების ნაწილი ადგილზე შეიქმნება, რისთვისაც ადგილობრივ ჟურნალისტებს დაიქირავებენ. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია ვინ უხელმძღვანელებს კადრების შერჩევის პროცესს, როდიდან დაიწყება და რა კრიტერიუმებით დაკომპლექტდება გუნდი. ასევე არ დაუკონკრეტებიათ საერთო სამაუწყებლო ბადის რა პროცენტი იქნება ადგილზე ნაწარმოები კონტენტი. როგორც პრესკონფერენციისას ითქვა, 2020 წელს არხი მზად იქნება არჩევნების გასაშუქებლად.

გიორგი რამიშვილმა, ისევე როგორც მიშელ პეტერსმა, არაეთხელ გაუსვეს ხაზი, რომ ეს პროექტი “უფრო მეტია, ვიდრე ბიზნესი”. ისაუბრეს ჟურნალისტურ ღირებულებებსა და სტანდარტებზე, რომელთა განვითარებაშიც, მათი განცხადებით, ევრონიუსი საქართველო დიდ წვლილს შეიტანს. თქვეს, რომ შეიქმნება სარედაქციო საბჭო, რომელიც სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავს. ამ დროისთვის, სხვა დეტალებთან ერთად უცნობია როგორც საბჭოს წევრთა, ისე არხის მთავარი რედაქტორის ვინაობა.

ევრონიუსი 1993 წელს საფრანგეთში, ქალაქ ლიონში დაარსდა და დაარსების დღიდან მსოფლიოს 160 ქვეყანაში 400 მილიონამდე ოჯახს აწვდის ინფორმაციას. სილქნეტის ცნობით, 2017 წლიდან ევრონიუსის პარტნიორი გახდა კომპანია NBC News, რომელმაც არხის 25%- იანი წილი შეიძინა და განახორციელა მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიცია, რაც ემსახურებოდა ევრონიუსის მაუწყებლობის გაფართოებას და ახალი პროგრამების შექმნას. თავად სილქნეტი კი საქართველოში მოქმედი მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სხვა სერვისებთან ერთად სთავაზობს ინტერნეტ ტელევიზიას.
კატეგორია - საქართველო

“ჩვენ ვიბრძვით არა ჩვენი სამსახურისთვის, არამედ იმ ძლიერი პლატფორმის კრიტიკულობის შესანარჩუნებლად, რომელსაც ჰქვია "რუსთავი 2" და "კურიერი". "რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო გუნდი შეკრულია და ამ ეტაპზე არსად გადასვლა არ განიხილება. ახალი პლატფორმის შექმნა მარტივი არ არის, ფიქრი და მობილიზება სჭირდება. ყოველ შემთხვევაში ახლა ამაზე ფიქრი და მუშაობა გუნდის შიგნით არ დაგვიწყია”, - ამბობს “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე “მედიაჩეკერთან” სამომავლო გეგმებზე საუბრისას.

დასჭირდებათ თუ არა გუნდის წევრებს სხვა სამსახურის, ან ახალი პლატფორმის შექმნა, იმაზეა დამოკიდებული, რას გადაწყვეტს “რუსთავი 2-ის” ახალი [ძველი] მფლობელი ქიბარ ხალვაში “რუსთავი 2-ის” სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

altმას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში გადავიდა, ზუსტად ერთი კვირა გავიდა. ამ დრომდე არხზე მხოლოდ ერთი საკადრო ცვლილება მოხდა - გაუშვეს ტელევიზიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მის ადგილას ახალი მფლობელის ადვოკატი, მისი ნდობით აღჭურვილი პირი პაატა სალია დანიშნეს.

ცნობილია კიდევ ერთი დეტალი - მფლობელი აპირებს არხზე “მაღალი რეპუტაციის და დიდი სატელევიზიო გამოცდილების მქონე ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერი” მიიწვიოს. და, გაცხადებულია ისიც, რომ “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო - პოლიტიკური დეპარტამენტის გუნდი არ აპირებს დათმოს სარედაქციო დამოუკიდებლობა. სხვა გეგმაზე, ამ ეტაპზე, გუნდის წევრები არც კი ფიქრობენ.

 

ვინ რა გზით ცდილობს სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას

 
7 დღის განმავლობაში, როგორც არხის მფლობელის, ისე თანამშრომლებისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან არაერთი განცხადება გავრცელდა იმის შესახებ, რომ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე არ უნდა დაემუქროს.

“რუსთავი 2-ის” თანამშრომლებმა მენეჯმენტს შესთავაზეს სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტისთვის შექმნილიყო საზოგადოებრივი საბჭო. მათი მოსაზრებით, საბჭო უნდა დაკომპლექტებულიყო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით და მასთან შეთანხმების გარეშე არხზე არ უნდა მომხდარიყო რაიმე ტიპის საკადრო ცვლილება, ასევე, ახალ მენეჯმენტს ოფიციალურად ვალდებულება უნდა აეღო, რომ არ შეცვლიდა მაღალრეიტინგული გადაცემების წამყვანებს.

არხის მფლობელმა ეს შეთავაზება არ მიიღო და ჟურნალისტებს სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვას მხოლოდ სიტყვიერად დაჰპირდა. 22 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ქიბარ ხალვაშმა აღნიშნა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა "ვინმეს ახირებებისა და კაპრიზების შესრულებას" არ ნიშნავს.

alt"საკუთარი სიტყვის ერთგული ვრჩები და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული. თუმცა აქვე მინდა ყველას ვუთხრა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე მორგებას და მათი ეთიკის ჩარჩოებში ოპერირებას. სარედაქციო დამოუკიდებლობის სრულფასოვანი რეალიზება მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული მედიასტანდარტების პირობებშია შესაძლებელი", - წერდა ხალვაში.

მიუხედავად ამ განცხადებისა, არხზე სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის საფრთხეს ხედავენ.

"ვუყურებთ სახელისუფლებო ტელევიზიების დღის წესრიგს, როგორ და რანაირად მუშაობენ ისინი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა ამ დღის წესრიგით მუშაობა”, - გვეუბნება ნოდარ მელაძე.

იგი ამბობს, რომ “რუსთავი 2” ერთგვარი დამბალანსებელი ხაზი იყო, რადგან “კურიერი” აშუქებდა მწვავე თემებს და სხვა არხებიც იძულებული ხდებოდნენ ეს თემები ასე თუ ისე გაეშუქებინათ: “ახლა არსებობს საფრთხე, რომ ყველა მსხვილი მედია ილაპარაკებს ერთი და იგივე აქცენტებით და ერთსა და იმავე ახალ ამბებს გააშუქებენ”.

ამ ჩამონათვალში მელაძე ცხადია არ გულისხმობს "TV პირველსა" და "კავკასიას", რომლებიც თავისუფალია სახელისუფლებო გავლენებისგან, თუმცა, ყურადღებას ამახვილებს მათ შესაძლებლობებზე: “მათი მასშტაბებიდან გამომდინარე, ისინი ვერ შეძლებენ ზოგადად მედია ბალანსის დაცვას რადგან, ერთ მხარეს იქნება ყველაზე მსხვილი სახელისუფლებო მედია და მეორე მხარეს იქნებიან მცირე მედიასაშუალებები, რომლებსაც აქვთ ნაკლები ბერკეტი საზოგადოებამდე მიიტანონ ინფორმაცია".

ქიბარ ხალვაში, კიდევ ერთ წერილში, სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტად უცხოელ მედია-მენეჯერს მოიაზრებს.

alt“კომპანიას აუცილებლად სჭირდება სწორედ დასავლური გამოცდილების მქონე მედია მენეჯერი, რომელიც დაეხმარება არხს მაღალი ხარისხის, ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისი, კრიტიკული სატელევიზიო პროდუქტის შექმნაში. სწორედ [საერთაშორისოდ აღიარებული] პრინციპების და სტანდარტების განუხრელად დაცვის ხელშესაწყობად ვარჩევთ მაღალი რეპუტაციისა და დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე უცხოელ მედია-მენეჯერს და დარწმუნებული ვართ, რომ არხზე ამჟამად მომუშავე პროფესიონალები იოლად გამონახავენ მასთან საერთო ენას”, - აღნიშნულია ხალვაშის განცხადებაში.

“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტები კი ფიქრობენ, რომ მხოლოდ უცხოელი მედიამენეჯერის ჩამოყვანა ვერ ჩაითვლება სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გარანტად.

“როგორც ქართველი, ასევე უცხოელი შეიძლება იქცეს მედია ცენზორად. მსგავსი პრაქტიკა გვინახავს სხვა არხებზე, უცხოელი მედიამენეჯერები ვერ აღმოჩნდნენ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების შემაკავებელი ბერკეტები”, - ეს უკვე ხალვაშის პასუხად, “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტების წერილშია ნათქვამი.

“საინტერესოა ვინ იქნება და ვინ მონაწილეობს ამ შერჩევის პროცესში. როგორც ვიცი, ეს არ არის პაატა სალია. როგორ მიმდინარეობს შერჩევის პროცესი, ვინმე აგენტები დაიქირავეს, რომლებიც უცხოეთში კონსულტაციას უწევენ ამ თემასთან დაკავშირებით, ბატონი ქიბარი აგზავნის მესიჯებს, გუგლში ეძებს, მეილებს აგზავნის თუ კონსულტანტი ჰყავს ვინც არჩევს - ეს ყველაფერი ძალიან ბუნდოვანი პროცესია და არაფერი არ ვიცით. ჯერ [ქიბარ ხალვაში] ტელევიზიაშიც არ მოსულა", - განმარტავს ნოდარ მელაძე.

 

რა მოხდება თუ გუნდის ბრძოლა უშედეგო აღმოჩნდება

 

ამ ეტაპზე "რუსთავი 2" ხელისუფლების მიმართ ისეთივე კრიტიკულია, როგორიც ბოლო წლების განმავლობაში იყო.

alt“როცა დაიწყება სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა, ამის შესახებ ვიტყვით ხმამაღლა, მათ შორის ჩვენსავე ეთერში. სანამ მე ვიქნები საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი სახელისუფლებო "მესიჯ ბოქსების" ტირაჟირება ეთერში არ მოხდება", - აცხადებს მელაძე და ამატებს, რომ მათი პრიორიტეტი ახლა სტაბილური მაუწყებლობის უზრუნველყოფაა.

“შესაბამისად, კონსტრუქციულად ვთანამშრომლობთ, ვურთიერთობთ დღეში რამდენჯერმეც. დირექტორის მხრიდან ჯერჯერობით ამ დრომდე სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა არ ყოფილა. ვიცი, რომ გარკვეულწილად მფლობელს ჰქონდა სერიოზული ვნებათაღელვა შაბათისა და კვირის სამაუწყებლო ბადესთან დაკავშირებით, გვაქვს ინფორმაცია, რომ [ქიბარ ხალვაში] იყო გაბრაზებული შაბათის კურიერისა და P.S-ის გამო. თუმცა იმის მცდელობა არ ყოფილა, რომ ვინმე ეთერში გვყოლოდა ან არ გვყოლოდა ან ვინმე მოგვეხსნა", - აცხადებს მელაძე.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გუნდის ბრძოლა უშედეგო აღმოჩნდება და ახალი მფლობელი არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას მაინც გადაწყვეტს?

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებზე, წამყვანებსა და პროდიუსერებზე, მათი გამოცდილებისა და კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ცხადია, ნებისმიერ არხზე იქნება მოთხოვნა, მაგრამ, ახლა ვინმეს სადმე წასვლა დღის წესრიგში არ დგას.

“ბუნებრივია, თუ აქედან კადრების გადინება დაიწყება, ქუჩაში არავინ დარჩება. აქ ჩვენ ვიბრძვით არა ჩვენი სამსახურისთვის, არამედ ვიბრძვით იმ ძლიერი პლატფორმის კრიტიკულობის შესანარჩუნებლად, რომელსაც ჰქვია "რუსთავი 2" და "კურიერი". ამ ეტაპზე "რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო გუნდი შეკრულია და არსად გადასვლა არ განიხილება”.

მასთან საუბრიდან ირკვევა, რომ რაიმე გეგმა, თუ მაინც შეიცვალა არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა, გუნდს ჯერ არ აქვს: "ახალი პლატფორმის შექმნა მარტივი არ არის, ფიქრი და მობილიზება სჭირდება. ყოველ შემთხვევაში ახლა ამაზე ფიქრი და მუშაობა გუნდის შიგნით „რუსთავი 2-ში“ ვინც ვმუშაობთ ჯერ არ დაგვიწყია. ჩვენ ვართ ისევ კურიერელები”.

 

გაგრძელდება თუ არა სამართლებრივი ბრძოლა

 

alt"რუსთავი 2-ის" იურისტი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ სამართლებრივი კუთხით ბრძოლა გაგრძელდება. მისი განმარტებით, არხის ყოფილი მფლობელები ძმები ყარამანიშვილები და ტელეკომპანია "საქართველო" სასამართლოს გადაწყვეტილებას ზედა პალატაში გაასაჩივრებენ, რასაც შესაძლოა განსხვავებული სამართლებრივი შედეგი მოჰყვეს.

"შეიძლება საერთოდ შემობრუნდეს საქმე, დიდმა პალატამ თქვას, რომ "რუსთავი 2-ის" საქმეზე ნამდვილად იყო დარღვეული სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ ქართული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება (თუ მიღებული იყო სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევით) უნდა გაუქმდეს. შებრუნდეს ხელახლა განსახილველად და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება", - განმარტავს მურადაშვილი.

 

რუსთავი 2-ის საქმე მოკლედ

 

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, „რუსთავი 2-ის" საქმეზე გადაწყვეტილება 18 ივლისს გამოაქვეყნა. სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

"რუსთავი 2" და მისი ამჟამინდელი მფლობელები შემდეგი მუხლების დარღვევაზე დაობდნენ:

  • სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება (მუხლი 6 § 1)
  • გამოხატვის თავისუფლება (მუხლი 10)
  • უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (მუხლი 18)
  • საკუთრების დაცვა (პირველი პროტოკოლის პირველი მუხლი)
ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვა არ დადგინდა. სხვა უფლებების შელახვაზე კი სასამართლოს არც უმსჯელია, რადგან ამ მუხლებზე სარჩელი წარმოებაში არ მიიღო . "რუსთავი 2-მა" სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ საამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს სასამართლომ ტელეკომპანია ადრინდელ მესაკუთრეს, ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. სტრასბურგის სასამართლომ 2017 წლის 3 მარტს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა, ერთი კვირის წინ კი სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა.

18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში, ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშმა ოფიციალურად გადაიფორმა. არხიდან გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოიხსნა და მის ადგილზე პაატა სალია დანიშნა.

"რუსთავი 2-ის" მოვლენებს გამოეხმაურა 20 არასამთავრობო ორგანიზაცია. მათ ქართულ მედიასივრცეში კრიტიკული მაუწყებლის მფლობელისა თუ მენეჯმენტის ცვლილების სარედაქციო პოლიტიკაზე ასახვის უკვე არსებული გამოცდილების გამო, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართეს, რომ ყურადღებით მიადევნონ თვალი "რუსთავი 2-ის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, რათა არ გაუარესდეს მედიაგარემო.
 
 
შენიშვნა: მასალის მთავარ ფოტოდ გამოყენებულია რადიო თავისუფლების ფოტო
კატეგორია - საქართველო

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ აუცილებელია შენარჩუნდეს ქართული მედიალანდშაფტის პლურალიზმი და შემცირდეს მედიის მფლობელებისა და პოლიტიკური პარტიების გავლენა სარედაქციო პოლიტიკაზე", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ  "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" "რუსთავი 2-ის" ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ გაავრცელა.


"გასულ კვირას ოპოზიციური ტელეკომპანიის "რუსთავი 2-ის" ყოფილი მფლობელისთვის დაბრუნების შემდეგ, საქართველოში მედია პლურალიზმის მომავალთან დაკავშირებული შეშფოთებების ფონზე "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" მოუწოდებს პატივი სცენ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას, ტელევიზიის მფლობელებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ნაკლები გავლენა იქონიონ წამყვან მედიაზე", - წერია განცხადებაში.

აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიაში "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" ხელმძღვანელი იოჰან ბირი წინასაარჩევნოდ მედია პლურალიზმის აუცილებლობას უსვამს ხაზს.

“რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობა და ეკონომიკური გადარჩენა გარანტირებული უნდა იყოს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ აუცილებელია შენარჩუნდეს ქართული მედიალანდშაფტის პლურალიზმი და შემცირდეს მედიის მფლობელებისა და პოლიტიკური პარტიების გავლენა სარედაქციო პოლიტიკაზე", - აცხადებს იოჰან ბირი.

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "რუსთავი 2-ზე" მთავრობები წლების განმავლობაში ცდილობდნენ კონტროლის მოპოვებას.

"საქართველოში პოლიტიკური პარტიის მიერ მედია ორგანიზაციის პირდაპირ ფლობა კანონით იკრძალება, თუმცა წამყვანი მედიები, როგორც წესი, თავიანთი მფლობელების ბიზნესსა და პოლიტიკურ ინტერესებზე არიან დამოკიდებული. საქართველო მსოფლიო პრესის ინდექსში 2019 წელს 180 ქვეყანას შორის მე-60 ადგილზეა", - წერია განცხადებაში.


  18 ივლისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, „რუსთავი 2-ის" საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.


კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ადრინდელ მესაკუთრეს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. რის შემდეგაც "რუსთავი 2-მა" სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, რომლის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ 2017 წლის 3 მარტს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. ერთი კვირის წინ კი სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

კატეგორია - საქართველო
ტელეკომპანია “იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით კი გენერალური დირექტორის პოსტზე გიორგი ბახტაძე ელდარ მდინარაძემ შეცვალა. გიორგი ცხვიტავა ჟურნალისტი და სამხედრო მიმომხილველია, რომელიც მანამდე საზოგადოებრივ მაუწყებელსა და მეცხრე არხზე მუშაობდა.

ელდარ მდინარაძე კი წარსულში ტელეკომპანია მზის დირექტორი იყო. ასევე მუშაობდა ტელეკომპანია მეცხრე არხზეც, რომელიც 2003 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიხურა.

გენერალური დირექტორის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება   2019 წლის 5 ივლისს მიიღო სამეთვალყურეო საჭომ, რომელშიც შედიან ირაკლი (ოთარ) რუხაძე, ინა გუდავაძე, კობა კვანტალიანი, სერგეი იორშიკოვი, ზურაბ კერვალიშვილი, ია პატარკაციშვილი და ლიანა ჟმოტოვა.
კატეგორია - საქართველო
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, „რუსთავი 2-ის" საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. 

"რუსთავი 2" და მისი ამჟამინდელი მფლობელები შემდეგი მუხლების დარღვევაზე დაობდნენ:

  • სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება (მუხლი 6 § 1)
  • გამოხატვის თავისუფლება (მუხლი 10)
  • უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (მუხლი 18)
  • საკუთრების დაცვა (პირველი პროტოკოლის პირველი მუხლი)

 

ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვა არ დადგინდა. სხვა უფლებების შელახვაზე კი სასამართლოს  არც უმსჯელია, რადგან ამ მუხლებზე სარჩელი წარმოებაში არ მიიღო .

"რუსთავი 2-მა" სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ საამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს სასამართლომ ტელეკომპანია ადრინდელ მესაკუთრეს, ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიება გამოიყენა და 2017 წელს შეაჩერა უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რამაც ტელეკომპანიას  საშუალება მისცა რომ იმავე მფლობელების და მენეჯმენტის პირობებში გაეგრძელებინა მუშაობა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს შეჩერების მექანიზმიც გაუქმებულია. 


კატეგორია - საქართველო

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის დირექტორი ვერ აირჩია. კენჭისყრა დღეს 10 ივლისს, ორ ტურად შედგა, თუმცა, დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებიდან დირექტორობისთვის საკმარისი 3 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.

კონკურსის პირველ ტურში, სადაც  12 კანდიდატი  მონაწილეობდა,  ხმები ასე გადანაწილდა:

  • მერაბ წულუკიძე - 2 ხმა;
  • თინათინ ცისკარაძე - 2 ხმა;
  • შოთა გურაბანიძე - 1 ხმა. 

კვლავ ორ - ორი ხმა მიიღეს მეორე ტურში მერაბ წულუკიძემ და თინათინ ცისკარაძემ, მეხუთე ბიულეტენზე კი ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის სახელი და გვარი ეწერა. 

 

alt

 

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მრჩეველთა საბჭომ ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით გადაირჩია. პირველ მცდელობაზე, 31 მაისს, კონკურსი ჩავარდა, რადგან დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე რვა კანდიდატიდან დირექტორობისთვის საკმარისი 3 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.

მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებითსაზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსის მესამედ გამოსაცხადებლად, საბჭო რიგგარეშე სხდომაზე 12 ივლისს შეიკრიბება.


კატეგორია - საქართველო

 2 ხმა მერაბ წულუკიძეს, ასევე 2 ხმა თინათინ ცისკარაძეს და 1 ხმა შოთა გურაბანიძეს - ამ შედეგებით დასრულდა დღეს, 10 ივლისს,  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის განმეორებითი შესარჩევი კონკურსის პირველი ტური.  დირექტორის შესარჩევად მეორე ტურია საჭირო, რომელიც დღესვე, დაახლოებით ნახევარ საათში [19:30 სთ) გაიმართება. 

როგორც მრჩეველთა საბჭომ განმარტა, მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი  კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, ესენი კი არიან მერაბ წულუკიძე და თინათინ ცისკარაძე.  მერაბ წულუკიძე არის საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი აჭარის რეგიონში,  თინათინ ცისკარიძე კი ჟურნალისტი, “დოიჩე ველეს აკადემიის” ტრენერი.

დირექტორის შესარჩევ კონკურსში 12 კანდიდატი მონაწილეობს: ციალა ქათამაძე, თინათინ ცისკარიძე, ფირუზ ბოლქვაძე, დავით დიასამიძე, შოთა ზოიძე, გიორგი კოხრეიძე, გიორგი წულაია, ირმა ზოიძე, ბაჩო გურაბანიძე, ბაჩუკი ჩხეიძე, მერაბ წულუკიძე და დავით ჩხარტიშვილი.  ამ 12-დან მხოლოდ 5-ია ისეთი კანდიდატი, რომელიც წინა, ჩაშლილ კონკურსში არ მონაწილეობდა - ციალა ქათამაძე, თინათინ ცისკარიძე, ფირუზ ბოლქვაძე, დავით დიასამიძე, შოთა ზოიძე.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მრჩეველთა საბჭომ ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით გადაირჩია. პირველ მცდელობაზე, 31 მაისს, კონკურსი ჩავარდა, რადგან დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე რვა კანდიდატიდან დირექტორობისთვის საკმარისი 3 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.


 
 

 

კატეგორია - საქართველო
8 ივლისს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას არხის თვითრეგულირების ორგანომ უფლებამოსილება ორი თვით, სრულად შეუჩერა. რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული შეზღუდვა ყველა იმ გადაცემას(„არჩევანი“ და „P.S.“) ეხება, რომელსაც იგი ამზადებს ან/და მიჰყავს. გადაწყვეტილებას მიზეზი გადაცემა P.S.-ში წამყვანის - გიორგი გაბუნიას მონოლოგი გახდა.

7 ივლისს, გაბუნიამ ვლადიმერ პუტინს საავტორო გადაცემის შესავალ ნაწილში, პირდაპირ ეთერში აგინა. წამყვანის არაეთიკურ მიმართვას „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გადაცემა „კვირის აქცენტების“ სპეციალურ გამოშვებაში გამოეხმაურა და თქვა, რომ გაბუნიას ქცევა კატეგორიულად მიუღებელია და არხის სარედაქციო პოლიტიკას და მაღალ სტანდარტს არ შეესაბამება. ჟურნალისტის მონოლოგის გამო არხმა ბოდიში მოიხადა.

გიორგი გაბუნიას მიმართვას იმავე დღეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა. ქარტიის განცხადებით, გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას და აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას.

„გადაცემის წამყვანის ამგვარი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებებს და ცვლილებებისადმი საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის და სხვა საჯარო პირები თვითრეგულირების შესუსტების ინიციატივებით არაერთხელ გამოვიდნენ”, - აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.

გიორგი გაბუნიას მიმართვას მალევე, ერთმანეთის მიყოლებით გამოეხმაურნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მათ შორის ერთ-ერთი პირველები საქართველოს პრემიერ მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე იყვნენ. მათ ჟურნალისტის მონოლოგი დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასეს. გაბუნიას მიმართვა დაგმო საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწოდა, რომ „სათანადო შეფასება მისცეს ტელეკომპანიის და კონკრეტულად ამ ჟურნალისტის საქციელს, რომელმაც უხეშად უგულებელჰყო საერთაშორისო პროფესიული ნორმები და სტანდარტები“.

ზემოთჩამოთვლილი მოვლენების პარალელურად, „რუსთავი 2“-ის შენობის წინ სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში იკრიბებოდნენ და გიორგი გაბუნიას და ნიკა გვარამიას „გადადგომას“ ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები „რუსთავი“ 2-ის ჟურნალისტების მიმართ აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. 02:20-ზე არხმა დროებით მაუწყებლობის შეწყვიტის გადაწყვეტილება მიიღო.
კატეგორია - საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად 12 კანდიდატი დარეგისტრირდა. 

  1. ციალა ქათამაძე - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომელი, იყო სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში
  2. თინათინ ცისკარიძე - ჟურნალისტი, “დოიჩე ველეს აკადემიის” ტრენერი;
  3. ფირუზ ბოლქვაძე - აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი;
  4. დავით დიასამიძე - შპს "მი-ფა-სის" მფლობელი, მონაწილოებდა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსში 2016 წელს;
  5. შოთა ზოიძე -  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში იყო "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი შუახევში;
  6. გიორგი კოხრეიძე - იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. ამ პოზიციაზე ის სწორედ აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით იყო წარდგენილი;
  7. გიორგი წულაია - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი თანამშრომელი;
  8. ირმა ზოიძე - ბათუმში მოქმედი საგამოძიებო სტუდია "REC-ის" ჟურნალისტი;
  9. ბაჩო გურაბანიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა "დილის ტალღის" ხელმძღვანელი;
  10. ბაჩუკი ჩხეიძე - იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის მრჩეველი, თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ კი "ქართულ ოცნებას" შეუერთდა. 2018 წელს ის მონაწილეობდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის კონკურსშიც.ამჟამად საზოგადოება "ბათუმელის" წევრია;
  11. მერაბ წულუკიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი აჭარის რეგიონში;
  12. დავით ჩხარტიშვილი - ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს თანამშრომელი.

 

ამ 12-დან მხოლოდ 5-ია ისეთი კანდიდატი, რომელიც წინა, ჩაშლილ კონკურსში არ მონაწილეობდა - ციალა ქათამაძე, თინათინ ცისკარიძე, ფირუზ ბოლქვაძე, დავით დიასამიძე, შოთა ზოიძე. 

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა რაც მრჩეველთა საბჭომ ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით გადაირჩია. პირველ მცდელობაზე, 31 მაისს, კონკურსი ჩავარდა, რადგან დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე რვა კანდიდატიდან დირექტორობისთვის საკმარისი 3 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.

აჭარის ტელევიზიისა და რადიო-ს დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის (არჩევის) წესის მიხედვით, კანდიდატების განაცხადები მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ მომდევნო სამი დღის განმავლობაში უნდა განიხილოს. შემდგომი ეტაპი კანდიდატებთან გასაუბრებაა. ამის შემდეგ კი საბჭო, ფარული კენბჭისყრით, ხმათა უმრავლესობით ახალ დირექტორს აირჩევს.

აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში 5 წევრია. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას წევრების უმეტესობა ესწრება.

მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან: ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, ბეჟან გობაძე, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე. საბჭომ ახალი დირექტორი სამი წლის ვადით უნდა აირჩიოს.

ამ თემებზე:

აჭარის ტელევიზიის დირექტორი იმპიჩმენტის წესით გადაირჩიეს

აჭარის ტელევიზიის დირექტორი ვერ აირჩიეს - კონკურსი ხელახლა გამოცხადდება

ყოფილ დირექტორს ნათია კაპანაძეს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 6 თვე ჰქონდა დარჩენილი. მის იმპიჩმენტს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ საბჭოს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და შეფასდა როგორც ამ მაუწყებლის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშში დადებით კონტექსტში მოხვდა.

ნათია კაპანაძის მხარდამჭერი განცხადებები გააკეტეს ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ეუთოს წარმომადგენლებმა. მიუხედავად ამისა, მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა მას მაინც გამოუცხადა. ნათია კაპანაძემ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და მისი იმპიჩმენტის შემდეგ გამოცხადებული კონკურსის შეჩერება ითხოვა. თუმცა, სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა.

კატეგორია - საქართველო
2020 წლიდან (არაუგვიანეს 1 მაისისა), გამონაკლისი შემთხვევების გარდა, სასამართლოს მიღებული განაჩენის გასაჯაროებაზე პეროსნალური მონაცემების დაცვის არგუმენტაციით უარის თქმა აღარ შეეძლება. “მედიაჩეკერი” დაინტერესდა, რას შეცვლის ეს ფაქტი ჟურნალისტებისთვის და იმ რეპორტიორებს ესაუბრა, რომლებიც სამართლის საკითხებზე მუშაობენ.

ჯაბა ანანიძე ონლაინგამოცემა “ბათუმელების” ჟურნალისტია. ამბობს, რომ ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც სტატისტიკური მონაცემის დამუშავების დროს გამოცემას კონკრეტულ შემთხვევაზე გასვლა და მასზე მასალის მომზადება სურდა, თუმცა სასამართლო სისტემაში არსებული პრაქტიკა, ამის საშუალებას არ იძლეოდა. მისივე თქმით, უმეტეს შემთხვევაში, იმ მოტივით, რომ სასამართლოს მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება თუ განაჩენი პერსონალურ მონაცემებს შეიცავდა, მათ ინფორმაციის მიღებაზე უარს ეუბნებოდნენ, რაც ჟურნალისტებს ამა თუ იმ თემის საფუძვლიანად გაშუქებაში ხელს უშლიდა.

ჯაბას ეთანხმება “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. იგი ამბობს, რომ მსგავსი პრაქტიკა ჟურნალისტებს შრომას ფაქტობრივად უოცმაგებდა, რადგან სასამართლოდან ინფორმაციის მიღებისთვის სხვადასხვა შემოვლითი გზების გამოყენება იყო საჭირო.

ჟურნალისტები საუბრობენ ტენდენციაზე, როდესაც პერსონალური მონაცემების დაცვის არგუმენტაციით, სასამართლომ, გადაწყვეტილებების გაცემაზე უარის თქმის პრაქტიკა დაამკვიდრა. ეს 2015 წლის ოქტომბრიდან დაიწყო, იქამდე სასამართლოები მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს სრულყოფილად გასცემდნენ.

სასამართლოს ეს მიდგომა არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) „მედიის განვითარების ფონდმა“ (MDF) საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

IDFI-ს შეფასებით, საერთო სასამართლოები ფართოდ განმარტავდნენ პერსონალური მონაცემის ცნებას და ისინი არ ითვალისწინებდნენ ამა თუ იმ საქმის მიმართ არსებულ მაღალ საჯარო ინტერესს. ამასთან,დარღვეული იყო ბალანსი პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შორის, რადგან უპირობო უპირატესობა პერსონალური მონაცემების დაცვას ენიჭებოდა.

2019 წლის 7 ივნისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ (IDFI) „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) საკონსტიტუციო სარჩელები ,რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე მხარე ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტებისა და მათში მოცემული პერსონალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მომწესრიგებელ ნორმებს სადავოდ ხდიდა, დააკმაყოფილა.

მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმები სასამართლო აქტებში მოცემული პერსონალური მონაცემების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას და მათი გასაჯაროების შესაძლებლობას გამორიცხავდა და მათ გასაჯაროებას მხოლოდ კანონით განსაზღვრულ საგამონაკლისო შემთხვევებში უშვებდა, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების კი, მონაცემთა მფლობელის თანხმობის გარეშე სრულად იკრძალებოდა.

„მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ ამგვარი რეგულაცია ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას“, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს აქტები იმ ტიპის ინფორმაციაა, რომელზე ხელმისაწვდომობის მიმართაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და მასზე ხელმისაწვდომობა სასამართლო ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლის, მისდამი საზოგადოების ნდობის, სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციური ინტერესის უზრუნველსაყოფად უაღრესად მნიშვნელოვანია.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში ასახული ინფორმაციის სენსიტიურობის გათვალისწინებით და პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად, შესაძლოა, გამონაკლის შემთხვევაში, პირის პერსონალური მონაცემების დაფარვა საჭირო გახდეს, თუმცა ამან საყოველთაო ხასიათი არ უნდა მიიღოს.

„სასამართლოს აქტის ღიაობის საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს რა გავლენას ახდენს პერსონალური მონაცემების გამჟღავნება პირადი ცხოვრების უფლებაზე და გადაწონის თუ არა იგი სასამართლო აქტის ხელმისაწვდომობაზე საზოგადოების მომეტებულ ინტერესს“, - განმარტა საკონსტიტუციო სასამართლომ და აღნიშნულის გათვალისწინებით აღნიშნა, რომ არსებული პრაქტიკა საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილ ინფორმაციის თავისუფლებას ეწინააღმდეგება და ის არაკონსტიტუციურად ცნო. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადავო ნორმები ძალადაკარგულად 2020 წლის პირველი მაისიდან გამოაცხადა და საქართველოს პარლამენტს საკითხის კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად მოსაწესრიგებლად ვადა მისცა.

ჯაბა ანანიძის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ლავირების მექანიზმი მაინც დატოვა, ჯერ იმაზე საუბარი გააიოლებს თუ არა მისი გადაწყვეტილება მედიის მუშაობას, ნაადრევია და ის პრაქტიკაა მნიშვნელოვანი, რასაც სასამართლო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით სამომავლოდ დაამკვიდრებს.

ნოდარ მელაძის განცხადებით, თავის დროზე, ხელისუფლებამ სასამართლოდან ინფორმაციის მიღება იმ მოტივით გაართულა, რომ მედიას პირველი იმ ჩინოსნების შესახებ არ მიეღო ინფორმაცია, რომლებიც ამათუიმ საქმეში ფიგურირებენ. მეორე, იმ პირების შესაძლო კრიმინალური წარსულის შესახებ ინფორმაცია არ გაჟონილიყო, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობაზე ინიშნებოდნენ. ამიტომ, იგი ფიქრობს, რომ იმ სივრცით, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა, რომლითაც მან საქართველოს პარლამენტს კანონმდებლობის გადახედვის ვადა მისცა, ხელისუფლება კვლავ ეცდება, რომ რაიმე ფორმით არსებული მის სასარგებლოდ შეინარჩუნოს.

საგამოძიებო სტუდია მონიტორის ჟურნალისტის გიორგი მგელაძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად, სასამართლო განაჩენებს, საზოგადოებისთვის მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისასალმებელია. რაც შეეხება ჩანაწერს, სადაც საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ გამონაკლის შემთხვევებში შესაძლოა, სასამართლომ პრიორიტეტი პერონალური ინფორმაციის დაცვას მიანიჭოს, მგელაძის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლო იქვე აზუსტებს, რომ ეს გამონაკლისი შემთხვევა უნდა იყოს და საყოველთაო პრინციპად არ უნდა იქცეს, რაც ადრე პირიქით იყო.

მისივე თქმით, ერთადერთი ხარვეზი, რაც საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაში შეიძლება ამოვიკითხოთ, ეს მისი აღსრულების 2020 წლის პირველ მაისამდე გადადებაა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი იქნება პოლიტიკური ნება, პარლამენტს საკანონმდებლო ბაზის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მოწესრიგება მანამდეც შეუძლია და 2020 წლის პირელი მაისი დროის ის მაქსიმუმია, როდესაც გადაწყვეტილება სისრულეში უნდა მოვიდეს.