საზოგადოებრივი მაუწყებელი ქარტიის ანგარიშს მისი რეპუტაციის შელახვის მცდელობად მიიჩნევს
07.10.2020

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ქარტიის მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს მისი პრინციპების დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობად აფასებს და საერთაშოორისო ორგანიზაციებს მიმართავს დაინტერესდნენ ანგარიშების მეთოდოლოგიით. ქარტიაში კი აცხადებენ, რომ ანგარიშები არის არგუმენტირებული და ისინი მზად არიან პასუხი გასცენ ყველა კითხვას. 
 

საჯარო განცხადებაში, რომლითაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა,  ნათქვამია, რომ მონიტორინგის ანგარიშში მოტანილი შეფასებები და რაოდენობრივი მონაცემები ერთმანეთს არ შეესაბამება:

"გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოცემული დოკუმენტი წარმოადგენს ცალსახა პოზიციას და არა ანგარიშს, იმ მხარის, რომელმაც უშუალოდ მონიტორინგი ჩაატარა და წარმოდგენილი დასკვნები არ ეფუძნება დაკვირვების შედეგს. მეტიც, რიგ შემთხვევებში, წინააღმდეგობაში მოდის მასთან. ანგარიშში მოტანილი შეფასებები არ ეხმიანება ამავე დოკუმენტში მოტანილ ფაქტობრივ მონაცემებს".

კერძოდ, მაუწყებელი აცხადებს, რომ ქარტიის მონიტორინგის ანგარიშის რაოდენობრივ ნაწილში წარმოდგენილი დიაგრამის თანახმად, პირველი არხის მიერ სუბიექტების გაშუქების ტონი დიდწილად ნეიტრალური იყო, შინაარსობრივ ნაწილში კი ქარტია წერს, რომ „მონიტორინგის პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო პოლიტიკა ხელისუფლებისადმი ლოიალური იყო“.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე და სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგის ხელმძღვანელი ნანა ბიგანიშვილი ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ ლოალურად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ, ამის საფუძველს საინფორმაციო გამოშვების შინაარსობრივ ნაწილზე დაკვირვება იძლევა:

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არაერთი წელია მონიტორინგს აკეთებს და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ანგარიშები არის არგუმენტირებული და ჩვენი მონიტორები არიან პროფესიონალები. ჩვენ ანგარიშშიც ნათლად გვიწერია, რომ ვაკვირდებით არა მარტო რაოდენობრივ მონაცემებს, არამედ შინაარსობრივ მონაცემებსაც. სწორედ შინაარსობრივ ნაწილზე დაკვირვება აჩვენებს, რომ, საზოგადოებრივი მაუწყებელი, დიახ, ლოალურად განწყობილია აღმასრულებელი ხელისუფლების და მათ შორის პრემიერ მინისტრის მიმართ. ანგარიშში წარმოდგენილია რამდენიმე მაგალითი, თუმცა ჩვენ ამის თქმის საფუძველს გვაძლევს სხვა მრავალი მაგალითი. მონიტორინგის ფორმატის გამო, რა თქმა უნდა, ყველა მაგალითი ვერ იქნებოდა შეტანილი ანგარიშში".

ასევე, ნანა ბიგანიშვილი ამბობს, რომ მონიტორინგის ხელმძღვანელებს დაგეგმილი აქვთ შეხვედრა მედიებთან და მზაობას გამოთქვამენ თითოეულ კითხვას გასცენ პასუხი: "შეგვიძლია ერთად გავიაროთ თითოეული მაგალითი და კიდევ ერთხელ დავასაბუთოთ ჩვენ მიერ წარმოდგენილი პოზიცია".

საზოგადოებრივი მაუწყებელი პრობლემად მიიჩნევს ჩანაწერსაც, სადაც „ქართული ოცნების" მიერ ქალაქ რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატად ნინო ლაცაბიძის წარდგენის გაშუქებისას მოყვანილი ფრაზა - "დაბოლოს, ის არის 4 შვილის დედა" - გენდერული სტერეოტიპების გამამყარებელად და სექსისტურად არის შეფასებული.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი თავად ახორციელებს მნიშვნელოვან მუშაობას სწორედ გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ და ზედმიწევნით იცავს ყველა ნორმას, შესაბამისად, მხოლოდ მაღალი სტანდარტით მომზადებულ მასალას სთავაზობს აუდიტორიას”, - წერს პიველი არხი.

ნანა ბიგანიშვილი კი მიიჩნევს, რომ ქალი კანდიდატის წარდგენისას, დახასიათებისა და კვალიფიკაციების ჩამონათვალში იმის აღნიშვნა, რომ “ის არის 4 შვილის დედა” არის სექსისტური და აძლიერებს სტერეოტიპს, რომ ქალის მთავარი მოვალეობა დედობაა.

მაუწყებლისთვის პრობლემურია სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიშიც, სადაც ნათქვამია, რომ "სატელევიზიო არხების Facebook გვერდებზე დაკვირვების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რამდენად განსხვავდება ტელევიზიების საეთერო მაუწყებლობა მათ მიერ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციისგან".

მაუწყებელი აცხადებს, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ საკუთარ დოკუმენტში დეკლარირებული მონიტორინგის მეთოდოლოგია და მიზანი ურთიერთგამომრიცხავია, ახდენს შერჩეული პლატფორმების სპეციფიკის აბსოლუტურ უგულებელყოფას და ერთმანეთს ადარებს არათანაზომიერ პროდუქტებს.

“მკვლევარ ორგანიზაციას განვუმარტავთ, რომ მაუწყებელი სოციალურ მედიაში ინფორმაციის გავრცელების საკუთარი სტრატეგიით ხელმძღვანელობს, ყველა გადაცემას, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების ჩათვლით, საკუთარი გვერდი აქვს. ხაზს ვუსვამთ, რომ კვლევის ფარგლებში შერჩეული ფეისბუქის გვერდი არ წარმოადგენს სატელევიზიო ეთერის ფეისბუქის გვერდს და მისი შერჩევა იმის დასადგენად, „რამდენად განსხვავდება ტელევიზიის საეთერო მაუწყებლობა სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციისაგან“, არარელევანტურია. მონიტორინგის ფარგლებში თავიდანვე დამუშავდა პრინციპულად განსხვავებული მონაცემები, შესაბამისად, დოკუმენტში გამოქვეყნებული დასკვნა, „რომ ქართული ტელემედიის Facebook გვერდები კიდევ უფრო მეტად პოლარიზებულია, ვიდრე მათი საეთერო მაუწყებლობა“ რეალობას არ შეესაბამება”, - წერს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

სოციალური მედიის მონიტორინგის ხელმძღვანელი გიორგი ჯოლოგუა ამბობს, რომ მონიტორები აკვირდებოდნენ, თუ რა სახის ინფორმაციას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ფეისბუქ გვერდის მეშვეობით საარჩევნო პერიოდში. ასევე ამბობს, რომ მზად არიან ყველა არსებულ კითხვაზე პასუხის გასაცემად:

"ძალიან სასიამოვნოა, რომ მედიის მხრიდან არის დაინტერესება ჩვენი ანგარიშების მიმართ და არის კითხვები. ჩვენ მზად ვართ ამ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად. განცხადებაში ნათქვამია, რომ სხვადასხვა გადაცემას სხვადასხვა გვერდი აქვს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავაკვირდებოდით ყველა გადაცემის ყველა გვერდს ყველა ტელეარხზე, ეს იქნებოდა სრულიად გამორიცხული, ამიტომ, ავიღეთ ოფიციალური გვერდები ჩვენ მიერ შერჩეული ტელეარხებიდან. ეს არის ოფიციალური გვერდი პირველი არხის და, შესაბამისად, ჩვენ ამ გვერდზე დაკვირვებით შეგვიძლია ვთქვათ და გამოვიტანოთ დასკვნები, რა სახის ინფორმაციას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებელი მისი ფეისბუქ გვერდის მეშვეობით საარჩევნო პერიოდში".

მაუწყებელი ევროკავშირს და გაეროს განვითარების პროგრამას მიმართავს, რომ მოითხოვოს დეტალური ინფორმაცია მომზადებული ანგარიშების მეთოდოლოგიისა და სტანდარტების შესახებ.

განცხადების ბოლოს მაუწყებელი სავარაუდო ინტერესთან კონფლიქტზეც საუბრობს და წერს, რომ ქარტიის "ცალკეულ წევრებს დეკლარირებული აქვს მკვეთრად გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც ინსტიტუციის მიმართ. შესაბამისად, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია განხორციელებული მონიტორინგის ობიექტურობის დასაბუთება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი მკვლევარსა და კვლევის ობიექტს შორის, რაც, ვფიქრობთ, ცალსახად არის ასახული ანგარიშში".

ნანა ბიგანიშვილი კი ამბობს, რომ "უკეთესი იქნება, თუ პატივისცემას გამოხატავენ საზოგადოების და ქარტიის მიმართ და დააკონკრეტებენ, რას გულისხმობენ".

მონიტორინგის შესახებ:

საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის შუალედური შედეგები ქარტიამ 24 სექემბერს გამოაქვეყნა. მონიტორინგის შედეგები 15 ივნისიდან 31 აგვისტოს პერიოდს მოიცავდა. შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო პოლიტიკა ხელისუფლებისადმი ლოიალური იყო:

“კვლავ მთავარ პრობლემად რჩება სიუჟეტების ზედაპირულობა, სიღრმისეული რეპორტაჟების ნაკლებობა. ,,პირველ არხს“, სამონიტორინგო პერიოდში, თითქმის არ ჰქონია მწვავე ექსკლუზიური მასალა - არ გამოვლენილა კორუფციული და ადამიანის უფლებების შემლახავი ფაქტები. გარკვეულ შემთხვევებში, ბალანსი ფორმალურად იყო დაცული. მონიტორინგის პერიოდში იყო ფაქტები, როდესაც “მოამბე” ავლენდა “ქართული ოცნებისადმი” მიკერძოებას და არღვევდა ეთიკურ პრინციპებს.” - ვკითხულობთ ანგარიშში.

სოციალური მედიის შუალედურ ანგარიშში კი ნათქვამია, რომ პირველი არხის საეთერო მაუწყებლობა მისი სოციალური ქსელის მეშვეობთ გავრცელებული მასალებისგან მკვეთრად განსხვავდება - სოციალურ ქსელში გავრცელებულ მასალებში მთავრობის დადებითი ტონში გაშუქების “უკიდურესად მაღალი მაჩვენებლებია”.


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ