მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს
29.09.2020

მარნეულში, იქ სადაც დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები სცემეს, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შემთხვევის გადასაღებად მისულ გადამღებ ჯგუფებსაც.  თანამშრომლების დაზიანების შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებენ.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მარნეულში თავს დაესხნენ მათ 2 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს. ერთ-ერთ ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი. დაზიანებულია "მთავარი არხის" კამერა და მიკროფონი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით კი, მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ ოპერატორს და დაამტვრიეს გადამღები ჯგუფის კამერა.

altფოტო: პირველი არხი

რა მოხდა მარნეულში


დღეს, 29 სექტემბერს, მარნეულში დაპირისპირება მოხდა "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები თავს დაესხნენ საოლქო კომისიაში ენმ-ს წევრს, ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მსხდომ პირებს. გადამღები ჯგუფები სწორედ ამ შემთხვევის შესახებ იკვლევდნენ დეტალებს.
 
"მთავარი არხის" ჟურნალისტის ინფორმაციით, 
დაპირისპირება უმიზეზოდ, მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტი "ქართული ოცნების" წევრების ჩასაწერად მივიდა. ჯეიჰუნ მუჰამედალი იხსენებს, რომ პირდაპირი ჩართვის შემდეგ მან გადაინაცვლა "ქართული ოცნების" შტაბთან, სადაც კომენტარების ჩაწერას გეგმავდა. სწორედ ამ დროს დაესხნენ თავს მას და მის ოპერატორს.

“კიბეებზე ასვლას ვაპირებდი, მახსოვს, ბრბო წამოიწია ჩემკენ, 10-ზე მეტი ადამიანი იყო, ძალიან ბევრი. ყვირილი დამიწყეს, ოპერატორს დაარტყეს, ნუ ურტყამთ-მეთქი და ამის მერე, მახსოვს, უკვე ძირს ვეგდე”, – ამბობს ჟურნალისტი. 
"მთავარ არხთან" ჩართვაში მან ასევე აღნიშნა, რომ მას ფიზიკურად "ქართული ოცნების" შტაბის წინ უსწორდებოდნენ და ამ ყველაფერს ხედავდა პოლიციაც. 

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი კი იუწყება, რომ შემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა. 



სახალხო დამცველი და სამოქალაქო ორგანიზაციები ხელისუფლებას დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდებენ


მომხდარს გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს სახალხო დამცველი. განცხადებებში, რომელიც სამოქალაქო სექტორმა გაავრცელა, ნათქვამია, რომ იმისათვის, რომ არ წახალისდეს მსგავსი ძალადობა, შესაბამისმა უწყებებმა მომხდარი დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიონ.

"იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად და მოხდება პასუხისმგებელ პირთა სწრაფი იდენტიფიცირება. აღნიშნული მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება საზოგადოებრივი წესრიგისა და არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველმა გაავრცელა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარება საქართველოს მოქალაქეების უმთავრეს ინტერესს წარმოადგენს და ამის უზრუნველყოფის უმთავრესი ვალდებულება მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება.

"მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს უზრუნველყონ ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება", - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს გაიაზრონ მედიის როლი და არ წაახალისონ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გაავრცელა.   

მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს  კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" .  "მიგვაჩნია, რომ მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიება მნიშვნელოვნად შეამცირებს წინასაარჩევნო პერიოდში მედიისათვის გაზრდილ საფრთხეებს", - აცხადებენ კოალიციაში.

დაზარალებულ ჟურნალისტებს სამართლებრივ მხარდაჭერას უწევს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC). ორგანიზაციის განცხადებით,  ადვოკატი მარნეულის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის პროცესებს დღესვე დაესწრება.

საჭიროების შემთხვევაში, დაზარალებულებს სამართლებრივ დახმარებას გაუწევს "უფლებები საქართველოც", როგორც ეს მათ განცხადებაშია ნათქვამი. 
 


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ