"ჩვენ კი არ გადავიხარეთ, ხელისუფლებამ გადაკვეთა წითელი ხაზები" — საუბარი მერაბ მეტრეველთან, "პალიტრანიუსი" ხელისუფლების შეტევის შემდეგ
20.06.2023
"პრობლემაა, რომ ტელევიზიებიდან, რომელსაც ფლობენ, ან აკონტროლებენ პოლიტიკოსები, ინფორმაციის ნაცვლად პროპაგანდას ვიღებთ — ახალი ამბებისგან არსებითად განსხვავებულ მედიაპროდუქტს, რადგან პროპაგანდა, მედიის ფუნქცია არ არის", — გვითხრა მერაბ მეტრეველმა, ტელეკომპანია "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრას" პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანმა პოდკასტში, რომელშიც მედიასა და პოლიტიკაზე ვისაუბრეთ, — "ეს იმას ჰგავს, ვაშლი რომ იყიდო და მსხალი აღმოჩნდეს. მედია, ტვინის გამორეცხვის საშუალებად აქციეს, განსაკუთრებით, ხელისუფლებამ."



მიიჩნევს, რომ მედიაგარემოს პოლარიზება ხელისუფლების ინტერესშია, რადგან 2024 წლის არჩევნების წინ, მიზანია, პოლიტიკის მსგავსად, მედიაც ორ დომინანტურ ცენტრად დახარისხდეს, რადგან:
  • "ივანიშვილი ხვდება, რომ ნაციონალებს მარტივად ერევა და უნდა, ყველა "დაალაგოს" პრინციპით: ან ჩემკენ ხარ, ან მიშასკენ", — ამბობს მეტრეველი და ამას უკავშირებს მთავრობის მაღალჩინოსნების ბოლოდროინდელ შეტევას "პალიტრამედიაზე", მიზნით — შეავიწროოს ადგილი ნეიტრალური გამშუქებელი მედიისთვის.


"ქართული ოცნება" VS "პალიტრამედია" — რა მოხდა?

  • 2023 წლის 27 მარტს ინტერნეტპორტალმა, რომლის შინაარსი პროსახელისუფლებო კურსზე მიანიშნებს, დაუსაბუთებლად დაწერა, თითქოს, მათთვის "ექსკლუზიურად გახდა ცნობილი", რომ დავით კეზერაშვილმა, სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ახლა "ფორმულას" საკონტროლო პაკეტს ფლობს, "პალიტრა მედიას" დაფინანსება დაიწყო.
  • ამან მიიღო ტირაჟირების კამპანიის სახე სამთავრობო მედიარესურსებისა და მთავრობასთან დაკავშირებული ექსპერტების მხრიდან.
  • 28 მარტს, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, თქვა, რომ "ეს ტელევიზია [პალიტრანიუსი] ბოლო 2-3 თვის განმავლობაში თავისი სარედაქციო პოლიტიკით გახდა ფორმულა-2, ანუ კეზერაშვილის მეორე ტელევიზია."
  • იმავე დღეს, 28 მარტს, პალიტრამედიამ ოფიციალურ განცხადებაში გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამება და სიცრუე უწოდა.
  • 25 მაისს გამოქვეყნდა მთავრობის მხარდამჭერის, ფილოსოფოსის, ზაზა შათირიშვილის წერილი და "პალიტრანიუსის" სარედაქციო კურსს “ფსევდოშუაშისტური” უწოდა: "თუმცა, "ოცნება" ჩანაფიქრს მალევე მიხვდა და ახალ "ფორმულად" ქცეულ "პალიტრას" დროულად გაემიჯნა", — დაწერა მან.
წერილის ამ ნაწილში შათირიშვილს მხედველობაში აქვს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, ბოიკოტი გამოუცხადოს "პალიტრანიუსს", თითქმის ერთადერთ არასამთავრობო არხს, რომლის თოქ-შოუებშიც რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ მარტის აქციებამდე მონაწილეობდნენ.
  • ზაზა შათირიშვილის წერილის გამოქვეყნებას, დროში დაემთხვა ტელევიზიის მენეჯმენტის გადაწყვეტილება, პოლიტიკური თოქ-შოუს, კოკა კვირკველიას "დილის ნიუსრუმის" დახურვის შესახებ. ამან გააჩინა კითხვები, ხომ არ მოახდინა გავლენა მთავრობის შემტევმა კამპანიამ არხის საინფორმაციო პოლიტიკაზე.


“პირდაპირ ვთქვათ, შათირიშვილის პირით პალიტრას ბიძინა ელაპარაკება”, — გვითხრა არხის პოლიტიკური თოქშოუს წამყვანმა, მერაბ მეტრეველმა პოდკასტში მედიასა და პოლიტიკაზე.

მასთან ვისაუბრეთ,
  • რა არის "პალიტრის" სტრატეგია, ინარჩუნებდეს ნეიტრალური გამშუქებლის ნიშას;
  • რას ნიშნავს ნეიტრალური და ობიექტური ჟურნალისტიკა;
  • რა გავლენას ახდენს პროცესებზე პროპაგანდა, და საპირისპიროდ — კარგი მედია.


მედიაჩეკერი: რა ხდება დღეს პალიტრაში?
მერაბ მეტრეველი: რატომღაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ჩვენზე მოიტანოს შეტევა. არადა, ჩვენ ვიყავით ერთადერთი დამოუკიდებელი არასახელისუფლებო მედია, სადაც მთავრობაც დადიოდა და ოპოზიციაც.

მედიაჩეკერი: რის გამო მოსწონდა "ოცნებას" პალიტრა მაშინ, როდესაც თქვენს თოქ-შოუებში მოდიოდნენ?
მერაბ მეტრეველი: მიაჩნდათ, რომ მხარე არ ვართ.

მედიაჩეკერი: ახლა რა შეიცვალა? რატომ მიმართეს ბოიკოტს?
მერაბ მეტრეველი: მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პოლიტიკური წითელი ხაზები გადაკვეთა: დაიწყო ანტიდასავლური კამპანია, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხის საბოტაჟი, რუსული კანონის მიღება, ჩვენც, პალიტრის ჟურნალისტებს, როგორც თავისუფალ ადამიანებს, გვქონდა ჩვენი რეაქცია.

ზოგს ისე ესმის, თითქოს, ნეიტრალური ჟურნალისტიკა ნიშნავდეს, ჩუმად იყო და ხმას არაფერზე იღებდე. ჩემი აზრით, ეს ნიშნავს, გქონდეს პოზიცია ყველაფერზე. იმათგან [პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული მედიები] განსხვავებით, ერთი რომ მხოლოდ ოპოზიციას აკრიტიკებს და მეორე — მხოლოდ ხელისუფლებას, შენ ორივეს ცუდ საქციელზე გქონდეს რეაქცია.

იცით, რა განსხვავებაა ნეიტრალურ ტელევიზიებსა და არანეიტრალურ ტელევიზიებს შორის?
  • სამთავრობო მედიას მხოლოდ ოპოზიციის ცუდ საქციელზე აქვს პოზიცია, ოპოზიციას "აშავებს" და ხელისუფლებამ რაც გინდა ქნას, ან ხმას არ იღებს, ან "აპრავებს". ასევეა ოპოზიციურ მედიაშიც — კრიტიკული პოზიცია აქვთ ძირითადად, ხელისუფლების მიმართ. "მთავარს", "ფორმულას" და სხვებს რომ ჰკითხო, გეტყვიან, კრიტიკული მედია ვართო. რას ნიშნავს კრიტიკული? შერჩევითი ხარ და მხოლოდ ხელისუფლების მიმართ ხარ კრიტიკული? ოპოზიციასაც კი წაკბენენ-ხოლმე შიგადაშიგ მწვავე კითხვებით, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა.
  • როდესაც ნეიტრალური გამშუქებელი ხარ, შენი კრიტიკაც იმის შესაბამისია, როგორ იქცევიან პოლიტიკოსები. როცა ძალიან ცუდად იქცევიან, შენც უმატებ კრიტიკას და ახლა ისეთ რაღაცებს აკეთებს ხელისუფლება, ბუნებრივია, თუ ობიექტური მედია ხარ, მოვლენებს სახელი უნდა დაარქვა. იმის გამო, რომ პალიტრამ თავისი სახელი დაარქვა ხელისუფლების მცდელობას, მიეღო რუსული კანონი, გადაწყვიტეს, თქვენც ისეთივე რადიკალური მხარე გახდით, როგორც ოპოზიციური მედიაო.
უფრო მწვავე გახდა ჩემი კრიტიკა ფეისბუქზეც, და, ამის გამო, ვიღაცები მეუბნებიან, მერაბ, რატომ განაცდიო. მწვავე იმიტომ გავხდი, რომ ხელისუფლებამ მოუმატა სისულელეებს. ჩემი კრიტიკის სიმწვავე მათი ცუდი საქციელის პირდაპირ პროპორციულია. გადაკვეთეს წითელი ხაზი და მე ამას დავარქვი თავისი სახელი. ბევრი იმასაც ვარაუდობს, რომ ჩემი ეს მწვავე პოსტები გახდა პალიტრაზე ხელისუფლების თავდასხმის მიზეზი. პალიტრაშიც მარჩიელობენ…

მედიაჩეკერი: არა არხის შინაარსი, არამედ, პერსონალურად შენი პოსტების შინაარსი?
მერაბ მეტრეველი: ხო. ასევე, მაგალითად, მამუკა მდინარაძეს ჰქონდა პრეტენზია "ინტერპრესნიუსის" (*პალიტრამედიას საინფორმაციო სააგენტო) საპარლამენტო ჟურნალისტის, ნათია ინაურის კითხვებზე, შენც ისეთივე კითხვებს სვამ, როგორსაც მთავარი არხიო, ეჩხუბებოდა ამაზე ხშირად. აქედან დაიწყო კამპანია, ჯერ სტუმრად მოსვლაზე თქვეს უარი.

მედიაჩეკერი: როდიდან, მარტის აქციების შემდეგ?
მერაბ მეტრეველი: არა, მანამდე, როცა ანტიდასავლური პროპაგანდა დაიწყეს, და ბუნებრივია, პარლამენტში ნათია ინაურს გაუჩნდა კითხვები, ეთერში მე, ემა ტუხიაშვილს, კოკა კვირკველიას. ამას დაემატა ჩემი მწვავე ფეისბუქპოსტები. ეს ყველაფერი დაგროვდა და არ მოეწონათ…დაფიქრდნენ, რა ვქნათო და გადაწყვიტეს, ნაცად ხერხს მიმართონ და მიგვრიყონ იქით მხარეს, რომ თითქოს, ნაცები ვართ. პირდაპირ გამოაგდეს, კეზერაშვილის დაფინანსებულები ხართო. არადა, ჩვენთან უამრავი მასალა გამოქვეყნებულა მის დანაშაულზე, ყაჩაღს ვეძახდით…

მედიაჩეკერი: რაზე მიანიშნა პალიტრას ხელისუფლების ამ ბრალდებამ?
მერაბ მეტრეველი: მე ასე გავიგე, რომ მათთვის პალიტრა გახდა მიუღებელი და აქედან გამომდინარე, ჩვენ შევეცდებით თქვენს დისკრედიტაციასო. ეს შეიძლება ჯობია კიდეც იმას, რასაც პალიტრის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა, რადგან ჩვენ მათთვისაც, "ნაციონალური მოძრაობისთვისაც", მიუღებელი მედია ვიყავით. მაშინ, მიშა ღიად კი არ "დაგვეტაკა", შემოვლითი გზებით სცადა ჩვენი გაჩუმება და საგადასახადო შემოაგზავნა.


*სარედაქციო ჩანართი: 2011 წლის 7 ივნისს, როდესაც მთავრობას "ნაციონალური მოძრაობა" მართავდა, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო რევიზია "პალიტრა ჰოლდინგის" ერთდროულად ექვს სხვადასხვა ორგანიზაციაში შევიდა, რაც დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად შეფასდა.

ხელისუფლება ამბობდა, რომ პალიტრის კომპანიები რისკების მართვის კომპიუტერულმა პროგრამამ "ლოტოტრონის პრინციპით", შემთხვევით შეარჩია. მაშინ, მედიაჰოლდინგს მხარდაჭერა გამოუცხადეს ადგილობრივმა და საერთაშორისო არასამთავრობო სექტორმა, საელჩოებმა და ჟურნალისტებმა სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან. შემოსავლების სამსახურმა ფინანსური შემოწმების პროცესი თითქმის 6 თვის შემდეგ დაასრულა, მნიშვნელოვანი ხარვეზების აღმოჩენის გარეშე.


მედიაჩეკერი: იმდროინდელ პროცესში მნიშვნელოვანი იყო გამოხატული მხარდაჭერა, საელჩოების როლი.
მერაბ მეტრეველი: კი, ამერიკის საელჩომ გადაგვარჩინა. როდესაც ავტეხეთ ხმაური, რომ ხელისუფლებამ დახურვის განზრახვით შემოაგზავნა საგადასახადო, ამერიკის საელჩო ჩაერია. მიშა უსმენდა ამერიკის ელჩს და მათმა ჩარევამ იმოქმედა და გავიდნენ. ახლა სხვა სიტუაციაა, ამათ, "ქართულ ოცნებას", მტრად ჰყავს გამოცხადებული შეერთებული შტატების საელჩო. რაღაც რომ მოხდეს, ამერიკის ელჩიც ვეღარ გადაგვარჩენს. თუმცა, "ოცნება" ასეთ შემოვლით გზებს არ მიმართავს. რაკიღა ღიად დაგვარტყეს, შეიძლება, არ სცადონ ასეთი გზებით დახურვა.

მედიაჩეკერი: ხელისუფლების შემტევი კამპანიის გათვალისწინებით, როგორია თქვენი შანსები, შეინარჩუნოთ ნეიტრალურობის ნიშა? რა იქნება, თუ ხელისუფლების ეს თავდასხმა უფრო რადიკალურ ფორმებს მიიღებს?
მერაბ მეტრეველი: ერთადერთი, ხალხის იმედი გვრჩება. სააკაშვილს ამერიკის მაინც ეშინოდა და ამათ ამერიკაც ფეხებზე ჰკიდიათ, ლანძღავენ და შესაბამისად, ასე ვეღარავინ დაგიცავს. თუ გამოვა ხალხი, გამოვა არა მაინცდამაინც იმის გამო, რომ უყვარს, ან არ უყვარს პალიტრა, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ხელისუფლება თავისუფალ მედიასაც დაერია. ეს იქნება პირდაპირი მინიშნება, რომ დიქტატურისკენ მივდივართ, რასაც დიდი ხმაური მოჰყვება და ვერ გაბედავენ ამას.

მედიაჩეკერი: განვიხილოთ ზაზა შათირიშვილის წერილი. როდესაც ვსაუბრობთ შათირიშვილის წერილზე, ამ დროს ვაანალიზებთ მთავრობასთან დაახლოებული ერთი ფილოსოფოსის მოსაზრებებს, თუ?..
მერაბ მეტრეველი: მოდი, პირდაპირ ვთქვათ, შათირიშვილის პირით საუბრობს ბიძინა ივანიშვილი. პირდაპირ ჩანს, რომ ბიძინას ახმოვანებს. ვერ ვიტყვი, ბიძინა წერს-მეთქი. შეიძლება, ერთად საუბრობდნენ და შემდეგ ფორმას აძლევდეს შათირიშვილი, მაგრამ ჩემთვის ცალსახაა, რომ ბიძინა გველაპარაკება. ახასიათებს ბიძინას ამოჩემება, და როგორც ჩანს, ახლა პალიტრა ამოიჩემა.

მედიაჩეკერი: რაც არ არის პატარა ამბავი, საყურადღებო ამბავია. აღიქვამთ ჰოლდინგში ამას სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლად?
მერაბ მეტრეველი: ეს, რა თქმა უნდა, არის ზეწოლა და დისკრედიტაციის მცდელობა. დისკრედიტაციას იმიტომ ცდილობენ, რომ შენ თავი უხერხულად იგრძნო და შენს თავს ჰკითხო, მეც ხომ არ გადავაჭარბე, ან არასწორად ხომ არ გადავიხარე, ან სადმე მართლა ზედმეტი ხომ არ მომივიდაო. უნდათ, გაგვიჩინონ ასეთი ეჭვები, რადგან აქამდე თანამშრომლობდნენ და ახლა დაგვეჯახნენ. დაგვაფიქრონ, რა მოხდა, რა ვქენით ასეთი, და გაგვიჩინონ კომპლექსი: როდესაც ნეიტრალურობასა და ობიექტურობაზე გვაქვს პრეტენზია, უცებ, მართლა ხომ არ გადავიხარეთ ოპოზიციისკენ? ამაზე გვქონდა მსჯელობა შიგნით, მაგრამ მე ვამბობ, რომ ჩვენ კი არ გადავიხარეთ, ხელისუფლებამ გადაკვეთა წითელი ხაზები.

ობიექტურობა იმას კი არ ნიშნავს, არაფერს დაარქვა სახელი. თუ, მაგალითად, ტელეფონი არის შავი, ამაზე რომ იტყვი შავიაო, ეს არ არის ცალმხრივობა, რადგან შავია და უნდა თქვა, რომ შავია. და თუ ხელისუფლება ამაზე ამტკიცებს, რომ თეთრია და შენ გამოხვალ და იტყვი, ხელისუფლება ამბობს, შავია, ოპოზიცია ამბობს - თეთრიაო და მოდი, მაყურებელო, თქვენ გადაწყვიტეთ შავია თუ თეთრიაო, სასაცილო იქნება, რადგან ფაქტია, რომ ეს ტელეფონი შავია და მე მაქვს უფლება, ვთქვა, რომ შავია.

მედიაჩეკერი: ანუ, პალიტრასთან მიმართებით, ფსევდოშუაშისტური კლიშეს დამკვიდრების მცდელობის მიზანია, რადიკალურ მხარედ მოგნიშნოთ? აღარ ჯდება მთავრობის ინტერესში ნეიტრალური მედიის არსებობა?
მერაბ მეტრეველი: ეს საინტერესო თემაა და ჩვენთანაც გაჩნდა შიგნით ამაზე მსჯელობა, რომ რამეს ხომ არ გადავაჭარბეთ.ზოგს გაუჩნდა მოსაზრება, რომ კი, ძალიან მწვავეები გავხდით, რომ ამ ბოლო დროს სადღაც გადავიხარეთ და მათაც ვუხსნი, რომ ჩვენ კი არ გადავიხარეთ, ხელისუფლება გადაიხარა. წავიდა სადღაც, გაიჭრა, ერთი კი არა, რამდენიმე წითელი ხაზი გადაკვეთა.

პოზიცია, რომ ვერაფერს ხედავ, მხოლოდ თვალების დაბრმავება იქნება, რაც არ არის ობიექტურობა. მწვავე კითხვები არ იმატებს იმის გამო, რომ მხარე გახდი, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლების ცუდმა და სახელმწიფოს დამაზიანებელმა ქმედებებმა იმატა. ჩვენ, ყველა ვფიქრობთ, რომ დასავლეთის წინააღმდეგ შეტევა, რასაც ახლა აკეთებენ, დაუშვებელია. მესმის რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის და ვამბობ, რომ მოგყვებით ამაში, ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ რუსეთის არგაღიზიანება რატომ გულისხმობს ამერიკის გაღიზიანებას და ამერიკაზე თავდასხმას? რა საჭიროა? რა საჭირო იყო რუსული კანონის მიღება და ასე შემდეგ… ხომ უნდა დავსვათ ეს კითხვები.

და აი, შათირიშვილის წერილმა დაუსვა წერტილი ამ დავას, რაც ჩვენთან, შიგნითაც იყო. პირდაპირ გვითხრა, რატომ არ მოსწონთ პალიტრა:
  • ის პრეტენზია კი არ აქვთ, რომ ჩვენ მხარე გავხდით, ის პრეტენზია აქვთ, რომ მხარე არ ვართ — ეს არ მოსწონთ.
  • როგორც ჩანს, ბიძინას ახლა ძალიან გაუჭირდა და დაუბრუნდა 2012 წლის პოლიტიკას, როცა ამბობდა, შუა უნდა გაიკრიფოსო. უნდათ, ან ერთ მხარეს ვიყოთ, ან მეორე მხარეს. ვინც ნეიტრალურები ვართ და შუაში ვართ, აღარ მოსწონთ, აღარ აწყობთ. წერილით თქვეს, თუ ასე არ მოიქცევი, მიგრიყავ მეორე მხარეს და ფსევდოშუაშისტს დაგიძახებ, კეზერაშვილის დაფინანსებულსო.
  • ბიძინას იმიტომ არ აწყობს შუა, რადგან იცის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მარტივად ერევა. ამ არჩევნებზე კვლავ დასჭირდება მიდგომა: ან მე, ან - მიშა. და უნდა, ყველა დაალაგოს პრინციპით: ან ჩემკენ ხარ, ან მიშასკენ.

მედიაჩეკერი: არის ეს შანტაჟის ენა მედიასთან? რა პასუხი აქვს პალიტრას დღეს მთავრობის ამ შემოტევის საპასუხოდ? ოფიციალური განცხადება არ იყო მწვავე.
მერაბ მეტრეველი: ჩვენ არ ვუპასუხეთ თავდასხმას თავდასხმით, რაც, ვფიქრობ, სწორი პოზიციაა. მშვიდად შევხვდით, "მშრალი" პასუხი დავწერეთ, რომ რა სისულელეა, რომ არ ავყვებით ამას, არასერიოზულია, სასაცილოდაც არ გვყოფნის ეს ბრალდება.

ჩვენ, ამ შემთხვევაში, ამას შევხედეთ ასე, რომ ეს არის ჩვენზე თავდასხმა, დისკრედიტაციის მცდელობა, მაგრამ ჩვენი, როგორც მედიის მიზანი არ არის ვიბრძოლოთ ვინმეს წინააღმდეგ და ვინმეს თავს დავესხათ, ეს განგვასხვავებს ჩვენ ე.წ. ოპოზიციური მედიისგან, იმიტომ, რომ ისინი ღიად პოზიციონირებენ ასე, რომ ჩვენ ვართ მებრძოლები, ჩვენ უნდა დავამარცხოთ ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას ანგრევს და ეს მათი უფლებაა.

ჩვენი მიზანი არ არის ვიღაცას ვებრძოლოთ, ჩვენი მიზანია ვთქვათ სიმართლე. უბრალოდ, აქ გაჩნდა კითხვა, ეს სიმართლის თქმა რას გულისხმობს. კიდევ ვიმეორებ, რაღაცებზე სახელის არ დარქმევას? მე მიმაჩნია, რომ პირიქით - უნდა თქვა, დაარქვა სახელი. ამიტომ არ დავიწყეთ იქით შეტევა ხელისუფლებაზე. ჩვენ არავის ვებრძვით.

მედიაჩეკერი: ეს იყო თქვენი განცხადების სირბილის არსი?
მერაბ მეტრეველი: ხო, ჩვენ დატაკება არავისთან გვინდა.

მედიაჩეკერი: მაგრამ ამას არ შეუცვლია შედეგი; ისინი არ მობრუნებულან თქვენს თოქ-შოუებში.
მერაბ მეტრეველი: არა, არა, პირიქით.

მედიაჩეკერი: შეიძლება, რაიმე კავშირში იყოს კოკა კვირკველიას დილის პოლიტიკური გადაცემის დახურვა, შათირიშვილის წერილთან? ძალიან ემთხვევა ეს გადაწყვეტილება დროში. მენეჯმენტი ამბობს, რომ ეს, რეორგანიზაციის გამო მოხდა.
მერაბ მეტრეველი: მე მენეჯმენტს არ წარმოვადგენ. საბოლოო ჯამში, ჩვენც, შიგნითაც გაგვიჩნდა კითხვები. ბუნებრივია, გვქონდა ამ თემის გარჩევა, მაგრამ მენეჯმენტი, როგორც ოფიციალურად, ისე ჩვენთან საუბარში, აბსოლუტურად უარყოფს ამ კავშირს. უბრალოდ, ასე დაემთხვა დროში.

გადაწყვეტილების პოლიტიზებულების ლოგიკას ვერც მე ვხედავ, რომ თითქოს, გადაცემის დახურვის მიზეზი კოკასთან ვიქტორ ყიფიანის (*ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი) სტუმრობა გახდა, რომელმაც ეთერში უთხრა, თეორიულად არ გამოვრიცხავ მომავალში პოლიტიკაში მოსვლასო და თითქოს, ამის გამო ახტა-დახტა ბიძინა თუ შათირიშვილი და სულ ფსევდოშუაშისტი ეძახა. ეს რატომ შეიძლება იყოს კოკას ბრალი, რა ლოგიკაა ამაში? ამის გამო რატომ უნდა გაეშვათ კოკა? ან რა კოკას გადასაწყვეტია, რას იტყვის სტუმარი პირდაპირ ეთერში. რაღაც ხელჩასაჭიდი ხომ უნდა იყოს, რომ კოკას რაღაც ისეთი ექნა, რის გამოც, შეიძლება, მას პოლიტიკური თვალსაზრისით მოედავო. ასე, ყოველ დღე მოდიან ჩვენთან ოპოზიციის წარმომადგენლები და ათას რამეს ამბობენ. მე ხომ ვერ ვაგებ მათ ნათქვამზე პასუხს? პასუხისმგებელი ვარ სტუმართან იმაზე, რომ დისკრედიტაცია არ მოახდინოს ვინმესი, ან არ მოიხსენიოს არაკორექტულად, და თუ ასე მოიქცევა, შევაჩერო.

მენეჯმენტი ამბობს, რომ დიდი ხანია, პრეტენზია აქვთ ამ გადაცემასთან, რეიტინგის, თუ რაღაც, დაახლოებით, ასეთის.

მედიაჩეკერი: დავაზუსტოთ — პალიტრანიუსი, ოფიციალურად, არ არის რეიტინგების მთვლელი კომპანიების კლიენტთა შორის, და შესაბამისად, რეიტინგის არგუმენტი არ არის მისაღები გადაცემის ავტორისთვის…
მერაბ მეტრეველი: კი, შეიძლება ეს იყოს არხის მფლობელის სუბიექტური შეხედულება, რომ რაღაც მიზეზით არ მოსწონდა გადაცემა, რასაც შეიძლება, ან დაეთანხმო, ან - არა, და ამას არ ეთანხმება კოკა, მაგრამ ის ჩვენგან არ წასულა და რადიოში მიჰყავს გადაცემა.

მედიაჩეკერი: ბევრს ვსაუბრობთ მედიის პრობლემებზე, რაშიც თავისი როლი აქვს ხელისუფლების მიზანმიმართულ კამპანიებს, პრესაზე შემტევ პოლიტიკას, რაც მიზნად იმასაც ისახავს, ჟურნალისტების მიმართ ნდობა შეასუსტოს. გვითხარი, რა სიკეთე მოაქვს კარგ ჟურნალისტიკას ქვეყნისთვის?
მერაბ მეტრეველი: პირველ რიგში, ტოქსიკური გარემოს შემცირება მოაქვს. როდესაც მედიის ფუნქცია არის პროპაგანდა და არა — ინფორმაციის მიწოდება, საბოლოოდ, ის ტოქსიკურია. პროპაგანდა მხოლოდ იმას კი არ გულისხმობს, რომ ვისკენაც შენ ხარ, ის წარმოაჩინო კარგად. უფრო მეტად იმაზეა მომართული, რომ მოწინააღმდეგე "გააშავო", დაარტყა. ალბათ, ბევრს წაუკითხავს ჯორჯ ორუელის "1984", იქ არის ზუსტად "სიძულვილის ორწუთეულები" — ყოველდღე უნდა აგინო ორი წუთი ოპოზიციას და შეაძულო მოსახლეობას და აქ, ორი წუთი კი არა, სახელისუფლებო არხი დილიდან საღამომდე აგინებს ხელისუფლებას, და ოპოზიციური — მთავრობას. ნორმალური ჟურნალისტიკა კი, დაცლილია ამისგან.

მიმაჩნია, ამ მედიაგარემოში, საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ იყოს დამოუკიდებელი მედიასაშუალება, მას ექნებოდა შესაძლებლობა, საკუთარ თავზე აეღო ფლაგმანის როლი. და პრობლემას ვხედავ მაყურებლის ქცევაშიც, ხელისუფლების მომხრე თუა, გულს იფხანს იმით, როგორ ლანძღავენ სახელისუფლებო არხები მიშას, ოპოზიციის მომხრე — ოპოზიციურს უყურებს, ასევე, გულის მოსაფხანად. ნეიტრალური და ობიექტური მედია არ აინტერესებთ.

მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე
altaltalt


ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ