საიდან მოდიან ანტივაქსერები
17.08.2021


1796 წელს, ინგლისელმა მკურნალმა, ედვარდ ჯენერმა აღმოაჩინა, რომ თუ ადამიანებს სხეულში ძროხის ყვავილით დაავადებულ ქსოვილს შეუყვანდა, ისინი ყვავილის მომაკვდინებელი დაავადების მიმართ იმუნიტეტს გამოიმუშავებდნენ.

ამ აღმოჩენით მან თანამედროვე ვაქცინაციას დაუდო სათავე. თუმცა ამ ვაქცინას მისი შექმნის დღიდანვე ჰყავდა მოწინააღმდეგეები. მე-19 საუკუნის ბოლოს ვაქცინაციის წინააღმდეგ ინგლისში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებიც ეწყობოდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ზურაბ ალხანიშვილი ამბობს, რომ მაშინაც არსებობდა დაახლოებით იგივე ტიპის მოსაზრებები, შეხედულებები და მითები რომელსაც ვხვდებით დღეს. მაშინაც ეგონათ ადამიანებს რომ ეს იყო რაღაც იარაღი, რომელიც რაღაც კონკრეტული მიზნებისთვის გამოიყენებოდა.

თითქმის 2 საუკუნის წინანდელ ყვავილის ვაქცინის მოწინააღმდეგეთა ბროშურაში მსგავს ტექსტებს შეხვდებოდით:
  • ვაქცინაცია არ გვიცავს ყვავილისგან.
  • ვაქცინაცია იწვევს სხვა დაავადებებს.
  • ვაქცინაცია არ ამცირებს ყვავილისგან სიკვდილის რისკს.
  • სავალდებულო ვაქცინაცია არის პირადი თავისუფლების შელახვა.

ამ არგუმენტების გასამყარებლად კი მაშინაც ფსევდო სამეცნიერო წყაროები მოჰყავდათ.

ყველაფერი საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ დღეს ვაქცინაციის დამსახურებით, ყვავილის დაავადება აღარ არსებობს.

რატომ შემორჩნენ ანტივაქსერები დღემდე?

ყვავილის ვაქცინის გამოგონებამ გზა გაუხსნა მეცნიერებს, სხვა მრავალი დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინების შესაქმნელად. მაგალითად, 1971 წელს შექმნილმა წითელას, წითურასა და ყბაყურას კომბინირებულმა ვაქცინამ ეს დაავადება 2000 წლისთვის თითქმის გააქრო.

მაგრამ 20 წლის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი თავიდან გავრცელების საშიშროება დადგა. 2019 წელს გამოვლენილი 1300-მდე შემთხვევიდან 89% აუცრელი იყო.

ზურაბ ახანიშვილი ამბობს, რომ ყველგან არის რაღაც ინტერესი: “ეს თუ არ არის დიდი კამპანიური ხასიათის და კამპანიური ინტერესი არ დგას, მტერ სახელმწიფოებს ვგულისხმობ, აქ უკვე დგას კონკრეტული ადამიანების ინტერესები” ამის კარგი მაგალითია ყოფილი ექიმი, ენდრიუ ვეიკფილდი, რომელსაც 2010 წელს ლიცენზია ჩამოერთვა ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო.

1998 წელს მან 12 თანაავტორთან ერთად პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ამტკიცებდა, წითელას, წითურას და ყბაყურას კომბინირებული ვაქცინა აუტიზმს იწვევსო.

შედეგად კი მივიღეთ ახალი ანტივაქსერული მოძრაობა, რომლის იდეებსაც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც კი იზიარებდა. ეს კი, იმის მიუხედავად, რომ 1998 წლის შემდეგ, მილიონობით ადამიანზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა კავშირი mmr ვაქცინასა და აუტიზმს შორის, ხოლო ჟურნალმა ლანცეტმა ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიში მოიხადა.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ვეიკფილდის კვლევა დააფინანსეს ადვოკატებმა, რომლებსაც სასამართლო დავა ჰქონდათ ვაქცინის მწარმოებლების წინააღმდეგ.


alt

კოვიდ-19-ის მოწინააღმდეგეების არგუმენტები


კოვიდ-19-ის ვაქცინის მოწინააღმდეგეებმა და სკეპტიკოსებმა პანდემიის გავრცელებისთანავე საუბარი დაიწყეს იმით, რომ კორონავირუსი მოგონილი მითია და არ არსებობს, რომ ეს 5G „დამღუპველი ტექნოლოგიის“ დანერგვის მცდელობაა და ა.შ. მაგრამ როდესაც ეს არგუმენტები უშედეგო აღმოჩნდა, ვაქცინის წინააღმდეგ ფსევდო სამედიცინო მტკიცებაზე გადავიდნენ, რომ ვირუსი კი არსებობს, მაგრამ ვაქცინები სანდო არ არის.

კოვიდ-19-ის ვაქცინის საწინააღმდეგოდ ანტივაქსერების ერთი მთავარი არგუმენტია, რომ ის უპრეცენდენტოდ სწრაფად შეიქმნა.

რეალურად, ვაქცინის შექმნას საშუალოდ მართლაც 10-15 წელი სჭირდება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კორონავირუსების ჯგუფს მეცნიერები ათწლეულებია იცნობენ და იკვლევენ.

კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები ბოლო 20 წლის განმავლობაში ორჯერ გავრცელდა: 2003 წელს მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის, ანუ სარსის და 2012 წელს ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის ანუ მერსის სახით. 2019 წლიდან კი კოვიდ-19 იმდენად სახიფათოდ სწრაფად ვრცელდებოდა, რომ მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსთვის პირველი პრიორიტეტი გახდა.

თუ ვაქცინების დამზადებაში საშუალოდ 30-დან 70 მილიონამდე დოლარი იხარჯება, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობისთვის მხოლოდ სახელმწიფოებმა 93 მილიარდი ევრო გამოყვეს და ეს თანხა კიდევ იზრდება.

ავტორი : 64;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ