კომუნიკაციების კომისიის
ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში, ტელევიზიებმა
კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 29.3 მილიონი ლარი მიიღეს,
რომლის 85%
ოთხ სამთავრობო არხზე: „იმედი“, „რუსთავი2“,
„ჯი-დი-ეს“ და „პოსტვ“ მოდის.
სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი - 14.4 მილიონი ლარი ივლისი-სექტემბრის პერიოდშიც „ტელეიმედს“ ჰქონდა. ამ პერიოდში 6.7 მილიონი ლარის კომერციული შემოსავალი მიიღო „რუსთავი 2“-მა. „ჯი-დი-ეს თი-ვის“ სარეკლამო შემოსავალი 2.1 მილიონ ლარს გაუტოლდა, „პოსტვ“-ის კი - 1.9 მილიონს. მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში 1.4 მილიონი ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღო „ტელეკომპანია პირველმა“, 0.8 მილიონი ლარი კი - „ფორმულამ“.
კომუნიკაციების კომისიამ გამოაქვეყნა ტელევიზიების დამფინანსებლების TOP ათეულიც:
„იმედი“
სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ რეკლამის დამკვეთი კომპანიები, რომლებმაც არხს 2025 წლის III კვარტალში 500 000 ლარზე მეტი გადაუხადეს, იყვნენ: „მეამა“, „შპს სმარტ კაპიტალ ქონსალთენს“ და „შპს ორბი ჯგუფი მილენიუმ“. „იმედს“ 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე რეკლამა დაუკვეთეს: „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“, „ვიმ ბილ დან საქართველომ“, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ“, „პსპ ფარმამ“, „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიამ“, „აიდიეს ბორჯომი თბილისმ“ და „ნესტლე საქართველომ“.
„რუსთავი 2“
„რუსთავი 2“-ს (მედია ჰოლდინგი) სარეკლამო დროში 500 000 ლარზე მეტი გადაუხადა „მეამამ“, 100 000-დან 500 000 ლარის ფარგლებში - „შპს ორბი ჯგუფი მილენიუმმა“ და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“. 50 000-დან 100 000 ლარამდე გადაიხადეს: „ავერსი ფარმამ“, „ვიმ ბილ დან საქართველომ“ და „აიდიეს ბორჯომი თბილისმა“. 7 000-დან 50 000 ლარამდე დახარჯეს: „პსპ ფარმამ“, „ჯი ემ ფარმასიუთიქალსმა“, „მაგთიკომმა“ და „საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ“.
„ჯი-დი-ეს“
ტელეკომპანია „ჯი-დი-ეს“-ს რეკლამაში 500 000 ლარზე მეტი გადაუხადეს „მეამამ“ და „შპს სმარტ კაპიტალ ქონსალთენსმა“. 100 000-დან 500 000 ლარამდე დახარჯა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“. კომპანიები კი, რომლებმაც მაუწყებელს სარეკლამო დროში 7 000-დან 50 000 ლარამდე გადაუხადეს, იყვნენ: „ვიმ ბილ დან საქართველო“, „აიდიეს ბორჯომი თბილისი“, „GlaxoSmithKline Consumer Healthcare Sp. z o.o“, „კოლგეიტ პალმოლივი“, „ლაქტალის ჯორჯია“, „ნესტლე საქართველო“ და „იაკობზ დაუ ეგბერტს საქართველო“.
„პოსტვ“
comcom-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „მეამამ“ სამთავრობო „პოსტვ“-ის 2025 წლის III კვარტალში 500 000 ლარზე მეტი გადაუხადა. Analitycs.comcom-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით კი, „მემამ“ არხს 100 000-დან 500 000-მდე ღირებულების რეკლამა დაუკვეთა.
„პოსტვ“-ის 100 000-დან 500 000-მდე ლარის ფარგლებში გადაუხადეს კომპანიებმა: „შპს ბუმბა“, „შპს ჯეოკეპი“, „ვისოლ ავტო ექსპრესი“, „შპს ბუნებრივი აირი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ და „სტერეო +“. „შპს სოლუშენ გრუპმა“ და „ტიფლის ფაბმა“ სარეკლამო დროში 50 000-დან 100 000 ლარამდე გადაიხადეს, 7 000-დან 50 000 ლარამდე კი - „შპს ჩემი ნენამ“.
„TV პირველი“
ComCom-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, „TV პირველის“ დამკვეთ კომპანიებს, რომლებიც მაუწყებლის სარეკლამო დროს 100 000-დან 500 000 ლარის ფარგლებში ყიდულობდნენ, „შპს მერკადო“ და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ წარმოადგენდნენ. 50 000-დან 100 000 ლარამდე კი „პსპ ფარმა“ და „შპს გეოპლანტი“ იხდიდნენ. ამავე პერიოდში, 7 000-დან 50 000-მდე ლარი „ალტა რითეილერმა“, „ვაზისუბნის მამულმა“, „შპს პირველმა მეღვინეობამ“, „სილქნეტმა“, „შპს ეკო ინვესტმა“ და „ნოვამ“ დახარჯეს.
„ფორმულა“
ტელეკომპანია „ფორმულას“ რეკლამაში 100 000-დან 500 000
ლარის ფარგლებში გადაუხადა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“, 50 000-დან
100 000-მდე ლარის ფარგლებში კი - „შპს გეოპლანტამ“, „ვაზისუბნის
მამულმა“ და „პსპ ფარმამ“. კომპანიებმა: „თიბისი ბანკი“, „შპს
მერკადო“, „მაგთიკომი“, „შპს ელდრაივი“, „პრო მედია“ და „საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისია“ „ფორმულას“ რეკლამაში 7 000-დან 50 000
ლარამდე გადაუხადეს.
-----------------------
საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა
რთულ გარემოში უწევს. „ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო
მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების საფუძველზე,
კომუნიკაციების კომისიამ „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების
შეწყვეტა
დაავალა ტელე და რადიო მაუწყებლებს: „ფორმულა“, „ფორმულა
მულტიმედია“, „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“(რადიო „მარნეული),
„რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“.
„ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე ComCom-მა „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ სამართალდამრღვევებად ცნო კრიტიკული ტელევიზიები. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა.

