კომუნიკაციების კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევ საკონკურსო კომისიაში არიან: ნუგზარ რუხაძე, ჟურნალისტი, POSTV-ის დირექტორი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში; ზურაბ ტაბიძე, შპს „ალტას“ დამფუძნებელი; თალიკო ჟვანია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი.
ირაკლი კობახიძემ ამ შემადგენლობით ComCom-ის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია 17 ნოემბრის ბრძანებით შექმნა. ნუგზარ რუხაძე, ზურაბ ტაბიძე და თალიკო ჟვანია კანდიდატების განცხადებებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით, მთავრობას რეკომენდაციას არანაკლებ 3 კანდიდატის შესახებ წარუდგენს. მთავრობა კანდიდატებს პრეზიდენტს წარუდგენს, პრეზიდენტი კი - პარლამენტს.
კომუნიკაციების კომისიის წევრობა ვლადიმერ ტატიშვილს, გოგა გულორდავასა და ილია მიქელაიშვილს სურთ. კომისიაში უფლებამოსილების ვადა მის თავმჯდომარეს, კახი ბექაურს ეწურება.
ვლადიმერ ტატიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი იყო. მან თანამდებობა 1 სექტემბრიდან, მის ადგილზე კონკურსის გამოცხადების შემდეგ, დატოვა. ტატიშვილს დირექტორობის ვადა ნოემბერში ეწურებოდა. ის მიმდინარე წლის 3 სექტემბრიდან საქართველოს კულტურის სამინისტროს სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორის მოადგილეა.
გოგა გულორდავა 2016 - 2020 წლებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო. ის 2023 წლიდან დღემდე სამთავრობო ტელეკომპანია „იმედში“ შრომითი ხელშეკრულების ფინანსური მონიტორინგისა და აუდიტორულ-საკონსულტაციო საქმიანობას ეწევა. გულორდავა არის შიდა აუდიტის დირექტორი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში”.
ილია მიქელაიშვილი შპს „პირველისა“ და „მედიაჰაბი სეილსჰაუსი“ დამფუძნებელი და დირექტორია.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, კომუნიკაციების
კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და
ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, ფინანსების, საჯარო
ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული
კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული
აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ
შორის, მმართველ თანამდებობაზე - არანაკლებ 3 წლისა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისია 5 წევრისგან შედგება, მათი
უფლებამოსილების ვადა 6 წლითაა განსაზღვრული. პირის კომისიის წევრად
არჩევა 2-ზე მეტი ვადით არ შეიძლება. კომისიის თავმჯდომარეს კი ფარული
კენჭისყრით კომისია საკუთარი შემადგენლობიდან, 3 წლის ვადით
ირჩევს.

