კატეგორია: ბლოგი
ჩვენ პოლიტკორექტულობის ეპოქაში ვცხოვრობთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სანამ პირს გავაღებთ, უნდა დავფიქრდეთ, რამდენი ადამიანი შეიძლება დარჩეს ჩვენი ნათქვამით შეურაცხყოფილი. ვინაიდან ეს მიდგომა ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი მთავარი ნიშანია, ბევრი ადამიანი, მედია საშუალება, პოლიტიკური პარტია და სხვანი მართლაც ცდილობენ საკუთარი ენის კონტროლს. ამ პირობებში კი სანახაობას დახარბებული აუდიტორია სწრაფად იკლებს და გართობის ალტერნატიულ წყაროებს ეძებს. ყოველივე ამის ფონზე სხვადასხვა ტელე-შოუებს ისეთი ხერხების მოძებნა უწევს, რომელიც მათ შემქმნელებს სინდისის ქენჯნისგანაც გაათავისუფლებს და პოლიტკორექტულობასაც, როგორც ცივილიზებულობის ნიშანს შეინარჩუნებს.

იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებს სანახაობა ყოველთვის გვწყურია, სხვადასხვა სტიგმის მქონე სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი პირები ხშირად ხდებიან სიბრალულის, მაგრამ ამავდროულად დაცინვის ობიექტები. ნებისმიერი კლოუნადა, რომელიც ბავშვთა გასართობ ღონისძიებებზე გამოიყენება, სათავეს სწორედ დაბნეული, არაადეკვატურად წოდებული პიროვნებების გაშარჟებიდან იღებს სათავეს. შესაბამისად, ჩვენ ბავშვობიდანვე ვსწავლობთ, რომ ადამიანი, რომელიც გროტესკისა და უბრალოდ დაბნეულობის ზღვარზეა, სასაცილოა და მისი არსებობა კომედიურ ჟანრს მიეკუთვნება.

ქართველ ერს უკვე წლებია გვაქვს „ბედნიერება", რომ ყოველ სეზონზე წამყვანი ტელეარხებისგან მივიღოთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედია-პროდუქტების ქართული ვარიანტები. "ჯეოსტარი", "ნიჭიერი", "X-ფაქტორი" და ახლა უკვე "მხოლოდ ქართული" საიმონ კოუელის მიერ შექმნილი ბრიტანული და ამერიკული ორიგინალების რეპლიკებია. ეს გადაცემები, როგორც ორიგინალები, ისე ქართული ვარიანტები, საუკეთესო პლატფორმებია აუდიტორიისათვის კლოუნადის ისე მიწოდებისთვის, რომ პოლიტკორექტულობის ჩარჩოები ძალიან უხეშად და შესამჩნევად არ დაირღვეს.

ეს მეგაშოუები, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოპულარობას არ კარგავს და მილიონობით მაყურებელი ჰყავს, ორ მარტივ ხერხს იყენებს - ერთი, მაყურებელს შეექმნას ილუზია, რომ ადამიანი თავისი გადაწყვეტილებითა და არჩევანით მივიდა ამ შოუში მონაწილეობისათვის და მეორე, მისი უდიდებულესობა, მონტაჟი.

მონტაჟი არის ის, რაც განსაზღვრავს დროს, რომელსაც ჩვენ ვუთმობთ კონკრეტული ამბის ყურებასა და მოსმენას. ის არის ხერხი, რომლითაც შოუს შემქმნელები მოქმედებენ ჩვენს ემოციებზე. მონტაჟი მით უფრო კარგი და ხარისხიანია, რაც უფრო კარგად იცნობს რეჟისორი საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს, რწმენა-წარმოდგენებსა და ფობიებს. შესაბამისად, ავსტრალიის რომელიმე მსგავს შოუში, სულ რომ თავისი ფეხით მისულიყო ქალის სამოსში გამოწყობილი მამაკაცი, გაცილებით უფრო წარუმატებელი იქნებოდა მისთვის დიდი დროის დათმობა, ვიდრე საქართველოში. ამ შოუების დამდგმელმა იცის, რომ ქართველს ყოველთვის დააინტერესებს მისი ფობიებისა და ამავდროულად დაცინვის ობიექტის ნახვა საკუთარი ტელევიზორის ეკრანზე, შესაბამისად, ამ პერსონაჟებს იმაზე მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კონკურსის საშუალო სტატისტიკურ მონაწილეს (ბევრი მათგანი საერთოდ არც ხვდება საბოლოოდ დამონტაჟებულ მასალაში).

ყოველივე აქედან გამომდინარე, კულტურული კონტექსტის გათვალისწინება სასიცოცხლო როლს თამაშობს ამ შოუების წარმატებულობაში. თუმცა არის ერთი კითხვა, რომელზე პასუხიც არც ისე ექსპლიციტურია - რა არის ის ნიშანი, რომელიც კულტურული კონტექსტის მიღმაა, ნიშანი, რომელიც შეიძლება გახდეს ადამიანის დაცინვის მიზეზი და ამით პოლიტკორექტულობის ჩარჩოები არ დაირღვეს? პასუხი კი იმ კულტურულ კონტექსტებს, სოციალურ განწყობებსა და ფობიებში შეიძლება ვიპოვოთ, რომელიც ამა თუ იმ საზოგადოებას ახასიათებს.

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საერთაშორისო გამოცემა წერს იმის შესახებ, თუ რა სახის პრობლემები შეექმნათ, მაგალითად, აუტიზმის მქონე ადამიანებს, რომლებიც დამცირებისა და დაცინვის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ ამ შოუებში მონაწილეობის გამო, საიმონ კოუელი და მისი ქართული თუ სხვა ეროვნების განსახიერებები იმავეს აგრძელებენ.

ამის ნათელი მაგალითი იყო 2018 წლის 9 აპრილს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "მხოლოდ ქართულში", ერთ-ერთი მონაწილის გამოსვლა. ქალი, რომელიც ფუფალას არქეტიპის გაცოცხლებაა, მისი ქოლგით მოდის გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად და რომელსაც ერთდროულად სევდიანი, მაგრამ სასაცილო ისტორია აქვს მოსაყოლი. ის მამაკაცზეა შეყვარებული, რომელმაც სხვა მოიყვანა ცოლად. ამ ისტორიას ჯერ სევდისმომგვრელი მუსიკალური ფონი აქვს, შემდეგ კი საიმონ კოუელის ქართული განსახიერების შეწუხებული სახე.

მთელი ეს სცენა, კლასიკური მაგალითია იმისა, რაც ზემოთ აღვწერეთ. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ წარსული გამოცდილებისგან განსხვავებით, წელს ეს კონკრეტული კონკურსანტი ჟიურისა და ფილარმონიის დარბაზში მსხდომი ათასობით ადამიანის დაცინვას გადაურჩა. არ ვიცი ეს რამდენად არის წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გადაცემის მაყურებლის დიდი ნაწილი მოუთმენლად ელოდება ხოლმე ე.წ. კასტინგის ყურებას, რადგან ამ პროცესში რაც უფრო მეტი მსგავსი მონაწილე იქნება ნაჩვენები, მით უფრო მეტს იცინებს მაყურებელი და მით უფრო მოიმატებს მათი რიცხვი.

საბოლოოდ, ამ მეგაშოუებმა მოახერხეს პოლიტკორექტულობის ჩარჩოების დარღვევა და იმ ილუზიის შექმნა, რომ ადამიანები თავისი ნებით მიდიან ამ გადაცემებში და მათ წინასწარ იციან თუ რისთვის არიან ისინი განწირული. სწორედ ამ "თავისუფალი არჩევანით" ამართლებენ ადამიანების დაცინვას, რომელიც უკვე წლებია ამ გადაცემებში დამკვიდრებული პრაქტიკაა.
კატეგორია: ბლოგი
გასულ წლებთან შედარებით 2017 წლის 17 მაისი ქართული ტელესივრცისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა აღმოჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არნახული უსაფრთხოების ზომების დაცვით, კონსპირაციულად მიგვიყვანა საქართველოს კანცელარიის შენობასთან, ექსცესები და დაპირისპირება არ ყოფილა. ჩვენი თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე, მშვიდობიანად ჩატარებული ერთსაათიანი აქცია, ქართველი ჟურნალისტებისათვის სეირის ჩვენების შანსი ვერ გახდა. მიუხედავად ამისა, კანცელარიასთან მისულებს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მთელი არმია დაგვხვდა. ყველა გამალებით ელოდა თუ როგორი ადამიანები ჩამოვიდოდნენ ყვითელი სამარშრუტო ტაქსებიდან, რომ მათი ჩაცმულობა და სახეები რაც შეიძლება ახლო კადრით გადაეღოთ.

რესპონდენტების შერჩევაც ძირითადად, ამ კრიტერიუმით მოხდა. ტრანსგენდერ ქალებსა და შედარებით არანორმატიულად ჩაცმულ ადამიანებზეც დიდი მოთხოვნა იყო (რაც ცუდი სულაც არ არის). ყველა ჟურნალისტი ცდილობდა მათგან აეღო ინტერვიუ.

17 მაისს დღის ეთერში ლგბტ უფლებებზე საუბარსა და აქციის გაშუქებას სხვადასხვა ტელევიზიამ განსხვავებული დრო დაუთმო. მაგალითისთვის, რუსთავი 2-მა მხოლოდ კურიერის დრო გამოიყენა. იქიდან გამომდინარე, რომ აქცია დილის 10 საათზე გაიმართა, დილის “კურიერიდან” საღამოს 9 საათიანი “კურიერის” ჩათვლით, მცირე ლაივი და ერთი სიუჟეტი მიუძღვნეს აქციის გაშუქებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსთავი 2-ისთვის 17 მაისის თემა სხვა პოლიტიკურმა თემებმა გადაფარა და ის “კურიერის” საინფორმაციო ბადეში მხოლოდ მესამე თუ მეოთხე იყო რიგში. ამასთან, მიუხედავად 17 მაისის მასშტაბურობისა, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის, ასევე “ოჯახის სიწმინდის დღის” თვალსაზრისით, ამ ტელევიზიამ „კურიერის“ გარდა, სხვა გადაცემებში დრო არ დაუთმო. “სხვა შუადღეში” კი ეკოლოგია უფრო მნშვნელოვანი საკითხი აღმოჩნდა, ვიდრე ათასგზის მარგინალიზებული და ჩაგრული სოციალური ჯგუფის უფლებები.

რუსთავი 2-ისგან განსხვავებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა “მოამბეში” შედარებით ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა აქციის გაშუქებას. ამ სიუჟეტს პირველი ადგილი ეკავა 12 საათიან გამოშვებაში. დანარჩენ შემთხვევებში კი ზემოთ ხსენებული ტელევიზიის მსგავსად, ყველა სხვა საინფორმაციო გამოშვებაში მესამე ან მეოთხე ამბად იყო ნაჩვენები. ამასთან, არც ერთ სხვა გადაცემაში საკითხი არ გაშუქებულა. აღსანიშნავია ისიც, რომ 19 მაისს გადაცემა “რეალური სივრცე” სწორედ ჰომოფობიაზე საუბარს დაეთმო. ეთერში ლგბტ აქტივისტები იყვნენ მიწვეული და მათ საშუალება მიეცათ ესაუბრათ ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზე საქართველოში.

ტელეკომპანია “იმედმა,” მისი კონკურენტებისგან განსხვავებით, 17 მაისს უფრო მეტი დრო დაუთმო. ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია გაშუქებული იყო “ქრონიკის” ყველა გამოშვებაში. დილის “ქრონიკაშიც” ამ ამბავს პირველი ადგილი ეკავა. სხვა ქართული მაუწყებლებისგან განსხვავებით, “იმედის დღის” ეთერში მიიწვიეს ლგბტ აქტივისტები. მათ საშუალება მიეცათ, უფრო ფართო მსჯელობა გაემართათ ჰომოფობიის საკითხზე. მიუხედავად იმისა, რომ “იმედის დღის” წამყვანები თემატიკის საფუძვლიანად ცოდნით არ გამოირჩეოდნენ და ადამიანის უფლებებზე საუბარი, მაინც ეკლესიის აპოლოგიით დაიწყეს, მათი მცდელობა მაინც დასაფასებელია.

სხვა ქართული არხებისგან განსხვავებით, ტელეკომპანია “პირველმა” ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციაც გააშუქა და გადაწყვიტა, აზრი პოლიტიკოსებისთვისაც ეკითხა. დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში” სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები პირდაპირ ეთერში ჩართეს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად გადაცემის წამყვანის წინააღმდეგობისა, პარტია “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელმა, ვინმე ვაჟა ოთარაშვილმა მაინც მოახერხა ლგბტ ადამიანების შეურაცხყოფა და უშვერი სიტყვებით ლანძღვა. ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გავიდა ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაც.” გადაცემის ანონსი ჰომოფობიის წინააღდეგ ჩატარებული აქციის თემა დაანონსდა. თუმცა გადაცემის ანონსი და უშუალოდ გადაცემის თემა აბსოლუტურად აცდენილი იყო ერთმანეთისაგან. სტუდიაში შეკრებილმა სტუმრებმა ძირითადად, ქალთა უფლებებზე და ფემიციდის სტატისტიკაზე ისაუბრეს. ამიტომ ლოგიკური კითხვა ჩნდება, რაში დასჭირდა გადაცემის ავტორს ჰომოფობიის წინააღმდეგ ჩატარებული აქციის კადრები ანონსისთვის თუ გადაცემა ქალებზე ძალადობის თემას დაეთმობოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ინგა გრიგოლიას და “რეაქციას” ლგბტ აქტივისტებმა საჯაროდ გამოუცხადეს ბოიკოტი.

ტელეკომპანია “მაესტრომ” ყველა საინფორმაციო გამოშვებაში ერთი სიუჟეტი დაუთმო “ოჯახის სიწმინდის დღეს.” ამავე სიუჟეტში ახსენეს, რომ სადღაც, რუსთაველის გამზირის მახლობლად რამდენიმე ადამიანი ჰომოფობისაც აპროტესტებდა. თუმცა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულმა აქციამ “მაესტროს” განსაკუთრებული ყურადღება ვერ დაიმსახურა.

ყველასგან განსხვავებული იყო ტელეკომპანია “იბერიას” ეთერი. ყველა საინფორმაციო გამოშვებაში ჯერ “ოჯახის სიწმინდის დღე” გააშუქეს, შემდეგ კი ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია. ამას დაემატა 17 მაისისადმი მიძღვნილი ტოკ-შოუ “პრიორიტეტი”. გადაცემაში პირველი სიტყვა ზაქარია ქუცნაშვილს მიეცა და მისი გამოსვლა თითქმის ათ წუთს გაგრძელდა. აუდიტორიაში მოწვეული იყო ბესო ჩუბინიძე და ვინმე ეკა პაიჭაძე. ამ ორ სტუმარს მთელი ეთერის განმავლობაში საშუალება ჰქონდა, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა როგორც სხვა სტუმრებისათვის, ასევე ლგბტ პირებისათვის და ჟურნალისტმა ეკა რაზმაძემ ამის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა. გადაცემა “პრიორიტეტი” ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც ძველი ტრადიცია გააგრძელა და 17 მაისი შოუს დადგმისთვის გამოიყენა.

საბოლოოდ, აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 17 მაისს ტელეკომპანია “მაესტროსა” და “იბერიის” გარდა, სხვა, შედარებით რეიტინგულმა ქართულმა ტელეკომპანიებმა, ეს დღე ჯერ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის და შემდეგ “ოჯახის სიწმინდის” დღედ გააშუქეს.
კატეგორია: ბლოგი
2013 წლის 17 მაისს, პარასკევ შუადღეს, თბილისში იმდენი მოცლილი აღმოჩნდა, რომ რუსთაველის გამზირზე, ათასობით ადამიანი ოცდაათკაციანი შეკრების დასარბევად გამოვიდა. გაზაფხულის ეს ერთი დღე დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის მომენტად იქცა. ამ დღეს სახელმწიფომ საკუთარი უსუსურობა დაადასტურა მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე და საკუთარი მოქალაქეები, მათსავე ტერიტორიაზე, ძალადობისგან ვერ დაიცვა. პოლიციას ოცდაათი ადამიანის რუსთაველის ტერიტორიიდან გაპარება მოუწია. ამ პროცესში ოცდაათ ადამიანზე მონადირე ხალხმა სცემა ჟურნალისტები, ჩალეწა ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების შუშები და გაანადგურა ქალაქის ინფრასტრუქტურა. დღის ბოლოს, მოძალადე ათასობით ადამიანიდან, მხოლოდ რამდენიმე დაისაჯა ას ლარიანი ჯარიმით.

მას შემდეგ 17 მაისი წელიწადის ის დღეა, რომლის გამოც ლგბტ თემს და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს, მთელი წლის განმავლობაში იმაზე ფიქრი უწევს, რომ სახელმწიფომ რამენაირად, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი დაიცვას და თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოება, ჩვენსავე ქვეყანაში გარანტირებული მოცემულობა იყოს.

ამის საპირისპიროდ, საქართველოს საპატრიარქომ უფრო მოხერხებული გზა აირჩია. მათ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ქართული ოჯახის სიწმინდის დღე დააწესეს. ეს, რამდენიმე წლის წინ, საქართველოში გამოგონილი დღესასწაული, ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ 17 მაისს ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდეს და მთელი დღის განმავლობაში ხატებით იაროს რუსთაველის გამზირზე.

ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება. თუმცა ქართული მედია, რომლისთვისაც ლგბტ ადამიანების ამ ქვეყანაში არსებობა მხოლოდ მაისის დასაწყისში ხდება ხოლმე აქტუალური, 17 მაისის მოვლენებს აბსოლუტურად არაადეკვატურად აშუქებს.

აპრილის ბოლოდან 26 მაისამდე (დამოუკიდებლობის დღე ფარავს ხოლმე), ქართულ მედიასივრცეში მრავალ ტოკშოუსა და სიუჟეტს შეხვდებით, რომელთა მიზანიც ერთი შეხედვით, ლგბტ ადამიანების უფლებების გაშუქებაა. ტოკშოუები, რომელთაგან ზოგი პოლიტიკურია, ზოგსაც უფრო ყვითელი ფერი დაკრავს, ანონსისთვის იღებს უმძიმეს კადრებს, სადაც ნაჩვენებია მოკლული ტრანსგენდერი ადამიანების სხეულები, მათზე მტირალი ჭირისუფლები და ამ ყველაფერს ფონად შემზარავი მუსიკა ადევს. ამას ემატება შიგადაშიგ, რომელიმე ყველასგან დავიწყებული და ათასგზის გაკოტრებული ჰომოფობი პოლიტიკოსის კომენტარი იმის შესახებ, რომ საქართველო სხვანაირი ქვეყანაა და ლგბტ ადამიანებს არავინ დევნის.

მსგავსი ტოკშოუების ანონსს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი მოიზიდოს. ეს სტრატეგია ამართლებს. გადაცემას ის ხალხიც უყურებს, ვისაც ჰგონია, რომ ან ახლა ილაპარაკებენ ადამიანის უფლებებზე ან ახლა, და ისინიც, ვისაც სეირის ნახვა უნდა და გამალებით ელოდებიან, რომელი მღვდელი ან რომელი ჰომოფობი როდის ატეხს სკანდალს.

მსგავს გადაცემებში, როგორც წესი, არავინ საუბრობს იმ ფაქტობრივ მოცემულობაზე, რომელიც ბლოგის დასაწყისში აღვწერეთ. მთელი ეთერი ან იმაზე ლაპარაკს ეთმობა, არის თუ არა ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა, ან არის თუ არა ჰომოსექსუალობა ცოდვა, რომელიც პროპაგანდასაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია ეწევა.

ამ ყველაფერს, ტრადიციულად, ამშვენებს ლგბტ ადამიანად წარდგენილი ერთი პიროვნება მაინც. ამ პიროვნების სახელი მრავალ სკანდალს უკავშირდება, მაგრამ რატომღაც ამ გადაცემებში ის არის ხოლმე მთავარი გმირი. ეს ადამიანი გამუდმებით კომენტირებს სტუდიაში მიმდინარე პროცესებზე და ამბობს, რომ საქართველოში მას არავინ დევნის, რომ ყველაფერი “ენჯეობის” მოგონილია და ა.შ.

საბოლოოდ, ეს ტოკშოუები იმ შედეგით მთავრდება, რომ მღვდლები, მრავალგზის გაკოტრებული ჰომოფობი პოლიტიკოსები და გაურკვეველი ფაშისტური ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ახდენენ ეთერის ოკუპაციას. წამყვანი, ვითომ სიტუაციის დაბალანსირებასა და ჩახშობას ცდილობს.

შედეგად, ადამიანის უფლებებზე გაკეთებული გადაცემა გარდაისახება ცირკად, არენად, რომელზეც წინასაჩვიდმეტმაისოდ ჰომოფობები გადიან რეპეტიციას.

ამ მზადების შემდეგ, 17 მაისს ყველა ტელევიზია აშუქებს ოჯახის სიწმინდის დღეს. 2016 წელსაც ასე მოხდა. ყველა ქართულმა ტელევიზიამ გააკეთა სიუჟეტი, რომელშიც 17 მაისი ისე მოიხსენია ოჯახის სიწმინდის დღედ, ადამიანი იფიქრებდა, თორმეტი მოციქულის მიერ დაწესებული დღესასწაულიაო.

ამასობაში, თუ რუსთაველის გამზირიდან მოწყვეტილ ადგილას, ის ოცდაათი პიროვნება რამე აქციას გამართავს, იქაც მივლენ ჟურნალისტები. ოპერატორები ადამიანების სახეების მაგივრად, აქტივისტების ფერად წინდებს გადაიღებენ და ჟურნალისტები იტყვიან, რომ მეორე მხარემაც მოახერხა აქციის ჩატარება.

2017 წლის 17 მაისს, დიდი ალბათობით, ეს ყველაფერი ისევ განმეორდება. უკვე ვიხილეთ და კიდევ ვნახავთ ტოკშოუებს, სადაც მოწვეული იქნებიან ბესო ჩუბინიძე, გიორგი ახვლედიანი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, მაცაცო და მღვდელი ანთიმოზი. მათ ფონად წარმოგვიდგენენ პატარ-პატარა, უშუალოდ საჩვიდმეტმაისოდ შექმნილ გაუგებარ ორგანიზაციებს, ფაშისტური სიმბოლიკით. თუ ქართველ ჟურნალისტს გაუმართლა, მათ საჯიჯგნად ერთ ლგბტ ადამიანს და რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელსაც იშოვის. ლგბტ ადამიანთა უფლებების შესახებ დაანონსებული გადაცემებიც ისევ სანახაობად გადაიქცევა და შოუც შედგება.

ამ ყველაფერთან ერთად, ქართველი ჟურნალისტების უმრავლესობა იტყვის, რომ ეს არის ორი, ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარე. თავში კი არავის მოუვა აზრად, რომ სინამდვილეში ისინი ორი მხარის დაპირისპირებას კი არა, ერთის მეორეზე გამუდმებულ ზეწოლასა და ძალადობას აშუქებენ.
კატეგორია: ბლოგი
“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”

მუხლი 7, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

2010 წელს, როდესაც ბათუმში ათეულობით აღგზნებულმა ადამიანმა ქართველობის არარსებული მტრის წინააღმდეგ გაილაშქრა, ჩვენს ქვეყანაში ახალი თანამედროვე მითი იშვა. ეს მითი იმ რწმენას ეფუძნება, რომ სადღაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ღამეებს ათევენ იმაზე ფიქრში, თუ როგორ მოსპონ ქართველობა და ამისთვის ლგბტ თემის უფლებებით მანიპულირებენ. მას შემდეგ ეს თემა ქართველი ჟურნალისტებისთვის “სკანდალური შოუების” გაკეთების საშუალებად იქცა. შეგვიძლია გავიხსენოთ არაერთი გადაცემა, სიუჟეტი და ტოკშოუ, რომლებიც ლბგტ ადამიანების მიმართ არსებულ სიძულვილსა და შიშს მაყურებელთა გაღიზიანებისა და რეიტინგის ასაწევად იყენებდა. გარდა იმისა, ქართველმა ჟურნალისტებმა ისწავლეს, რომ მრავალი ჰომოფობის მიერ ორი ადამიანის პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფა და ჩაქოლვა კარგი სანახაობა გამოდის, ამასთანავე, მათი მუშაობის ეს წესი უკვე ერთგვარ მედია სტანდარტად იქცა.

4 აპრილს ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასული გადაცემა “რეაქცია” სწორედ ამ მედია ტრადიციის გაგრძელებაა. ქვეყნის ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ჟურნალისტმა, რომელმაც ოდესღაც თავისი ბედი ქართულ პოლიტიკაშიც (წარუმატებლად) სცადა, პირდაპირ ეთერში, დაახლოებით ისეთი სანახაობა მოაწყო, რომლის ანალოგსაც მრავალი საუკუნის წინ ანტიკური რომის არენაზე ნახავდით. ინგა გრიგოლია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტია. გარდა იმისა, რომ ის წლების განმავლობაში ზრუნავდა ქართველი სტუდენტებისთვის განათლების მიცემაზე და მათთვის მსგავსი არაეთიკური მეთოდების სწავლებაზე, დღეს ის კვლავ ტელეთერიდან გვესაუბრება და გადაცემა “რეაქციას” უძღვება.

გადაცემა “რეაქციის” 4 აპრილის გამოშვებას მარტივი სცენარი ჰქონდა. სტუდიაში მოწვეული იყო ერთადერთი ტრანსგენდერი პირვონება, რომელიც იქ დამსწრე საზოგადოებისა და მაყურებლისთვის ეგზოტიკური სანახაობის ობიექტად იქცა. ნატა, რომელსაც ჯერ ინგა გრიგოლია უსვამდა კითხვებს, შემდეგ კი მისი სტუმარი ურჩევდა, რომ სხვანაირად ჩაეცვა, განათელბა მიეღო და ისე წასულიყო სამსახურის მოსაძებნად, პირდაპირ ეთერში იქცა შეურაცხყოფისა და დამცირების ობიექტად. ამ ყველაფერს ფონად ამშვენებდა მრავალ სკანდალში გახვეული, ეკლესიიდან ხან გაძევებული და ხანაც უკან დაბრუნებული ვინმე მღვდელი ანთიმოზის ქადაგება ცოდვილობის შესახებ. ასევე, აქტიურობდნენ მაგიდასთან მსხდომი ვინმე სანდრო ბრეგაძე და გიორგი ახვლედიანი, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკოსებად წარადგენდნენ.

ჟურნალისტმა, რომელსაც ვინმე გიორგი ახვლედიანთან თანაპარტიელობა აკავშირებდა, გადაცემის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ მან ეს ორი პოლიტიკოსი გააფრთხილა, თავი შეეკავებინათ ყვირილისა და კონფლიქტისაგან. მიუხედავად ამისა, გადაცემაში პროცესები მაინც სხვანაირად წარიმართა.

სტუდიაში ბალანსი ფორმალურადაც კი არ იყო დაცული. აუდიტორიაში, ჰომოფობები სამოქალაქო აქტივისტებს ჭარბობდნენ, მაგიდასთანაც, ფაქტობრივად, ერთი ლგბტ უფლებადამცველი იჯდა. ასევე, მაგიდასთან მჯდომი ნათია გვიანიშვილიც, რომელიც მეორე კომპეტენტური ადამიანი იყო, ვისაც შეიძლებოდა ლგბტ პირების უფლებრივ მდგომარეობაზე ესაუბრა, პრაქტიკულად იძულებული გახდა სტუდია დაეტოვებინა. მას ზემოთხსენებულმა ვინმე პოლიტიკოსმა სანდრომ და გიორგიმ არათუ აზრის გამოთქმის საშუალება არ მისცეს, არამედ რამდენჯერმე მიაყენეს შეურაცხყოფა. მღვდელი ანთიმოზიც არ აკლებდა რეპლიკებს დამსწრე აუდიტორიიდან. რას აკეთებდა ამ დროს ჟურნალისტი? იმის მაგივრად, რომ სიტუაცია განემუხტა, მოეხდინა ამ ქაოსის ფასილიტაცია და ისედაც დაუბალანსებელი ადუტორია რაღაცნაირად დაემორჩილებინა, ის უბრალოდ ყვიროდა. სამ სტუმარს მოუწია გადაცემის დატოვება. სამივე მათგანს სტუდიაში მყოფი ადამიანები დაესხნენ თავს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ჟურნალისტმა ამ პროცესებს ხელი არ შეუშალა.

თუმცა, ბალანსი ფორმალურადაც რომ ყოფილიყო დაცული, ცხადია, ეს პრობლემას მაინც ვერ მოაგვარებდა, რადგან ბალანსი არა რაოდენობრივ, არამედ ღირებულებრივ კონტექსტში განსახილველი საკითხია. არსებობს თემები, სადაც ჟურნალისტის მოვალეობა ფორმალური ბალანსის დაცვა და ყველა მხარის პოზიციის წარმოჩენა კი არაა, არამედ ღირებულებრივი პოზიციის დაფიქსირება. არის საკითხები, სადაც ორი საპირისპირო პოზიცია თანაბარზომადი არ არის და შენ, როგორც ჟურნალისტმა, არ შეიძლება თანაბარზომად პოზიციებად წარმოაჩინო ჰომოფობიაც და ლგბტ თემის პოზიციაც. როცა შენ, ჟურნალისტი თავად არ აცხადებ შენს პოზიციას ჰომოფობიაზე, როცა შენი აზრით, ბალანსი ნიშნავს, თანაბრად მისცე შესაძლებლობა ჰომოფობსაც და სამოქალაქო აქტივისტსაც აზრი გამოთქვას, შედეგად, ხელს უწყობ ჰომოფობიის ტირაჟირებას და გადაცემას აქცევ სიძულვილის ენის, დისკრიმინაციის, შეუწყნარებლობის ტრიბუნად.

ამ ყველაფერის გარდა, საინტერესოა როგორ მოხდა გადაცემის დაგეგმვაც. 4 აპრილის “რეაქციაში” ნათია გვიანიშვილისა და ლიკა ჯალაღანიას გარდა, მონაწილეობა უნდა მიეღოთ სხვა აქტივისტებსა და ლგბტ პირთა უფლებადამცველებსაც. თუმცა მათ გადაცემის დაწყებამდე ერთი საათით ადრე დაურეკეს და უთხრეს, რომ რამდენიმე სტუმარმა „მეორე მხრიდან“ მონაწილეობაზე უარი თქვა, შესაბამისად, აქტივისტების მონაწილეობით, გადაცემაში რაოდენობრივი ბალანსი დაირღვეოდა და მათი მიწვევა ვეღარ მოხერხდებოდა. თუმცა თავად ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში საჯარო მიმოწერაში გააცხადა სხვა მოტივი -მისი თქმით, ამ ადამიანების ჩახსნის მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ ისინი წინა დღეს სხვა გადაცემაში იყვნენ სტუმრად მიწვეული. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ გუშინდელი “რეაქცია” წინასწარ დაგეგმილი სანახაობა იყო.

ჟურნალისტმა საკუთარ გადაცემა “რეაქციაში” არათუ ვერ უზრუნველყო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის წახალისების საფრთხისგან თავის არიდება, არამედ არსებობს ძალიან ლოგიკური ეჭვი, რომ მან წინასწარ დაგეგმა სანახაობა, რომლის მსხვერპლიც მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც უნდა ყოფილიყო.

ინგა გრიგოლია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი ჟურნალისტია, რომელსაც ლომის წილი მიუძღვის იმ მედია სტანდარტის შექმნაში, რომლის მიხედვითაც, მსგავსი დისკრიმინაციული და ზიანის მომტანი სანახაობის დადგმა, ვითომ ქვეყანაში არსებული სიტუაციის გაშუქებას ემსახურება.

ინგა გრიგოლია ყველაზე მაღალანაზღაურებადი, ცუდი ჟურნალისტია, რომელიც არ ვიცი, ფიქრობს თუ არა იმაზე, რომ მისი გუშინდელი გადაცემის შემდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას მალავს, შეიძლება ისევე გახდეს შანტაჟის ობიექტი, როგორც თვითონ გახდა რამდენიმე თვის წინ.

დავით კახაბერი, სამოქალაქო აქტივისტი, "თანასწორობის მოძრაობა"
კატეგორია: ბლოგი
ქართული მედიის საახალწლო ეთერი ტრადიცია ერთი და იმავეს ყოველწლიური გამეორებაა. ეს გამეორებით-კომპულსიური აშლილობა იმით არის განპირობებული, რომ ქართული ტელეკომპანიების მესვეურებს ღრმად სწამთ, რომ მათი მაყურებლები ყოველდღე იმაზე ფიქრით იღვიძებენ თუ ვინ მოხვდება საახალწლო კურიოზებში.

იქიდან გამომდინარე, რომ ახალი წლის დღეებში მოსახლეობის უმრავლესობა ისვენებს და ქართული სუფრის თანმხლები ხშირად არის არავისთვის ჩართული ტელევიზორი, ქართული ტელეკომპანიებისათვის ყველაზე კეთილგონივრული საკუთარი ტელესივრცის მაქსიმალურად გამოყენება იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ტელეკომპანია “იმედმა” აბსოლუტურად სხვა სტრატეგია აირჩია. მან საკუთარ თავს კი არ გაუკეთა რეკლამა, არამედ მაყურებელს “იუმორინას” თითქმის ყველა ჩანაწერი აჩვენა.

იმედის ეთერში ორი დღის მანძილზე მაყურებელს საშუალება ჰქონდა ენახა კონცერტი, სადაც ადამიანები ცხვირით უკრავენ სალამურზე ენიო მორიკონეს “ერთხელ ამერიკაში”, არცთუ ისე კარგად ასრულებენ ქართველი პოლიტიკოსების პაროდიებს და მრავალი სხვა. ამ ყველაფერს შიგადაშიგ ენაცვლებოდა ქართული საბჭოთა მხატვრული ფილმები, რომლებიც მხოლოდ საახალწლოდ გადის ხოლმე.

1 იანვარს ამავე ტელევიზიამ “იუმორინას” რეპერტუარს ეკა ხოფერიას შოუ დაამატა. აქ, ქართველ მაყურებელს შეეძლო ენახა, როგორ უყვარს გადაცემის ავტორს კახი კალაძე და რამდენ წარმატებას უსურვებს მას 2016 წელს. ამ ყველაფერს ემატებოდა „იმედის“ “ზეიმ-ტაში-ჰარალე,” რომელში მონაწილე მომღერლების ამოსაცნობად მეც კი ახალგაზრდა აღმოვჩნდი.

ტელეკომპანია იმედისგან გასხვავებით, შედარებით გემოვნებიანი, მაგრამ გაცილებით უფრო დრამატული იყო “რუსთავი 2”. ინდურ-თურქული სერიალების შემდეგ “კურიერმა” საკუთარი სცენა რა თქმა უნდა ტელეკომპანიის შენობის წინ, ეზოში გამოიტანა. თითქმის ორ საათიანი კურიერი მთლიანად რუსთავი 2-ის რეკლამას დაეთმო.

გარდა იმისა, რომ “რუსთავი 2”-ის სასამართლო საქმეს მთავარი ადგილი ეკავა საახალწლო გამოშვებაში, კურიერში მაინც მოხერხდა ეჩვენებინათ სიუჟეტი დუშეთში საქართველოს პრეზიდენტის მოკრძალებული ცხოვრებისა და იტალიის ქალაქ ბარიში “კეთილი წმინდანის” შესახებ.

ამ ყველაფერს ემატებოდა ტელეკომპანიის სახის, გიორგი გაბუნიას მიერ ორგანიზებული ექსკურსია. გაბუნიას ნარცისისტულ-თვითკმაყოფილებით აღსავსე ესთეტიკის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ ის “იმედში” გამართულ “ზეიმ-ტაში-ჰარალში” მანწილეების ამოცნობაზე უკეთესი საყურებელი მაინც აღმოჩნდა.

ათასჯერ ხაზგასმა იმაზე, რომ რუსთავი 2 საქართველოში ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანიაა, რომ ვინც მათ ებრძვის არავის გაახარებენ და დემოკრატიის სადარაჯოზე დგანან, გაცილებით უკეთესი მარკეტინგული სვლა იყო, ვიდრე ახალი წლის დღეებში “იუმორინას” ტრიალი.

ქართული მედიის ტრადიციის იდეა მთლიანად იმ პერსპექტივას ეფუძნება, რომლითაც ტელეკომპანიები საკუთარ მაყურებელს ხედავენ. თუ ტელეკომპანია “იმედის” მესვეურებს ღრმად სწამთ, რომ ქართველ ხალხს ძალიან გვენატრება შოუბიზნესის ის წარმომადგენლები, რომლეთა სახელებიც ჩემს თაობასაც კი არ ახსოვს, “რუსთავი 2” ჯიუტად ცდილობს ხალხის ტელევიზიის სახელის შენარჩუნებას და გამუდმებით ახსენებს საკუთარ მაყურებელს, რომ ამ ტელეკომპანიის დახურვის შემთხვევაში საფრთხე შეექმენბა ყველა იმ გადაცემას, რომელთა შიდა სამზარეულოც გიორგი გაბუნიამ დიდი რუდუნებით დაგვათვალიერებინა.

ამ ორთაბრძოლაში, ზედმეტი დრამატულობის და ისტერიის მიუხედავად, “რუსთავი 2” აშკარად გამარჯვებული იქნებოდა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც რომ თუ ქართველი მაყურებელი 2016 წელს გამორთული ტელევიზორით შეხვდა, ბევრი არაფერი დაუკარგავს, რადგან იქ ახალი არაფერი ყოფილა.
კატეგორია: ბლოგი
ტელეკომპანია „იმედის“ რედაქცია და მესვეურები პასუხისმგებელნი არიან  ზიანზე, რომელსაც აყენებენ იმ მოწყვლად და დაუცველ სოციალურ ჯგუფებს, რომელთა სიცოცხლესაც საქართველოში ყოველდღიურად საფრთხე ემუქრება. ამის საუკეთესო მაგალითი (სხვა მრავალთან ერთად) 4 თებერვლის გია ჯაჯანიძის შოუც გახლდათ.

წლების განმავლობაში ქართული ტოკ-შოუების წამყვანების მიერ შექმნილ მეთოდს ქართველი მამაკაცების ის ნაწილი იყენებს, რომელსაც საკუთარი სექსუალური იდენტობის დამალვა უნდა. ამ მამაკაცებს ქართულმა ყვითელმა ტელესივრცემ “სასურველი სასიძოების” წოდება მიანიჭა და  მეთოდის წარმატებაც ამ წოდების მოპოვებას ნიშნავს.

“სასურველი სასიძოების” სახეები ქართულ ტელესივრცეში ხშირად ჩანს. ისინი ყვითელი ტოკ-შოუების საყვარელი სტუმრები არიან. მათი სასურველობა მათთვისვე ნიშნავს ლეგიტიმაციას, ილაპარაკონ ყველაფერზე და მოირგონ ყველაფრის ექსპერტის როლი. გია ჯაჯანიძემ ეს შანსი არ გაუშვა ხელიდან და ხუთშაბათს, 4 თებერვალს საკუთარ გადაცემაში ერთ ქალთა უფლებების დამცველ ჰომოფობ იურისტ კაცთან და მეორე ჰომოფობ ყველაფერზე გამოძიებაჩატარებულ ჟურნალისტთან ერთად, ცნობილი სახეები (მამაკაცები) მიიწვია გადაცემაში. დაახლოებით ათამდე მამაკაცი, რომელთაგან ზოგიერთი “სასურველი სასიძოც” იყო, რამდენიმე საათის განმავლობაში  წითელი, ცოტა უგემოვნო დეკორაციების ფონზე  განიხილავდა ჯერ ქალთა, შემდეგ სექსმუშაკების, შემდეგ ლგბტ და ბოლოს მონასტრიდან გამოქცეული ადამიანების უფლებებს

მიუხედავად იმისა, რომ გია ჯაჯანიძის შოუში არაერთხელ გვინახავს გროტესკიც და შემზარაობამდე მისული სიბრიყვეც, ამ კვირის გადაცემამ მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამის გამო ტელეკომპანია “იმედი” პასუხისმგებელია ისეთ  ეთიკურ დარღვევებზე, როგორიცაა კონკრეტული პიროვნებების შეურაცხყოფა, იმგვარი მასალებისა და ინფორმაციის გასაჯაროება, რომლებშიც ადვილად შეიძლება ადამიანების იდენტიფიცირება, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციის მცდელობა, მაყურებლისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება, განსხვავებული იდენტობების მქონე პირთა დემონიზება და მათი საზოგადოებიდან გარიყვისთვის ხელისშეწყობა. >გარდა იმისა, რომ წამყვანს არ აქვს საკმარისი განათლება, ტერმინოლოგიურად მაინც სწორი განმარტებები მიაწოდოს საკუთარ მაყურებელს, გადაცემისათვის შერჩეული აუდიტორია საერთოდ არაადეკვატურია და აცდენილია იმ თემატიკას, რასაც ეთმობა გადაცემა.

მსგავსი არაპროფესიონალიზმი იწვევს იმას, რომ ერთდროულად განიხილება რამდენიმე ერთმანეთთან აბსოლუტურად დაუკავშირებელი თემა. მაგალთად, ერთი გადაცემის თემა არის კომერციული სექს სამუშაო, ქალთა უფლებები, ლგბტ ადამიანების უფლებები, ვირტუალური სექსი, არაორდინალური ჩაცმულობა, რელიგია და პედოფილია. სწორედ ეს გარემო და გადაცემის არასწორად შერჩეული მონაწილე აუდიტორია გვაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ ტელეკომპანია “იმედი” არის პასუხისმგებელი იმ ზიანზე, რომელიც ამ გადაცემით იქმნება

ამდენად, გია ჯაჯანიძის  4 თებერვლის შოუში შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ეთიკური პრობლემა. პირველ ნაწილში, რომელიც ეხებოდა ქალთა უფლებებს, არათუ მოწვეული არ იყო ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის რომელიმე წარმომადგენელი, არამედ ქალთა უფლებები წარმოდგენილი იყო ჰომოფობი იურისტი მამაკაცის მიერ. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ქალთა უფლებების განხილვისთვის ყველა სტუმარი მამაკაცი იყო.

გოგონა, რომელსაც ჯერ შიშველ სხეულზე სუში ელაგა და შემდეგ დაკვირვების ობიექტად მოათავსეს დარბაზში,  პირდაპირი შეურაცხყოფისა და სექსიზმის მსხვერპლი იყო. ამას დაემატა გადაცემის ამავე ბლოკში მოწვეული ყოფილი სექსმუშაკი, რომელსაც არაერთგზის მიაყენეს შეურაცხყოფა და მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა “სასურველმა სასიძომ” მორალისტური ლანძღვა-გინების ქარცეცხლში გაატარა კომერციული სექს სამუშაოთი დაკავებული ადამიანები, თვითონვე გააკეთა ქამინ-აუთი და თქვა, რომ ის მატერიალური გამორჩენის მიზნით თვითონაც იყო დაკავებული სექს-მომსახურებით.

ამ ყველაფერს შიგადაშიგ ემატებოდა პირადი ისტორიები ადამიანებზე, რომელთა იდენტიფიცირებაც  შესაძლებელი ხდებოდა, რადგან ეთერში სახელდებოდა მათი კუთვნილი მანქანების მარკები, სამუშაო ადგილებისა და სხვა სახის ინფრომაციის შემცველი დეტალები. იგივე პრობლემა იყო სიუჟეტში, რომელიც მიეძღვნა ვირტუალურ სექსს, სადაც გადაცემაში აჩვენეს ინტერნეტ მომხმარებლების პროფილები და სკაიპსა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებში გაშიშვლებული ადამიანების ვიდეობი.

ამავე 4 თებერვლის გადაცემაში, რა თქმა უნდა, ადგილი გამოინახა ლგბტ პირებისთვისაც. სადემონსტრაციოდ მოყვანილ გეი მამაკაცს ათასჯერ ჰკითხეს, როგორ უნდა ჰყოლოდა შვილი. წამყვანმაც არაერთგზის გაიმერო ტერმინი “არატრადიციული ორიენტაცია” და ჰომოფობ-გამომძიებელ-ინტერვიუერმა ჟურნალისტმაც ათასგზის თქვა, რომ ადამიანები გეებად არ იბადებიან. ამავე პიროვნებამ პრაქტიკულად იძულებითი ქამინ-აუთის წინაშე დააყენა “არაორდინალური ჩაცმულობის”  ახალგაზრდა მამაკაცი, როდესაც ჰკითხა, ქალები მოსწონდა თუ არა.

ამ ყველაფერს თან ახლდა არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციის მცდელობაც. გადაცემაში მისულ გეი მამაკაცს ჭკუა დაარიგეს და უთხრეს, რომ 17 მაისს მისი გამოყენება გრანტის მოპოვებისათვის უნდოდათ და საქართველოში ლგბტ უფლებებს არავინ არღვევს.

სხვა მრავალ მსგავს ეთიკურ დარღვევას დაემატა ის ფაქტიც, რომ გადაცემა დააგვირგვინა პედოფილიის თემამ. ეს, ფაქტობრივად, გახლდათ ღია განაცხადი, რომ ტელეკომპანია “იმედი”  და გია ჯაჯანიძე პედოფილიას, კომერციულ სექს სამუშაოსა და ჰომოსექსუალობას ერთ პლანში განიხილავს.

ყოველივე ზემოთ თქმული ბადებს სამართლიან ეჭვს, რომ ტელეკომპანია “იმედის” სარედაქციო პოლიტიკა მიმართულია ჰომოფობიის, დისკრიმინაციის, განსხვავებული იდენტობების მქონე პირების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ ძალადობის წახალისებისაკენ.
კატეგორია: ბლოგი
“იმის მიუხედავად, ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, საქართველოში სტალინის კულტი კვლავ არსებობს და არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც დიდი ბელადი გამორჩეულად უყვართ”, - ასე გაგვაცნო “2030-მა” გარდაბანში მცხოვრები თემურ კუნელაური, რომელმაც რეპორტიორს საკუთარი ხელით შექმნილ “სტალინის სახელობის ბაღ-მუზეუმში” უმასპინძლა.

რეპორტაჟის ავტორის შესავალი ტექსტის შემდეგ ბუნებრივად გიჩნდება მოლოდინი, რომ სტალინის სხვადასხვა დროს ჩამოსხმული ძეგლების, პორტრეტების შემკრებს გაიცნობ და ამასთან, მოისმენ ლეგიტიმურ კითხვას, რამდენად მისაღებია მე-20 საუკუნის ყველაზე სისხლიანი დიქტატორის თაყვანისცემა პოსტსაბჭოთა საქართველოში, თუმცა რედაქციამ მხოლოდ ნაწილობრივ გაამართლა ჩემი, როგორც რიგითი მაყურებლის ინტერესნარევი მოლოდინი.

თვალშისაცემია თემურ კუნელაურის შიშნარევი აღტაცება სტალინისადმი, “ბაღ-მუზეუმის” ყოველ ნაბიჯზე ჩამოკიდებული პორტრეტებიდან ჯუღაშვილი ხან ჩიბუხით ხელში ეჭვიანად იმზირება, ხანაც მრავლისმთქმელად აქვს თავი აწეული. თავისთავად, ამ პორტრეტებს თუ ბიუსტებს არც მხატვრული და არც სხვა სახის ღირებულება აქვთ, კუნელაური მათ ადვილად იპოვიდა სოფლების გაუქმებული საბჭოებისა და ქარხნების შენობებში, ამიტომ ექსპონატებად მათ ვერ მოვიხსენიებთ, თან მუზეუმი საკუთარ თავში საზოგადოების განვითარების ხელშეწყობას მოიაზრებს - ეს ფუნქცია კი გარდაბანში მდებარე „ბაღ-მუზეუმს“ ვერ ექნება იმიტომ, რომ საბჭოთა ბელადის საქმიანობას წარმოაჩენს ისევე, როგორც ამას საბჭოთა დროის ისტორიოგრაფია აკეთებდა და დიქტატორული რეჟიმის ადეკვატურ კვლევა-გააზრებასთან არაფერი აქვს საერთო.

საბჭოთა საქართველოში დაბადებული თემურ კუნელაურისთვის, რომელსაც სტალინი სკოლის პედაგოგმა შეაყვარა, საბჭოთა ლიდერი დღემდე ცოცხალ იდეას განასახიერებს, მეტიც, სტალინი მისთვის ერთგვარ რელიგიად ჩამოყალიბდა, ამიტომაც როგორც კერპს, ხატს ისე ელოლიავება... რომ არაფერი ვთქვათ, ე.წ. მავზოლეუმზე. რესპონდენტმა რეპორტიორს უთხრა კიდეც, რომ ბევრი ვერც შედის ხავერდით მორთულ “მავზოლეუმში”, საბჭოთა შრომისა თუ ომის გმირებს კი მადლობაც კი გადაუხდიათ, რომ „ხალხთა მამასთან“ ამგვარად მიახლების საშუალება მიეცათ: „ნუ გეშინიათ, მობრძანდით. იმათ ეშინიათ ამისი (სტალინის - ავტ.), ვისაც დანაშაული აქვთ ჩადენილი. შენ რა დანაშაული გაქვს, კაცო?!“ - ასეთი ტექსტით მიმართა კუნელაურმა რეპორტს „მავზოლეუმში“ შესვლის წინ.

ყველაზე მთავარი მომენტი რეპორტაჟში არის „ბაღ-მუზეუმის“ მასპინძლის პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე საბჭოურ რეპრესიებში სტალინის როლის შესახებ:

„37 წელში სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, მე ხელს კი არ ვაფარებ, უზარმაზარი რეპრესიები რომ მოაწყო, ეს იყო აუცილებელი განწმენიდასთვის... ერთი პროფესორი მიყვებოდა: როცა ოპერაციას ვაკეთებ, შვილოო, იმას ცუდს რომ ვაჭრი, აუცილებლად კარგი მიყვება ხოლმეო... აი, რომ ამბობს, ტერორის ქვაბში პროგრესი იხარშებაო, სტალინამდეც ტაშ-ფანდურით მოვიდა ეს ცხოვრება, რამდენი მკვლელობა იყო მანამდეც?!“

არ განვიხილავთ კუნელაურის მოსაზრებას, რადგან ისედაც ცხადია, თუ რა პირობებში და როგორ ჩამოუყალიბდა ფანატიზმი სტალინისადმი, მაგრამ რას არგებს რიგით მაყურებელს ამგვარი პერსონაჟის, ასეთი მიუღებელი იდეების გავრცელება?

რა იყო რეპორტაჟის მიზანი - სტალინის კერპთაყვანისმცემელი პერსონაჟის გაცნობა, რომელსაც არაფერი გაუგია ან გაიგო და არ დაიჯერა სტალინის ბრძანებით დახოცილ, გადასახლებულ, მოშიმშილე, გაუბედურებულ მილიონობით მოქალაქეზე?

სიახლე რა იყო რეპორტაჟში - განა არ ვიცით, რომ ალისფერ დროშებს ისევ აფრიალებენ საბჭოთა პერიოდის მეხოტბე მოქალაქეები? „მავზოლეუმის“ თემა ერთგვარი უკიდურესი ფანატიზმის იერს სძენს ხსენებულ „ბაღ-მუზეუმს“, თუმცა პრობლემის გააზრების ნაცვლად, მაყურებელს პრაქტიკულად ეგზოტიკურ სანახაობას ვთავაზობთ და ამ სანახაობასთან მარტო ვტოვებთ.

ამ რეპორტაჟის მომზადების შემდეგ თავად კუნელაურის ან რომელიმე სტალინელის წარმოდგენა „დიდ ბელადზე“ შეიცვალა? ჟურნალისტის ორი-სამი რეპლიკა აბსოლუტურად უძლური აღმოჩნდა თემურ კუნელაურის ფანატიზმის წინაშე. დიდი ალბათობით, რეპორტიორის მეტი ძალისხმევაც არ იქნებოდა საკმარისი მისი პოზიციის შესაცვლელად, მაგრამ სად ვტოვებთ აუდიტორიას? რეპორტაჟის აზრი ერთი წინადადებით ასეთია: მოგვწონს თუ არ მოგვწონს, სტალინის კულტის მეხოტბეები ამ დრომდე არსებობენ. რატომ არ ეცადა რეპორტიორი დაესვა კითხვა, რატომ არსებობს ეს კულტი ან რა უნდა გაკეთდეს, რომ აღარ იარსებოს, რამდენად გვაფერხებს მსგავსი დამოკიდებულება ან რა გააკეთეს სხვა პოსტსაბჭოთა და უკვე სრულიად ევროპულმა ქვეყნებმა ამ დამოკიდებულების დასაძლევად.

საინტერესო იქნებოდა, რეპორტიორთან ერთად, „ბაღ-მუზეუმს“ „საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორიის“ რომელიმე წარმომადგენელიც სტუმრებოდა: იქნებოდა რადიკალური და ურთერთგამომრიცხავი შეფასებები, არა მხოლოდ იდეათა, არამედ თაობათა ჭიდილიც, შესაბამისად, მაყურებლის თვალწინ რეპორტაჟშივე გაჩნდებოდა კონფლიქტი, რომელიც უფრო მეტ ყურადღებას მიიქცევდა, ვიდრე ერთი და იმავე პერსონის ძეგლების ჩვენება ყველა დასაშვები რაკურსით ან საბჭოთა საომარ-პროპაგანდისტული კომპოზიციების მოსმენა, რომლებიც რეპორტაჟში საკმარისზე მეტი სიხშირით და ხმამაღლა ჟღერს.
კატეგორია: ბლოგი
შოუ რომ სანახაობაა ამაზე ერთხელ უკვე დავწერე. მაშინ გია ჯაჯანიძის შოუზე და იმ გროტესკზე ვწერდი, რომლის მიზანიც საზოგადოების გართობა და იმის ჩვენებაა, რომ თუ მოგინდა ცხვარსაც დააბამ სტუდიაში და დიდი “ბროშკითაც” მიუჯდები სუფრას, გია სურამელაშვილთან და ქსოვრელებთან ერთად.

მსგავსი შოუები, ქართულ ტელესივრცეში იმ პრინციპით მუშაობს, რომ სხვადასხვა იდენტობის მქონე ადამიანების გროტესკულ სახეებს ქმნის და შემდეგ მათ დასცინის. მსგავსი ქმედება კი როგორც წესი, ისედაც მოწყვლად ჯგუფებს დიდ ზიანს აყენებს.

ამ ყვითელი შოუებისაგან განსხვავებით, უფრო მნიშვნელოვანი და „ყურებადია“ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გამართული უზარმაზარი ყრილობები, რომლეთა მიზანიც ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენაა. ასეთი პატიოსანი მიზნის მიუხედავად, ამ შოუს მუშაობის პრინციპი აბსოლუტურად სხვა რამეს ეფუძნება.

მაგალითისათვის, შოუს მაყურებლების უმრავლესობას ალბათ არც ახსოვს წლების მანძილზე გამარჯვებული ადამიანების ვინაობები, მაშინ როდესაც ქართულ ინტერნეტ სივრცეში, შოუს მსვლელობისას შექმნილი გროტესკული სახეები დღემდე პოპულარულია და ზოგიერთი მათგანი “მემეებადაც” კი იქცა. ნიჭიერი არის შოუ, რომლის სცენარიც ჟიურის წევრებისა და კომიკური პერსონაჟებისა და პიროვნებების კომუნიკაციაზეა აგებული.

სცენარის ასეთი სტრუქტურიდან გამომდინარე, წლების მანძილზე ამ შოუში არაერთხელ ყოფილა დისკრიმინაციისა და შეურაცხყოფის ფაქტები. ადამიანები დაცინვის ობიექტები ხდებოდენ არამხოლოდ საკუთარი სექსუალური, ეთნიკური და რელიგიური იდენტობების გამო, არამედ განსხვავებული გონებრივი შესაძლებლობების გამოც კი. კონკრეტულ მაგალითებს აღარ გავიხსენებ, რადგან ამაზე უკვე დაიწერა.

„რუსთავი 2“ დღემდე ცდილობს, რომ საქართველოში ერთერთ პროგრესული და ლიბერალურად განწყობილი ტელევიზიის სახელი მოიპოვოს. მისი მხარდამჭერები ხშირად აღნიშნავენ, (განსაკუთრებით მიმდინარე მოვლენების ფონზე), რომ ეს ტელეკომპანია ერთერთია (ხან ერთადერთიც), რომელიც დასავლური და ევროპული ფასეულობების პროპაგანდას ეწევა.

მე ვფიქრობ, რომ ეს აზრი, „რუსთავი 2-ის“ შესახებ საფუძველშივე მცდარია. ამის თქმის საშუალებას კი ის მაძლევს, რომ უკვე წლებია, ამ ტელეკომპანიის ეთერში გადის გადაცემა “ნიჭიერი,” რომელშიც ადამიანებს დასცინიან საკუთარი განსხვავებული იდენტობის გამო. „რუსთავი 2“ არის ტელეკომპანია, რომელის ტელეთერშიც შეიქმნა “სასურველი სასიძოების” სახეები და ქართველ ჰომოსექსუალ მამაკაცებს ასწავლეს, როგორ უნდა დამალონ საკუთარი სექსუალური იდენტობა და იყვნენ ჰომოფობები.

ამიტომ მე არ მჯერა არც იმ ტრანსფორმირებული თოქშოუების წამყვანების გულწრფელობის, რომლებმაც უცბად ქალთა უფლებების დაცვა გადაწყვიტეს და არც “ნიჭიერის” ჟიურისა და პროდუსერების ლიბერალობის. რადგან მიმაჩნია, რომ მსგავში შოუები არამხოლოდ ინდივიდებისთვისაა ზიანის მომტანი, არამედ სამოქალაქო ცნობიერების განვითარებასაც აბრკოლებს და ხელს უშლის.

სწორედ ამიტომ, როდესაც კიდევ ერთხელ დადგება დრო და „რუსთავი 2-ის“ ან რომელიმე ტელეკომპანიის წარმომადგენელს ისევ დააშანტაჟებენ ფარული ვიდეო ჩანაწერებით და იმის თქმა მოუწევთ, რომ თავიც მათია და ფეხიც, იმედია გაახსენდებათ, რომ მათ საკუთარი წვლილი აქვთ შეტანილი იმაში, რომ დღეს სექსუალობა და განსხვავებულ იდენტობა საქართველოში შანტაჟის საგანი არის.
კატეგორია: ბლოგი
მე გია ჯაჯანიძის შოუს მაყურებელი ვარ! ჰიტლერი ცოცხალი რომ იყოს და საკუთარი შოუ ჰქონდეს, იმასაც აუცილებლად ვუყურებდი! ჩემთვის, სიტყვის თავისუფლების ველურ პირობებში, ყველაზე საინტერესო არის რამდენად უსაზღვრო და ტრიუმფალური შეიძლება იყოს გროტესკი.

ამ შემთხვევაში, ყველაფერი პირდაპირ სამოქალაქო ცნობიერების ნაკლებობას უკავშირდება. სამოქალაქო ცნობიერების დეფიციტი კი, თავის მხრივ, იმაში გამოიხატება, რომ ფეხებზე გკიდია,როცა შენი საქციელი ზიანს აყენებს იმ რომელიმე სოციალურ ჯგუფს, რომელსაც შენი თანამოქალაქეები მიეკუთვნებიან. მითუმეტეს, როცა ეს სოციალური ჯგუფი ისედაც მოწყვლადი და მცირეა.

გროტესკი ხელოვნებაა, სიმახინჯის კომიკურობამდე მიყვანის ხელოვნება. მართალია, გია ჯაჯანიძე გროტესკის დიდოსტატ რაბლესთან ვერ მოვა (მინიმუმ ახალ ლიტერატურულ ენას ვერ შექმნის), მაგრამ დიდად მაინც არ ჩამორჩება.

მეთექვსმეტე საუკუნის საფრანგეთში ფრანსუა რაბლე ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ დადგებოდა დრო და საქართველოში, კახეთის მინდორ-ველზე ქართველი ვაჟკაცები დიდ სუფრას გაშლიდნენ (სუფრის თავში გია ჯაჯანიზე იჯდებოდა) და იქვე აუზში გია სურამელაშვილი საკუთარ სილამაზეს მთელ საქართველოს შეაშურებდა.

რაბლე ვერც იმას იფიქრებდა, რომ ოდესმე ადამიანის სხეული იმდენად გაყიდვადი რამ იქნებოდა, რომ ყოველ მეორე გადაცემაში, მთელი საქართველო, “იმედზე” გადართავდა, რათა ვინმე თამუნა ვაშალომიძის მედავითნობიდან კამერის წინ გაშიშვლებამდე განვლილი გზის შესახებ კიდევ ერთხელ მოესმინა. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, მის მკერდზე აღებული ახლო ხედით მოხდებოდა.

ფრანსუა რაბლე გაოცებას ვერ დამალავდა, როდესაც გაიგებდა, რომ 17 მაისს გია ჯაჯანიძემ ბევრი გეი შეკრიბა და სხვა გეები ალანძღინა. შემდეგ კი ერთ-ერთ დიზაინერს მოაყოლა, როგორ ახალგაზრდავდებიან ადამიანები მოკლული ჩვილების გვამების გამოყენებით.

ცნობილი ფრანგი მწერლისთვის (რაბლესთვის) საერთოდ წარმოუდგენელი იქნებოდა, როგორ შეიძლება სტუდიაში ჩემოდანზე დასვა ადამიანი, რომელსაც შვილი არალეგალურ ემიგრაციაში გარდაეცვალა და საქვეყნოდ ატირო, იმიტომ რომ უფრო ძვირად გაყიდო სარეკლამო დრო.

რაბლესთვის ისიც გასაკვირი იქნებოდა, რომ საკუთარი საქმიანობით უკმაყოფილო სექსმუშაკს (რომელმაც თქვა, რომ თვეში სამი ათას ლარამდე შემოსავალი აქვს) საქვეყნოდ მოეყოლა, როგორ იყენებს მათრახს, კიტრს და “შპილკებს” საკუთარი მაზოხისტი კლიენტების დასაკმაყოფილებლად.

მოდით, დავანებოთ თავი რაბლეს. გია ჯაჯანიძის შოუ არის გადაცემა, რომელიც გროტეკისა და სიურეალიზმის ზღვარზეა. ზიხარ, უყურებ და ელოდები, სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ლაპარაკი რომელიღაც ტრანსგენდერი ადამიანის გენიტალიაზე (გაიკეთა თუ არა კესარიამ ოპერაცია). უყურებ და ელოდები, როდის შეიძლება მორჩეს ვიღაც ასტროლოგი ან ვუდუისტი “ერთსქესიანთა” ქორწინებაზე ლაპარაკს.

გია ჯაჯანიძის შოუ არასდროს არის თემატურად გამართული. მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის თემად დაანონსებულია “ერთსქესიანთა” ქორწინება, საბოლოოდ მაინც ვინმე ყოფილი მედავითნის მკერდით მთავრდება ყველაფერი. თუ მედავითნეც არ არის საკმარისი, ტრანსგენდერი ქალის საწოლში კოტრიალიც შეიძლება აჩვენო ხალხს.

ამ ყველაფერთან ერთად, გადაცემის განუყრელი ნაწილია საქართველოს “ტრადიციულობაზე” ლაპარაკიც. მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის წამყვანის საყვარელი სიტყვები სექსი და სკანდალია, საბოლოოდ მაინც ყველაფერი იქ მიდის, რომ საქართველო “ტრადიციული” ქვეყანაა და განსხვავებულობას (“ერთსქესიანებს,” შიშველ მედავითნეს, ტრანსგენდერებს და სხვებს) ვერ მიიღებს. თუმცა მიიღებს მომღერალს, რომელიც ოქროს მძივებშია ჩაფლული და დღემდე იმის მტკიცებაშია, რომ ქალები იზიდავს.

მე ორ დასკვნას ვაკეთებ. ერთი, რომ გია ჯაჯანიძე გამუდმებით დასცინის ქართულ შეუწყნარებლობას და გვაჩვენებს, რომ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის უმრავლესობაც ჰომოფობია, მოღვაწეობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი იდენტობის დამალვის ხარჯზე წარმატებულნი არიან (ამას თუ წარმატება ჰქვია), მაგრამ მაინც ყველამ ყველაფერი იცის მათზე (მთავარია რომ მალავენ). მეორე, გია ჯაჯანიძისთვის იდეალურ საქართველოში არასოდროს იარსებებს გეი ქორწინება, მაგრამ თვითონ მაინც დიდი “ბროშკა” ეკეთება.

დასასრულ, გადაცემის წამყვანს მივმართავდი და ვკითხავდი, ერთხელ მაინც თუ დაფიქრებულა, ყოველი გადაცემის შემდეგ რამდენი ადამიანი არის წახალისებული, რომ იძალადოს სხვადასხვა მოწყვლად სოციალურ ჯგუფზე?!
კატეგორია: ბლოგი
13 ივნისს საქართველოში ვბრუნდებოდი. თვითმფრინავი აგვიანებდა. დაგვიანების მიზეზად რომის თავზე არსებულ ღრუბელსა და დიდი რაოდენობით ნალექს ასახელებდნენ. თბილისში მშვიდობით ჩამოვედი. აეროპორტი სულ მშრალი იყო და როგორც მითხრეს, ერთი წვეთიც არ ჩამოვარდნილა. თუმცა დილის ხუთ საათზე სახლისკენ მიმავალმა ქალაქში მანქანების უჩვეულო სიმრავლე შევნიშნე, ხოლო ფილარმონიასთან გზის ჩამკეტ ბარიკადებზე მიმწყდარი ხალხი რაღაცის დანახვას ცდილობდა.

ადამიანებს გვიყვარს სანახაობა. ჩვენ იმდენად გვიყვარს სანახაობა, რომ კოლიზეუმიც კი ავაშენეთ. სწორედ ამიტომ ჟურნალისტური მოხერხებაც მით უკეთესად ითვლება, რაც უფრო ახლოდან გვანახებს ტრაგედიის, სეირის ან სხვა სახის სანახაობის სცენას. მეტიც, როდესაც ჟურნალისტს კონკურენტები ჰყავს, მას შეუძლია ტრაგედია აუდიო ან ვიზუალური ეფექტებით ან სულაც ტრაგედიის ადგილზე ნეონით განათებული სცენის ჩადგმით გაამძაფროს.

ამ ყველაფერში პრობლემური არაფერია. ჩვენ სამომხმარებლო საზოგადოება ვართ და მედიას რასაც და როგორი ფორმითაც ვუკვეთავთ, იმასვე ვიღებთ მისგან. სწორედ ამიტომ ქართულ საზოგადოებაში ფაქტობრივად მცირე დოზის პროტესტიც კი არ გაჩენილა იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო დღეებში ქართული მედიასაშუალებები არა მხოლოდ ცხოველების, არამედ ადამიანების ცხედრების ახლო რაკურსიდან გადაღებასა და ტირაჟირებაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

ეს ყველაფერი პირველად არ მომხდარა. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ადამიანის სიკვდილს უკავშირდება, ქართულ მედიაში აუცილებლად გვამის ან სისხლით მოსვრილი სიკვდილის სცენის ჩვენებას გულისხმობს. მაგრამ პრობლემა აქაც არ არის. პრობლემა მხოლოდ მაშინ დგება, როდესაც ადამიანური ტრაგედიის ვულგარიზება ხდება.

ტრაგედიის ვულგარიზებაში ერთმანეთს, როგორც წესი, რამდენიმე ტოკ-შოუ უწევს ხოლმე კონკურენციას. ამჯერადაც ქართველ ტელემაყურებლებს სამი დიდი ჟურნალისტის (გია ჯაჯანიძის გამოკლებით) შემოქმედებას შორის შეგვეძლო არჩევანი გაგვეკეთებინა. ეკა ხოფერიას, მაია ასათიანისა და ნანუკა ჟორჟოლიანის შოუები ის გადაცემები იყო, რომლებშიც, სავარაუდოდ, მეკობრულად მისაკუთრებული ჰოლივუდური კინოს მუსიკა და უხარისხო ვიდეო ეფექტები არ დაიშურეს, რათა ისედაც უმძიმესი ტრაგედია კიდევ უფრო გაემძაფრებინათ.

ამ სამიდან ნანუკა ჟორჟოლიანი ყველაზე ყოჩაღი აღმოჩნდა. ის რეზინის ბოტებით პირდაპირ შემთხვევის ადგილას გაიქცა და ნეონით განათებულ სცენაზე მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე შემომდგარი კოლეგებისგან განსხვავებით, ჯერ ტალახებში იარა, შემდეგ კი პირდაპირ ჰიპოპოტამის გალიაში ჩაძვრა. მაიამ და ეკამ კი ყველაფერს ისევ მშობლიური სტუდია ამჯობინეს. იმ განსხვავებით, რომ თუ ეკა ხოფერიას რუსეთში გადახვეწილი ჩვენთვის უცნობი “ქართული შოუ ბიზნესის წარმომადგენლების” აზრები გვასმენინა, მაიამ, არც მეტი არც ნაკლები, პირდაპირ დაზარალებული ოჯახი და ბავშვები (!!!) მოიყვანა სტუდიაში და იმ უბედურებაზე ალაპარაკა, რაც მათ დაემართათ.

სამივე შოუს ერთი რამ ჰქონდა საერთო - ჭირისუფლებთან ჩაწერილი ჰოლივუდური მუსიკით გაფორმებული ინტერვიუები. სწორედ აქ დგება ეთიკის საკითხი. მსგავსი დრამატურგია ცინიკურს ხდის იმ სამძიმარსაც კი, რომელსაც დაღუპულის ოჯახებს უცხადებენ ტელევიზიები და შოუების წამყვანები.

დასასრულ, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საზოგადოების დიდ ნაწილში ზემოთხსენებული შოუები დადებითი რეპუტაციით არ სარგებლობენ, მაგრამ სანამ მათი მთავარი არგუმენტი საკუთარი რეიტინგია, ჩვენ ჩუმად ვართ და არ ვაპროტესტებთ, არ ვამბობთ რომ არ გვინდა ადამიანების ცხედრების ნახვა ტელევიზიით. არ ვამბობთ, რომ ჩვენ ისედაც გვჯერა და გვესმის იმ ტრაგედიის სიმძიმე და მნიშვნელობა, რომელიც თბილისში 13 ივნისის ღამეს დატრიალდა.
კატეგორია: ბლოგი
1987 წელს, თითქმის ოცდაათი წლის წინ, აშშ-ში, ვესტ ვირჯინიაში მდებარე ქალაქ უილიამსონში, ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. იქ ამერიკული ტელესივრცის ვარსკვლავი ოპრა ვინფრეი იმყოფებოდა. ოპრამ თავისი ტოკ-შოუს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გადაცემა ჩაწერა. ამ გადაცემის მასშტაბურობა იმაში გამოიხატებოდა, რომ მასში ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი იღებდა მონაწილეობას. ისინი ორ ფლანგზე არაპროპორციულად იყვნენ განაწილებულნი, რადგან მათი უმრავლესობა იმ ერთ აივ ინფიცირებულ გეი მამაკაცს ესხმოდა თავს, რომლის გამოც ოპრა უილიამსონში ჩავიდა.

ოცი წლის შემდეგ ოპრა დაბრუნდა უილიამსონში და მაშინდელი დისკრიმინაციის მსხვერპლზე თავდამსხმელებს აზრი ხელახლა ჰკითხა. ყველამ ბოდიში მოიხადა. ყველამ აღიარა საკუთარი სისასტიკე და ყველაფერი იმას დააბრალა, რომ მაშინ აივ ინფექცია ახალი დაავადება იყო.

ამ ფაქტიდან ოცდაათი წლის შემდეგ ქართულ ტელეეთერში ძალიან ბევრი ტოკ-შოუს ტიპის გადაცემა გაჩნდა. მათი უმრავლესობა იმ ფორმას იმეორებს, რომლის შექმნაც სწორედ ოპრა ვინფრეის მიეწერება. მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგია, რომელსაც ოპრაც იყენებდა, თითქმის ქართული შოუების იდენტურია, მათ შორის მაინც დიდი განსხვავებაა. ეს განსხვავება კი იმაში გამოიხატება, რომ ქართული ტოკ-შოუების წამყვანები როგორც ინტელექტუალური, ასევე სამოქალაქო განათლებით ოპრას ძალიან ჩამორჩებიან.

სამოქალაქო და ინტელექტუალური განათლების ნაკლებობა არის იმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც, რომ ხშირად ქართველი წამყვანები, შოუს დადგმისთვის, ადამიანის უფლებების თემატიკასაც კი სკანდალის ობიექტად აქცევენ და მის ვულგარიზებას ახდნენ. ამის საუკეთესო შანსი კი მაშინ ეძლევათ, როდესაც ისეთ სენსიტიურ თემებს, როგორიც ლგბტ ადამიანების უფლებებია, კალენდარული თარიღებიც უწყობს ხელს.

წლევანდელი 17 მაისი ქართველი ლგბტ თემის წევრებისთვის მათზე მხოლოდ რელიგიური თავდასხმის დღე არ ყოფილა. 17 მაისთან დაკავშირებით იმედის ტელეეთერში ორი ტოკ-შოუ დაეთმო ლგბტ ადამიანებზე საუბარს. გია ჯაჯანიძის შოუსგან განსხვაევბით, “იმედის კვირა” უფრო კონსტრუქციული აღმოჩნდა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამ გადაცემის კომპლექსური ფორმატისა (ვგულისხმობ ოთხი წამყვანის ერთდროულ მუშაობას), ის მაინც არ იყო იმ სტანდარტის, რომ მაყურებლებს მცირედი პროტესტის გრძნობა მაინც არ გაგვჩენოდა.

გარდა იმისა, რომ საქართველოში ლგბტ უფლებებზე საუბარი ისედაც პოლიტიკურ მანიპულაციად ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გრანტის მოსაპოვებელ ქმედებად არის გაგებული; ბევრ ადამიანს ლგბტ უფლებებზე საუბარი ზოგადად უმნიშვნელო ამბავი ჰგონია. ამის დამადასტურებელი იყო ის ფაქტიც, რომ გადაცემის ზოგიერთი მონაწილისათვის, ქათმის ბარკლებით კვება უფრო დიდი პრობლემა აღმოჩნდა, ვიდრე ლგბტ ადამიანების უფლებების პერმანენტული დარღვევა.

მცირედი განმარტების გაკეთება შეიძლება შალვა რამიშვილისთვისაც. ის, რომ ვითომდა საყურის ტარებასა და არანორმატიულ ჩაცმულობას მნიშვნელობა არ აქვს საქართველოში, დიდი ტყუილია. საყურეც, ვიწრო შარვალიც, გრძელი ან სხვადასხვა ფერად შეღებილი თმა, საქართველოში გეი ატრიბუტიკასთან იგივდება და მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა, ამ ატრიბუტიკის მქონე ადამიანები ყოველდღიურად ხდებიან დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლი. ამ პროცესებში კი არა მათი ორიენტაცია, არამედ ატრიბუტიკის მიმართება და შეურაცხყოფის მიზეზია მთავარი.

რამდენიმე სიტყვით შევეხები იმ მნიშვნელოვან საკითხსაც, რომელიც გადაცემის ბოლოს ერთ-ერთმა წამყვანმა გაკვრით ახსენა - ჰომოსექსუალობის დაავადებების სიიდან ამოღება. სინამდვილეში ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებების სიიდან ამოიღო, ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. ეს ფაქტი, საკუთარი არსებობითა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიტეტით, აუქმებს ყველა იმ სექსოლოგის, ფსიქოლოგისა თუ სხვა სამედიცინო მუშაკის განმარტებას, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა.

საბოლოოდ, ჩემი მრავალი აზრის შემოკლებისა და შეჯამებისათვის, ვიტყვოდი, რომ ქართულ ტელესივრცეს დღეს არ აქვს ის ინტელექტუალური ფუფუნება, რომ ქართველ მაყურებელს შესთავაზოს, ისეთ სენსიტიურ თემებზე, როგორიც ქართული ლგბტ კულტურაა,სწორად აწყობილი დებატი, რომელიც ზიანს არ მიაყენებს ისედაც დაჩაგრული თემის წევრებს. დღეს ქართველ ჟურნალისტებს, სამწუხაროდ, არ შესწევთ იმის უნარი, რომ არათუ დააბალანსონ დისკურსი, არამედ ოპონირება გაუწიონ მათი გადაცემების ფარგლებში გაჟღერებულ არაპოლიტკორექტულ და ხშირად სიძულვილით მოტივირებულ განცხადებებს. მეტიც, ქართული ტოკ-შოუების წამყვანები ხშირად ღიმილნარევი იერსახით ამბობენ ტერმინებს, რომლებიც მათთვის დღემდე გაუგებარია. ამ ტერმინების გაუგებრობა მათივე ბუნდოვანებით არ არის გამოწვეული. ეს გაუგებრობა ქართველი ჟურნალისტებისა და ტელეწამყვანების გულგრილობის შედეგია. მათ ლგბტ ადამიანების უფლებები არ მიაჩნიათ საკმარისად სერიოზულ მოვლენად და შეუძლიათ, რომ 17 მაისს, მას შემდეგ რაც მორჩებიან ლგბტ ადამიანების უფლებებზე საუბარს, ერთი წლის წინ შექმნილი დღესასწაულის (ოჯახის სიწმინდის დღე) მილოცვით დაასრულონ გადაცემა.